Home რუბრიკები ისტორია «პატრიოტ» მაღლაკელიძესა და «ურჩხულ» ბერიაზე

«პატრიოტ» მაღლაკელიძესა და «ურჩხულ» ბერიაზე

1683

დიდი სამამულო ომის ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა _ ბრძოლა კავკასიისთვის დაიწყო 1942 წლის 25 ივლისს და ზუსტად 70 წლის წინ _ 1943 წლის 9 ოქტომბერს დასრულდა. ის გრძელდებოდა 482 დღე! ჯერ კიდევ 1942 წლის იანვარში ჰიტლერმა დაამტკიცა კავკასიის დაპყრობის გეგმა _ «ბლაუ III». ეს ზესაიდუმლო (ოღონდ არა სტალინისთვის) გეგმა, კავკასიის დაპყრობის გარდა, შორს მიმავალ მიზნებს ისახავდა, კერძოდ, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის ოკუპაციას, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ფაშისტური გერმანია ნავთობის გარეშე ტოვებდა როგორც საბჭოთა კავშირს, ისე დიდ ბრიტანეთსაც. სწორედ რომ «ბლაუ III»-ის დამტკიცებისას ჰიტლერმა წარმოთქვა საკრალური ფრაზა: «კავკასიური ნავთობის გარეშე ჩვენ ომს ვერ მოვიგებთ!». დღეს «საქართველო და მსოფლიო» სტუმარია საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ქართველი გენერალიტეტის მემატიანე, მეორე მსოფლიო ომის მკვლევარი, ისტორიკოსი, მრავალი პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენოსანი ლევან დოლიძე.

 

_ ბატონო ლევან, რა ხდებოდა 1942 წლის ზაფხულს?

_ დავიწყებ იმით, რომ გერმანიის უმაღლესი სარდლობის 1942 წლის 23 ივლისის #45 დირექტივით დაიწყო გრანდიოზული ოპერაცია «ედელვაისი», რომლის მიზანი იყო კავკასიის დაპყრობა.

1942 წლის გაზაფხული და ზაფხული უმძიმესი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები დიდ დანაკლისს განიცდიდნენ, მათ მოახერხეს საბჭოთა ჯარების მსხვილი შენაერთების დაუძლურება და ასიათასობით ჯარისკაცის დატყვევება. ფაშისტებს ორჯერ ჩაბარდა ქალაქი ხარკოვი და ყირიმის ნახევარკუნძული. საქართველოსთვის განსაკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა ყირიმის კატასტროფა. ფრონტის სარდლობის უხეში შეცდომების და, ზოგ შემთხვევაში, ღალატის გამო, ამ «ხორცსაკეპში» დაიღუპა და დასახიჩრდა ათიათასობით ქართველი მეომარი, ძირითადში, ახალწვეულები!.. ამაზე ჯერ კიდევ 1975 წელს მიამბო არმიის გენერალმა პავლე ივანეს ძე ბატოვმა. იგი ომის დროს მეთაურობდა 51-ე არმიას. სხვათა შორის, ბატოვი, რომელიც მსახურობდა თბილისში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, 51-ე არმიის მეთაურის თანამდებობაზე, 1941 წლის დეკემბერში შეცვალა ჩვენმა თანამემამულემ, ძველმა თბილისელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ლვოვმა. იგი გმირულად დაიღუპა ყირიმულ სასაკლაოზე 1942 წლის 9 მაისს…

და, აი, ახალი, გაცილებით უფრო მასშტაბური კატასტროფა უახლოვდებოდა საქართველოს. კავკასიის მიმართულებით დაიძრა უზარმაზარი, თითქმის მილიონიანი ფაშისტური არმია _ არმია «ა»-ს ჯგუფი, 62 წლის გენერალ-ფელდმარშლის _ ვილჰელმ ლისტის (გარდაიცვალა 1971 წელს, 91 წლის ასაკში) სარდლობით. ეს კი იყო: 13 ფეხოსანთა, 4 მოტორიზებული, 5 სატანკო (სულ 1230 ერთეული) და 3 საცხენოსნო დივიზია. ამ უზარმაზარ ძალას უფრო აძლიერებდა რამდენიმე სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი და 1640 სამხედრო თვითმფრინავი. ფაშისტების უპირატესობა ცოცხალ ძალაში და შეიარაღებაში ერთნახევარჯერ აღემატებოდა საბჭოურს. ყველა დაბრკოლების გადალახვის შემდეგ გერმანელები შემოიჭრნენ ჩრდილოეთ კავკასიაში და დაიკავეს სანჩაროს, ქლუხორის, მარუხის და სხვა უღელტეხილები. თბილისი, ერევანი, ბაქო და სხვა ქალაქები პანიკამ მოიცვა. საქართველოს ისედაც მძიმე მდგომარეობა ღრმავდებოდა იმით, რომ საბჭოთა კავშირის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ნაწილმა აქ ნახა თავშესაფარი. მათ გარდა საქართველოში ევაკუირებული იყო საწარმოები და დაწესებულებები თავისი მუშა-მოსამსახურეებით. მტერი კი უკვე გუდაუთიდან 20  კილომეტრში იდგა.

