Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: რუსეთის გარეშე აჭარის პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, თურქეთიზაცია მთელი საქართველოს პრობლემაა

ჰამლეტ ჭიპაშვილი: რუსეთის გარეშე აჭარის პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, თურქეთიზაცია მთელი საქართველოს პრობლემაა

1051

პოლიტოლოგები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლება ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, განსაკუთრებით, პოლიტიკური კურსით. «საქართველო და მსოფლიოს» 18-24 სექტემბრის ნომერში პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია «ნაციონალებისა» და «ოცნების» მსგავსებას დეტალურად ხსნის, რასაც სრულიად ეთანხმება პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილირომელმაც ჩვენთან საუბარში თითოეული მინისტრის ხედვა მიმოიხილა. მან ასევე ისაუბრა იმ საშიშროებაზე, რომელიც  თურქეთის მხრიდან მომდინარეობს.

 

_ რუსეთსაქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარების ერთერთი ინიციატორი და მსურველი ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორ განვითარდება მოვლენები და რა კურსით წავა საქართველო?

_ ერთი წლის წინ რაც ივანიშვილმა ბრძანა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასთან დაკავშირებით, ეჭვქეშ დადგა, რადგან პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იგი ამ საქმის გარანტი აღარ იქნება. გადავხედოთ, ვინ არიან ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ადამიანები: პარლამენტის თავმჯდომარე თავიდან ბოლომდე პროამერიკელია. იგი მრავალი წლის განმვალობაში ამერიკიდან ფინანსდებოდა, საუბარია 25 მილიონ დოლარზე, რომელიც მან დახარჯა. საგარეო საქმეთა მინისტრი პროდასავლური ორიენტაციისაა. 16 წლის მანძილზე გერმანიაში ცხოვრობდა. საქართველოს მოსახლეობა პურის რიგში რომ იდგა, მაია ფანჯიკიძე ფუფუნებაში ცხოვრობდა. პროდასავლური ორიენტაციისაა მისი სიძეც _ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ის ამერიკელებმა სააკაშვილის შემცვლელ სარეზერვო ფიგურად გამოზარდეს. კახი კალაძეზეც იმავეს თქმა შეიძლება, ისიც ევროპის თაყვანისმცემელია. ვინ არის საქართველოს მომავალი პრეზიდენტი _ ის ადამიანი, რომელსაც ივანიშვილი რეკლამას უკეთებს? საზოგადოებამ კარგად იცის, მარგველაშვილი ვინც არის: ჟვანიასთან დაახლოებული პიროვნება, «ნაციონალების დიდი მეგობარი» (მეგობარი ვერ იქნები, თუ იდეოლოგიურად თანამოაზრე არ ხარ და სულისკვეთებას არ იზიარებ). მარგველაშვილიც დასავლეთისკენ წარმოუდგენლად ილტვის.

უნივერსიტეტი «ჯიპა», რომლის რექტორიც ის იყო, ასევე უცხოეთიდან ფინანსდებოდა.

ასე რომ, ახალი ხელისუფლება ამ შემადგენლობით რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად ნაბიჯსაც არ გადადგამს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრძანა, რომ არავითარი პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან არ მოხდება, ვიდრე რუსეთს თავისი საელჩოები ექნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს რომ ერთხელ შეცდომით ეთქვა, ადამიანი იფიქრებდა, წამოცდაო, მაგრამ მან ეს რამდენიმეჯერ გაიმეორა, თანაც დაბეჯითებით და კულმინაციურ მომენტებში. ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არ არის, სერიოზული ნაბიჯები გადადგას. ერთადერთი კაცი, რომელსაც შეეძლო რაღაც გაეკეთებინა, ბიძინა ივანიშვილი იყო, მაგრამ მასაც თავდაპირველი რიტორიკა (რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება სურს) ძალიან მალე შეაცვლევინეს და სხვაგვარი საუბარი დააწყებინეს. გახსოვთ, ალბათ, მისი პირველი გამოსვლები, რომ ამბობდა, ომი საქართველომ, სააკაშვილმა დაიწყოო. შემდეგ გადაათქმევინეს და ალაპარაკეს, რომ სააკაშვილი ავანტიურაში ჩაითრიესო. იმავეს იმეორებს პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც ასეთი შეხედულებით მინისტრობას ვერ გასწევს. მინისტრს, რომელსაც არ ჰყოფნის იმის ვაჟკაცობა, რომ სიმართლე თქვას, საქმეს წინ ვერ წასწევს. ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა უმარტივესი საკითხი (დაიწყო თუ არა ომი საქართველომ) ვერ გადაწყვიტა და თავში ვერ ჩაუდო თავისი მთავრობის წევრებს. ისინი მასზე იმაზე მეტ გავლენას ახდენენ, ვიდრე თავად ჰგონია. ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და ეს უცოდინარი გოგობიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა კი არ გაუმჯობედეს, პირიქით, გაუარესდეს. ახალი ხელისუფლების პოლიტიკა წყლის ორი წვეთივით ჰგავს «ნაციონალების» პოლიტიკას.

