Home რუბრიკები საზოგადოება ლევან დოლიძე: საქართველოს პატრიოტი პრეზიდენტი სჭირდება

ლევან დოლიძე: საქართველოს პატრიოტი პრეზიდენტი სჭირდება

1075

ბელარუსზე და ბელარუსებზე მე მხოლოდ კარგი მსმენია. შრომისმოყვარე, მშვიდი, თავმდაბალი ბელარუსები საჭირო დროს ბრწყინვალე მეომრებიც ხდებოდნენ. სულ ახლახან ბელარუსიდან დაბრუნდა ჩემი კოლეგა, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ქართველი გენერალიტეტის მემატიანე, მეორე მსოფლიო ომის მკვლევარი, ისტორიკოსი, მრავალი პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენოსანი ლევან დოლიძე. იგი სამი თვე იმყოფებოდა ბელარუსში და აღტაცებას ვერ მალავს იქ ნახულით. მკითხველს ვთავაზობ მისი საუბრის ჩანაწერს.

 

_ ბელარუსში რამდენიმე თვით ყოფნამ მომცა საშუალება, დეტალურად გავცნობოდი ამ სახელმწიფოს ცხოვრებას და ტრადიციებს. შემიძლია თამამად ვთქვა, ქართველებისადმი ისეთი კეთილგანწყობა, როგორიც ბელარუსშია, არსად მინახავს!

ბელარუსს, საბედნიეროდ, არ შეხებია პოსტსაბჭოური გაჩანაგება. ქვეყანა გაგაოგნებს წესრიგით, სისუფთავით, მაღალხარისხიანი საკვები პროდუქტებით, მწვანე ნარგავების ზღვით, ბრწყინვალე გზებით; ასევე, მოქალაქეთა მძლავრი სოციალური დაცვით, უმაღლესი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით და, რაც მთავარია, ბელარუსების ბედნიერი ღიმილით! საქართველოს ფონზე ეს კონტრასტი განსაცვიფრებელია!.. ბოლო ოცი წლის მოვლენები პირდაპირ ან ირიბად შეეხო ჩვენი, ოდესღაც აყვავებული რესპუბლიკის მოსახლეობას, იმ რესპუბლიკის, რომელშიც ჩამოსვლაზე ოცნებობდნენ საბჭოთა ადამიანები მაშინდელი თვალუწვდენელი ქვეყნის ყველა კუთხიდან! მოკლე დროში რუსთაველის სამშობლო იქცა პოლიტიკური ინტრიგების, განხეთქილების, სამოქალაქო ომისა და მტრული ძალების საბრძოლო მოქმედებების პოლიგონად. შედეგად _ ათასობით მოკლული, დაჭრილები და დასახიჩრებულები, დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული ეკონომიკა, ასიათასობით დევნილი და ჩვენი მოქალაქეების პირქუში სახეები…

გაჭირვებამ, დაბეჩავებამ, სახელმწიფოებრივმა, ასე ვთქვათ, ობლობამ აიძულა თითქმის ორი მილიონი ჩვენი თანამემამულე, დაეტოვებინათ სამშობლო, რათა იქ, ძირითადად დასავლეთში, მოჯამაგირის მწარე ბედი ეწვნიათ.

აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა ბელარუსის რესპუბლიკაში, რომელმაც ამ წლების განმავლობაში შეიხიზნა ათი ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე. დღეს ისინი, ძირითადად, დაკავებულნი არიან მშენებლობებზე, რადგან აქ იგრძნობა მუშახელის ნაკლებობა. საკმაოდ ბევრი ქართველი მუშაობს მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში, თუმცა ქართველები არიან, როგორც ბიზნესმენთა, ისე მსხვილ საწარმოთა ხელმძღვანელებს შორისაც.

