Home რუბრიკები პოლიტიკა ზოგი რამ ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე

ზოგი რამ ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე

582

საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, მკვეთრად გამოხატული დასავლური კურსის წყალობით, მეტნაკლებად სიღრმისეულად გაიაზრა დასავლური კულტურის დადებითი და უარყოფითი მხარეები. საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს, რომ დასავლური ფასეულობები და კულტურა იანუსივით ორსახოვანია. მას გააჩნია ორმაგი სტანდარტები, რომლებიც საშუალებას აძლევს, ერთდროულად იყოს სხვა სახელმწიფოებისთვის მიმზიდველიც და დამღუპველიც. რომელი სახელმწიფო გვახსენდება პირველი, როცა ვიწყებთ საუბარს დასავლურ კულტურაზე? რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები. ფლაგმანი ზესახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, შიდა და საგარეო პოლიტიკა თვალნათელი მაგალითია დასავლური ღირებულებების ფარისევლობისა.

 

ოცდამეერთე საუკუნეს თამამად უწოდებენ კომუნიკაციების საუკუნეს,   თუმცა, მიუხედავად ზღვა ინფორმაციისა, რომელსაც ყოველდღიურად იღებს  მოსახლეობა, შეინიშნება ინფორმაციის ფილტრაცია. ეპოქაში, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ მართული საინფორმაციო საშუალებები ახდენენ, ძალზე გახშირდა ალტერნატიული აზრის ჩახშობა და ამ აზრის გამავრცელებელი ჯერ კიდევ რეალურად დამოუკიდებელი საშუალებების დაბლოკვა, «სამართლებრივი» და არც თუ ისე იშვიათად არაკანონიერი გზებით.

სიტყვის თავისუფლების მექად აღიარებულ შტატებში ინფორმაცია რიგით მოქალაქემდე მიდის არასრულყოფილად და წარმოაჩენს მხოლოდ იმ მხარეს, რომელიც მის გამავრცელებელს სურს; რეალობას წარმოაჩენს, როგორც ორ მხარეს _ სიკეთეს და ბოროტებას, დამეთანხმებით, რომ არც ერთი ცივილიზაცია თუ კულტურა არ არის მხოლოდ ამ ორიდან ერთერთი საწყისის მატარებელი და, თუ გვსურს, რეალურად გავერკვეთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი კურსის წარტამებაში, უნდა შეგვეძლოს ორივე მხრიდან მისი დანახვა.

«ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს ძალაუფლებას», რამდენჯერ გაგვიგონია ეს ფრაზა და რამდენად სრულყოფილად გამოხატავს ის დღევანდელ გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მდგომარეობას და პროცესებს? იმისათვის, რომ შეინარჩუნო ზესახელმწიფოს ტიტული, საჭიროა, ძალისხმევა არ მოაკლო და შეძლო, რომ გადმოიბირო და შენი ინტერესების შესაბამისად მართო სხვა სახელმწიფოები.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთერთი მთავარი მეთოდი საკუთარი იდეების მის მიერ არაკონტროლირებად სახელმწიფოებში გავრცელების მხრივ არის ზუსტად ის, რომ ნამდვილ ზრახვებს მალავს ლამაზად შეფუთული ფასადური იდეალების მიღმა, რომელსაც დემოკრატიული წყობისა და სუვერენიზმის ქადაგებით თანდათანობით შემოგვაპარებენ და თავს მოგვახვევენ. და აი აქ ვლინდება მისი იანუსის სახე და სააშკარაოზე გამოაქვს მისი მიზნები მისსავე ორმაგ სტანდარტებს. ის ისევე წარმატებით ღუპავს დემოკრატიის იდეალებს, როგორც თვითონ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებსა და სხვა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც დაწესებულ ორმაგ სტანდარტებს არ ემორჩილებიან. საგარეო პოლიტიკის მხრივ ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ექსპანსია იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მიმზიდველია რესურსებით ან გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ჯერ კიდევ არ არის ზესახელმწიფოს დაქვემდებარებული.