ვთქვათ, მარგველაშვილმა გაიმარჯვა, ის ამ პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს. ჯერ ერთი, მას ამის არც სურვილი აქვს და არც გამოცდილება. მის გაზრდას, როგორც პოლიტიკოსისას, მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდება.

განვიხილოთ პრემიერის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, როლი. ბიძინა ივანიშვილმა წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობისთვის იმიტომ დანიშნა, მსოფლიოსთვის დაენახებინა, რომ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ რუსეთი მაინც არ მოდის მოლაპარაკებაზეო. წამომადგენელი რომ დანიშნა, საინტერესოა, რით აღჭურვა? რა დავალება მისცა? ღვინისა და მწვანილის რუსეთის ბაზარზე შეტანა საქმე არ არის, ამის მოგვარება ისედაც შეიძლებოდა. საქმე ისაა, რომ ამერიკამ საქართველოს უთხრა, აბაშიძეკარასინის შეხვედრა მწვანილზე ზევით არ უნდა ავიდესო.

_ ბატონო ჰამლეტ, ჩაანაცვლებს თუ არა ამერიკას თურქეთი?

_ ამერიკა აქედან არსადაც არ წავა; ამერიკა, რომელმაც თბილისში უზარმაზარი საელჩო ააშენა, კოლოსალური თანხა დახარჯა, როგორ ფიქრობთ, სადმე წავა? ამერიკა არც ერთი ქვეყნიდან არ მიდის. ამერიკა თურქეთს კი არა ღვიძლ ძმას არ ენდობა. თურქეთი სხვა სალაპარაკო თემაა და ვისაუბროთ, მაგრამ ამერიკაზე ვიტყვი, იმდენი ფული აქვთ დახარჯული, იმდენი ახალგაზრდა ჰყავთ გამოზრდილი, რომ წასვლაზე არც იფიქრებენ. თქვენ როგორ გგონიათ, 20 ათასი ახალგაზრდა იმისთვის გამოზარდეს, რომ აქედან წასულიყვნენ? მათ დიდი ფული ჩადეს «ნაციონალებში». სააკაშვილი რომ ბღავის, პოლიტიკიდან არ წავალო, ეს რაღაცას ნიშნავს. მათ ყრილობას 12 ათასი მხარდამჭერი ესწრებოდა, ისინი არსადაც არ გამქრალან და არ გამორიცხოთ, რომ ისევ დაბრუნდნენ. ამერიკელები «ნაციონალებს» არ მოგვაშორებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა რეგიონი არ დაკარგონ.

თურქეთი დიდი პრობლემაა. ის ამერიკის მარჯენა ხელია, მაგრამ საქართველოში თავის თამაშს თამაშობს. ჩვენი უთავობით მათ შეძლეს მთელი ქართული ბაზრის დაპყრობა. დღეს იაღარით, ამერიკის გარდა, არავინ ომობს, არც თურქეთი. თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება აქტიურად საუბრობს «დიდ ოსმალეთზე», ამას არც მალავს. ეს არ არის სხვათა შორის ნათქვამი, ყურადსაღებია. ისინი ნელ-ნელა შემოვიდნენ და გავლენიან ნაბიჯებსაც დგამენ. საქართველოში მთელი ბიზნესი მათ ხელშია. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აფინანსებენ, მიჰყავთ ხელმოკლე ოჯახების შვილები სასწავლებლად. ამის ხელშემწყობი საქართველოში სააკაშვილის ოჯახია, მისი დედა _ გიული ალასანია მიწების ჩამორიგების საკითხსაც აგვარებს. არავინ იცის, რა გარიგებებია დადებული თურქებთან. შეხედეთ, რა ხდება ტელევიზიებში, ყველა არხზე თურქული სერიალებია, ამას ხალხი ვერ ამჩნევს, მაგრამ თურქეთიზაცია აშკარად სახეზე გვაქვს.

_ ბატონი ალექსანდრე ჭაჭია თავის ინტერვიუში ამბობს: «რუსეთმა რომ გაააქტიუროს თავისი კავკასიური პოლიტიკა და საქართველოს მხარდაჭერა გადაწყვიტოს, აჭარის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს. რუსეთი, ამერიკელების მსგავსად, აჭარაზე თურქეთის უფლებას აღიარებს». ეთანხმებით თუ არა მის ამ მოსაზრებას?