ჩვენი თანამემამულეების ცხოვრების უკეთ შესწავლისთვის მე შევხვდი ჩემს ძველ ნაცნობს _ როლანდ ქავთარაძეს. ჯერ კიდევ 2006 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ქართულმა დიასპორამ გაერთიანება გადაწყვიტა, «საზღვარგარეთელი» ქართველების 79-მა წარმომადგენელმა მოიფიქრეს, შეექმნათ საზოგადოებრივი გაერთიანება _ ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება «მამული». მაშინვე მის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი, 54 წლის როლანდ ქავთარაძე. არჩევანი შემთხვევითი როდი იყო. ბატონი როლანდი წარმოშობით დუშეთიდანაა, სადაც დღემდე ცხოვრობენ მისი ნათესავები და ახლობლები. ბელარუსში იგი, უკვე ოც წელზე მეტია, ცხოვრობს და კარგად იცის ადგილობრივი ყოფა და ტრადიციები. ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ბატონი როლანდი კიდევ ერთი დიპლომის მფლობელი გახდა _ მინსკის ფიზკულტურისა და სპორტის აკადემიისა. როლანდ ქავთარაძეს მშვენივრად იცნობს ბელარუსის სპორტული საზოგადოება, იგი ხომ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატია ძიუდოში; არაერთგზის გახდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, იყო საერთაშორისო შეჯიბრებების მრავალგზის პრიზიორი. სხვათა შორის, სულ ახლახან სამბოში მსოფლიო ჩემპიონის მომზადებისთვის როლანდ ქავთარაძე დააჯილდოვეს ბელარუსის საპატიო სიგელით. ეს ჯილდო მას, როგორც ბელარუსის ნაკრების მწვრთნელს, გადასცა რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვასილ ბაჟელოვმა, ასევე, სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა ალექსანდრე გრიგორიევმა; მაგრამ მისი მთავარი მიღწევა ისაა, რომ არის ბრწყინვალე მეოჯახე, ოთხი შვილის მამა; თვალის ჩინივით უფრთხილდება ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ყოველ წელს ოჯახთან ერთად ჩამოდის დუშეთში ახლობლებთან და ამავე დროს თავის ოჯახის წევრებს აზიარებს ქართულ ტრადიციებს!

ქართული დიასპორის მმართველობაში ბევრი კეთილი სიტყვა მსმენია აფხაზეთიდან დევნილზე _ გულიკო ჯგერენაიაზე, რომელიც 14 წელი ასწავლიდა ქართულ ენას მინსკის საკვირაო სკოლაში. ახლახან გულიკო საქართველოში დაბრუნდა (ნეტავ, ყველანი რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ სამშობლოში!!!). აფხაზეთიდან ლტოლვილის მეუღლემ, მაია თაბაგარმა, თითქმის ოცი წლის წინ საფუძველი ჩაუყარა ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ «სამშობლოს», შემდეგ კი შექმნა ეროვნული ვოკალური კოლექტივიც.

აი, უკვე რამდენიმე წელია, ხელმძღვანელობს ქართული ეროვნული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს წყალტუბოელი სულიკო იოსელიანი. მეუღლესთან _ სვეტლანასთან ერთად, ბატონი სულიკო ბელარუსში წარმატებით უწევს პროპაგანდას ქართულ ხელოვნებას. სულიკო იოსელიანის კეთილ საქმეებზე, ისევე, როგორც მთლიანად ქართულ დიასპორაზე, გატაცებით მიყვებოდა «ბელარუსის ეროვნული კულტურების ცენტრის» დირექტორი მიხეილ რიბაკოვი: _ «არ ყოფილა ერთი შემთხვევაც, რომ როლანდ ქავთარაძე და სულიკო იოსელიანი არ გამოხმაურებოდნენ ჩვენს წინადადებას ან თხოვნას, ჩაეტარებინათ საქველმოქმედო კონცერტები ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით არა მხოლოდ მინსკში, არამედ მთელს რესპუბლიკაში. ქართველების კონცერტები ყოველთვის დიდ აუდიტორიას იზიდავს: იქნება ეს საბავშვო სახლები, მოხუცებულთა თავშესაფარი, სასწავლო დაწესებულებები თუ სამხედრო ნაწილები».

ამიტომ არაა გასაკვირი, რომ სულიკო იოსელიანის კაბინეტის კედლებს ამშვენებს ათობით დიპლომი და სიგელი, მიღებული ბელარუსის სხვადასხვა ორგანიზაციებისგან და უწყებებისგან!

სიმართლე გითხრათ, ბელარუს უპატრონო ბავშვებს და მოხუცებს დახმარება არ სჭირდებათ, რადგან მათზე გულდასმით ზრუნავს სახელმწიფო და ისინი ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან; მაგრამ ზედმეტი საჩუქარი საქმეს ნამდვილად არ გააფუჭებს! (იღიმება).

