Home რუბრიკები საზოგადოება უფასო სახელმძღვანელოები _ მარგველაშვილის მორიგი ტყუილი

უფასო სახელმძღვანელოები _ მარგველაშვილის მორიგი ტყუილი

570

განათლების ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სისტემას ისევ სააკაშვილის კადრები მართავენ. მისივე თქმით, «ქართული ოცნების» პროგრამა, რომლის 90% პირადად ქალბატონ მანანას დამუშავებული ყოფილა, ახლა გვერდზეა გადადებული და ამის ნაცვლად ისევ მიშას კლანების მაფიოზური პროგრამა ხორციელდება. მართალია, მარგველაშვილმა უფასო წიგნების პროგრამა შესთავაზა ხალხს, მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი არსებულ სიტუაციაში და, წინგადადგმულ ნაბიჯად კი არა, მარგველაშვილის ტყუილად უნდა ჩაითვალოს. «საქართველო და მსოფლიოს»  განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრება.

 

_ ქალბატონო მანანა, როგორ შეხვდა საზოგადოება განათლების ყოფილი მინისტრის _ მარგველაშვილის ინიციატივას, ვგულისხმობ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას? საინტერესოა, თქვენ რამდენად მოიწონეთ ეს?

_ ერთი შეხედვით იფიქრებს კაცი, რომ ძალიან კარგი რამ გაკეთდა, ბოლოსდაბოლოს, უფასო სახელმძღვანელოები შემოიღეს (სხვათა შორის, ეს ჩვენი, პირადად ჩემი, მრავალწლიანი მოთხოვნა იყო), მაგრამ ძალიან ცუდად გაკეთდა ეს პროგრამა. პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად ყველა მშობელი უკმაყოფილოა, ბავშვები კი _ შეურაცხყოფილნი. პირველ რიგში, მაინტერესებს, მაშინ, როდესაც ვაუჩერს აძლევ ყველა ბავშვს, ამ უფასო სახელმძღვანელოებს რატომ არ აძლევ ყველას? საპატრიარქოს სკოლების მოგება, რომლებიც არა სამეწარმეო, არა კომერციული, არამედ იურიდიული პირები არიან, ნულია, ანუ მოგებაზე არ მუშაობენ; მათ პატრიარქი და საპატრიარქო აფინანსებთ  და რატომ არ აძლევ უფასოდ წიგნებს? არ რცხვენია «ქართული ოცნების» მთავრობას, საპატრიარქოს სკოლებს უფასოდ რომ არ დაურიგეს წიგნები?

აი, ამიტომ არ მომწონს მე ეს ინიციატივა, არ არის ეს გამართული პროგრამა. დიახ, 600 ათას ბავშვს თუ აძლევ უფასო სახელმძღვანელოებს, 20 ათასმა ბავშვმა რაღა დაგიშავა? საპატრიარქოს სკოლებს რატომ არ მისცეს წიგნები? აი, ეს არის მთავარი საკითხი. კარგი, არ მისცეს კერძო სკოლებს, მაგრამ მრავალშვილიანმა ოჯახებმა რაღა დაუშავეს?

_ რატომ, რა არის მიზეზი

_ არ ვიცი, ეს მათ ჰკითხეთ. მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ურიგებენ ამ უფასო სახელმძღვანელოებს, ისევე, როგორც მხოლოდ საჯარო სკოლის მასწავლებლებს აძლევენ რაღაც დაზღვევას. დავიჯერო, არ იციან, რომ სახელმწიფომ კერძო სკოლა უნდა აკონტროლოს? არც ის იციან, კერძო სკოლის მასწავლებლებს შედარებით კაპიკებს რომ უხდიან? აქ სამართლიანობა არ უნდა აღადგინოს სახელმწიფომ ან არ უნდა აკონტროლოს ისინი? მარტო ვაუჩერი უნდა აძლიონ და სახელმწიფო ბიუჯეტის ფული კერძო სკოლის მეპატრონეებმა ჯიბეში უნდა ჩაიდონ?

მოკლედ, რაც იყო სააკაშვილის დროს, ვგულისხმობ უპატრონობას, განუკითხაობასა და ელიტურ კორუფციას, იგივეა დღესაც. მეტიც, ახლა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაღვივდა. ეს კიდევ რა ჯარიმები შემოიღეს ამ უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, X, XI, XII კლასელები შეურაცხყოფილები არიან, ამბობენ, ამ სახელმძღვანელოებს შინ შევინახავთ და სამაგიეროს მშობლებს ვაყიდვინებთო. დიახ, გადაწყვიტეს, წლის ბოლოს უფასოდ მოცემული წიგნები უკან დააბრუნონ; ჯარიმების გადახდას ეს არჩიეს.

_ და ჯარიმა რამდენია, თუ იცით? ერთერთი მასწავლებლის თქმით, წიგნების ნაწილი ბიბლიოთეკიდან გამოიტანეს, რამდენიმე შელახულიც  ყოფილაჯარიმა მაინც არ აგცდება?!

_ ჯარიმა 20 ლარიაო, ასე ამბობენ.

_ მაშ, რა მნიშვნელობა აქვს, ახლა გადაიხდიდა მშობელი თანხას თუ შემდეგ, როცა შელახულს დააბრუნებ, გამოდის, ეს მარგველაშვილის ტყუილი იყო?

_ ეგრე გამოდის. ბუნებრივია, წიგნი არ უნდა შელახო, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი ჯარიმებია, ასე არ უნდა იყოს. და კიდევ, რას ეფერებიან ამ წიგნების ავტორებს და რატომ ინარჩუნებენ, ვერ გავიგე. დიახ, საინტერესოა, იმ უვარგისი სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შემქმნელ ექსპერტებსა და ავტორებს რატომ ინარჩუნებენ. საერთოდ ახლიდანაა დასაწერი ეს წიგნები.

