Home რუბრიკები საზოგადოება სამეგრელო ეკოკატასტროფის გარეშე

სამეგრელო ეკოკატასტროფის გარეშე

1268

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» მთავარ რედაქტორს, ბატონ ირაკლი თოდუას

უხუცესთა კავშირის გამგეობა და წევრები გამოვხატავთ უღრმეს მადლერებას თქვენდამი, ჟურნალისტ ეკა ნასყიდაშვილისა და მთელი თქვენი შემოქმედებითი კოლექტივის მიმართ, რამეთუ თქვენ ბრძანდებით პრინციპულნი, სამშობლოს პატრიოტები, შეუპოვარი ჟურნალისტები და «პირველი მერცხლები», რომლებმაც ხმა მიაწვდინეთ ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც იმსახურებს სიმართლის ცოდნას.

 

გთხოვთ, გამოგვიქვეყნოთ პრემიერმინისტრისა და უწმინდესისა და უნეტარესის _ ილია II- სახელზე გამოგზავნილი მიმართვა ადრინდელ, თქვენ მიერ გამოქვეყნებულ «ღია წერილში» აღნიშნულის ობიექტური ფაქტებით დადასტურებით.

ღრმა პატივისცემით,

ანზორ ლომაია,

სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი

უხუცესთა კავშირი «სხუნუს» გამგეობის თავმჯდომარე

საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს _ ილია II-

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» 2013 წლის 11-17 სექტემბრის #33-ში გამოქვეყნებულ იქნა სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი უხუცესთა კავშირის გამგეობის «ღია წერილი» საქართველოს სინამდვილეში ფრიად მნიშვნელოვან საკითხებზე. წერილში არ იყო აღნიშნული ბევრი ოფიციალური ფაქტი და საკითხი. ამდენად დამატებით მოგახსენებთ შემდეგს: «ენგურჰესის» თაღოვანი კაშხლის აშენებით მდინარე ენგური გადაიკეტა. მდინარის ძველი კალაპოტი, სიგრძით 62 კმ და ფართით 5 ათასი ჰექტარი, გახდა უსარგებლო და ადგილებზე ჭაობიანი.

საქართველოს მთავრობამ 1982 წლის 3 თებერვალს მიიღო #75 ბრძნული გადაწყვეტილება: «მდინარე ენგურის უსარგებლო კალაპოტის ათვისების გენერალური გეგმა» _ «ენგურჰესის» კაშხლის დაზიანებისას წყლის ავარიული გადმოსვლის შემთხვევაში, კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, 100X3.5მ დამცველი არხის მშენებლობა, რაც უზრუნველყოფდა წყლის ნიაღვრის მდინარე ჭურიაში (სოფ. ანაკლია-ერგეტის ტერიტორიაზე) ჩადინებას. ამასთანავე, გათვალისწინებული იყო ინერტული მასალის 4 კარიერის (ენგური-1, ენგური-2, კოკი და ლიას) თითოეული მოცულობით 3.2 მლნ კუბ.მ _ ყოველწლიურად, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდებოდა პორტის აშენებას, ხოლო ნაწილი გამოიყენებოდა ქვეყნის შიგნით, რითაც აღიკვეთებოდა საქართველოს მდინარეებიდან და შავი ზღვის სანაპიროებიდან ინერტული მასალის აღება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებდა საქართველოს ეკოლოგიურ გარემოს. ანაკლიის პორტის აშენების შემთხვევაში პორტი შეასრულებდა ნაპირდამცავ როლს, დღეისთვის ზღვას უკვე ჩამორეცხილი აქვს 800 ჰა საუკეთესო მიწა. პორტის აშენების შემდეგ ვიბრუნებთ 1200 ჰა-ზე მეტ მიწას. ამავე დროს ადგილზე მოპოვებული ინერტული მასალებით აშენდებოდა პორტი, რაც საგრძნობლად გააიაფებდა მის ღირებულებას.

გავიდა 30 წელი და ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა.

რაც შეეხება «ხუდონჰესის» მშენებლობას, იგი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რადგან დასავლეთ საქართველოში ორმაგ საშიშროებას ქმნის და გამოიწვევს სვანეთის მოსახლეობის მიგრაციას. უხუცესი სპეციალისტების აზრით, სასურველია, მცირე სიმძლავრის ელსადგურების მშენებლობა (მსოფლიო პრაქტიკაში ეს მიღებულია), რაც უსაფრთხოა და ეკოლოგიურად მისაღები.

ნებისმიერ დროს მოსალოდნელია, მოხდეს არნახული კატასტროფა!