ბელარუსში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ეხმარებიან თანამემამულეებს. ისეთი საქმიანი ადამიანების წყალობით, როგორებიც არიან ლაგოდეხელი თამაზ მჭედლიძე, სიღნაღელი მალხაზ ნასყიდაშვილი, დევნილები აფხაზეთიდან _ ნათელა ზაქარაია და ეთერ სიჭინავა, მალხაზ ხმალაძე და სხვები, შესაძლებელი გახდა დახმარების გაწევა აქ მცხოვრები ათობით გაჭირვებული ქართველისთვის და იმათთვისაც, ვინც რუსეთიდან (ძირითადად მოსკოვიდან) გზად ბელარუსში აღმოჩნდება უკაპიკოდ.

ბელარუსში კარგად იცნობენ საზოგადოებრივი ეროვნული ტელევიზიის პოლიტიკურ მიმომხილველს, პროგრამა «პლანეტის სუნთქვის» ხელმძღვანელს, ბათუმელ თენგიზ დუმბაძეს. იგი აქ აღმოჩნდა 2005 წელს აჭარაში დატრიალებული მოვლენების გამო, როდესაც სოროსის მოჯამაგირე სამმა «რევოლუციონერმა» _ სააკაშვილმა, ბურჯანაძემ და ჟვანიამ აჭარაში დაამხეს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლება. თენგიზ დუმბაძემ საერთო აღიარება მოიპოვა, გახდა ბელარუსის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების საუკეთესო წამყვანი და პრემია გრან-პრი «ტელემწვერვალის» მფლობელი.

ამ ზაფხულს ბატონი თენგიზის მეცადინეობით აჭარის სანაპიროზე 25 ბელარუსი ობოლი ბავშვისთვის ორგანიზებულ იქნა 12-დღიანი დასვენება. ეს საქველმოქმედო აქცია პირველად ჩატარდა და მას პირველი გამოეხმაურა ბელარუსში საქართველოს პირველი ელჩი, ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკანიანი. აღსანიშნავია, რომ ბატონი დავითის კეთილი საქმეები დღემდე ახსოვთ «ლურჯთვალაში» (ასე ეძახიან ბელარუსები თავის სამშობლოს). ამ საქველმოქმედო აქციის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ძირძველმა ბათუმელმა, გენერალ-მაიორმა ალი ბაკურიძემ. ამ ამბავს ფართო გამოხმაურება მოჰყვა ბელარუსში. აქ ხომ დიდი ხანია, გამოიკვეთა მთავარი ლოზუნგი _ «ბელარუსი _ სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო», ანუ  «ბელარუსი _ სახელმწიფო ხალხისთვის». და ასეთი აქციები აქ ძალზე ფასობს.

ქართული დიასპორის საქმეებზე მომიწია შეხვედრა მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარესთან _ ნიკოლაი ლადუტკოსთან. მან აღნიშნა, რომ მინსკში არის ქუჩა, რომელიც ატარებს საბჭოთა კავშირის გმირის სერგო ჭიღლაძის სახელს. იგი დაიღუპა 1944 წლის თებერვალში გომელის ოლქში. გმირის სახელი მიენიჭა სვეტლოგორსკის რაიონის სოფელ დუბრავას საშუალო სკოლას. საუბრისას ნიკოლაი ლადუტკომ ბევრი ქართველი ჩამომითვალა, მაგრამ განსაკუთრებით აღნიშნა მიხეილ ფანჯავიძე, რომელიც, უკვე მეხუთე წელია,  ბელარუსის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში საოპერო სპექტაკლების მთავარი რეჟისორია. აღმოჩნდა, რომ ბატონი მიხეილი მოღვაწეობდა მოსკოვის დიდ თეატრშიც. ქართველმა რეჟისორმა მინსკში დადგა თავისი პირველი სპექტაკლი _ ჯუზეპე ვერდის ოპერა «ნაბუქო», რომელსაც მოჰყვა «აიდა», «ტოსკა», «პრინცესა ტურანდოტი» და «ჭაღარა ლეგენდა». მიხეილ ფანჯავიძის ყველა სპექტაკლმა დაიმსახურა უმაღლესი შეფასება! ოპერის ხელოვნების ავტორიტეტულმა მცოდნეებმა განაცხადეს, რომ მინსკში ასეთი ნიჭიერი რეჟისორი ჯერ არ ყოფილა!

