Home რუბრიკები პოლიტიკა არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ სად გამოიზამთრა ძნელბედობის ჟამს ქართულმა სულმა

არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ სად გამოიზამთრა ძნელბედობის ჟამს ქართულმა სულმა

857

ამ წერილის დაწერა ალექსანდრე ჭაჭიასთან ინტერვიუმ გადამაწყვეტინა, რომელიც გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში» დაიბეჭდა და რომელშიც რესპონდენტი ამბობს: «შევარდნაძე გვპირდებოდა, რომ «მეორე შვეიცარიად» ვიქცეოდით, სააკაშვილი დაგვპირდა, რომ «მეორე სინგაპური» გავხდებოდით, ივანიშვილი კი «მეორე დუბაიდ» გადაქცევას გვპირდება. მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ არც ერთი ამ ორიენტირთაგანი ჩვენთვის პრინციპულად ვერ იქნება რეალური მიზანი». და მართლაც, რა უნდა ხალხს, როცა ის ქვეყნის წინამძღოლის არჩევნებზე მოდის? ამ კითხვაზე პასუხი არ შეიძლება ერთგვაროვანი იყოს, რადგან ყოველ ადამიანს საკუთარი შეხედულება და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებული სურვილები აქვს. ღარიბები გამდიდრებაზე ოცნებობენ, დამნაშავეებს განკითხვის ეშინიათ, უბედურნი ბედნიერებას ეძებენ, ხელმოცარულნი საკუთარი თავის პოვნას ცდილობენყველა ეს განცდა მათ არჩევნებზე მოაქვთ და თავისებურად ანგარებიანნი არიან ასარჩევი კანდიდატის მიმართ. ეს უკანასკნელი კი იძულებულია, უხვად არიგოს დაპირებები, რათა ხმათა უმრავლესობა მიიღოს.

 

არჩევნები წარმატებულად ჩაითვლება მაშინ, თუ ხალხმა უარესზე უკეთესი შეარჩია. ამაზე მეტის მიღწევა ამ ცისქვეშეთში შეუძლებელია და, ვინც ამით არ კმაყოფილდება, იმედგაცრუება და ხანგრძლივი წუხილი ელოდება. არისტოტელეს ბრძნული გამონათქვამის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ერის ჭკვიანი წინამძღოლი ხალხის გაბედნიერებას კი არ უნდა ცდილობდეს, არამედ დღენიადაგ იმისთვის უნდა იღვწოდეს, რომ უბედურება ააცილოს მათ. თუ ერის წინამძღოლი მეტნაკლებად ამის მიღწევას შეძლებს, ის ცამდე მართალი იქნება ქვეყნისა და ღმერთის წინაშე.

სამწუხაროდ, ჩვენთან პირიქით ხდება. უბედურების აცილება კი არა, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყველანაირი საცოდაობა თავს დაგვატყდეს. ნუთუ შეგნებულად მიგვაქანებენ უბედურებისკენ? მაშინ რატომ დავადექით ამ გზას განუსჯელად და თვალდახუჭული? რატომ დავიჯერეთ ავისმსურველთა მიერ შემოგდებული აზრი, თითქოს ჩვენ არაფერს გვეკითხებიან და ის უნდა ვაკეთოთ, რასაც «ჩვენზე ჭკვიანები» შემოგვითვლიან. გაღმიდან გვეუბნებიან, რომ ჩვენ ცუდები ვართ და უნდა გავხდეთ ისეთები, როგორებიც ისინი არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შორის არანაირი ხიდი არ გაიდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თუ არა, დავფიქრდეთ და საკუთარ თავს ვუთხრათ: თუ ჩვენ ისეთები უნდა გავხდეთ, როგორებიც ისინი არიან, მაშინ ჩვენ ხომ ისეთები არ ვიქნებით, როგორებიც ვართ. გამოდის, რომ საკუთარ მეობაზე, თვითმყოფადობაზე და ყოველგვარ თავისებურებაზე უარი უნდა ვთქვათ.