აღნიშნული კატასტროფის თავიდან აცილების შესაძლებლობა იყო, რომ არა ნებიერა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახირებები (პარლამენტი _ ქუთაისში, შადრევნები _ მთელ საქართველოში, თავისი რეზიდენციები და სხვა მრავალი, მათ შორის უცხოელი მომღერლების მოწვევაში რომ არ დახარჯულიყო მილიონები).

გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს საქართველოს მთავრობაში შეტანილი იქნა აკადემიკოს არჩილ კიკნაძისა და საქართველოს დამსახურებული ინჟინრის . მხეიძის წინადადება: სოფ. ანაკლიაგანმუხურში ღრმაწყლიანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით (მშენებლობის ადგილი და ეფექტიანობა აღწერილია ჩვენს «ღია წერილში»). ნავსადგურის ასაშენებელი ადგილი და იდეა მოიწონეს შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებმა.

«ინჟინრული წინადადების» პრეზენტაცია ჩატარდა ქ. ზუგდიდში, რომელსაც ესწრებოდნენ ზუგდიდის საზოგადოება და სამეგრელოს რეგიონის ინტელიგენცია, რის შემდეგაც საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ 1999 წლის 17 იანვარს გამოსცა განკარგულება #28 სოფ. ანაკლია-განმუხურის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის დაწყებაზე! მასში გათვალისწინებული იყო კაშხლიდან წამოსული (თუ ეს მოხდება) წყლის ნიაღვრის საწრეტი არხის მშენებლობა, ადრე აღნიშნული ზომების გაზრდით, რაც სავსებით უზრუნველყოფდა როგორც დასავლეთ საქართველოს, ასევე აშენებული ნავსადგურის უსაფრთხოებას.

ნავსადგურის აშენების ადგილი და იდეა მიჩნეულ იქნა საუკეთესოდ XX საერთაშორისო კონფერენციაზე «კაცობრიობა და ოკეანის სანაპირო ზონა 21- საუკუნეში», რომელიც ჩატარდა . მოსკოვში 2000 წელს. იყო გამოყოფილი ტერიტორია პორტის პირველი რიგის მშენებლობისთვის ტვირთბრუნვის 5,5-7 მლნ. ტონა წელიწადში და დარეზერვებული მეორე რიგის თვითბრუნვით 60 მლნ ტონა წელიწადში.

ცნობილია, რომ «ინჟინრული წინადადება» მიღებული იქნა და ტარდებოდა მოსამზადებელი სამუშაოები ბატონ ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით, რომელიც შემდგომ შეწყვიტა თავად შევარდნაძემ, თანამონაწილეობით: ტრანსპორტის მინისტრის _ მ. ადეიშვილის, პარლამენტარ _ ბულიას, ვ. ჩხარტიშვილისა და სხვათა უსამართლო ქმედებით. ნავსადგურის მშენებლობის საკითხი მოიხსნა «დღის წესრიგიდან», რათა «მწვანე შუქი» მიეცათ კორუფციული და ხალხის მომწამვლელი ყულევის ტერმინალისთვის (ნავთობი იღვრება და ორთქლდება, იწამლება ზღვა და ჰაერი, რის გამოც ყულევის მოსახლეობის დაახლოებით 80% დაავადებულია ფილტვების სიმსივნით, რაზეც არსებობს მედიკოსთა ოფიციალური დასკვნა). ამ ტერმინალის აშენების წინააღმდეგი იყო თითქმის ყველა  სპეციალისტი, მაგრამ არავინ შეისმინა.

ამჟამად ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს გააჩნია პროექტი და ეძებს ინვესტორს. საინტერესოა, რატომაა ის გასაიდუმლოებული და რატომ უმალავენ ჩვენს მოსახლეობას? ამიტომ ხომ არ ყოფილა «2012 წლის 1 ოქტომბერი»?

საყურადღებოა, რომ ზემოთ ხსენებული XX საერთაშორისო კონფერენცია მიზანშეწონილად თვლის, საკითხის გადაწყვეტაში ჩაერთოს რეკომენდებული ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს დინამიურ სისტემაზე, ქართველი მეცნიერების ნაშრომებზე დაყრდნობით. სოფ. ანაკლია-განმუხურში ღრმაწყლიანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა ხომ რეკომენდებული იყო აკადემიკოს ა. კიკნაძის მიერ, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიოში ერთ-ერთ ავტორიტეტს ამ მიმართულებით.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!

ბატონო ბიძინა!

დასმული საკითხის განსაკუთრებულ სიმძიმესთან დაკავშირებით, უმორჩილესად გთხოვთ, გამონახოთ დრო და მიგვიღოთ სასაუბროდ: ბატონი ჯუანშერ მხეიძე და უხუცესთა წარმომადგენლები: ანზორ ლომაია, ჯონი ზარანდია, კლიმენტი კიკალიშვილი და გენადი მესხია.

პატივცემულო ბიძინა!