«მუსიკის რაინდი», «მუსიკის მეფე»! _ რა სიტყვებით არ ამკობენ ბელარუსში ჩვენს სახელოვან თანამემამულეს ანდრია იურის ძე მდივანს! გაოცებს მისი ტიტულები, ჯილდოები და წოდებები: ბელარუსის სახელმწიფო მუსიკალური აკადემიის კომპოზიციის კათედრის პროფესორი, ბელარუსის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ბელარუსის სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი (1982, 1996 წ.წ.) ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში «მუსიკალური ხელოვნება» და მრავალი სხვა. ანდრია მდივანი დაიბადა თბილისში 1937 წლის 1 ოქტომბერს. ბელორუსიის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრებისთანავე (1969 წ.) სწავლა გააგრძელა იქვე _ ასპირანტურაში. წლების განმავლობაში ბატონი ანდრია ხვეწდა თავის ოსტატობას რუსეთის მრავალ ქალაქში. 55 წლის განმავლობაში მან შექმნა 250(!) მუსიკალური ნაწარმოები!

საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა შეხვედრა ბელარუსის ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანების რესპუბლიკურ საბჭოში, სადაც გულთბილად მიგვიღო მისმა თავმჯდომარემ, გენერალ-ლეიტენანტმა ანატოლი ნოვიკოვმა. აღსანიშავია, რომ იგი ასევე გახლავთ ბელარუსის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სოციალური განვითარების მუდმივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

ვეტერანთა გაერთიანებაში კარგად ახსოვთ თავისი ქართველი კოლეგების სტუმრობა 2011 წელს. ურთიერთობაში უბრალო და გულითადი მასპინძელი სიამაყით გვეუბნება, რომ თავის დროზე მსახურობდა თბილისში, სადაც მიიღო გენერლის მეორე «წოდება», ხოლო მისი ქალიშვილი დაიბადა თბილისში და ამით ამაყობს.

ხაზგასასმელია, რომ ომის თემა, განსაკუთრებით კი დიდი სამამულო ომისაფაქიზია თითოეული ბელარუსისთვის. აქ მოწიწებით ეპყრობიან დაღუპული მეომრების საფლავს.

ანატოლი ნოვიკოვის მეშვეობით მე გავიცანი ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბოეჩკო, რომელიც, ჩემდა სასიხარულოდ, ასევე, «თბილისელი» აღმოჩნდა! ალექსანდრე დიმიტრის ძემ 1986 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი _ ჩვენი საქვეყნოდ ცნობილი «ტაუ». ალექსანდრე ბოეჩკო თბილად იხსენებს იმ წლებს, როდესაც საქართველოში ცხოვრობდა. პოლკოვნიკმა ბოეჩკომ მითხრა, რომ ბელარუსული საზღვრის საერთო სიგრძე 3617 კილომეტრია და ყოველ წამს სახელმწიფო საზღვარს კვეთს ერთი ადამიანი. განსაკუთრებულად დამაინტერესა მისმა ნაამბობმა ჩვენს თანამემამულეზე, ბელარუსის ყველაზე ცნობილ მესაზღვრეზე _ ვარლამ კუბლაშვილზე, რომლის 90 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნეს ალექსანდრე ბოეჩკოს უწყებაში.

ვარლამ კუბლაშვილი წარმოშობით იყო ტყიბულის რაიონის სოფელ ახალდაბიდან. 19 წლის ჭაბუკი გაიწვიეს სასაზღვრო ჯარებში შორეულ აღმოსავლეთში, ხოლო 1944 წელს გადმოიყვანეს დასავლეთის საზღვარზე _ ბელარუსის ოლქის შინსახკომის 84-ე სასაზღვრო რაზმში. თავისი წუნდაუდებელი მსახურებით ვარლამ მიხეილის ძე სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. იგი გახლდათ  ერთადერთი სასაზღვრო ჯარებში, რომელიც დაჯილდოვდა ოქტომბრის რევოლუციის ორდენით. ასევე, მის მკერდს ამშვენებდა წითელი ვარსკვლავის ორი ორდენი, სამამულო ომის ორდენი და სხვა მრავალი ჯილდო. საქართველოს სახელოვანი შვილი, რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა, განსაკუთრებული პატივისცემით დაკრძალეს ქალაქ ბრესტის საგარნიზონო სასაფლაოზე. ბატონი ვარლამი ბრესტის საპატიო მოქალაქე იყო 1985 წლიდან. ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის _ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანებით, სასაზღვრო რაზმ «ბუგს» მიენიჭა ვარლამ კუბლაშვილის სახელი, ხოლო მის სახლზე, მაშეროვის პროსპექტის #26-ში, მიმაგრებულია მემორიალური დაფა.

