Home რუბრიკები საზოგადოება პეტრე მამრაძე: თუ გინდათ, ცხრა სახელმწიფოს პასპორტი აიღეთ, ოღონდ დარჩით თქვენს მიწაზე

პეტრე მამრაძე: თუ გინდათ, ცხრა სახელმწიფოს პასპორტი აიღეთ, ოღონდ დარჩით თქვენს მიწაზე

646

საქართველოში ერთერთ მთავარ და გამაღიზიანებელ პრობლემად NDI-ისა და IRI-ის კვლევები იქცა. ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილისა და ექსპერტების კამათის თემაც გახდა. როგორც ჩანს, არავინ აღფრთოვანებულა იმ ფაქტით, რომ საქართველოში პირველ მინისტრად ირაკლი ალასანია დასახელდა, არც იმით, რომ დავით ბაქრაძე მეორე ადგილზეა. ხალხი სარწმუნო კვლევებს ითხოვს, მაგრამ ქვეყნის პრემიერი არც ერთ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნას არ იღებსრა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და რა უნდა აუხსნას ხელისუფლებამ ხალხს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით,  «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტიკოსი პეტრე მამრაძე ესაუბრა.

 

_ ბატონო პეტრე, ექსპერტებთან შეხვედრის დროსაც მწვავედ დაისვა საკითხი საქართველოში ამერიკელების მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებზე და პოლიტიკოსების რეიტინგებზე. ბოლო რეიტინგების თანახმად, ირაკლი ალასანია მინისტრებს შორის პირველ ადგილზეა. თქვენ თვლით, რომ ახლანდელი კვლევა მართალია და ალასანია პირველი მინისტრია?

_ არავითარ შემთხვევაში. საქართველოში დღესაც კვლევებს ზუსტად იგივე, უგულავას ფირმები ასრულებენ, დღეს თითქოს შიში აღარ არის, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ და რა ფორმით დასვამ შეკითხვას.

მინისტრების შეფასება დასავლეთშიც დიდი პრობლემაა. მაყურებელი, ელექტორატის წევრი უყურებს ტელევიზიას და არა სამინისტროს მუშაობას. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მინისტრის ცნობადობას, იმიჯს. არავის შეუძლია თქვას, რა გაკეთდა თავდაცვის სამინისტროში, რა უნდა გაკეთებულიყო და ა. შ. რეიტინგი, რომელიც დაიდო, არის სიმპათიიდან გამომდინარე. დრო და შეხედულებები შეიცვალა, ახლა უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეხერხებათ ხელის მაღლა აწევა და თქმა _ გადავკეტოთ სამტრედია და დავაჩოქოთ კრემლი! მორჩა, პოპულარობა გარანტირებულია, არავინ ფიქრობს, რა მოჰყვება ამ სიტყვებსა და «დაჩოქებას».

_ რადგან კრემლი ვახსენეთ, გადავიდეთ ჩვენი ხელისუფლების საგარეო კურსზე, რამდენად სწორია პოლიტიკა და რა შეიძლება ჩვენი გაურკვეველი კურსის გამო მოხდეს, თუ, ვთქვათ, ჩვენს რეგიონში მოხდება რაიმე სერიოზული აფეთქება.

_ ახლა ვეცნობი როჯერ კოენის ბრწყინვალე წერილს ირანი-თურქეთი-სირიის შესახებ.

საქართველოსთვის ეს ყველაფერი მირაჟია, ჩვენ არანაირად არ შეგვეხება სირიის კრიზისი, არც პირდაპირ და არც ირიბად. ამერიკელი პოლიტოლოგი წერს, რომ ეს შეიძლება კარგი და სწორი იყოს ამერიკისთვის, მაგრამ შესაძლებელია, არ მოემსახუროს დემოკრატიის გავრცელებას მსოფლიოში, ამ საკითხზე შესაძლებელია კამათი… საქართველოში ამერიკის ჩარევამ ხელი შეუწყო დემოკრატიის განვითარებას?! ჩარევამ, რომელიც ბუშის შვილის დოქტრინად იყო გამოცხადებული, უკუშედეგები მოგვიტანა.

მინდა, მკითხველმა იცოდეს, რომ დასავლეთის მოთხოვნაა _ როგორც გინდათ, რა მეთოდებითაც გინდათ, რუსეთთან ურთიერთობა უნდა აღადგინოთ! თან 22 წელიწადია, ეს მოთხოვნა მოდის. ევროპელები შევარდნაძესაც დელიკატურად ამას ეუბნებოდნენ _ თქვენი ხსნა არის დსთ-ში შესვლა! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ გააღიზიანებთ იმ მხარეს, რომელთანაც ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვჭირდება.