სამეგრელოს რეგიონის უხუცესები და არამარტო ჩვენ, არამედ მთელი საქართველოს საზრიანი მოსახლეობა დაინტერესდება (როცა საზოგადოება ინფორმირებული იქნება) არხისა და აღნიშნულ ადგილზე ნავსადგურის მშენებლობით ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ. ამდენად, გთხოვთ:

1. საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს დაავალოთ, მოგვცეს ოფიციალური ცნობა: მათ მიერ წარმოდგენილი ნავსადგურის კონკრეტული ადგილის შესახებ; არის თუ არა ჩატარებული ექსპერტიზა და ვის მიერ; ვინაა პროექტის შემკვეთი; რას მისცემს იმ პროექტით გათვალისწინებული ნავსადგური საქართველოს; ხომ არაა იგი კორუფციული და ეკოლოგიურად გაუმართლებელი ტერმინალი, როგორც ყულევი? ანდა ხომ არაა იგი ყულევის ტერმინალის შესანარჩუნებელი ახალი ტერმინალი, რადგანაც მას ნავსადგურის სახე არ ექნება, თუ ნავსადგური «ღია წერილში» აღნიშნულ ადგილზე არ აშენდება!

2. გაოგნებული ვართ, რატომ გვეუბნებიან უარს ან არ გვაქცევენ ყურადღებას ტელეკომპანიები და გაზეთები: «კვირის პალიტრა» და «ალია». ასევე ჯერჯერობით ჩვენს ადრინდელ მიმართვაზე პასუხი არ მიგვიღია მინისტრებისგან _ ბატონ . კალაძისგან და ბატონ . ნარმანიასგან, ბატონ . კვირიკაშვილის სამინისტროდან კი მოგვივიდა არაფრისმთქმელი ზოგადი სახის პასუხი.

3. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეჯითებით გთხოვთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქოს ზემოაღნიშნული საკითხები, რათა დადგინდეს სიმართლე და მოინახოს რეალური გამოსავალი, რაშიც უნდა ჩაერიოს საქართველოს მოსახლეობა.

მოწვეული უნდა იქნენ:

_ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე კანდიდატები (სამწუხაროდ, დღემდე არც ერთს არ აღუნიშნავს, თუ როგორ აპირებენ საქართველოს გამთლიანებას);

_ მინისტრები, რომლებსაც ეხებათ საკითხები;

_ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები: ბატონი გეწაძე და მ. ჩიხლაძე;

_ აკადემიკოს ა. კიკნაძის ჯგუფი, ბატონები: ჯ. მხეიძე, გ. ლომინაძე, ნ. ძიძიკაშვილი და გ. მეტრეველი;

_ ბატონ ედუარდ შევარდნაძის წარმომადგენლები ყულევის ტერმინალის მშენებლობაში;

_ პრემიერმინისტრის მრჩეველი, ბატონი გია ხუხაშვილი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ბატონი დავით მირცხულავა;

_ გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ქალბატონი ნინო ჩხობაძე და მისი ყოფილი მოადგილე, ბატონი თ. ვეკუა.

სამეგრელოს რეგიონული უხუცესთა კავშირის წევრები: ა. ლომაია, ჯ. ზარანდია, კ. კიკალიშვილი, ენერგეტიკის სპეციალისტი გ. მესხია, საპატიო წევრები: მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ბატონი ნოდარ ჭითანავა და საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი, ბატონი იური გუგუჩია.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!

მოგვიტევეთ, რამეთუ ვაწუხებთ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას, მაგრამ გვერწმუნეთ, სამეგრელოს რეგიონის უხუცესებს გვამოძრავებს მხოლოდ ერთი გრძნობა, სამშობლოსა და ხალხის სიყვარული, ამიტომ ვცდილობთ, კატასტროფა ავაცილოთ დასავლეთ საქართველოს და ქვეყანაში შეიქმნას დოვლათი, რაც შესრულდება აკადემიკოს ა. კიკნაძისა და საქართველოს დამსახურებული ინჟინრის ჯ. მხეიძის «ინჟინრული წინადადების» რეალიზაციით _ ანაკლია-განმუხურის ღრმაწყლიანი ნავსადგურის აშენებით, რომელიც წამოიწყო ე. შევარდნაძემ, მაგრამ მანვე უსაფუძვლოდ შეაჩერა მშენებლობა.