ისე დაემთხვა, რომ ამ ზაფხულს ბელარუსში კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულის 90 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს. ესაა გამოჩენილი ბელარუსი არქიტექტორი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ჭანტურია. ბატონი ვლადიმერი იყო ქალაქების გროდნოსა და ვიტებსკის ისტორიული ცენტრების დეტალური დაგეგმვის ავტორი და თანაავტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გაიზომა ბელარუსული ხუროთმოძღვრების ძეგლები. საქართველოს სახელოვანი შვილი _ ვლადიმერ ჭანტურია გარდაიცვალა 1988 წელს. მის სახელს ატარებს გროდნოს და ვიტებსკის ქუჩები; ხოლო მისი, როგორც გამოჩენილი არქიტექტორის, არქიტექტურის ისტორიკოსის, არქიტექტურის დოქტორის, პროფესორის, პედაგოგის, ბელარუსის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, შრომები დღემდე მოთხოვნადია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბელარუსები მადლიერი ხალხია და მათ არ ავიწყდებათ კეთილი საქმეები. ამაზე მეტყველებს თუნდაც იმ გმირი ქართველების ხსოვნის უკვდავყოფა, რომლებიც იბრძოდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე. მე უკვე ვახსენე საბჭოთა კავშირის გმირი სერგო ჭიღლაძე, რომლის სახელს ატარებს მინსკისა და სვეტლოგორსკის ქუჩები. ჩვენი თანამემამულეების გვარები აქ მინიჭებული აქვს ათობით ქუჩას, მოედანს, სკოლას.

ძველი და ულამაზესი ქალაქ პოლოცკის ერთ-ერთი ქუჩა ატარებს პოლკოვნიკ ილია იოსების ძე მაღალაშვილის სახელს, რომელიც დაკრძალულია პოლოცკის ცენტრალურ მოედანზე მდებარე საძმო სამარხში. მსროლელთა პოლკის მეთაურის _ შალვა ვლადიმერის ძე ჭელიძის სახელს ატარებს ქუჩა ქალაქ ბრაგინში. ქალაქ ვიტებსკთან ახლოს, სოფელ რჟანკაში, საძმო სასაფლაოზე განისვენებს გამოჩენილი ქართველი პოეტი, კაპიტანი მირზა გელოვანი. ადგილობრივ სკოლას მისი სახელი აქვს მინიჭებული. 1944 წელს მალაია ბერესტოვიცასთან დაიღუპა მსროლელთა დივიზიის მეთაური გიორგი ნესტორის ძე წიტაშვილი. აქაც უკვდავყოფილია ქართველი გმირის სახელი. ლახოვიჩის რაიონის სოფელ ტალმინოვიჩში არის ბატალიონის მეთაურის _ შოთა გოგორიშვილის ქუჩა, რომელიც დაიღუპა ბრესტის მახლობლად 1944 წლის 5 ივლისს.

კარგად ახსოვთ ბელარუსში პარტიზანული მოძრაობის ხელმძღვანელები _ ივანე გიორგის ძე შუბითიძე და ვლადიმერ მიხეილის ძე თალაკვაძე, რომლებიც იყვნენ ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ლეგენდარული ხელმძღვანელის _ პეტრე მირონის ძე მაშეროვის საბრძოლო მეგობრები. მათ სახელებს ატარებს ქალაქების _ პინსკისა და ნეველის ქუჩები. სამწუხაროდ, ყველას ვერ ჩამოვთვლი, რადგან ამ მიწაზე ათიათასობით ქართველი იბრძოდა!