ამის გარდა, ერთიმეორეს მიყოლებით, გერმანია აგზავნიდა ამიერკავკასიაში სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფებს.

მონაცემები სსრკის შინსახკომის არქივიდან

«მარტო 1942 წელს გერმანულმა სპეცსკოლებმა, რომლებიც ამზადებენ აგენტურას, დივერსანტებსა და ტერორისტებს, გამოუშვეს 7 ათასზე მეტი მზვერავი და დაახლოებით 2,5 ათასი დივერსანტი და რადისტი. მათი დიდი ნაწილი შემოგზავნილია კავკასიაში. ჰიტლერული აგენტურის განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველო იპყრობს. ამისთვის სპეციალურად იყო შექმნილი დივერსიული ორგანიზაციები «თამარდა «თამარ II». არმია «ცენტრ » ჯგუფის შემადგენლობაში არიან კავკასიური ეროვნული ბატალიონები, შემდგარი ემიგრანტთა, ტყვეთა და მტრის მხარეზე გადასულთაგან. ქართულ ბატალიონს ხელმძღვანელობს ტფილისის ყოფილი გენერალგუბერნატორი, 46 წლის შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე, ვერმახტის მრჩეველი. სხვათა შორის, იგი ერთადერთი ქართველია, რომელიც გახდა მესამე რაიხის გენერალი».

_ ერთი წუთით, ბატონო ლევან! ეს ის მაღლაკელიძეა, რომელიც დაჰპირდა ჟორდანიას, თბილისის დასაცავად 5 ათასს ჯარისკაცს გამოვიყვანო და მხოლოდ ხუთასი იუნკერით დასჯერდა?..

_ …და, აი, ზუსტად ამ მაღლაკელიძემ ხუთასი საჯიშე ბიჭი, გამოუცდელი მეომარი, მეთერთმეტე არმიას კოჯრის მიდამოებში ჩაახოცინა!..

_ ვერაფერს ვიტყვი, ბატონო ლევან, ვერმახტს კარგი მრჩეველი ჰყოლია!

_ რაც მთავარია, «პატიოსანი». ქაღალდზე არსებული ხუთი ათასი ჯარისკაცის საკვებსა და ტანსაცმელში, ალბათ, კარგი ფულიც გააკეთა…

ამ ძნელბედობისას, თურქეთის პრემიერმინისტრმა სარაჯოღლუმ, გერმანელ ელჩთან _ ფონ პაპენთან საუბრისას განაცხადა, რომ «იგი, როგორც თურქი, მთელი გულით და სულით ნატრულობს რუსეთის განადგურებას. რუსეთის პრობლემის გადაწყვეტა გერმანიას ძალუძს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რუსეთში ამოწყვეტს, სულ ცოტა, რუსი მოსახლეობის ნახევარს». თურქული გენშტაბი კი, რომელსაც სსრკ-ის საზღვართან (საქართველო-სომხეთი) ჰყავდა 26 სრულფასოვანი დივიზია _ ნახევარმილიონიანი არმია, არც მალავდა თავის გეგმას: «თურქეთის ჩაბმა ომში გარდუვალია. ეს მოხდება იმ დროს, როდესაც თურქულ ჯარს ექნება საკმაო რაოდენობის შეიარაღება, რის უზრუნველყოფას შეძლებს გერმანია, როცა ის ჩაიგდებს ხელში ამიერკავკასიის მდიდარ სამხედრო და სხვა რესურსს. თურქული შეტევა დაიწყებოდა ირანის ზეგანის გავლით, ბაქოს მიმართულებით».

იოსებ სტალინის სტრატეგიული გენია აქაც მწვერვალზე აღმოჩნდა. ბელადი დროულად იყო ინფორმირებული ჰიტლერის ჰეგემონურ გეგმებთან დაკავშირებით და ელვისებური სისწრაფით 1941 წლის 25 აგვისტოს დილის ხუთ საათზე განახორციელა საბჭოთა ჯარების მსხვილი დანაყოფების შესვლა ირანში და თეირანის დაკავება. გახრწნილი პარტოკრატების მეთაურის _ ხრუშჩოვის მიერ გასაიდუმლოებულ ირანის ფრონტზე «საქართველო და მსოფლიოში» ორი ვრცელი წერილი გამოქვეყნდა და ამაზე ვრცლად აღარ ვისაუბრებ. მკითხველს შევახსენებ, რომ დიდი სამამულო ომის პირველივე დღეებიდან ირანში შეაგზავნეს ლავრენტი ბერიას ერთადერთი შვილი, 17 წლის ლეიტენანტრადისტი სერგო ბერია. იმასაც შევახსენებ, რომ მე არცთუ ისე დიდი ხნის წინ საჩუქრად გადმომცეს უიშვიათესი დოკუმენტი, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების ზესაიდუმლო სამსახურის გენერლის _ ვარლამ კაკუჩაიას დღიური-მოგონებანი. ახლა იშვიათად ვინმე თუ გაიხსენებს დიდი სამამულო ომის ერთ-ერთი გმირის, ირანის ფრონტის და კავკასიისთვის ბრძოლის უშუალო მონაწილეს, საბჭოთა სადაზვერვო სამსახურების ზესაიდუმლო ოპერაციების ორგანიზატორს _ გენერალ კაკუჩაიას!

