Home რუბრიკები საზოგადოება რეზო ძოძუაშვილი: «დინამოდან» წამოსვლა ავტომატის მუქარის ქვეშ მომიწია

რეზო ძოძუაშვილი: «დინამოდან» წამოსვლა ავტომატის მუქარის ქვეშ მომიწია

1076

წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და განვითარების საკუთარ გზას დაადგა. იყო იმედი, რომ ჩვენი მობურთალები საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს მიაღწევდნენ. ამ ოპტიმიზმის საფუძველს საქართველოში სპორტის ამ სახეობის მდიდარი ტრადიცია და ისტორია იძლეოდა. სამწუხაროდ, ქართველი გულშემატკივრების მოლოდინი არ გამართლდა და წლების განმავლობაში ჩვენი ფეხბურთი მაჩანჩალათა რიგებში აღმოჩნდა.

 

ბატონი რეზო ძოძუაშვილი ფეხბურთის სპეციალისტთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში სრულყოფილად არ გამოიყენეს. არადა, უცნაურია, ადამიანმა უსახური ლატვიის ნაკრები ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე გაიყვანა, საქართველოში კი სრულფასოვნად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. უფრო მეტიც: ორიოდე წლის წინ ფეხბურთის ფედერაციის ერთერთ სხდომაზე ბატონ რეზოს «დაბოღმილი უმუშევარი» უწოდეს.

ცოტა ხნის წინ «დაბოღმილ უმუშევარს» სტუმრად ვეწვიეთ და საინტერესო საფეხბურთო თემებზე ვესაუბრეთ. თავდაპირველად იმ «ისტორიული» სხდომით დავინტერესდით.

 _ ალბათ, გახსოვთ ტოტალიზატორში თამაშის გამო რამდენიმე ფეხბურთელი სპორტის ამ სახეობას რომ ჩამოაშორეს. ამ ფაქტის ირგვლივ ფეხბურთის ფედერაციაში მაშინ საჯარო განხილვა ჩატარდა და მასში ვეტერანებმაც მივიღეთ მონაწილეობა. როდესაც ამ სამარცხვინო ფაქტის მიმართ ჩვენი აზრი გამოვთქვით, დიდი შეხლა-შემოხლა დაიწყო და ჩვენ «დაბოღმილი უმუშევრები» გვიწოდეს. ფეხბურთი იმ ხალხმა უნდა მართოს, რომელიც ამ სფეროში კარგად ერკვევა. დღეს ქართულ ფეხბურთში არაერთი შემთხვევითი ადამიანია შემოპარული და სპორტის ეს სახეობა ვერ ვითარდება.

_ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის პირველმა თაობამ საერთაშორისო ასპარეზზე თავი ვერ გამოიჩინა. რა იყო ამისი მიზეზი?

_ როდესაც საქართველოს ნაკრები შეიქმნა, იმ გუნდში ჩემი 15 აღზრდილი თამაშობდა. მათ ევროპის კონტინენტზე საკუთარი სიტყვა თქვეს და მომავალშიც არაერთ ძლიერ კლუბში ასპარეზობდნენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო: ქინქლაძე, ძმები არველაძეები, ჯამარაული, ნემსაძე, შელია, ყაველაშვილი და სხვები. სამწუხაროდ, ამ ფეხბურთელებმა ნაკრებში თავისი შესაძლებლობა ბოლომდე ვერ გამოავლინეს. ამ მიზეზებზე საუბარი, ალბათ, ერთ ინტერვიუს არ ეყოფა. მოკლედ კი გეტყვით, რომ იმდროინდელი ეროვნული გუნდის ირგვლივ მრავალი შემთხვევითი ხალხი ტრიალებდა და მოთამაშეების გამოსვლაზე ამან უარყოფითი გავლენა იქონია. უფრო მეტსაც მოგახსენებთ: თბილისის «დინამოდან» წამოსვლა ავტომატის მუქარის ქვეშ მომიწია და დღემდე ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ცოცხალი გადავრჩი.

_ მაინც რატომ არ გამოიყენეს რეზო ძოძუაშვილის ცოდნა და გამოცდილება საქართველოში?