დიდი სამამულო ომის თემა წმინდაა ბელარუსებისთვის. ამ ომში დაიღუპა ბელარუსის ყოველი მესამე (!) მცხოვრები. ოკუპაციის წლებში გერმანელმა ფაშისტებმა შექმნეს სამოცზე მეტი გეტო, რომლებშიც დაიღუპა 800 ათასი ებრაელი…

მინსკში ყოფნის დროს შედგა წიგნის «ჩვენ გვახსოვს! ვუანდერძებთ მსოფლიოს, რომ ახსოვდეს…» პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა მინსკის საქველმოქმედო საზოგადოებრივი გაერთიანება «გილფის» მიერ. ამ პროექტის ხელმძღვანელია თამარ ქურდაძე. პრეზენტაციაზე, რომელიც შედგა დიდი სამამულო ომის ისტორიის მუზეუმში, მან თქვა: «ეს იყო ძალიან რთული წიგნი. უნდა გაგვეღვიძებინა ადამიანებში ის მოგონებები, რომელთაც საკუთარ თავში ღრმად მალავდნენ და ეშინოდათ მათი გამომზეურება. ამ წიგნში ყველაფერი სიმართლეა _ პირველიდან უკანასკნელ სტრიქონამდე».

განსაკუთრებული ადგილი ქართული სათვისტომოს მმართველობის საქმიანობაში უკავია ურთიერთობას დევნილებთან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც არცთუ ისე ცოტანი არიან ბელარუსში. ჭეშმარიტად, რაც უმეტეს შემთხვევაში არ შეუძლიათ პოლიტიკოსებს, ამას წარმატებით აკეთებენ კეთილი გულისა და ბრძენი ადამიანები. როლანდ ქავთარაძემ და მისმა მეგობრებმა, უკვე დიდი ხანია, მოძებნეს საერთო ენა თანამემამულეებთან _ ეთნიკურ აფხაზებთან და ოსებთან. ხვალ ან ზეგ ისინი ხომ ერთად იცხოვრებენ ახალ აყვავებულ საქართველოში!

ქართული დიასპორის სახალხო დიპლომატია, კეთილგანწყობა, ქველმოქმედება დიდად დაფასებულია ბელარუსის სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ. ამას მოწმობს ათობით საგაზეთო პუბლიკაცია და ტელეგადაცემა. აგრეთვე, ამას ხელს უწყობს ჩვენი თანამემამულეების დამსახურებული ავტორიტეტი, რომლებიც დიდი ხანია, ცხოვრობენ და მუშაობენ ამ ქვეყანაში. ბელარუსში ფართოდაა ცნობილი სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, 86 წლის ვლადიმერ გიორგის ძე ზაგაშვილის სახელი. მამის ნაკვალევს გაჰყვა მისი ვაჟიშვილი _ იგორ ზაგაშვილი, რომელმაც დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. სხვათა შორის, ამ ზაფხულს ბატონი იგორი ჩავიდა ყაზბეგში, სადაც მიიღო მონაწილეობა ზაგაშვილების შეკრებაში. თბილისში კი ამ ძველი გვარის წარმომადგენლები მიიღო მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

ბელარუსის ბოტანიკურ ბაღში გამაცნეს წამყვანი აგრონომი, ხობელი ავთანდილ ყვინჩია. ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით მოღვაწეობს დოცენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი სვეტლანა კუპრაძე. ბელარუსის სამართალდამცველ ორგანოების თანამშრომლებისგან ბევრი საქებარი სიტყვები მსმენია ბელარუსის შსს განსაკუთრებული საქმეთა განყოფილების უფროსზე, მილიციის პოლკოვნიკზე, ვიტალი სერგის ძე სუბელიანზე. მის მაღალ ავტორიტეტზე მოწმობს მრავალრიცხოვანი ჯილდოები და შსს-ს მინისტრის და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სიგელები.

არ შემიძლია არ ვახსენო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის რწმუნებული რელიგიების და ეროვნებების საქმეებში ლეონიდ გულიაკო, რომელიც საზოგადოებრივ გაერთიანება «მამულთან» ერთად ცდილობს დროულად მოაგვაროს ქართველი დევნილების პრობლემები. ბატონ ლეონიდს და მის თანამშრომლებს მუდმივად პატიჟებენ საქართველოში, როდესაც აღინიშნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. როგორც წესი ამ და სხვა ღონისძიებებზე «მამულის» მმართველობა ყოველთვის უძახის აზერბაიჯანულ და სომხური სათვისტომოების წარმომადგენლებსაც.