სამხედრო ძალით ქვეყნის დამორჩილების პოლიტიკა ბოლო ათწლეულია  რესურსებით მდიდარმა ბევრმა სახელმწიფომ იწვნია საკუთარ თავზე. ბოლო პერიოდის უხეშ ჩარევას სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში სათავე დაუდო რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა, როდესაც ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით შეიჭრა ავღანეთში, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, მიწასთან გაასწორა ქვეყნის ინფრასტრუქტურა, შეიწირა მშვიდობიანი მოსახლეობა, სახელმწიფოს სათავეში მოიყვანა მარიონეტი ხელისუფლება, ხოლო ტერორიზმი ვერ ან არ ამოძირკვა და დღემდე უამრავი რიგითი ავღანელი ეწირება ტერორისტულ აქტებს.

სამხედრო ექსპერტების დიდი ჯგუფი, ასევე ამერიკელი მაღალი სამხედრო ჩინის მქონე მოქმედი თანამდებობის პირები უკვე ღიად საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატების შეცდომაზე, მას შემდეგ, რაც 2001 წელს მოხერხდა თალიბანის და მათი მოკავშირე «ალ ქაიდას» დამარცხება ავღანეთში, შტატების ხელისუფლებამ მოადუნა ყურადღება, რის შემდეგაც კვლავ გაძლიერდა ტერორისტული ჯგუფები.

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იცნობს ავღანეთის უახლოეს ისტორიას და დაიჯერებს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვერ განსაზღვრა თალიბანისთვის და ზოგადად ავღანელი ერისთვის დამახასიათებელი თვისებები. ერს, რომელიც 1989 წლის შემდეგ გახვეულია სამოქალაქო დაპირისპირებებში და რომლის დიდ ნაწილს ომი ცხოვრების ჩვეულ მოვლენად მიაჩნია, მხოლოდ დედაქალაქისა და რამდენიმე პროვინციის დაპყრობით ვერ შეაჩერებ კონტრქმედებებისგან.

რა თქმა უნდა, ამერიკის ხელისუფლებამ ეს იცოდა, ისინი არ შემცდარან, მათ წინასწარ განსაზღვრეს მოქმედებათა მთელი ჯაჭვი, რათა დიდხანს შეინარჩუნონ ავღანეთი, ქვეყანა, დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. მათ სჭირდებათ მართვადი ანარქია, საუკეთესო პირობები ტერორისტული დაჯგუფებების წარმოშობისთვის; მათ სჭირდებათ მარიონეტი ხელისუფალი, შეშინებული უკანონო შეიარაღებული ძალებისგან და ყველა ამ მიზნის მისაღწევად მიზანმიმართულად მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ.

თალიბანთა მმართველობისგან ქაბულის განთავისუფლების შემდეგ, 2011 წლის დეკემბრის დასაწყისში ქალაქ ბონში გამართულ კონფერენციაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, შეიქმნა ახალი მინისტრთა კაბინეტი, ხოლო მთავრობის მეთაური გახდა ავღანელი საზოგადო მოღვაწე ჰამიდ ყარზაი, მკვეთრად პროამერიკული ორიენტაციის პოლიტიკოსი.

მსგავს არაორდინალურ ვითარებაში მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უჩვეულოა, მაგრამ არა გასაკვირი. საკვირველი და დამაფიქრებელი მხოლოდ ერთი რამ იყო ამ შეხვედრაზე: კონფერენციას არ ესწრებოდა მომავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ ყარზაი. რჩება შთაბეჭდილება, რომ შედეგი წინასწარ განსაზღვრული იყო სხვაგან და ამის დემონსტრირება მოხდა ზემოაღნიშნული ფაქტით. ძნელია, უტყუარი ინფორმაციის ცოდნის გარეშე ამტკიცო მსგავსი რამ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ვინც არ უნდა აერჩიათ ავღანელი ხალხის ლიდერად, ის დაუპირისპირდებოდა თალიბანთა დამარცხებულ, მაგრამ ჯერ კიდევ საშიშ ძალას და ძლიერი მოკავშირის მფარველობის საფასურად ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებასაც ვერ აარიდებდა თავს.

