Home რუბრიკები სამართალი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ღარიბაშვილის, კბილაშვილის და ნაცვლიშვილის «პერსონა ნონ გრატად»...

ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ღარიბაშვილის, კბილაშვილის და ნაცვლიშვილის «პერსონა ნონ გრატად» გამოცხადებას სთხოვს

716

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსა და მის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს წამებაში მონაწილე პირების მფარველობაში ადანაშაულებს და საერთაშორისო საზოგადოებას მათ «პერსონა ნონ გრატად» გამოცხადებას სთხოვს. «საქართველო და მსოფლიოს» ზაზა ხატიაშვილი ესაუბრება.

 

_ თხოვნით მივმართავ, ევროკავშირის _ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროკავშირის კომისიის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ქეთრინ ეშტონს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, აშშ-ის კონგრესსა და სენატს, ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ კბილაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი «პერსონა ნონ გრატად» გამოაცხადონ, ვინაიდან მათ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება მოახდინეს და წამებაში მონაწილე პირები დასჯის მაგივრად დააწინაურეს. პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმიტომ არ მოხვდა ამ სიაში, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 18 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე «დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ» და დაადგინა, რომ რევაზ დვალიშვილთან დაკავშირებით დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი და წყალტუბოს რაიონის პოლიციის მუშაკების მხრიდან იგი წამების მსხვერპლი გახდა. პოლიციელებმა _ რევაზ ქობულიამ, მალხაზ მჟავიამ, ბადრი ღაჭავამ, ზვიად აფციაურმა და გამომძიებელმა მერაბ ქორიძემ პოლიციის განყოფილებაში დვალიშვილს სასტიკად სცემეს, წიხლებს ურტყამდნენ, უჭეჭყავდნენ ხელის თითებს, შემდეგ ფეხებით დაკიდეს, დაასხეს იატაკზე «კოკაკოლა» და ენით აალოკინეს. მიუხედავად ამისა, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, პროკურატურამ მოძალადე პოლიციელები გაამართლა და 2006 წელს საქმე შეწყდა. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ რევაზ დვალიშვილთან დაკავშირებით დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი და ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ და არაჰუმანურ მოპყრობას. ამის საფუძველზე დვალიშვილმა 2012 წლის 19 თებერვალს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვა პოლიციის მუშაკების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მიუხედავად იმისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ფაქტი, რომ წყალტუბოს პოლიციაში დვალიშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, კბილაშვილისა და ნაცვლიშვილის უწყება, როგორც ეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ხდებოდა, 7 თვეა, საქმეს უშედეგოდ იძიებს. მეტიც: რევაზ დვალიშვილის მთავარი მწამებლები დააწინაურეს და რევაზ ქობულია წყალტუბოს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს, მალხაზ მჟავია კი _ პოლიციის ერთერთი სამმართველოს უფროსად.

  შსს აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ მართალია, ევროსასამართლომ დაადგინა წამების ფაქტი, მაგრამ იქ არც ერთი პოლიციელის გვარი არ ეწერა და ჩვენ როგორ უნდა დაგვედგინაო. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში გვარები არასდროს არის მითითებული, ის ადგენს წამების ფაქტს და შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს უნდა იცოდნენ. აღნიშნული განცხადების გამო მთელ მსოფლიოში დასაცინი გახდებიან. 

ერთ მაგალითს გეტყვით: ნათია სონღულაშვილი ვანო მერაბიშვილის პროცესზე ერთ-ერთი პროკურორია. როდესაც ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, ის ბრალმდებელი გახლდათ. მურმანიშვილს მაშინ ზაქარია ქუცნაშვილი იცავდა და, როდესაც პროკურორს ჰკითხა, რა მტკიცებულებები გაქვს, რომ იჭერო, უპასუხა, სამ დღეში მექნება მტკიცებულებებიო. წარმოგიდგენიათ? მტკიცებულებებიც არ ჰქონდა. შემდეგში ტარიელ მურმანიშვილი გაათავისუფლეს, როგორც პოლიტპატიმარი, მაგრამ არც პროკურორ სონღულაშვილს და არც ნათია მოგელაძეს, რომელმაც ის დააკავა, პასუხი არ უგია. მოგელაძე დააწინაურეს, სონღულაშვილს  კი კარგი მუშაობისთვის ივანიშვილმა მადლობა გამოუცხადა.