_ ამაზე მეც არაერთხელ მიფიქრია. მწვრთნელთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ამა თუ იმ გუნდის ხელმძღვანელობის დაკრულზე არ ცეკვავენ. «დინამოს» მაგალითს მოგიყვანთ. 90-იანი წლების დასაწყისში გუნდს ძალიან გაუჭირდა და ვაჟა ჟვანიასთან ერთად კლუბის პრეზიდენტად ისლანდიიდან ახლად დაბრუნებული მერაბ ჟორდანია მოვიყვანეთ. მოგვიანებით გუნდის მართვაში «მხედრიონი» აქტიურად ჩაერთო და, რასაკვირველია, მავანმა და მავანმა პრინციპული რეზო ძოძუაშვილის გუნდში ყოფნა არ მოისურვა. დღემდე ვერ გამიგია, რატომ გამათავისუფლეს. იარაღით დამადგნენ და თანამდებობა უნდა დატოვოო, გამომიცხადეს.

საქართველოში სადაც არ მიმუშავია, ყოველთვის სასიკეთო საქმეები გამიკეთებია. პირველი პლეადის ნაკრების წამყვანი მოთამაშეები ჩემი აღზრდილები გახლდნენ. მოგვიანებით ქუთაისის «ტორპედო» და რუსთავის «მეტალურგი» გავაჩემპიონე. ამის მიუხედავად, უხილავი ძალა ყოველთვის მებრძოდა. ქართველი კაცი იძულებული გავხდი, ლატვიაში გადავსახლებულიყავი და იქაური ფეხბურთის აღორძინებაში ჩემი წვლილი შემეტანა… ლატვიელებს ჩემი სამშობლოში გამოშვება არ უნდოდათ, მაგრამ მე საქართველოს გარეთ დიდი ხნით ცხოვრება არ შემიძლია. მადლობა ღმერთს, დღეს ფეხბურთის ფედერაციაში დამასაქმეს და ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენა დამავალეს.

_ ბატონო რეზო, თქვენი თაობის მოთამაშეებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი ქართველი ფეხბურთელები ცაში ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ

_ გაგიკვირდებათ და ჩემი თაობის ფეხბურთელები მარტო მატერიალური კეთილდღეობისთვის არ თამაშობდნენ. თავის დროზე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მაღიარეს, 1972 წლის ევროპის პირველობაზე კი ჩემს პოზიციაზე საუკეთესოდ დამასახელეს. ეს აღიარება ჩემთვის ყოველგვარ ფულად კეთილდღეობაზე მაღლა ფასობდა. დღეს მდგომარეობა შეიცვალა. ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეები კარიერის პირველივე დღეებიდან სწრაფად გამდიდრებაზე ოცნებობენ, საწადელის მიღწევის შემდეგ კი ცხოვრებისეული სტიმული ეკარგებათ და პროფესიული დაღმასვლა ეწყებათ.

ნება მომეცით, პოლიტიკაში შევიჭრა და «ნაციონალური მოძრაობა» და მიხეილ სააკაშვილი გავაკრიტიკო. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში ფეხბურთის აღორძინების პოლიტიკა დაიწყო. სამწუხაროდ, ეს პროცესი სტადიონების დანგრევით დაიწყეს. რას ერჩოდნენ ბათუმის შესანიშნავ სპორტულ სარბიელს, რომელიც მიწასთან გაასწორეს, ამ ქალაქს დღემდე საკუთარი სტადიონი არ გააჩნია. დაანგრიეს ზუგდიდის სტადიონი. ანალოგიური ბედი თბილისში მდებარე ასკ-სა და 35-ე სკოლის სარბიელებსაც ეწია. ამის შემდეგ გამოდიან და ქართული ფეხბურთის დონე რატომ არ მატულობსო, _ კითხულობენ. ახალგაზრდა მოთამაშეს დაოსტატებისთვის სტიმული და დახმარება ესაჭიროება, რაც ჩვენნაირ ღარიბ სახელმწიფოში თავის თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს.

საუბრის ბოლოს კი ქართული კლუბების ხელმძღვანელებს მივმართავ: ჩვენი გუნდები ბოლო დროს გარკვეულად ჩაფულიანდნენ. თუ სახსრები გაგიჩნდათ, ისე წარმართეთ საქმიანობა, რომ ქართველ გულშემატკივრებს საქართველოში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ხილვის ბედნიერება მიეცით. მერწმუნეთ, სწორად წარმოებული მუშაობის პირობებში ეს აუხდენელი ოცნება ნამდვილად არაა.

ესაუბრა

გიორგი გაჩეჩილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here