1941 წლის დასაწყისში ვარლამ ივანეს ძე სათავეში ჩაუდგა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს. ომის პირველივე დღიდან იგი დანიშნეს სსრკ-ს შინსახკომის ჩარჩოში არსებულ განსაკუთრებულ ჯგუფში (მომდევნოდ _ ცნობილი მეოთხე მთავარი სამმართველო) ლეგენდარული პავლე სუდოპლატოვის სამიდან ერთ-ერთ მოადგილედ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, აღვნიშნო, რომ ლავრენტი ბერიას უახლოესი გარემოცვიდან ამ ორმა ადამიანმა _ სუდაპლატოვმა და კაკუჩაიამ მიაღწიეს ხანდაზმულ ასაკს და თავის სახლში გარდაიცვალნენ. მათ სასწაულებრივად დააღწიეს თავი 1953-56 წლებში იდუმალებით მოცული ბერიას ჩეკისტების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენელთა მკვლელობებისა და «თვითმკვლელობების» კასკადს, თუმცა ბოლომდე მოიხადეს 15-წლიანი პატიმრობა სამარტოო საკანში…

გენერალ ვარლამ კაკუჩაიას დღიურიდან

«1942 წლის 17 აგვისტოს ლ. პ. ბერიას ბრძანებით მე სასწრაფოდ გამომიწვიეს დასავლეთის ფრონტის ხაზიდან. მოსკოვში ჩასვლისთანავე ეგრევე მიმიღო სახალხო კომისარმა (ბერიამ _ ლ. დ.), რომელმაც ყურადღებით დამათვალიერა, აკურატულადაა თუ არა ჩემზე ფორმა და მითხრა: «მივდივართ კრემლში, «პატრონთან». რამდენიმე წუთის შემდეგ, ღამის 12 საათი იქნებოდა, ჩვენ მიგვიღო სტალინმა. მან ჯერ რამდენიმე კითხვა დამისვა _ სად ვიყავი დღეს და რა ვნახე, შემდეგ ბრძანა: «მდგომარეობა კავკასიაში ძალზე სერიოზულია, თითქმის კატასტროფული. ჩვენი ცალკეული ნაწილების მეთაურთა დანაშაულებრივი დაუდევრობის შედეგად, გერმანელებმა შეძლეს გარღვევა კავკასიონის მთავარი ქედის ძირითადი უღელტეხილებისკენ და მათი დაკავება. ჰიტლერმა უკვე მსოფლიოს მოსდო, ვითომდა აქამდე ომების ისტორიაში არნახულ გმირობებზე. 

(როგორ ჰგავს ჰიტლერს ტრაბახში მისი სულიერი მემკვიდრე _ სააკაშვილი, არა? _ ლ. დ.).

სინამდვილეში მდგომარეობა მანდ ძალზე სერიოზულია და იმის მიხედვით, შევინარჩუნებთ თუ არა ამ ბასტიონს, დღეს დამოკიდებულია ომის საბოლოო შედეგი!

(ყურადღება მიაქციეთ სტალინის ამ სიტყვებს, რომ კავკასიისთვის ბრძოლისგან დამოკიდებულია ომის შედეგი!!! _ ლ. დ.)

გერმანიასა და თურქეთს შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს დაბლობში ფაშისტური არმიის შემოსვლისთანავე, თურქეთი თავისი თითქმის მილიონიანი ჯარით ჩვენ წინააღმდეგ გამოილაშქრებს, რითაც ბაქოს ოკუპაციით დაემუქრება. ამ ქალაქის დაცემა კი დამარცხების ტოლფასია. ამ ვითარებაში თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ მდგომარეობა იმ უღელტეხილებზე, კერძოდ სვანეთში, რომელიც გერმანელების მიერ არის დაკავებული?» სტალინმა გამომცდელი მზერა მომაპყრო. მე პათოსით ვუპასუხე, რომ მზად ვარ, სამშობლოსთვის მოვკვდე.  «გერმანელები უნდა მოკვდნენ და არა თქვენ», _ შემაწყვეტინა სტალინმა და განაგრძო: «ხვალ, დილის ხუთ საათზე ჩემი თვითმფრინავით, ჩემი მფრინავი ჩაგიყვანთ თბილისში. თქვენი ხელმძღვანელი იქნება ამხანაგი ბერია. წარმატებას გისურვებთ», _ დაასრულა სტალინმა და ხელი ჩამომართვა».