ჩვენთან თურმე დემოკრატია არ არის, ადამიანებს ცუდად ვექცევით და ა. შ. კი, ბატონო, ცოდვა ყველგან ტრიალებს და მას შემდეგ, რაც აბელის სისხლი დაიღვარა, ვერც ერთი ტომი ვერ აცდა კაენის ცოდვას, მაგრამ ის მაინც რატომ ვერ შეამჩნია ვერავინ, რომ აბრაჰამის სული ჯერაც ტრიალებს საქართველოში. აბრაჰამი მთელი დღე თავის სახლის კარიბჭესთან იჯდა და უცხო ადამიანთა, გზაში დაქანცულ მოგზაურთა გამოჩენას ელოდებოდა, რათა დაეპურებინა, გაემხნევებინა და დაელოცა ისინი. უცხოელები, რომლებიც აქ შემოდიან, ყოველ ნაბიჯზე ხვდებიან აბრაჰამისეულ სტუმართმოყვარეობას და ეს ძალიან სიამოვნებთ, მაგრამ მაინც გვეუბნებიან, _ ისეთები არ ხართ, როგორც ევროპელები. თურმე ჩვენ მამათმავლებს ვდევნით, ვკრძალავთ ერთსქესიან ქორწინებას, ვებრძვით ყოველგვარ აღვირახსნილობას, რაც მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის და, თუ ამ «სიმახინჯეს» არ გამოვასწორებთ, არც უნდა ვიოცნებოთ ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაზე.

ერთნაირი არაფერი შეუქმნია ღმერთს. ერთნაირობა სიღატაკე და სულიერი სიმწირეა. წარმოიდგინეთ, ყველა ერთნაირად მდიდარი რომ იყოს დედამიწაზე, რა უმიზნო და უბედური იქნებოდა კაცობრიობა. ამაზე ბევრჯერ უთქვამთ ბერძენ ფილოსოფოსებს. ამას წინათ, მეგრულ ხალხურ ლექსში, რომელიც დალოგინებული და ღრმად მოხუცებული გლეხისგან მოვისმინე, ერთი გენიალური სტრიქონი აღმოვაჩინე, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: «მე ჩემი სიღარიბით ვარ მდიდარი».

მატერიალურმა სიმდიდრემ მოიყვანა ქვეყნის სათავეში ჩვენი დღევანდელი პრემიერმინისტრი. იგი არ აღმოჩნდა «სიღარიბით მდიდარი». ქვეყნის სათავეში ყოფნა გოლგოთის გზაზე ტანჯვით სიარულს ნიშნავს, სადაც რაღაც სიმაღლეზე შენივე საწამებელი ჯვარი უნდა აიტანო. არ აიტანს მილიარდერი გოლგოთაზე ჯვარს. იგი ამ წარმავალი წუთისოფრის სიამოვნებით ტკბება. მას ურჩევნია, გოლგოთის მისტერიებს შორიდან ადევნოს თვალი.

მოვიდა იგი და მალევე მიდის. ის ისევე გაეცლება საქართველოს, როგორც მაცხოვარს გაეცალა მდიდარი სოვდაგარი, რომელსაც მაცხოვარმა უთხრა, დაურიგე ქვრივ-ობლებს შენი ქონება და შემომიდექ მეო. ამაში გასაკვირი არაფერია. გასაკვირი უფრო სხვა რამ არის, რაზეც უნდა დაფიქრდეს ქართველი ხალხი. ყველამ უნდა ვიცოდეთ და, თუ ვიცით, საჭირო დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკის საქმე პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ. რატომ გვაგდებს სხვისი მილიარდები იმნაირ ხიბლში, რომ მას ყველაზე ჭკვიან კაცად ვაღიარებთ ქვეყანაში და უმალვე ბრმად მივენდობით ხოლმე. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მარტივ ჭეშმარიტებას ვიტყვი, ისეთს, როგორიც ორჯერ ორი ოთხია: იმ პოლიტიკური გამოცდილებით, იმ ერუდიციით, როგორიც მისი გამოსვლებიდან გამოჩნდა, აღვიქვამდით კი უფულო ივანიშვილის მოსვლას ქვეყნის სათავეში ნორმალურ მოვლენად? აი, სწორედ ეგ არის ჩვენი სულიერი დაცემულობის პირველი ნიშანი, მაგრამ იმედია, მალე გამოვერკვევით და ჭაში უფრო ქვევით არ ჩავეშვებით. ერთი კაცის ნაშოვნ მილიარდებზე არ აიგება ქვეყნის მომავალი. ხალხის არის ის, რასაც ხალხი შექმნის. მილიარდერებისგან ნუ ველით ბედნიერებას, არამედ ავირჩიოთ «სიღარიბით მდიდარი» კაცი, რომელიც ხალხის გაბედნიერებას კი არ ეცდება, არამედ თავისი ჭკუითა და გონებით შეძლებს ქვეყანას უბედურებები ააცილოს.