_ სავსებით შესაძლებელია, რომ ბატონი ალექსანდრეს ეს ვარაუდი გამართლდეს. მნიშვნელოვანია ის, თუ რა ურთიერთობები ჩამოყალიბდება რუსეთთან და საერთოდ ჩამოყალიბდება თუ არა. ჩვენ ისე შევტოპეთ, რაიმეს გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება. გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში არის ამერიკელების მიერ გაწვრთნილი 20-ათასკაციანი მე-5 კოლონა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგია. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში ამერიკისა და თურქეთის გავლენა იქნეს. ქმნიან კონფლიქტებს, გახსოვთ, მინარეთთან დაკავშირებით რაც მოხდა. ეს მოწყობილი იყო და ჯერ კიდევ დასრულებული არ არის.

_ დიახ, ბატონი ალექსანდრე მაგასაც ამბობს: «რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება თურქეთის აგრესიის საბაბი გახდებაო». 

_ დიახ, მიზანმიმართულად ხდება, მაგრამ ეს პატარ-პატარა კინკლაობები ამის საბაბს თურქეთს ვერ მისცემს. ჩვენ სხვა საშიშროების წინაშე ვდგავართ. პარლამენტმა მიწების გაყიდვა შეზღუდა, მაგრამ ამერიკის ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ არ შეიძლება, რადგან ინვესტიციები აღარ შემოვაო. ის გვიბიძგებს მიწების გაყიდვისკენ. სააკაშვილმა 1000-მდე ადამიანს თურქეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობამიღებული თურქები წაკუზავენ ქართველებს და, რასაც უნდა, იმას უზამენ; ზუსტად ისე, რასაც თურქეთში უკეთებენ ქართველებს. ასეთ ვითარებაში, რუსეთი მართლაც ვეღარ შეძლებს ჩვენ დახმარებას.

რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეცვლილია, მას არც ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამს საქართველოსკენ, სურვილი არ აქვს. რუსეთში არიან ლიბერალები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთს არც ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა არ სჭიდება, მით უმეტეს, საქართველო. ესეც ამერიკული სკოლის შედეგია. მოსკოვშიც არიან აგენტები, ნამდვილი აგენტები: ნავალნი, შევცოვა, ნოვოდვორსკაია, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ხმალამოღებული მოწინააღმდეგენი. ისინი ერთიანი რუსეთის წინააღმდეგნი არიან, ძირს უთხრიან სახელმწიფოს. რუსეთს სერიოზულად არ უფიქრია არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკაზე, ის უკრაინას თითქმის კარგავს, გამუდმებით დავობს ბელარუსთან, მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსეთი ყველა შემთხვევაში მართალია, თუმცა სიმართლეს ვერც თავის ხალხს ეუბნება და სხვასაც ვერ არწმუნებს.

რუსეთი საქართველოსთანაც მართალი იყო. რუსეთის პრობლემა პიარშია. პუტინს თავდადებული პატრიოტების პრობლემა აქვს. მისი პრობლემაა, რომ ფულს არ ხარჯავს იმაში, რაშიც ამერიკა. რუსეთს საქართველოში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ აქვს. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში საქართველოზე არავინ საუბრობს. სააკაშვილი ტელევიზიით სისულელეებს ლაპარაკობს და რუსეთიდან პასუხს არავინ სცემს.

შესაძლებელია, ისინი თვლიან, რომ მიშა სულელია, მაგრამ ეს სულელი მთელი მსოფლიოს გასაგონად რუსეთს ლანძღავს, პასუხს კი არც ამ შემთხვევაში სცემენ. რუსეთი არ მუშაობს საქართველოზე.

რუსეთშიც შეიძლება მომავალში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც ჩეჩნეთსაც და ინგუშეთსაც დამოუკიდებლობას მისცემს, ასეთი რამ გორბაჩოვმა უკვე გააკეთა. ჩვენ ხელს გვაძლევს ისეთი რუსეთი, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე მტკიცედ და მყარად დადგება. ჩვენ, ორი მართლმადიდებელი ერი, თუ მოვახერხებთ ურთიერთობის დამყარებას, შევძლებთ რაღაცის მიღწევას. რუსეთის გარეშე აჭარის პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, თანაც ეს მარტო აჭარის პრობლემა არ არის, თურქეთიზაცია მთელი საქართველოს პრობლემაა. საქართველო თურქეთის მიერ უკვე ოკუპირებულია. რუსეთს უფლება არ აქვს, ასე იჯდეს და არაფერი გააკეთოს. რატომ არ მიჰყავს რუსეთს ჩვენი ახალგაზრდები და არ აჩვენებს, როგორი განვითარებულია. რა დაუჯდებათ, რომ ახალგაზრდები წაიყვანოს და იქაური მუზეუმები აჩვენოს, აჭამოს, ასვას და დაარწმუნოს, რომ მტარვალი არ არის და დათვსაც არ ჰგავს. რაც ჩამოვთვალე, ამას რუსეთში არსებული ქართული დიასპორა ვერ გააკეთებს, ეს თავად რუსეთმა უნდა გააკეთოს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here