საკმაოდ მნიშვნელოვანია თავად პავლე სუდოპლატოვის მოგონებანი, რომელსაც აღწერს თავის მემუარებში _ «სპეცოპერაციები. ლუბიანკა და კრემლი. 1930-1950 წლები».

პავლე სუდოპლატოვის მოგონება

«1942 წლის აგვისტოში ბერიამ და მერკულოვმა დამავალეს სულ რაღაც 24 საათში 150 ალპინისტის ეკიპირება, კავკასიაში საბრძოლო მოქმედებების განსახორციელებლად. როგორც კი ალპინისტები მზად იყვნენ საბრძოლო დავალების შესასრულებლად, ბერიამ მიბრძანა, მასთან და მერკულოვთან ერთად რამდენიმე სატრანსპორტო თვითმფრინავით გავფრენილიყავით მოსკოვიდან კავკასიაში. გადაფრენას ძალზე დიდი დრო მოუნდა. თბილისში ჩვენ მივფრინავდით შუა აზიის გავლით «-47» თვითმფრინავებით, რომლებიც მივიღეთ აშშდან «ლენდლიზით». ბაქოში გენერალური შტაბის ოპერატიული მართვის კავკასიური მიმართულების უფროსმა, პოლკოვნიკმა შტემენკომ მოახსენა ბერიას არსებულ ვითარებაზე. გადაწყდა, რომ ჩვენი სპეცდანაყოფები შეეცდებიან, გადაკეტონ მთის გზები და შეაჩერონ მტრის რჩეული ალპური მსროლელების წინსვლა…»

საფრთხე იმისა, რომ თბილისი და მთელი კავკასია იქნება მტრის მიერ დაპყრობილი, სავსებით რეალური იყო. პავლე სუდოპლატოვის ამოცანაში  შედიოდა, ასევე, ზესაიდუმლო დავალება _ იატაკქვეშა აგენტურული ქსელის შექმნა იმ შემთხვევაში, თუ თბილისი გერმანელების ხელში აღმოჩნდებოდა. ამ მიზნისთვის სუდოპლატოვს გადასცეს ოქროსა და ბრილიანტების ნაკეთობებით სავსე ჩემოდანი, დიდი ოდენობის ფულადი თანხა და საიდუმლო შეხვედრების ადგილები. სუდოპლატოვის სიტყვებით აგენტურული ქსელის ხელმძღვანელობა ბერიამ ანდო დიდ ქართველ მწერალს _ კონსტანტინე გამსახურდიას.

სერგო ბერიას მოგონებებიდან

«…თვითმფრინავის სალონში მამასთან და ჩემთან ერთად იმყოფებოდა თვრამეტი კაცი, რომელთაგან, გენერალ პავლე ბოდინის გარდა (იგი იყო დანიშნული ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის უფროსად _ . .), ყველანი იყვნენ საქართველოს მკვიდრნი _ გრიგოლ კარანაძე, ლავრენტი ცანავა, ნიკოლოზ რუხაძე, ვარლამ კაკუჩაია, ბოგდან ქობულოვი, სოლომონ მილშტეინი, მიხეილ მიქელაძე და სხვები».

ვარლამ კაკუჩაიას დღიურიდან

«გვიან ღამით სათავე თვითმფრინავი თბილისში დაჯდა, სადაც . . ბერიას და მის გუნდს დახვდნენ ამიერკავკასიის ფრონტის მთავარსარდალი ივანე ტიულენევი, ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრები _ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტების მდივნები: საქართველოს _ კანდიდ ჩარკვიანი, აზერბაიჯანის _ მირ ჯაფარ ბაგიროვი, სომხეთის _ გრიგორი არუთინიანი და სხვები, რომლებიც  ძალზე დამწუხრებული გამოიყურებოდნენ, რაც არ გამორჩა ბერიას მზერას. მან მკაცრად განიკითხა ისინი: «რა არის ეს? მოუშვით წვერები და თქვენი იერსახით შეგიძლიათ შთააგონოთ ხალხს პანიკური განწყობა! ჩვენამდე მოვიდა ხმები, რომ ქალაქი დანაგვიანებულია; არაა წყალი, ტრამვაი არ დადის! რა, ტრამვაებიც ფრონტზეა?! თქვენ ხელს უწყობთ დამარცხების განწყობას!..»

ლავრენტი ბერია მშვენივრად იცნობდა ამ პატიოსან და საქმისადმი ერთგულ ადამიანებს, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს; იცოდა, რომ უკვე რამდენიმე კვირა ისინი გამოუძინებელნი არიან და დაიქანცნენ… მაგრამ სხვანაირად მას არ შეეძლო. ძალზე დიდი და საპასუხისმგებლო მისიის შესრულება დაავალა მას სტალინმა! ბერია ჩამოვიდა კავკასიაში განსაკუთრებული, ფაქტიურად, შეუზღუდავი უფლებამოსილებით და არა მხოლოდ როგორც სთკ-ს წევრი. ლავრენტი პავლეს ძემ აქ დაჰყო 28 დღეღამე!

