Home რუბრიკები საზოგადოება თამაზ ვაშაძე: ივანიშვილი ქოსატყუილაა!

თამაზ ვაშაძე: ივანიშვილი ქოსატყუილაა!

1006

ქართველი ხალხი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას ცის გახსნასავით ელოდა. ყველა თვლიდა, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც საქართველოს ჭაობიდან ამოიყვანდა და ფეხზე დააყენებდა.; იხსენებდნენ და აფასებდნენ მის გაკეთებულ საქმეებს და იმედის თვალით შეჰყურებდნენ. ერთი წლის თავზე კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთერთ დანაპირებს ასრულებს _ პოლიტიკიდან მიდის. იმედგაცრუებული მოსახლეობა გაოცებული კითხულობს: ან რისთვის მოვიდა, ან სად მიდის და ვის ხელში გვტოვებს? ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? როგორ იცნობენ მას ყოფილი თანამშრომლები და რა ინტერესები ჰქონდა ხელისუფლებაში მოსვლისას, «საქართველო და მსოფლიოს» თბილისის ყოფილი მერი თამაზ ვაშაძე ესაუბრა.

 

_ ბატონო თამაზ, ბიძინა ივანიშვილის გარშემო მრავალი მოსაზრება არსებობს: ზოგი ამბობს, რომ ის მესიაა, ზოგი ამბობს, რომ ის განაწყენებული ბიზნესმენია, რომელიც რევანშისთვის მოვიდა. თქვენ მას იცნობთ, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი?

_ ბიძინა ივანიშვილის ახლობლობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის საქართველოს ეკონომიკას ვერ ააღორძინებს. მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, რომ ფულის შოვნა ეკონომიკის ცოდნას არ ნიშნავს. ფულის შოვნის უამრავი თაღლითური გზა არსებობს. ბევრი თაღლითი ვიცი, რომელსაც ფული აქვს, მაგრამ ბევრმა მათგანმა ეკონომიკის საკითხები არ იცის. ეს რომ ასე არ იყოს, განა ერთი წელიწადი ცოტა დროა იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკას წინსვლის ნიშანწყალი ეტყობოდეს?!

მქონდა «ბედნიერება», ივანიშვილის ორგანიზაციაში მემუშავა. რაც იქ დამხვდა და ვნახე, იმის გადმოცემა შეუძლებელია. სამი თვე მიმდინარეობდა ჩემთან მოლაპარაკება, რომ იქ დამეწყო მუშაობა, ჭაობიდან ამომეყვანა და ეს გავაკეთე კიდეც. ზუსტად იქ ნანახი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ივანიშვილი ეკონომიკის აზრზე არ არის. ამ სიტყვებს ყველგან და ყველასთან ვიტყვი.

ყველას აინტერესებს, რატომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი? იმიტომ, რომ ის ყოველთვის სხვის განკარგულებას ასრულებდა _ ჯერ შევარდნაძის, მერე სააკაშვილის, მაგრამ მობეზრდა და, როგორც კი მომენტი ნახა, იმ წუთში ოცნება აისრულა. არისტოტელე ამბობს: «ოცნება ფხიზელი კაცის სიზმარიაო»… ის მთელს ფულს წლების განმავლობაში ინტელიგენციისთვის თავის მოსაწონებლად ხარჯავდა, ქველმოქმედებდა… დამისახელეთ მთელ მსოფლიოში ერთი მილიარდერი ან თუნდაც მილიონერი, რომელსაც ფულის ხარჯვას არ აიძულებენ.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რომ ვერ გადაარჩენს, იქიდანაც ჩანს, რომ ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან ის ადამიანები, რომელთაც მიწები დაკარგეს ყოფილ და ახლანდელ პრეზიდენტებს ვგულისხმობ. არ არის ბიძინა ივანიშვილი ის კაცი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დარდსა და წუხილს გაიზიარებს. ვითომ რამე გააკეთა და ახლა იძახის, რომ მივდივარ, ჩირგვში დავჯდები და კონსულტაციებს იქიდან გაგიწევთო. გეკითხებით ჟურნალისტებს, მსოფლიოში ასეთი პრეცენდენტი არსებობს? არსებობს ისეთი რამ, რომ პრეზიდენტი ან პრემიერი ოფიციალურ შეხვედრებს საკუთარ სახლში მართავდეს? საქართველოში კანცელარია არ არსებობს, სამუშაო ოთახები არ გვაქვს? ან ვინმეს თუ უნახავს, რომ ამერიკის ელჩი ჯერ ოპოზიციის, ხოლო შემდეგ მთავრობის მეთაურს შინ სტუმრობდეს? ძალიან შემაშფოთებელი და საეჭვო ვითარებაა.