_ წიგნი უხარისხოა, მძიმეა, შრიფტის ზომა და მოხაზულობა თვალებს ტკენს ბავშვებსო, ამბობენ. რატომ არ ექცევა ამას ყურადღება?

_ დიახ, მათ შეინარჩუნეს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი დანაშაულებრივი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლითაც არ შეიძლება სწავლა. უძლიერესი, უნიჭიერესი და ბეჯითი მოსწავლეც კი ვერ სწავლობს იმ სტანდარტებით, პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. და ამ უბედურ მასწავლებლებს შეულახეს ღირსება, განათლების ხარისხის დაცემას მათ აბრალებენ. არადა, არ არის ასე. როგორ ამაღლდება სწავლის ხარისხი თუ მე შენ არ მასწავლი იმ დოზით, რა დოზითაც უნდა მასწავლო და მასწავლი უვარგისი სახელმძღვანელოებით?! დანაშაულებრივი, მზაკვრული პოლიტიკა მიჰყავდა სააკაშვილის ხელისუფლებას და ამათმა ხელუხლებელი დატოვეს. არადა, თავისუფლად შეეძლო ივანიშვილის ხელისუფლებას, შეეცვალა სტანდარტები და პროგრამები და დაწერილიყო ახალი სახელმძღვანელოები, მაგრამ არ გააკეთა ეს, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. გარდა ამისა, ძველი ავტორების შენარჩუნება უნდათ, ფაქტია, ეფერებიან მათ, ისევე, როგორც ძველი რექტორები შეინარჩუნეს. ყველგან ძველი რექტორები სხედან, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გარდა.

_ რატომ მფარველობენ სააკაშვილის კადრებს?

_ მათ ჰკითხეთ, «ქართული ოცნება» მფარველობს მათ. პოლიტიკური ნიშნით 20 ათასზე მეტი მასწავლებელია გაყრილი, 836 კაცი აღიარეს პოლიტდევნილად და იმათგან 7 კაციც არ არის აღდგენილი. «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში მხოლოდ ნაციონალების უფლებების დასაცავად მოვიდა?! არც უკანონოდ გამოყრილი პროფესორ-მასწავლებლები დააბრუნეს უნივერსიტეტებში. ივანიშვილმა ეს არ იცის? თუ არ არის საქმის კურსში, მაშინ ვაი ჩვენს პატრონს. რატომ არ უკავშირდება ისეთ პიროვნებებს, რომლებიც რეალურ ინფორმაციას მიაწვდიან? ზვიად გამსახურდია იყო, ედუარდ შევარდნაძე თუ მიშა სააკაშვილი, მეძახდნენ და, როგორც ექსპერტს,  გამიწევია კონსულტაციები. და თუ ივანიშვილი დაინტერესებულია ამ თემით, მაშინ ასეთ ექსპერტს ხომ უნდა დაუძახოს?!

სხვათა შორის, «ქართული ოცნების» პროგრამის შედგენაში მეც ვმონაწილეობდი და იქ 90%, მე რისთვისაც ვიბრძვოდი მთელი 9 წლის მანძილზე, ის ჩაიდო, მაგრამ ის პროგრამა გვერდზეა გადადებული და ესენი სხვა რაღაცებს აკეთებენ. ამაზე მეტი რა გინდათ, სასერთიფიკაციო გამოცდებზე ჩაჭრეს მასწავლებლები და სახელმწიფოს პირველი პირი არ აკეთებს ამაზე კომენტარს. ამ დროს ძალიან კარგად ავუხსენით ჩვენ, რომ არ შეიძლება ამ გამოცდების ასეთი ფორმით დატოვება, იმიტომ, რომ დიპლომის სტატუსია ხელყოფილი. ამოწიეთ მისი გამოსვლები: ასეთი ფორმით, ღირსებისა და პატივის შელახვით გამოცდები არ ჩატარდება, შეიცვლება გამოცდების ფორმაო, აცხადებდა და აკეთებენ ამას? ივანიშვილის სიტყვები და ჩვენი პროგრამა მიაგდეს სადღაც; რასაც უნდა იმას აკეთებენ, თვითნებობენ ეს კორუმპირებული მაფიოზი მიშას კლანები განათლებისა და მეცნიერების სისტემაში. იცით, სასერტიფიკაციო გამოცდები რატომ დატოვეს ძალაში? იმიტომ, რომ ამაში დიდ ფულს აკეთებენ. აი, ამ ტრენინგებში სახელმწიფო გამოყოფს ვაუჩერს, ხელფას ხომ ხელფასად იღებენ და ათას რაღაცას მაიმუნობენ. ასევეა წიგნების მაფია, მასწავლებლებისთვის უშვებენ რაღაც უხარისხო წიგნებს და ეუბნებიან, იყიდეთო. ზოგი 120 ლარი, 200 ლარი, 50 ლარი ღირს და რა ვიცი, რომელი ერთი გითხრათ. ამ საცოდავ მასწავლებლებზე აკეთებენ ფულს. მოკლედ, ელიტური კორუფცია ისევ მძვინვარებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ქალბატონო მანანა სახელმწიფომ შეიძლება აკონტროლოს კერძო სკოლა , მაგრამ რატომ უნდა დააფინანსოს .არც საპატრიარქოს სკოლებია გამონაკლისი მათ ყავს პატრონი. სად ნახეთ ,რომ სახელმწიფო აფინანსებდეს კერძო სექტორს რეკვიზიტებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here