ყველას ნაბრძანები ჰქონდათ ამიერკავკასიის ფრონტის შტაბში გამოცხადება. უკვე შუაღამე გადაცილებული იყო, როდესაც შტაბში, ბერიას გამოძახებით, დაიწყო შეკრება ცალკეული სამხედრო ნაწილების მეთაურებმა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა. მიუხედავად დაღლილობისა, ლავრენტი ბერია, როგორც ყოველთვის, მუშაობდა და მოქმედებდა საქმის ცოდნით, კონკრეტულად, ზედმეტი სიტყვების გარეშე (რასაც ვერ ვიტყვი დღევანდელ პოლიტიკოსებზე _ ლ. დ.), ოპერატიულად, ხისტად და, ამავე დროს, თავაზიანად! იგი ელვისებური სისწრაფით ერკვეოდა ვითარებაში და ასევე სწრაფად პოულობდა სწორ გადაწყვეტილებას. მთავარი კი იყო ის, რომ ლავრენტი ბერია კარგად იცნობდა ადგილობრივ კადრებს და შეძლო ჩაენერგა ადამიანებში გამარჯვების იმედი! აი, დამახასიათებელი მაგალითიც.

ვარლამ კაკუჩაიას დღიურიდან

«ჩემი ოჯახი ცხოვრობდა შტაბიდან 80-100 მეტრში, სასახლის ქუჩაზე. მე ვთხოვე ბერიას, დროებით გავეშვი ოჯახის სანახავად, რომელიც უკვე მეორე წელია არ მინახავს. პასუხად ბერიასგან მივიღე: «ახლა ოჯახის დრო არაა. გიკრძალავთ ტელეფონით დაკავშირებასაც. დადგება დრო და მოინახულებთ მას».

ასეთივე მომთხოვნი იყო ლავრენტი ბერია საკუთარი თავის მიმართაც. არადა, მას იმ დროს თბილისში ჰყავდა დედა და ყრუმუნჯი და. მან არ მოინახულა ისინი მანამ, სანამ ფრონტზე საქმეები მკვეთრად არ გაუმჯობესდა. როგორც ბატონი ლავრენტის ვაჟი _ სერგო იხსენებდა, მამამ უბრძანა მას, არსად წასულიყო, არსად დაერეკა და მის მისაღებში ყოფილიყო. ყველას უამრავი გასაკეთებელი საქმე ელოდა!

ყველაფერი წყდებოდა უმოკლეს ვადებში _ დილის 5 საათზე ბერიას ერთ-ერთმა მოადგილემ, მიიღო რა გაძლიერებული პოლკი, სპეცეშელონით გაგზავნილ იქნა, სოხუმის გავლით, ქლუხორის უღელტეხილისკენ. მას მიჰყვა ვარლამ კაკუჩაია სსრკ-ს შინსახკომის განსაკუთრებული დანიშნულების გაძლიერებული ბატალიონით, დავალებით _ ზუგდიდის გავლით შესულიყო ბეჩოში და ბეჩოს უღელტეხილებზე (დონღეზ ორუნ-ბაში, საიარაღო კოშკი, «პრიუტი-11») გაენადგურებინა იქ დისლოცირებული მტერი. ბერიასთან ერთად სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩამოსულმა გამოცდილი ჩეკისტების ჯგუფმა, მედესანტეებთან ერთად არ მისცეს ფაშისტებს უფლება, შეჭრილიყვნენ ყაბარდო-ბალყარეთში. ამავე დროს, ალპინისტებმა ადგილობრივი სვანების _ მთებში თითოეულ ბილიკს რომ «იცნობდნენ» _ დახმარებით, ააფეთქეს ცისტერნები ნავთით და მთებში გაანადგურეს გერმანელთა მოტორიზირებული ქვეითი ჯარის ნაწილები. ააფეთქეს, აგრეთვე, ქალაქ მოზდოკის ჭაბურღილები. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ზუსტად სვანებმა და სხვა ქართველმა მთიელებმა დაბლოკეს კავკასიონის ყველა (ორმოცამდე!) გასასვლელი!

ლავრენტი ბერიას და მისი ჯგუფის ჩამოსვლისთანავე ვითარება კავკასიაში, პირდაპირი გაგებით, ყოველწუთიერად უმჯობესდებოდა! ხანდახან იღებდნენ არაორდინალურ გადაწყვეტილებებსაც. ასე, მაგალითად, ბერიას ინიციატივით დასავლეთ საქართველოდან იყო მობილიზებული ხუთი ათასი კამეჩი და ამდენივე სახედარი კახეთიდან. ამ ცხოველების ზურგზე, ზოგჯერ გაუვალი ბილიკებით, კავკასიის დამცველთათვის მიჰქონდათ საბრძოლო აღჭურვილობა, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ხოლო, უკანა გზაზე მათი დახმარებით გადმოჰყავდათ მძიმედ დაჭრილი მეომრები.