შემდეგ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ კარგად გაიაზრა რა ისტორიის დაუწერელი კანონი, არ არსებობს ვასალი, რომელიც გაძლიერების შემდეგ არ შეეცდება სრული თავისუფლების მოპოვებას, დომინანტისგან განზრახ მოადუნა ყურადღება თალიბანთა დარჩენილი ჯგუფების გაუვნებელყოფის ოპერაციებზე, მისცა მათ საშუალება, ისევ გაძლიერებულიყვნენ, აემაღლებინათ საზოგადოების მხარდაჭერა ავღანეთის ტერიტორიაზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ მოქმედი ხელისუფლებისთვის თალიბანთა მომძლავრება დამღუპველი გახდებოდა.

ავღანეთის ხელისუფლება პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის მეთაურობით კაბალურ პირობებში აღმოჩნდა. მათ ჰქონდათ გამოცდილება, თუ როგორ ამთავრებდნენ მათი წინამორბედები ბოლო რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკურ მოღვაწეობას, ამიტომ დაიწყეს მოთხოვნა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეებისთვის დაეწყოთ აქტიური თანამონაწილეობა ავღანეთში ანტიტერორისტულ საქმიანობასა და სახელმწიფო, განსაკუთრებით ძალოვანი ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. თხოვნაზე რეაგირებამ არ დააყოვნა და 2009 წლიდან მოყოლებული გაძლიერდა ანტიტერორისტულ კამპანიაში მოკავშირეების როლი, ასევე სერიოზულ ძალად ყალიბდება ავღანეთის შესაბამისი ძალოვანი სამსახურები, თუმცა ამის სანაცვლოდ რა დათმობებზე წასვლა მოუწია ავღანელ ხალხს, სრულფასოვნად უახლოეს მომავალში შევიტყობთ. მანამდე კი გეგმის ახალი ჯაჭვი იკვეთება _ 2014 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების დიდი ნაწილი ავღანეთს დატოვებს. არის თუ არა ეს ამერიკის შეერთებული შტატების მარცხი ან პირიქით ისტორიული გამარჯვება და ქვეყნის მთლიანად დამორჩილების ნიშანი, ამასაც მომავალში შევიტყობთ.

საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთი სამხედრო ექსპანსია იმავე რეგიონში. იმ პერიოდში, როდესაც ავღანეთში გეგმაზომიერი პაუზა აიღეს ამერიკის სამხედრო ძალებმა, ზესახელმწიფო არ გაჩერებულა, რეგიონში მას უკვე ჰქონდა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი დასაყრდენი, ახლა რესურსების დრო იყო. ნავთობით მდიდარი ერაყის მმართველი კლანი სადამ ჰუსეინის მეთაურობით წლების განმავლობაში ჭკვიანურად ახერხებდა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას დასავლური კულტურის ფლაგმან სახელმწიფოსთან. შეერთებული შტატების ხელისუფლება ხვდებოდა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში საერთაშორისო საზოგადოება მას მხარს არ დაუჭერდა, თუმცა იმდენად დიდი იყო რესურსების ხელში ჩაგდების სურვილი, იგი არ შეუშინდა საკუთარი ქვეყნის იმიჯის შელახვას და დღევანდელი გადმოსახედიდან, რომელიც არც იმ პერიოდში იყო დამაჯერებელი, შეთხზული მიზეზებით მოახდინა ერაყის ოკუპაცია, შექმნა ახალი მარიონეტული მთავრობა და სრული კონტროლი დააწესა რესურსების მართვაზე.