გამოვიდა მამუკა მიქაუტაძე პოლიციის შენობიდან და თავი მოიკლა. შსს-მ დადო დასკვნა, რომ მის მიმართ ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ კადრებში კარგად ჩანდა, როგორ ედო ხელებზე ბორკილები. გაგიგიათ მოწმეს ბორკილები ედოს? ეს არის ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან განზრახ უკანონო დაკავება, რაც დასჯადი ქმედებაა. რატომ არავინ აგო პასუხი? მამუკა მიქაუტაძე სამი დღის მკვდარი იყო, როცა პრემიერმინისტრმა პარლამენტს მიმართა წინადადებით, _ კანონში ცვლილება შევიდეს და მოწმე პოლიციაში დაიკითხოს, მაშინ, როდესაც ძლივს მივაღწიეთ, რომ მოწმე სასამართლოში დაკითხულიყო. როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი, მოწმე პოლიციაში დაკითხო?! როდესაც ქვეყანაში ასეთი ფაქტები ხდება, რაღაზე უნდა ველაპარაკო ამათ?

 _ თქვენ სააკაშვილის «პერსონა ნონ გრატად» გამოცხადების თხოვნითაც მიმართეთ საერთაშორისო საზოგადოებას, თუმცა ამას შედეგია არ მოჰყოლია

_ შედეგი როგორ არ მოჰყვა. 2012 წელს, როცა ამ დოკუმენტის განხილვა დაიწყო, პროკურატურასა თუ პოლიციაში ადვოკატებს უკანონოდ ვეღარ იბარებდნენ. მე სწორედ ადვოკატების დევნის გამო მივმართე საერთაშორისო საზოგადოებას. უცხოეთში მაშინ დაიწყო სააკაშვილზე, როგორც დიქტატორზე, წერა. ჰამერბერგმა მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ადვოკატები ინსტიტუციონალურ დევნას განიცდიანო. ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ კი დაწერა, რომ საქართველოში ადვოკატობა რისკის სფეროს წარმოადგენსო, ანუ შედეგი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ველოდი.

_ პრემიერი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ საკუთარ გამონათქვამებზე პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვა. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეფასდეს? ხომ არ ნიშნავს ეს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას და მედიაზე ზეწოლას?

_ ევროკონვენციის  მეათე მუხლის თანახმად, პრემიერმინისტრს აქვს თმენის ვალდებულება. იგი ვალდებულია, მოითმინოს კრიტიკა. ეს რომ პრემიერმა არ იცის, ძალიან ცუდია. ამას გარდა, ეს ყველაფერი აღიქმება, როგორც ჟურნალისტებზე ზეწოლა. სამარცხვინოა, როდესაც პრემიერმინისტრი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ თურმე მათ ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ. ჟურნალისტს ინფორმაციის გადამოწმება არ ევალება, როცა მას ჰყავს რესპონდენტი. ასევე გამაოგნა იმ ფაქტმა, რომ არც ერთ ჟურნლისტს არ ეყო გამბედაობა, დაეტოვებინა შეხვედრა.

ზოგადად, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ამ შემთხვევაში პრემიერის საქციელი არ არის ხელის შეშლა, ეს არის მისი მხრიდან უვიცობა.

როგორც ჩანს, იციან ასეთ შეხვედრებზე ვინ უნდა მიიწვიონ, ევროსაბჭოს ექსპერტი ვარ ოფიციალურად, რატომ მე არ მიწვევენ? ეგ კი არადა, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, პირდაპირი ეთერი, «ობიექტივის» გარდა, არც ერთ ტელევიზიაში არ მღირსებია.

კანონში შედის რამდენიმე კარგი ცვლილება, მაგრამ ამ ნორმალურ ცვლილებებთან ერთად შეაპარეს, რომ სალიტერატურო ენის დარღვევისთვის ჟურნალისტებს ჯარიმა დაეკისროთ. თუმცა არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად რა შემთხვევაში უნდა დაეკისროს ჯარიმა. ეს კატასტროფაა. ამას გარდა, კანონპროექტის განხილვაში მედიასაშუალებები უნდა მონაწილეობდნენ და პარლამენტში რომ შედის, ამის თაობაზე, მაშინ კი არ უნდა იგებდნენ. ცეკას დროს უშიშროების კომიტეტში იყო ენის ინსპექცია შექმნილი, შევარდნაძე-სააკაშვილმაც არ აღადგინეს ეს ინსპექცია და ივანიშვილს მოუვიდა აზრად ენის ინსპექციის შექმნა და ჟურნალისტების გაკონტროლება.

_ მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს ბევრ ადამიანს ჩამოართვეს ქონება, რომელთა დაბრუნებასაც ახალი ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ბევრი პოლიტპატიმრის რეაბილიტაცია არ მომხდარა, ზოგიერთებს არ აუღიათ კომპენსაცია. ირღვევა თუ არა ამ დროს საერთაშორისო კონვენცია?

_ როდესაც ამ ადამიანებს უკანონოდ წაართვეს საკუთრება, ქონება, ყველა საერთაშორისო ნორმა დაირღვა. არ შეიძლება უკანონოდ საკუთრების ჩამორთმევა პირისთვის. ეს ასევე დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციით. სისხლის სამართლის დანაშაული იყო, როდესაც ივანიშვილის საყვარელი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დროს, მოქალაქეები «კეთილ სიზმრებს» ნახულობდნენ, მიდიოდნენ პროკურატურაში და ხელისუფლებას ქონებას ჩუქნიდნენ. ამით ირღვევა სამართლიანობის პრინციპი. როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ვერ გადაიხდის, რადგან თანხა არ აქვს, მაშინაც ცრუობს. მაგალითად, ბონდო შალიკიანი ამბობს, ასი მილიონი თუ წამართვით, არ მინდა ეგ ასი მილიონი, ის საკუთრება მაინც დამიბრუნეთ, რაც დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშიაო და ამასაც არ უბრუნებენ. დაზარალებულებიდან ბევრი ამაზეც თანახმაა.

_ ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის, რათა დაზარალებულებს ფული და ქონება დაუბრუნდეთ. საქართველოს კანონმდებლობა რა ტიპის დანაშაულისთვის ითვალისწინებს ქონების კონფისკაციას, თუ არის შესაძლებელი, დამნაშავეებს ჩამოერთვათ ქონება, რათა ის კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდეთ?

_ შესაბამისი კანონი უნდა მიიღონ და, რაც სახელმწიფო საკუთრებაშია, ის ქონება მაინც დაუბრუნდეთ მის მფლობელებს. ჩვენ «არსენას პრინციპს», რა თქმა უნდა, ვერ დავნერგავთ, თუმცა მსგავსი პრეცედენტი არსებობს. როდესაც თენგიზ ასანიძის სასარგებლოდ ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას 155 ათასი ევრო დააკისრა, ხელისუფლებამ ეს თანხა ბიუჯეტიდან გადაიხადა. თუმცა ასანიძის უკანონო დამკავებელს, უშიშროების მინისტრის მაშინდელ მოდგილეს, ქონება დაუყადაღეს და სახელმწიფო ბიუჯეტმა ეს თანხა ამოიღო.

_ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბაჩო ახალაიას საკანში ფარული კამერების არსებობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მიუხედავად ციხის ადმინისტრაციის განცხადებისა, რომ მეთვალყურეობა პატიმრის თხოვნით ხორციელდებოდა, დაირღვა თუ არა კანონი?

_ საერთოდ, ადვოკატების, პარლამენტის წევრების საუბრის ჩაწერა, გაეროს 1990 წლის პრინციპის დარღვევაა ადვოკატთა როლის შესახებ. ამ პრინციპით ხელმძღვანელობს მთელი ცივილიზებული სამყარო. ამიტომაც ვამბობ, რომ სააკაშვილის რეჟიმი არსად წასულა, ის ახალმა რეჟიმმა ჩაანაცვლა.

_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს. რამდენად მართებულია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა?

_ ყველაზე მეტად მე ვებრძოდი სასამართლო სისტემას, მაგრამ  ვფიქრობ, რომ სამი წლით გამოსაცდელი ვადით მოსამართლის დანიშვნა არ შეიძლება. არც უვადოდ დანიშვნას ვეთანხმები, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაშია მისაღები ეს _ თუ მოსამართლეს ხალხი აირჩევს, მაშინ მოსამართლე რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წინაშე თავს ვალდებულად არ იგრძნობს და ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here