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, წყდებოდა საკადრო საკითხები. უკვე 1942 წლის 27 აგვისტოს სტალინმა და ვასილევსკიმ, ბერიას მოხსენების შემდეგ, ხელი მოაწერეს უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკის დირექტივას «46-ე არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ სერგაცკოვის და მისი მოადგილის ზურგის დარგში, ბრიგადის მეთაურის კორმილიცინის გათავისუფლებაზე, როგორც პირებზე, რომლებმაც ვერ უზრუნველჰყვეს ჯარების საბრძოლო მოქმედება». ამავე დირექტივით ამ არმიის მეთაურად ინიშნებოდა არტილერიის გენერალ-მაიორი კონსტანტინე ლესელიძე, რომელმაც სახელი გაითქვა ჯერ კიდევ ქალაქ ტულას დაცვისას, სადაც იგი მეთაურობდა 50-ე არმიის არტილერიას. ზუსტად მაშინ ვასილევსკიმ მოახსენა სტალინს, რომ ლესელიძე ისევე მეთაურობს არტილერიას, როგორც დირიჟორი ორკესტრსო. ლავრენტი ბერიას «ნათლული» გახდა კიდევ ერთი ბრწყინვალე გენერალი _ ანდრია გრეჩკო, რომელმაც 47-ე არმია ჩაიბარა.

შემდგომში, ანაპის 414-ე მსროლელთა დივიზიის, ხოლო კავკასიისთვის ბრძოლის დროს, 242-ე სამთო-მსროლელთა დივიზიის განთქმული მეთაური, ჩემი მეზობელი და უფროსი მეგობარი, გიორგი ყურაშვილი პირად საუბარში მიყვებოდა იმდროინდელ მოვლენებზე, რომლებზეც მაშინ, ლავრენტი ბერიას «საქმესთან» დაკავშირებით, ყველა დუმდა.

გენერალ ყურაშვილის ნაამბობი

«ვითარება, მართლაც, საგანგაშო იყო! მაგრამ ბერიას ჩამოსვლისთანავე, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა! მოკლე დროში მან მოასწრო იმდენის გაკეთება, რასაც ვერ შეძლებდნენ ათობით, ასობით პარტიული მდივნები, სამხედრო ნაწილების მეთაურები და წარმოებათა ხელმძღვანელები! ბერია მოვიდა ჩვენს დივიზიაში, ესაუბრა ლამის თითოეულ ჯარისკაცს, შთაბერა მათში გამარჯვების რწმენა, პირადად იმყოფებოდა თავდაცვის ყველაზე სახიფათო მონაკვეთებზე, იძლეოდა სასარგებლო რჩევებს. ლავრენტი პავლეს ძემ თან მოიყვანა სნაიპერთა ჯგუფი, შეიარაღებული უხმაურო შაშხანებით. საბჭოთა კავშირის შინსახკომის სასაზღვრო ჯარებში ამგვარი სნაიპერთა ჯგუფების მომზადება დაიწყო მისი ბრძანებით 1938 წლის ბოლოდან…»

არადა, როგორ გამოადგნენ კავკასიისთვის ბრძოლაში ბერიას სნაიპერები! ერთ გამოცდილ სნაიპერს შეეძლო «ჩაეკეტა» კავკასიონის უღელტეხილებზე მოწინააღმდეგის მთელი ასეული. თავის გამყოლ სვანებთან ერთად, სნაიპერებმა დაიკავეს ყველა სტრატეგიული წერტილი და კავკასიისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. სამწუხაროდ, სვანეთზე და მის გმირ მოსახლეობაზე ძალზე ცოტა დაიწერა. არადა, ზუსტად რომ სვანებისგან შემდგარმა რამდენიმე გამანადგურებელმა ასეულმა მუსრი გაავლო გერმანულ სამთო-მსროლელთა რჩეულ ნაწილებს, როგორც უღელტეხილებზე, ისე ბაკსანის ხეობაში!

ლავრენტი ბერია, მიუხედავად იმისა რომ ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის შინსახკომს, სტრატეგიულ დაზვერვას, კურირებდა საბრძოლო ტექნიკის მრავალი სახეობის წარმოებას და საბრძოლო მარაგს, იყო სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის _ ქვეყნის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე, ყურადღებით ადევნებდა თვალს კავკასიისთვის ბრძოლის სვლას. ლავრენტი პავლეს ძე მეორედ ჩამოვიდა კავკასიაში 1943 წლის გაზაფხულზე და 25 დღე დაჰყო, 7-დან 31 მარტის ჩათვლით. ზუსტად მაშინ, 23 მარტს, გენერალი კონსტანტინე ლესელიძე დაინიშნა 18-ე არმიის მთავარსარდლად, ამ არმიას 1943 წლის იანვრამდე მეთაურობდა მისივე თანატოლი ანდრია გრეჩკო.