აშკარად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებული დავალებით მოვიდა ქვეყნის სათავეში. მას უმტკივნეულოდ უნდა გაეწია გათავხედებული «ნაცმოძრაობა» პოლიტიკური არენიდან და მის ნაცვლად უნდა მოეყვანა პროამერიკული სარეზერვო ძალა, რომელიც ჩვენში რესპუბლიკური პარტიის სახით არსებობდა. პირდაპირ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, ვინაიდან რესპუბლიკურ პარტიას არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან არ ჰქონდა. ამიტომ შეიქმნა გარსი მის გარშემო ეგრეთ წოდებული კოალიციის სახით და ასე შემოიპარა მეორე პროამერიკული ძალა პარლამენტში. მილიარდერი კაცის ფულით მონუსხულმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაუშვა საბედისწერო შეცდომა. ჩვენდა საუბედუროდ, იგივეა მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

«ნაციონალური მოძრაობა» თითქოს დამარცხდა, მაგრამ ის არენიდან არ მიდის. მას ტაიმაუტი ააღებინეს და ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ თითქოს ამ ცოდვილი პარტიის მზე სამუდამოდ ჩაესვენა. გარკვეული ხნით ჩრდილში ამყოფებენ და მაშინ გამოამზეურებენ, როცა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური არენიდან გაწევა დასჭირდებათ.

გარეშე ძალებმა, კერძოდ, ვაშინგტონმა, ღრმა უფსკრული გააჩინა თაობებს შორის საქართველოში. მათ ჩვენში მოახერხეს ის, რისი გაკეთებაც სხვაგან შეუძლებელი იყო. ძველი აღთქმიდან მახსოვს მტრის მისამართით ნათქვამი ერთი ებრაული წყევლა: ახალგაზრდებს ემართოთ თქვენი ქვეყანაო. ეს წყევლა ჩვენ ვაშინგტონიდან მოგვივიდა და აღსრულდა მაშინ, როცა «ნაციონალურმა მოძრაობამ» ორმოცი წლის ზემოთ ყველა ადამიანი სახლში მიაბრძანა და სახელმწიფო მართვა-გამგეობა უმწიფარ ახალგაზრდებს ჩააბარა. ეს იყო ერის სულიერი გენოციდი.

მოვიდნენ ახალგაზრდები, გაინაწილეს თანამდებობები, ქონება, გავლენადასვეს თავიანთი პროკურორები, მოსამართლეები, აღიჭურვნენ ყოველგვარი უფლებებითა და ხელშეუხებლობის გარანტიებით; როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად. უკონტროლო ახალგაზრდა ჩინოვნიკებმა გამართეს ღრეობა, დროსტარება, სექსუალური ორგიები დასცინეს ქართულ ტრადიციებს, წინაპართა ნამოღვაწარს, ყოველნაირად ცდილობდნენ, ახალგაზრდა თაობა გაეზარდათ ისე, რომ მათ არ სცოდნოდათ საკუთარი ისტორია, ჩაეკლათ მათში ეროვნული ცნობიერება, რათა მომავლის ქართველი ყოფილიყო საკუთარ ფესვებთან გაუცხოებული, უეროვნო, მხოლოდ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე გადაგებული არსება, რომელსაც აღარ გააჩნია მშობლიურობის გრძნობა და რომელიც არ გამოდგება საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონად.