ვმუშაობდი ივანიშვილთან და კარგად ვიცი, რას, როგორ უძღვებოდა. მე მისი პირადი პატიმარიც ვიყავი და ჩემი გულისთვის 20 პატიოსანი ადამიანი გაწირა.

_ რისთვის დაგიჭირეს?

_ ობიექტი გაძვირდა 220 ათასი ლარით და ეს სადავო გახდა, ამას მედავებოდნენ. ისინი ამბობდნენ 220 ათასს და ვერ მიმტკიცებდნენ, რატომ ასახელებდნენ აღნიშნულ თანხას, მათ არ ჰქონდათ შესაბამისი საბუთები. ჩემი მასთან მუშაობის პერიოდში მან მილიონები იშოვა, ასე ვთქვათ, ვაჩუქე. არნახული სასამართლო პროცესი მქონდა. ივანიშვილი დღეს ადეიშვილს იმიტომ ნატრობს, რომ იმ პერიოდის პროკურატურას სწორედ ჩვენი პრემიერი განაგებდა. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, კარგია, რომ დამიჭირეს, რადგან მაშინ ბევრი რამ ვნახე. ბევრი პატიმრის ცოდვა გამომძიებლების კისერზეა. პროკურატურასა და სასამართლოში რომ უცოდინარები ისხდნენ, ისეთი არსად მინახავს.

ნორმალური ხელისუფლების პირობებში შეიძლება სააკაშვილი გარეთ დადიოდეს? ქართველების დიდ ნაწილს ნანახი არ ექნება, რა ტერიტორიები დავკარგეთ. შეუძლებელია, ივანიშვილმა საქართველო წამოწიოს. ნახეთ, ვინ დგანან მის გვერდით.

მან წამოაბიბინა საქართველოს დამღუპველი ადამიანები. მისი მრჩეველია ირაკლი მელაშვილი, ადამიანი, რომელსაც საქართველოს საკეთილდღეოდ ერთი დღეც არ უცხოვრია. ის მთელი ცხოვრება საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდა.

არ ვიცი, რა სურვილები აქვს ივანიშვილს. ბიბლიაში ნათქვამია: «საქმემან შენმან გამოგაჩინოსო…», მაგრამ შვიდმილიარდიან ბიზნესს კეთილი საქმეებით არავინ გაწარმოებინებს. შეხედეთ მის მინისტრებს. ვთქვათ, განათლების მინისტრი. პატარა გოგო, რომელსაც დედამიწის ზურგზე არაფერი გაუკეთებია, არ უცხოვრია, ამბობენ, რომ კარგი ფინანსური მენეჯერია. თუ ფინანსური მენეჯერია, მაშინ სხვა თანამდებობა შეურჩიონ. განათლების მინისტრმა ურთიერთობა უნდა იქონიოს აკადემიკოსებთან, პროფესორებთან. რაკი ასეთ თანამდებობაზე შესაფერის კადრს არ ნიშნავ, ე. ი. შენ არ გინდა ამ სფეროს წინსვლა. ვინ არის რეინტეგრაციის მინისტრი? მოგისმენიათ ტერიტორიების დაბრუნების მისეული გეგმა? თურმე ჩვენ ისეთი ცხოვრება უნდა შევქმნათ, რომ აფხაზებმა და ოსებმა ჩვენთან ცხოვრება მოისურვონ. დარბიან და მთელ მსოფლიოში გაყვირიან, არაღიარების პოლიტიკას მივხედოთო, იმდენს ვერ ხვდებიან, რომ თავად რუსეთს არ აძლევს ხელს აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება. მინდა ვკითხო: _ ვის აბურთავებენ? ვის ასულელებენ ეს მართლა სულელები? დამიჯერეთ, ეს ადამიანები შეურაცხადები არიან!

ივანიშვილმა და მისმა გუნდმა იმას მიაღწიეს, რომ დღეს სააკაშვილი გამოდის და «ნაციონალების» აღორძინებაზე საუბრობს. ლანდსბერგისი გამოვიდა და თქვა: «ქართველი ხალხი ხმებს ყიდისო», მერე გამოვიდა თინა ხიდაშელი და ლანდსბერგისის ლანძღვა დაიწყო, კაცის, რომელმაც მთელი უზენაესი საბჭო გადაარჩინა და მალულად გზა ევროპისკენ გაუხსნა. ვინ არის თინა ხიდაშელი, ამას რომ ბედავს? არადა, ის ადამიანი მართალი იყო, ჩვენ ბრბოდ ვიქეცით, მართლაც ვყიდით ხმებს და ასეთი უამრავი ფაქტის დასახელებაც შემიძლია.