სასიხარულო თუ სევდიან თარიღებში, ქართველებს ხშირად შეხვდები მინსკის ცენტრში, წმინდა მოციქულების _ პეტრესა და პავლეს ეკლესიასთან. ამ დღეებში ქართული სათვისტომოს თავკაცმა _ როლანდ ქავთარაძემ თხოვნით მიმართა ბელარუსის პატრიარქს, უწმინდესს ფილარეტს მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე, რომელზეც ქართველთა შემოწირულობებით აშენდება ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.

_ ბატონო ლევან, სიამოვნებით გისმენთ, მაგრამ მაინტერესებს, რას უპასუხებთ იმ «ლიბერალდემოკრატებს» თუ პირიქით _ «დემოკრატლიბერალებს», რომლებიც ბელარუსს ტოტალიტარულ სახელმწიფოდ თვლიან? რას უპასუხებთ იმ ხალხს, რომელთა ოცნების მწვერვალია «ევროპელობა» და ნატოს წევრობა?

_ გამოდის, ეკონომიკურად აყვავებული ბელარუსი ტოტალიტარული ქვეყანაა, ხოლო ეკონომიკურად მიწასთან გასწორებული საქართველო «დემოკრატიის შუქურაა», არა?!

რა გითხრათ, «ტოტალიტარულ» ბელარუსში ყოველ ნაბიჯზე დაწყნარებულ, გაღიმებულ სახეებს ვხედავდი. არ მინახავს იქ ერთი მათხოვარიც კი! ჩამოხვალ თუ არა სამშობლოში, თვალში გეცემა შენი თანამემამულე, რომელიც ნაგვის ბუნკერში იქექებაყველაფერი შედარებითია და ამ შედარებაში დღევანდელი ბელარუსი აშკარად აღემატება არა მხოლოდ პოსტსაბჭოურ, არამედ .. მდიდარ ევროპულ ქვეყნებსაც. ჩემი აზრით, საქართველოს არაფერი ესაქმება არც . . ევროკავშირში, რომელსაც პოლიტიკური და ფინანსური კრიზისები აზანზარებს და, რომელიც დაშლისთვისაა განწირული; და მითუმეტეს, არაფერი გვესაქმება ნატოში. ჩვენი ადგილი, თუ ჩვენ გვინდა აღორძინება, გამთლიანება და აყვავება _ ევრაზიული კავშირია! სხვა გაერთიანებებში ყოფნა საქართველოსთვის დამღუპველია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით! ჩვენ გვინდა ალექსანდრე ლუკაშენკოს მსგავსი პატრიოტი ხელმძღვანელი, რომელიც განახორციელებს ლოზუნგს: «საქართველო ხალხის კეთილდღეობის სახელმწიფოა!».

რა თქმა უნდა, საქართველოში ცხოვრების პირობები ნორმალური რომ ყოფილიყო, ქართული დიასპორების რიცხვი საგრძნობლად შემცირდებოდა. და, მაინც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველაზე კარგად ჩვენი თანამემამულეები ბელარუსში გრძნობენ თავს. აქ არის ბევრი წინაპირობა, რომელიც ასეთ განწყობას ხელს უწყობს. ბელარუსში ყველა ლაპარაკობს რუსულად; ბელარუსის თითოეულ ქალაქში შეგიძლია მოძებნო სათანადო სამუშაო. ოფიციალური სტატისტიკით, ბელარუსში ვაკანსიები 13,6% უფრო მეტია, ვიდრე უმუშევრები. მართლმადიდებლობას მისდევს ქვეყნის 78%. მიუხედავად იმისა, რომ აქ ცხოვრობს 170-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი, ბელარუსებად თავს თვლის მოსახლეობის 84%! უმაღლეს დონეზეა სოციალური მომსახურების სისტემა და სამედიცინო მომსახურება. მიუხედავად ამისა, თითოეული ქართველი ოცნებობს საქართველოში ცხოვრებაზე, სადაც მისი პატივმოყვარე ვაიმმართველების წყალობით, აგერ უკვე მესამე ათწლეულია, სამშობლოში დაბრუნება ენატრებათ…

ჩაიწერა

გიორგი კორძაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here