ეს ყოველივე აქამდე იყო და ამ გაუგებრობაში განვლილი დრო იყო უფრო დიდი უბედურების შესაგუებლად განკუთვნილი მოსამზადებელი პერიოდი. და აი, მივადექით ჩვენს მთავარ სათქმელსაც:

ოცი წელია, გრძელდება და დღემდე აქტუალურ თემად რჩება ნატოში ჩვენი გაწევრიანება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში «მისაღებ გამოცდებს» ვერ ვაბარებთ. მათი თქმით, «სტანდარტებში ვერ ვჯდებით» და უნიჭო აბიტურიენტებივით უკვე მერამდენედ ჩავიჭერით. გარკვეული სტანდარტი ანტიკურ ხანაში პროკრუსტემ შემოიღო. ის სარეცელზე აწვენდა ყველა გამვლელ-გამომვლელს და გრძელს სხეულს აჭრიდა, მოკლეს სტანდარტამდე ჭიმავდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩვენ ყოველთვის რაღაცას გვაჭრიან, გვამოკლებენ, თორემ ჩვენს გაჭიმვას და გადიდებას არავინ ცდილობს. მიზეზმიზეზით ოცი წელი გავიდა და დღემდე ვერ მივხვდით, რომ არც არასდროს მიგვიღებენ ნატოში, ვინაიდან ეს რუსეთს არ სურს და ჩვენ გამო არავინ განარისხებს და დაიპირისპირებს ატომური იარაღით აღჭურვილ უზარმაზარ ქვეყანას.

მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკელთა მთავარი დასაყრდენი ძალა თურქეთია. ჩვენ ნატოში რომც მიგვიღონ, თურქეთი მაინც მთავარ დასაყრდენ ძალად რჩება და ჩვენ უნებლიეთ ვხდებით მისი ფილიალი. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქი სამხედრო კონტიგენტის შემოსვლა და დამკვიდრება საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო კანონის ძალით იქნება ნებადართული. ნატო დროებითი სამხედრო კოალიციაა და დიდხანს არ იარსებებს. როცა ის დაიშლება, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის იმას, რომ საქართველოში შემოსული თურქული სამხედრო კონტიგენტი აქედან ნებაყოფლობით აიკრავს გუდანაბადს და მშვიდობიანად გაგვეცლება. ადგილზე დარჩენის საბაბი გამოინახება და არც შეერთებული შტატები გადაიყრის თავზე ცხელ ნაცარს ჩვენი სიცოდვილით. ჩვენ ისეთ განსაცდელში არ უნდა ჩავიგდოთ თავი, რომ იქიდან ვერასოდეს გამოვიდეთ.

დღეს ჩვენს შიდა ცხოვრებაში არანაირი გავლენა არ აქვს რუსეთს, სამაგიეროდ თურქეთი ისე შემოგვეპარა თავისი კაფე-რესტორნებით, სასტუმროებით, ტელესერიალებითა და სალოცავებით, რომ ჯერ კიდევ თავი სიზმარში გვგონია. ჩვენ თავს ვიბრმავებთ, მაგრამ ამ ყველაფერს აშკარად ხედავს რუსეთი, რომელსაც ნამდვილად არ უნდა, კავკასია თურქეთის გავლენის ქვეშ მოექცეს და სამომავლოდ პრობლემები შეექმნას სამხრეთის საზღვართან. სწორედ ამიტომ ხდება ის, რომ რამდენჯერაც ჩვენ გავიქაჩეთ ნატოსკენ, იმდენჯერ წამოიწია რუსეთმა ჩვენკენ. დასავლეთში ხედავენ ამას და გვეუბნებიან, რომ ჩვენ თვითონ უნდა მოვაგვაროთ რუსეთთან ურთიერთობა. ამით ისინი გვიგზავნიან გარკვეული, არაორაზროვანი შინაარსის მესიჯს, სადაც უნდა ამოვიკითხოთ შემდეგი წინადადება: თქვენ გამო რუსეთს ვერ შევებრძოლებით!

ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი, მაშინ, როცა ჩვენი უგუნურობითა და წინდაუხედაობით ამ უბედურების თავიდან აცილება შეიძლებოდა. მსოფლიოში არც ერთ ერს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა არ ჰქონია ერთმანეთთან, როგორც ქართველებსა და რუსებს. იმდროინდელ ქართულ ინტელიგენციას შუამავალი არ სჭირდებოდა რუსულ ინტელიგენციასთან. იყო კომუნიკაციები იმდროინდელ რუს პოლიტიკოსებთან და გავლენიან პირებთან, მაგრამ ჩვენივე ურაპატრიოტიზმით ყველა გონივრულ ნაბიჯზე უარი ვთქვით, არ გამოვიყენეთ არანაირი შანსი მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის და მხოლოდ იმიტომ დავრბოდით მოსკოვსა და თბილისს შორის, რომ ერთმანეთი დაგვებეზღებინა, შიდა განხეთქილებები გაგვეღრმავებინა. ჩვენ ყველაფერში ვიჩქარეთ და ჩვენი «სიჩქარით» ყველგან დაგვაგვიანდა. ახლა ნატოში გვეჩქარება, სადაც თურქული ხაფანგია დაგებული. შეერთებული შტატები პირდაპირ არ დაუპირისპირდება რუსეთს. ის კავკასიის რეგიონში მოაღონიერებს თურქეთს და, ნატოში გაწევრიანება თუ გვეღირსა, მექანიკურად მოვექცევით ამ უდიდესი მუსლიმანური ქვეყნის გავლენის ქვეშ, რომელსაც აქამდე ძალზე უფრთხის მთელი ევროპა.

თუმცა ევროპაზე მეტად ეს საფრთხე ჩვენ გვემუქრება, რადგან ამერიკელებმა რიგი ფაქტორების გამო რომც შეარბილონ საკუთარი პოლიტიკა კავკასიაში, იგი ყველაფერს გააკეტებს, რატა გააძლიეროს თურქეთის გავლენა, რასაც აქამდეც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს და მიაღწია კიდეც, რომ აჭარა დღეს, ფაქტობრივად, თურქების კონტროლქვეშაა, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია თავის ინტერვიუში ამ გარემოებასაც უსვამს ხაზს: «საქმე ისაა, რომ აშშ ასე უბრალოდ არ წავა, იგი  საქართველოს თავის სამხედროპოლიტიკურ მოკავშირეს _ თურქეთს გადასცემს. ამიტომაც ამერიკელები აქტიურად უწყობდნენ ხელს თურქეთის ფინანსურეკონომიკურ ექსპანსიას საქართველოში, რომლის შედეგადაც თურქებმა არამარტო მოიპოვეს გადამწყვეტი გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ მთელ აჭარას დაეპატრონენ».

 ამ პრობლემას გაცილებით ღრმა ფესვები და ისტორიული წინაპირობები აქვს ვიდრე მარტოდენ თურქეთის ინტერესებია, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი რომ თურქეთს აგულიანებდა, ეს ახალი ამბავი როდია. გავიხსენოთ 1855 წლის რუსეთ-თურქეთის ომი სამეგრელოში, როცა ომერ-ფაშამ ზუგდიდი აიღო. მაშინაც თურქეთის ზურგს უკან ინგლისი და საფრანგეთი იდგნენ და ფრანგი და ინგლისელი დიპლომატები ურჩევდნენ მთებში გახიზნულ სამეგრელოს დედოფალს, ეკატერინე ჭავჭავაძეს, მოეწერა ხელი თურქეთის სარდლობასთან კაპიტულაციაზე, რის სანაცვლოდ ავტონომიურ უფლებებს ჰპირდებოდნენ. იმდროინდელი საარქივო მასალები ჯეროვნად მაქვს შესწავლილი, რაც უცვლელად გამოვიყენე ჩემს ისტორიულ რომანში _ «უტუ მიქა». მაშინ უდიდესი შეცდომის დაშვებისგან რუსმა დიპლომატებმა იხსნეს სამეგრელოს დედოფალი, აუხსნეს და საქმის კურსში ჩააყენეს იგი, თუ რა მზაკვრული გეგმა ამოძრავებდათ ევროპელ დიპლომატებს. ახლა სხვა დროა და სხვა ფორმით მიდის დაპყრობითი ომები. შეუძლიათ, არ გესროლონ, გაგიღიმონ, «ფოჩიანი კანფეტები» ჩამოგირიგონ და საკუთარი ნებით ისეთ მარყუჟში გაგაყრევინოთ თავი, საიდანაც ვერ გამოძვრები.