ამ ორმა გამოჩენილმა მხედართმთავარმა უზარმაზარი როლი შეასრულა კავკასიის დაცვის საქმეში! ეს ზუსტად 70 წლის წინ მოხდა. 1943 წლის 9 სექტემბერს დაიწყო კავკასიისთვის ბრძოლის ბოლო სტადია _ ნოვოროსიისკი-ტამანის ოპერაცია, რომლის შედეგად გარღვეულ იქნა უაღრესად მძლავრად გამაგრებული ე.წ. ცისფერი ხაზი და 16 სექტემბერს გაათავისუფლეს ნოვოროსიისკი, სტალინის ხატოვანი გამოთქმით: «ამიერკავკასიის ჭიშკარი»; ხოლო 1943 წლის 9 ოქტომბერს, ტამანის ნახევარკუნძულის განთავისუფლებით, საბოლოოდ დასრულდა მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა _ ბრძოლა კავკასიისთვის!

საქონლის ინტელექტის მქონე ხრუშჩოვის გამო, ათწლეულობით მიჩუმათებული იყო ლავრენტი ბერიას წამყვანი როლი კავკასიისთვის ბრძოლაში, რომელსაც არასამხედროებში ერთადერთს, 1945 წელს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის მარშლის მაღალი წოდება. ამით აღიარებულ იქნა მისი მხედართმთავრული ნიჭიც.

მიაჩუმათეს ქართველ ჩეკისტთა ბრწყინვალე კოჰორტის გმირული საქმენიც. ვის ახსოვს დღეს გამაოგნებელი სილამაზის მქონე, ჩრდილო ოსეთის შინსახკომის უშიშროების კომისარი, ანდრო ზოდელავა, რომელიც გმირულად დაიღუპა ორჯონიკიძეს მისადგომებთან 1942 წლის 2 ნოემბერს? ვის შეუძლია დღეს გიამბოთ საქართველოს სასაზღვრო ოლქის ლეგენდარულ მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნესტორ ლაბაძეზე, პირველ საბჭოთა ქართველ გენერალზე, რომელმაც პავლე აბრამიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა გამანადგურებელ ბატალიონებს, რომლებმაც კავკასიისთვის ბრძოლისას საქართველოში შემოგზავნილი ფაშისტთა ათობით დივერსიული ჯგუფი მოსპეს! რას ეუბნება დღევანდელ მკითხველს უშიშროების გენერალ-მაიორის ილარიონ (კიჩო) გაგუას სახელი? მან მხოლოდ 50 წელი იცხოვრა და 1951 წელს სოხუმში გარდაიცვალა. საქართველოს შინსახკომში მსახურების შემდეგ, იგი ორნახევარი წელიწადი მუშაობდა მოსკოვში, კრემლის კომენდანტის პირველ მოადგილედ. ომის დაწყების წინ კი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინსახკომს ხელმძღვანელობდა. და რომ არა ილარიონ გაგუა და სხვა ქართველი ჩეკისტები, ფაშისტები აფხაზეთს ჯოჯოხეთად აქცევდნენ.

მიუხედავად «დემოკრატების», «ლიბერალების» და ცრუპატრიოტების მცდელობისა, გააშავონ დიდი სამამულო ომის მთელი ისტორია, დრო მაინც თავისას იზამს და ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. დარწმუნებული ვარ, გაბრწყინდება დიდი ქართველის, პატრიოტის და ჭეშმარიტი ინტერნაციონალისტის, წამებული და მუხანათურად მოკლული ლავრენტი ბერიას სახელი! დარწმუნებული ვარ, რომ ლეგენდარული მთავარსარდლის, გენერალპოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძის და სხვების გმირობაზე აღიზრდებიან მომავალი თაობები. ზუსტად რომ მე-18 არმიამ, კონსტანტინე ლესელიძის მეთაურობით, დაასრულა მტრის ტამანის დაჯგუფების განადგურება და ამით შეასრულა კავკასიისთვის ბრძოლაში, რომელშიც ფაშისტებმა დაკარგეს 281 ათასი მეომარი, 1358 ტანკი, 2000 თვითმფრინავი, 7105 ქვემეხი და ნაღმტყორცნი, 22000 ავტომანქანა _ გადამწყვეტი როლი! ძალზე სამწუხაროა, რომ მან მხოლოდ 44 წელი იცხოვრა

კავკასიისთვის ბრძოლაში საბჭოთა კავშირის გმირები გახდნენ ოფიცრები ალექსი პირმისაშვილი, ვლადიმერ კანკავა, ვლადიმერ ლურსმანაშვილი და რიგითი ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი. 1944 წლის 1 მაისს დაწესდა მედალი «За абарону Кавказа», რომლითაც დააჯილდოვეს 600 ათასამდე ადამიანი. დღეს ცოცხალი მხოლოდ რამდენიმე ასეული თუა…

_ ბატონო ლევან, როგორ შეაფასებთ ორი ქართველის _ იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას ფენომენებს?