ყველა სიკეთესთან ერთად, ეს ნავსადგური გადამწყვეტ როლს შეასრულებს აფხაზ ხალხთან კეთილი ურთიერთობის დამყარებასა და ქვეყნის გაერთიანებაში, რადგან ნავსადგურის მშენებლობაზე იმუშავებს 10 ათასზე მეტი მუშა-მოსამსახურე, მათ შორის, ბევრი აფხაზი. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებითა და აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით, აუცილებლად მოგვარდება ჩვენ მიერ შეგნებულად ჩაფიქრებული და შეთავაზებული საკითხი: ნავსადგურიდან 80 კმში აფხაზეთის კოდორის ხეობაში გაშენდება ნავთობისა და გაზის ტერმინალები, რომლებიც მიიღებენ ნავთობსა და გაზს ჩრდილოეთ კავკასიიდან. ტერმინალებიდან ნავსადგურამდე მილსადენები გაივლის ოჩამჩირისა და გალის ტერიტორიას, რითაც აფხაზეთი და რუსეთი მიიღებს სტაბილურ, მნიშვნელოვან შემოსავალს!

რეგიონის უხუცესებს გვწამს, რომ უფლის წყალობითა და თქვენი _ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით შევძლებთ მიზნის მიღწევას, საშვილიშვილო საქმის აღსრულებას _ საქართველოს გამთლიანებასა და გაძლიერებას!

ღრმა პატივისცემით,

ანზორ ლომაია,

სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი უხუცესთა კავშირ «სხუნუს» გამგეობის თავმჯდომარე,

გამგეობის წევრები:

ჯონი ზარანდია, მიხეილ ხუბუტია, კლიმენტი კიკალიშვილი, ალიკო თოდუა, ვახტანგ ბულია,

გივი ქირია

თქვენო უწმინდესობავ,  

ბატონო ბიძინა,

როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2008 წელს, იმ ავადსახსენებელი ომის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი სამართავად გადასცა «რაოეეს»-ს, ე. ი. რუსეთს. ხელშეკრულების შინაარსი ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მასში დამბის დასაცლელ არხთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი, სხვა შემთხვევაში ისინი საწრეტი არხის გაკეთებას დაიწყებდნენ. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო შედის ნატოში, ჯარები დგება ფოთში, ბათუმში და მის შემოგარენში და რას მოიმოქმედებს რუსი, კაშხლის აფეთქებით, ნატოს ჯართან და დასავლეთ და ანაკლიის საქართველოსთან ერთად თურქეთში ამოაყოფინებს ხალხს თავს, ვის უმტკიცოთ ჩვენ, რომ ეს ვინმეს მიერ ჩადენილი დანაშაულია, ეს ხომ უბედურებაა? «ენგურჰესის» კაშხლის გადაცემასთან ერთად, ნატოში შესვლის აუცილებლობა ფაქტობრივად გამოირიცხა, იქნებ ვცდებით? ამაზე პასუხი გაგვცეს ხელისუფლებამ და საპრეზიდენტო კანდიდატებმა. ფაქტია, რომ თორმეტმილიონიანი საქართველო ამოწყვიტა შავმა ჭირმა და ქოლერამ. «ენგურჰესის» აფეთქება ამაზე უარესია, ვინაიდან ის არც ცოცხალს და არც მკვდარს არ დატოვებს, რაც რატომღაც ედუარდ შევარდნაძიდან მოყოლებული ყველას ავიწყდება.

ბატონო ბიძინა, თქვენ კი არ უნდა გადადგეთ, არამედ უნდა უშველოთ ქვეყანას. შველა ქვეყნის ნეიტრალიტეტშია და ანაკლიის სახმელეთო პორტის მშენებლობაში, რისი იმედიც აქვს ხალხს. ხდება სულ სხვა რამ, მიმდინარე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის «ნაციონალები» წინ გაუძღვნენ სომხეთის დელეგაციას და ე. წ. ლაზიკის გაყიდვას აპირებენ ან უკვე გაყიდეს, როგორც ხალხში ლაპარაკობენ, თერთმეტ მილიონ დოლარად. ფაქტის დადასტურება ან უარყოფა შეუძლიათ ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებს, რომლებიც ზუგდიდში მოღვაწეობენ. ხალხმა უნდა იცოდეს სრული ჭეშმარიტება და სიმართლე, რადგან შავ ზღვისპირეთში და მათ შორის ანაკლიაში მიწის გაყიდვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

უმორჩილესად გთხოვთ, გადაამოწმოთ ზემოთ აღნიშნული ფაქტები, გახადოთ იგი საზოგადოებისთვის ცნობილი და დაავალდებულოთ ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გასცენ  სრული პასუხი წერილში დასმულ შეკითხვებს, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატებს ვთხოვ, გვერდს ნუ აუვლიან მათთვის ჩვენ მიერ მიწოდებულ ფაქტებს, კეთილი ინებონ და საქართველოს ყველა კუთხეში გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ამ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ღრმა პატივისცემით,

ჯონი ზარანდია,

სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი უხუცესთა კავშირი «სხუნუს» წევრი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here