ერთი წელი გავიდა და საწარმოების გახსნაზე ისევ ამაოდ საუბრობენ. რაჭაში რომ მიწისძვრა მოხდა და იქაურობა დაინგრა, ზუსტად ორ კვირაში ყველა საწარმო აღდგენილი იყო და მუშაობდა. რა უშლის ხელს საწარმოების გახსნას? არ არის ნება და არ არიან სპეციალისტები. ჩვენ წინა მთავრობას ვუჩიოდით, რომ მინისტრებმა შრომის წიგნაკები მინისტრის თანამდებობით გახსნესო, ასეთივე სიტუაციაა დღესაც.

პრეზიდენტობის კანდიდატები მინდა ვახსენო. მარგველაშვილი ჯამების რახუნით შეაშინა ბენდუქიძემ და უკან დაახევინა, წიგნები უფასოდ დაარიგა და ამას ისეთი ინსტრუქცია მოაყოლა, რომ ბავშვები შიშით წიგნს ხელს ვეღარ ჰკიდებენ; მთათუშეთში ხალხთან შეხვედრისას განაცხადა, ჩემი საარჩევნო კამპანია სილაღეზეა დამოკიდებულიო. რას ნიშნავს სილაღე? ლაღია? ბედნიერია? მარგველაშვილი ივანიშვილის კიდევ ერთი ფარსია.

დავით ბაქრაძე ქართველ ხალხს ჩანგლით ბრძოლისკენ მოუწოდებდა. ყველა ბინძური კანონის მიმღები ეგ არ არის?

ვინ არის გიორგი თარგამაძე? ნუთუ დაავიწყდა ხალხს მისი და გრიგოლიას ტყუილები? წყალი, გაზი და შუქი უფასოდ გექნებათო? მტკვრიდან უნდა დაგველია წყალი? წყალი სახლში სანამ მოვა, ნეტავ, იცის, რა გზები უნდა გაიაროს?

საქართველოში აუცილებელია, იყოს კანონი, რომელიც ფულის წარმომავლობის საკითხს შეისწავლის. ასეთი კანონი ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ხელს არ აძლევს ქურდებს. მე იმ ქურდებს არ ვგულისხმობ, კანონიერებს რომ ეძახიან. ამ ქვეყანაში უღირსი საქციელი ღირსებად იქცა.

_ პრემიერი თავადაც ამბობს და ხალხიც ასე აფასებს, რომ ის გულწრფელია.

_ ის, რომ გულწრფელი იყოს, პრემიერობას არაფრით დათანხმდებოდა. ქვეყნის მართვის ნიჭს ადამიანს ღმერთი აძლევს. საქართველოში ასი ათასი პრობლემაა, მან ამის მართვა ვერ შეძლო და გაქცევა არჩია. გინახავთ სადმე, პრემიერად არჩეული ადამიანი თანამდებობიდან ასე წავიდეს? შეიძლება ანგელა მერკელმა თქვას, რომ მე მივდივარ და კულისებიდან გიხელმძღვანელებთო? გვეუბნება, ინვესტორები მოვლენ და ფულს ჩადებენო. რომელი ინვესტორი მოვა და ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, რომელშიც პრემიერი ყოვედღე იძახის მივდივარო. ივანიშვილი უკან გადადგმული ნაბიჯია. ის იმისთვის მოვიდა, რომ პოზიციები გაიმყაროს.

_ ვიდრე ამხელა ფულს იშოვიდა, სად მუშაობდა ბიძინა ივანიშვილი?

_ რა კარგი შეკითხვა დასვით. საქმე ისაა, რომ მას არასდროს არსად უმუშავია. მის გარშემო რომ ამხელა ინტერესია, დაწეროს, სად მუშაობდა. 1985 წლიდან 1995 წლამდე რუსეთში უდიდესი ფული ტრიალებდა, განუკითხაობა იყო. ჩემთვის სულ ერთია, ფული ვის მოპარეს _ რუსს თუ აფრიკელს, უბრალოდ, მიუღებელია. ორი მაგდენი ფული ჰქონდა ხოდორკოვსკის, მაგრამ დღეს ზონაში ფაჩუჩებს აკერინებენ. ივანიშვილი ის ადამიანი არ არის, რომლისგანაც პროგრესი იქნება მოსალოდნელი. შეხედეთ მის თითის ქნევას, უდიდეს დიქტატორებსაც კი არ უკადრებიათ ჟურნალისტებისთვის თითის ქნევა. მისი საქციელი სირცხვილია. მან ქართული ენაც კი არ იცის.

_ ინგლისური იცის!

_ კი, შექსპირი აქვს ნათარგმნი.

_ კარგით, ივანიშვილი ასეთია, მაგრამ იქნებ მისმა გარემოცვამ შეძლოს ქვეყნის ფეხზე დაყენება?