ნატოში გაწევრიანებითა და თურქეთთან დამოყვრებით ვერასდროს  დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ამ რეგიონების საბოლოოდ დაკარგვის შემდეგ საქართველო იქნება კვაზიქვეყანა, ნატოს სამხედრო ბაზა და ნატოს სამხედრო აეროპორტი თურქული კონტინგენტით, რომლის გარშემო შიშის ქვეშ იცხოვრებს ერთმანეთთან ასიმილირებული გაურკვეველი წარმომავლობის ხალხი და ამ ქვეყანას პირობითად ერქმევა «გეორგია». ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი კოშმარისგან.

ახლო წარსულში, ორიოდე საუკუნის წინ, აშკარად იდგა იმის საშიშროება, რომ გარეშე მტრებისა და შინააშლილობისგან სისხლისგან დაცლილი, სულიერად და ფიზიკურად დაქანცულ-დაბეჩავებული საქართველო სამუდამოდ გადაენაწილებინათ სპარსეთსა და ოსმალეთს. მაშინ ეს რომ მომხდარიყო, ვინ ვიქნებოდით ჩვენ დღეს და შემოგვრჩებოდა კი საერთოდ ქართული, ქრისტიანული ცნობიერება ან გვექნებოდა საკუთარი სამშობლო, რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია? რატომ გვავიწყდება, თუ სად გამოიზამთრა ძნელბედობისა და პოლიტიკური უამინდობის დროს ქართულმა სულმა? თუკი გაგვიწყრებოდა ღმერთი და დავრჩებოდით სპარსულთურქულ სივრცეში, მოხდებოდა კი ქართული გენის აღზევება მე-19 საუკუნეში? გვეყოლებოდა ჩვენ დღეს ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები? უნდოდა თუ არა რუსეთის იმპერიას დაღლილ-დაქანცული ქართული სულის აღორძინება, ეს მაინც მის წიაღში მოხდა. საბჭოთა რუსეთის პერიოდში კი ქართულმა კულტურამ არნახულ აყვავებას მიაღწია. ეს მაშინ, როცა თურქეთში «დედა ენის» შეტანისა და იქაურ ქართველებში გავრცელების მცდელობისთვის 1980 წელს დღისით, მზისით ტყვიით განგმირეს ქართველი პატრიოტი აჰმედ მელაშვილი.

მე არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, ყველასთვის ცნობილი ფაქტები მოვიყვანე მაგალითებად და თავს უფლებას მივცემ, ხალხს შევეკითხო: დააფინანსებენ ევროპული ორგანიზაციები დღეს ისეთი ნაწარმოებების გამოცემას, როგორებიცაა «დიდოსტატის მარჯვენა», «დავით აღმაშენებელი», «არსენა მარაბდელი» და სხვ. სჭირდება «ცივილიზებულ» დასავლეთს პატარა ქვეყანაში ეროვნულ თემაზე დაწერილი ნაწარმოებები თუ პირიქით, წაახალისებენ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ ნაცოდვილარს?! ამის მაგალითები უკვე გვაქვს.

ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დგება არჩევანის წინაშე. მსოფლიოში ისეა ყველაფერი აჩქარებული, როგორც შევიწროებულ კალაპოტში წყალუხვი მდინარის დინება. ახლა შეცდომის დაშვება კატასტროფის ტოლფასი იქნება, ვინაიდან, თუ მცდარ გზას დავადგებით, მისი გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ისე გაგვაქროლებს მსოფლიოს აჩქარებული დინება და ისე ჩაგვიტანს უფსკრულში, ჩვენგან აღარაფერი დარჩება.