წერილის მიზნიდან გამომდინარე, ვრცლად ერაყის სამხედრო კამპანიაზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ, საჭირო გახდა ფაქტების კონსტანტაცია, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ არსებობს კეთილშობილური იმპერია, არ არსებობდა ისტორიულ წარსულში და არც მომავალში იარსებებს. არსებობს მხოლოდ იმპერიული მიზნები და საჭიროებები, რომელთა თავს მოხვევაც ყველა დროში ხდებოდა სხვა სახელმწიფოებზე და არც ამერიკის შეერთებული შტატებია მათგან განსხვავებული წარმონაქმნი.

რაც შეეხება შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკის დემოკრატიულობის ხარისხს, დემოკრატიულ ფასეულობებზე შექმნილი ზესახელმწიფო, რომელიც ძალისმიერი გზებითაც არ ერიდება თავისუფლებისა და დემოკრატიის სიოს დაბერვას მისთვის არასასურველი სახელმწიფოების წინააღმდეგ, თავად არღვევს საკუთარი მოქალაქეების მთავარ დემოკრატიულ პრინციპს ხელისუფლების საყოველთაო და პირდაპირი გზით არჩევის კუთხით.

სახელმწიფო, რომელიც საკუთარი მომავლის განსაზღვრაში ხალხის ნებას ბოლომდე არ ენდობა და იტოვებს საშუალებას, რომ მისთვის საჭირო მომენტში შეიტანოს კორექტირება მოქალაქეთა არჩევანში, შეძლებს კი სხვა სახელმწიფოებს დაეხმაროს დემოკრატიულ ფასეულობათა განმტკიცებაში?

უკეთესად დავაკვირდეთ დასავლური კულტურის ყველაზე მოწინავე სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევა არა უშუალოდ ამერიკელი მოქალაქეების, არამედ მათ მიერ შერჩეული ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების მიერ ხდება. 

ეს საარჩევნო სისტემა უნიკალურია და მოქმედებს 1787 წლიდან. იმ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის შექმნა მეტ-ნაკლებად გამართლებული იყო მრავალი მიზეზის გამო, მათგან კი აღსანიშნავია სამი ძირითადი ფაქტორი:

1) კომუნიკაციის სისტემის არ არსებობა. ვერ ხერხდებოდა პრეზიდენტობის კანდიდატთა სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა, შესაბამისად, ის პროგრამები, რომლებიც ჰქონდათ კანდიდატებს, დიდი ალბათობით, ვერ მიეწოდებოდა უზარმაზარ ტერიტორიაზე განსახლებული მოქალაქეების უმეტეს ნაწილს;

2) მეორე ფაქტორი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სწრაფვაა. მცირე მოსახლეობიანი შტატები, რომლებიც საკუთარი ნებით დათანხმდნენ სუვერენიტეტის ნაწილის ფედერალური ხელისუფლებისთვის გადაცემას, მაინც ყოველ საშუალებას იყენებდნენ, რათა პოზიციები არ დაეთმოთ და მეორეხარისხოვან სუბიექტებად არ ქცეულიყვნენ;

3) მესამე ფაქტორი იყო «დამაარსებელი მამების» და მათი თანამოაზრეების მხრიდან ნდობის არქონა რიგითი ამერიკელი ამომრჩევლების მიმართ.

ისინი ეჭვის თვალით უყურებდნენ მოქალაქეებს, ფიქრობდნენ, რომ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ და ცდილობდნენ, «საშინელ მხეცებს», როგორც ჰამილტონი ხალხს უწოდებდა, პასუხისმგებლობა შეზღუდვოდათ.

ეს სამი ფაქტორი დღევანდელობას აღარ ერგება და, წესით, არააქტუალური უნდა გამხდარიყო. კომუნიკაციების საშუალებები ძალზედ განვითარებულია. პატარა შტატების შიში, რომ არ იქცნენ მეორეხარისხოვან სუბიექტებად, გამქრალია. ორი ასწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა რა საერთო სახელმწიფოებრივი აზროვნება და სწრაფვა მსოფლიო ჰეგემონიისკენ, მცირე მოსახლეობიან შტატებს, ისევე, როგორც ფედერალურ მთავრობასა და რიგით მოქალაქეებს, კარგად ესმით, რომ ყველა შტატის თანაბარუფლებიანობა და განვითარება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად და გეგმების განსახორციელებლად.