_ იცით, ერთი გორელი ბიჭი გახლდათ, მეორე _ მერხეულელი. არც ერთი და არც მეორე არ იყო თავადაზნაურული წარმოშობის. უბრალო, მშრომელი ოჯახებიდან გამოვიდნენ. ჩემი აზრით, ამ ორმა ადამიანმა, გადაჭარბების გარეშე, მსოფლიო საფუძვლიანად შეცვალა! მათი ცხოვრების მაგალითი, ზეადამიანური ენერგია და პოტენციალი მეტყველებს, რომ ქართული გენი უსაზღვრო შესაძლებლობისაა, უძლეველია და მას ვერავინ დათრგუნავს ან შეცვლის წუთისოფლის დასასრულამდე!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. მარუხისა და კლუხორის უღელტეხილების მიმდებარე მთაგორიან ტერიტორიებზე ამჟამადაც არსებობს ომისდროინდელი, საბრძოლო დანიშნულების მქონე ისეთი ობიექტები, როგორიცაა სანგრები, ქვითნაშენი, ნახევრად მიწური გამაგრებული პუნქტები, აეროპორტებად გამოყენებული ვაკე-ადგილები და ა.შ. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი…
    უფროსი თაობის ჩემი ნათესავებისაგან გამიგია, რომ ლ.პ.ბერია სამხედრო პირებთან და ადგილობრივ სვანებთან ერთად თავად პირადად იმყოფებოდა კლუხორის უღელტეხილის მიდამოებში და გულდასმით ეცნობოდა იქაურობას. ბატონი ლ.დოლიძე სამართლიანად მიუთითებს სვანეთის (მ.შ. აფხაზეთის სვანეთის) ტერიტორიებზე გამართული საბრძოლო ეპიზოდების დიდ მნიშვნელობაზე და გულისტკივილით აღნიშნავს იმ სამწუხარო ფაქტსაც, რომ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ამ მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. დასანანია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის უცნობია ის ფაქტი, რომ, ბ-ნ ლ.დოლიძის სიტყვების პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებები (კავკასიისათვის ბრძოლები) სწორედ რომ სვანეთის ტერიტორიაზე წარმოებდა და რომ ამ ბრძოლაში დაღუპული რჩეული სვანი ვაჟკაცების სახით, კავკასიის შენარჩუნების საქმეში საქართველოს თავისი წვლილი შეტანილი აქვს.

  2. ღმერთმა არ დაუშვა,ფაშისტების შემოჭრა ქართლის დაბლობზე,აბა მაშინ იზამდა თურქეთი,რაც ისტორიას არ უნახავს საქართველოში.მიშას ხელში,თაობა იზრდება,რომელთაც გაგონილიც არ აქვთ ეს ყველაფერი,გლობალიზაციის პროექტს უკეთესად იცნობენ,ვიდრე საკუთარი ქვეყნის ისტორიას.ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია,ამ ფონზე,თურქეთი მეგობარი და რუსეთი მტერი,მე არც თურქეთთან მტრობა მიზიდავს,მაგრამ მათთან ერთად რუსეთთან მტრობა,საერთოდ დამღუპველია ქვეყნისთვის…

  3. სასაცილოა, როცა სტალინის ხსოვნას ებრძვის მიშა,მაგრამ სატირალია,ამას თაობის გარყვნით და ისტორიის დამახინჯებით როცა აკეთებს.

  4. რა კარგია რომ ამ ნარკვევის გაცნობის საშუალება მომეცა
    გირჩევთ ყველას! განსაკუთრებით ახალგაზრდებს!

  5. ბაბუაჩემი იბრძოდა კიჩო გაგუას ერთად, მონათხრობი აქვს სოხუმში როგორ დააკავეს დივერსანტები სულ 10 კაცი, და ყველანი ქართველები იყვნენო, გაქცეული თავადების შვილები.

  6. მე ძალიან კარგად მახსოვს ხრუშოვის დროინდელი საქართველოც, მაშინ 6 წლის ბავშვი ვიყავი, როგორი მავნებელი იყო ეს პიროვნება, როგორ ეზიზღებოდა ქართველები, როგორი რიგები იყო პურზე, მე თვითონაც ვმდგარვარ ასეთ რიგებში საათობით. დაამშია საქართველო და ქართველების გადასახლებაც უნდოდა. სწორედ მისი მმართველობის შედეგია გაყალბებული ისტორიებიც, მახსოვს სატელევიზიო კადრებიდან სტალინის გამოსვენება მავზოლეუმიდან. მისი დამსახურებაა სტალინის წინააღმდეგ შეთითხნილი მავნებლური ვერსიები. მშობლებიდან ვიცი რომ სტალინის გარდაცვალება დიდი ტრაგედია იყო მთელი საბჭოთა კავშირისა და ქართველოსათვის, ყველანი ვტიროდითო. მგონი ნელ-ნელა იწყება ისტორიული სიმართლის გარკვევა.

  7. ყველა ქართველი სიცრუის დეტექტორზეა შესამოწმებელი,,უღალატია ქვეყნისთვის თუ არა ?”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here