ჩვენ არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა ნატოს აეროპორტი გახდეს. ჩვენ გვინდა თავისუფალი და ტერიტორიულად გამთლიანებული საქართველო. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი აღდგება ნდობა რუსეთსა და საქართველოს შორის. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

და ბოლოს, შემთხვევითი არ უნდა იყოს საქართველოს ტელეარხებზე თურქული სერიალების მოძალება. გვაჩვენებენ გაკეთილშობილებულ, ჰუმანურ, კაცმოყვარე და დემოკრატიული პრინციპებით მცხოვრები თურქული საზოგადოების ყოველდღიურობას, სადაც სუფევს შემწყნარებლობა, ურთიერთპატივისცემა და ადამიანებს შორის ღირსეული დამოკიდებულება.

დასამალი როდია, რომ ჩვენ, ქართველებს, ისტორიული შიში გვაქვს ოსმალური დაუნდობლობისა და სისასტიკისადმი. აშკარად ჩანს, ეს ტელესერიალები იმ არასასიამოვნო ხსოვნის წასაშლელად არის გამიზნული.

უნდა დავფიქრდეთ, რისთვის გვამზადებენ და რას გვიპირებენ.

გიორგი სიჭინავა

 

1 COMMENT

  1. მომწონს თქვენი ნააზრევი, გამოაქვეყნეთ კიდევ. შესაძლოა სწორედ თქვენი ხმა სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

  2. სირცხვილია, ბატონებო!გმართებთ პატივისცემა წარსულისა, ცოდნა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის,- ისევ რუსეთისკენ გიჭირავთ თვალი?! ევროპისთვის რუსეთი ყოველთვის იყო ყველა აზიურ ტირანიაზე
    უფრო მეტად საშიშ და სახიფათო ქვეყნად, ჟანდარმად, მთელ მსოფლიოში ყველაზე ოდიოზური რეჟიმების მფარველად.ძლივს მოგვეცა შანსი, 21-ე საუკუნეში დავადგეთ ცივილური განვითარების გზას, მოვიპოვოთ დასავლეთის მხარდაჭერა და თანადგომა, ამოვიდეთ 200 წლიანი ჭაობიდან. კი, ძნელია, ჩვენმა ჯერ კიდევ არშემდგარმა ქვეყანამ და გადაგვარებულმა საზოგადოებამ დააკმაყოფილოს საამისო სტანდარტები, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ამისკენ უნდა ვიყოთ მომრთული და არა ბნელი წარსულისკენ!

  3. ჩვენ არ დაგვიკარგავს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი,არამედ რუსეთის აგენტმა,მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა ეს რეგიონები.იქნებ ცოტა გაისარჯოთ და ასეთ ზედაპირული მსჯელობის ნაცვლად,ღრმა,კვალიფიციური ანალიზი გააკეთოთ/!რატომ მიიღოსააკაშვილის პარლამენტმა 2006წ კანონი და აღუდგინა სტატუსი ე.წ.სამხრეთ ოსეთს და მის შემადგენლობაში შეიყვანა ახალგორი,რომელიც არასდროს არ ყოფილა ს.ო.რეგიონში?რატომ დაარქვა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი/?რატომ შექმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული სანაკოევის მეთაურობით,რომლის ბიუჯეტი,დღEსაც მილიონებია?სადმიდის ეს თანხები?ან რატომ ხდებოდა ადამიანის უფლებების გათელვა,ზოგადად სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დამყარება?ამით რუსეთის ინტერესებს რომ ემსახურებოდნენ და დასავლეთს აძულებდნენ პოლიტიკურად გაუნათლებელ ერს,ვითომ ვერ ხვდებიით???ასე,რომ კეთილი ინებეთ და ამ კითხვებზე გაეცით პასუხი!

  4. რუმინელებმა თავიანთი პრეზიდენტი და მისი მეუღლე ძაღლებივით ჩახოცეს კედელთან ყოველგვარი სასამართლოს გარეშე და დღეს რუმინეთი ნატოს წევრიცაა და ევროკავშირისაც, ჩვენ კი ქართველებმა რაღა ვერ მოვაწონეთ ამ ავადმყოფ დასავლეთს თავი რომ პატარა ბავშვივით სულ თითს გვიქნევენ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here