საარჩევნო კოლეგია კი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არსებობს. ნუთუ შეერთებული შტატების ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ჯგუფები ისევ არ ენდობიან საკუთარ მოქალაქეებს? ნუთუ თვლიან, რომ მოქალაქეებისთვის უფლებების სრულად გადაცემის შემთხვევაში არსებობს იმის შანსი და საფრთხე, რომ სრულად და რადიკალურად შეიცვლება ქვეყნის საგარეო თუ საშინაო კურსი? გარდა ამისა, არსებობს შესაძლებლობა, წამყვანი ორი პარტიის შეთავაზებულ პოლიტიკას სხვა ალტერნატიული ძალაც დაუპირისპირდეს და შეძლოს მხარდაჭერის მოპოვება მოსახლეობის მხრიდან?

ქვეყანაში არსებული ორი დომინანტი პარტია და მოქმედი კანონმდებლობა საშუალებას არ იძლევა იმისთვის, რომ სხვა ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ მნიშვნელოვანი ძალაუფლება მოიპოვოს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს მდგომარეობა გამყარებული აქვთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ქმნის მათი დაუმარცხებლობის ილუზიას, თუმცა ამერიკულ პარტიულ სისტემაში მცირედ გარკვეული ადამიანიც კი მიხვდება, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი «მართვადი ქაოსი», საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ მცირე ინტერესთა ჯგუფები, ხოლო ხალხს თავს ახვევენ იმის განცდას, რომ პროცესში სწორედ ისინი მონაწილეობენ აქტიურად.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამერიკამ ირწმუნა საკუთარი ძალის და ცდილობს, მსოფლიო ჰეგემონია დიდხანს შეინარჩუნოს, უფრო განმტკიცდა ორპარტიული სისტემისა და ალტერნატიული ძალის ხელისუფლებიდან ჩამოშორების ტენდენცია. მაგალითისთვის საკმარისია ის, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს არასდროს მიუღწევია სერიოზული წარმატებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში, გარდა 1968 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა, როდესაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჯორჯ უოლესმა შეძლო კოლეგიის 46 ხმის მიღება და, რომ არა მრავალი დამაბრკოლებელი გარემოება, შესაძლებელი იყო, ამერიკის კიდევ რამდენიმე შტატში მიეღწია წარმატებისთვის და შექმნილიყო ისეთი მდგომარეობა, როცა არც ერთ კანდიდატს არ ექნებოდა საკმარისი რაოდენობა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების, თუმცა ყოველივე სხვაგვარად აეწყო და ქვეყნის მომავალმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა «მოაგროვა» კოლეგიის ხმების სათანადო რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს აღარ დასჭირდა კიდევ ერთი ნახევრადდემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება.  

ნათლად ჩანს, რომ ამერიკული საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით ქვეყნის პირველი პირის არჩევნებისა, ვერ აკმაყოფილებს დასავლური ფასეულობების მთავარ ქვაკუთხედს _ დემოკრატიული არჩევნების წესს, ხოლო მათი მხრიდან ნახევრადდემოკრატიული ან თუნდაც ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თუ სხვაგვარი ზეწოლა ქვეყნების დიდი ნაწილის მხრიდან აღიქმება, როგორც სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: ზემოხსენებული წერილის მიზანი არ არის საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყნის კრიტიკა, არც ამ პარტნიორობის დადებითი მხარის დაჩრდილვა. მთავარი მიზანია, დავინახოთ ამერიკის პოლიტიკა სრულყოფილად და არა მხოლოდ იმ პროპაგანდისტული კლიშეების პრიზმაში, რომელსაც თავს გვახვევენ.

გიორგი გაჩეჩილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here