_ რა გარემოცვა? ვინ რა უნდა გააკეთოს? რესპუბლიკელების რეიტინგი ერთ პროცენტზე მეტი არასოდეს ყოფილა, ე. ი. ხალხს არ უყვარს. ჟორჟოლიანი? რომელიც ზუგდიდში ხალხს ხოცავდა, ყოვლადწყალწაღებული კაცი; გაჩეჩილაძე _ ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ჩაუშესკუს ეძახდა; ნუკრი ქანთარია მხედრიონელი იყო. რომელი ერთი შეიძლება ჩამოთვალო. დღეს ივანიშვილმა «მხედრიონი» ააღორძინა, თან ისე, რომ ყველაფერი იცოდა. მას ერთი ეროვნული ადამიანი არ უდგას გვერდით, ეროვნული მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც. ერთ წელიწადში ისე გასუქდნენ, რომ მაგათი ყურება აღარ შეიძლება, ქუთაისში კარგი კერძების კეთება იციან.

აფხაზეთიდან დევნილი ხალხი ცემეს და ქუჩაში გამოყარეს. ამ ადამიანების დაბინავება ზუსტად ერთ კვირაშია შესაძლებელი. დედასამშობლომ ისინი ვერ დაიცვა. კიბის ქვეშ ბავშვებს აჩენენ, რომ საქართველოს მომავალი არ დაიკარგოს და ესენი მათრახს ურტყამენ, დასცინიან. საქართველოს დემოგრაფიული წინსვლა ყოველთვის სამეგრელოსა და აჭარის ხარჯზე მიმდინარეობდა. ივანიშვილმა საქართველოს კუთხეები არ იცის. დარწმუნებული ვარ, მას ბზიფის ხეობა ნანახი არ აქვს, არ უნახავს, გულზე როგორ გახტებიან შვლები და ირმები. მან არ იცის, რა დავკარგეთ, თორემ ეს რომ იცოდეს, ამის დამკარგავი კაცი ტახტზე წამოწოლილი ვერ იქნებოდა.

ბიძინა ივანიშვილის აღსაზრდელი ვინ არის?! თურმე საზოგადოებრივ სექტორში გადადის და იქიდან უნდა გამოგვზარდოს. ივანიშვილით დაწყებული მთელი მთავრობა, ძველი თუ ახალი, ყველანი ქოსატყუილები არიან. სოფლის მეურნეობაში ფული ჩადეს, რამე ნახეთ? დამიჯერეთ რა, ივანიშვილმა მართვა არ იცის, არც შეიძლება რომ იცოდეს, რადგან არსად უმუშავია.

პრემიერი ხალხთან შეხვედრებს ერიდება, მათი მოსმენა არ იცის. ერთხელ შაშიაშვილმა თქვა: «ბიძინასთან შეხვედრა მინდოდა და ასე შემომითვალა, შევარდნაძემ მითხრას და მიგიღებო». გარემოცვას აბრალებენ. ასე ხდება-ხოლმე ყოველთვის, როცა ცუდი მმართველია. ის თავის ხალხს გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ აძლევს. ივანიშვილის გარეშე ტუალეტში ვერ დადიან. წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავცვივდებით? ის წავა და ესენი კი მის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ბატონო თამაზ!რაღაც ნაწილში,შეიძლება დაგეთანხმოთ,მაგრამ ივანიშვილზე ,გაბრაზებული თანამშრომლის პოზიციიდან ,ხომ არ ლაპარაკობთ???რაში სჭირდებოდა ,ბატ.ბიძინას პოლიტიკაში მოსვლა?იქნებ,სულიერ კრიძისში მყოფ საზოგადოებას ვერ გაუძლო?!და საერთოდ,რაღაც შეკვეთილი სტატიის სუნია?!

  2. ბატონო თამაზ გეთანხმებით ყველაფერში. რომელი ინვესტორი მოვა ჩვენთან, როცა ამოდენა ფულის პატრონი პრემიერობიდან გარბის? ხომ აშენდა უკვე ქარხნები და ფაბრიკები, ხომ წალეკა სამუშაო ადგილებმა ყველაფერი. სირცხვილია ეს ყველაფერი. კუკურიმ რა დაინახა გაკეთებული.

  3. ბოღმით სავსე ადამიანის ნაბოდვარია რასაც ეს კაცი ლაზღანდარობს.ალბათ დასაჭერი იყავი და დღესაც იქ უნდა იჯდე.ბიძინას ვერაფერს დააკლებ მაგრამ შენ კი შენსავე ბოღმაში ჩაიხრჩობი.ერთი თეთრი მაინც გაქვს გაღებული გაჭირვებულისთვის? მოსთქვამ რაღაც სისულელეს,კორუმპირებულო ყველამ კარგად იცის ვინხარ.შეეშვი არაადამიანურ საქციელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here