ქვეყნის წინაშე დგას ასეთი მოთხოვნა: საქართველოს არსებობა არარსებობა დამოკიდებულია იმ გოლიათ ქვეყანაზე, რომელსაც შენი მეზობელი ჰქვია და შენ სხვა არჩევანი აღარ გაქვს. ზვიად გამსახურდიას ნიქსონმა უთხრა _ ბატონო პრეზიდენტო, იცოდეთ ერთი რამ: არასოდეს, არც ამერიკა და არც დასავლეთი საქართველოს გამო არა თუ არ ეომება რუსეთს, არამედ ურთიერთობასაც კი არ გაიფუჭებს. ეს 2008 წლის აგვისტოში ნათლად დავინახეთ, როცა არც ერთი სანქცია არ განხორციელდა რუსეთის წინააღმდეგ. მთელი მსოფლიო რუსეთის დამშვიდებას შეუდგა. რასმუსენმა განაცხადა:  მთელი ჩემი ხუთწლიანი მოღვაწეობა მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთი ნატოში ჩავრთო, როგორც პარტნიორი ქვეყანა.

ნატოს მცოცავი ექსპანსია, რომელიც რუსეთის საზღვრებთან მიმდინარეობდა, პუტინმა საქართველოში განხორციელებული ოპერაციით შეაჩერა. ნავალნიც კი ამბობს, რომ აგვისტოში რაც მოხდა, იყო ძალიან სწორი და საქართველომ ეს უნდა გაიგოსო. მიხალკოვი კი აკრიტიკებდა პუტინს იმიტომ, რომ თბილისი არ აიღო (ეს ის მიხალკოვია, კახეთში ქალიშვილის ქორწილში რომ ჩამოვიდა და მიშა რადიატორთან რომ იჯდა, ეგებ დამელაპარაკოსო). ეს საკითხისადმი სწორი მიდგომაა.

მოლოდინი მოსახლეობაში ასეთია, რომ ჩვენ თბილი, რბილი სიტყვებით რუსეთს «ღორის ქონივით» დავადნობთ და, რასაც გვინდა, გავაკეთებინებთ. ეს მცდარი მოლოდინია. ვითარება დღეს ისეთია, რომ არა თუ საბაჟო კავშირში ან ევრაზიის კავშირში შესვლა, არამედ რუსეთის სუბიექტადაც რომ ვიქცეთ, ამ შემთხვევაშიც კი რუსეთის მთავრობა არ აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის საჭიროა, გავაკეთოთ ის, რასაც გვეუბნებიან გამოჩენილი პოლიტოლოგები _ სტრატეგიული მოთმინება.

_ .. ახალი ხელისუფლების კურსი სწორია? ისინიც ასე იქცევიან.

_ კურსი სწორია, მაგრამ ახსნა-განმარტებაა არასაკმარისი. ყველას უნდა აუხსნან და გააგებინონ, რა წვლილი მიუძღვის სააკაშვილს ჩვენს უბედურებაში. გავიხსენოთ, სააკაშვილი გადადგომის შემდეგ რა განცხადებებს აკეთებდა. ის ამბობდა, რომ რუსეთს აღარ აინტერესებს ცხინვალი, კრემლმა ეს მითხრა, მათ არაერთხელ წამოსცდათ, ეს არის მოფამფალებული კბილი, რომელსაც მაშინ ამოვიღებ, როცა მინდა და ა. შ. ეს სააკაშვილის სიტყვებია. სააკაშვილმა ბონუსის სახით აჩუქა რუსეთს სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება, სარკოზის თავისი ხელით ამოაღებინა მე-6 პუნქტი, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ სტატუსის განხილვა და მისი დადგენა მოხდება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად.

სარკოზი ბოლოს ყვიროდა, სააკაშვილს უმტკიცებდა, რომ ეს პუნქტი არის გარანტია, ჩვენ არასოდეს ვცნობთ აფხზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, ვერც რუსეთი, რადგან ის ხელს აწერს შეთანხმებას. ამის შემდეგ სარკოზიმ დაურეკა მედვედევს და მისი პასუხიც იყო _ რა თქმა უნდა, ამოშალეთ! ეს იყო ბოლო, რაც სააკაშვილმა რუსეთს აჩუქა. მერე უკვე ბიუროკრატიამ დაიწყო მუშაობა, რომელსაც ვეღარ გააჩერებ. ჩადგა ჯარები, საზღვარს იცავენ რუსი მესაზღვრეები და მიყვებიან 1930 წელს გამოქვეყნებულ რუკას, რომელზეც დატანილია ადმინისტრაციული საზღვრები, რომელთაც არავინ იცავდა, შენდებოდა ბაღები, სახლები. ახლა ხუთი წელია, მიყვებიან ამ რუკით და ავლებენ საზღვრებს.

მთავრობამ კი ხალხს უნდა აუხსნას, რომ ძალის გამოყენებით მხოლოდ საქართველოს გავანადგურებთ; ჩვენ საერთაშორისო დონეზე მწვავედ დავაყენებთ საკითხს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკა და ევროპა არავითარ შემთხვევაში ჩვენ გამო არ წავა კონფრონტაციაზე, რათა შეაჩეროს რუსი მესაზღვრეები; რუსეთის პოზიცია უნდა აუხსნან ქართველ ხალხს.

კარასინმა თქვა: «მე რატომ მელაპარაკებით, ჩვენ ვცანით ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, თქვენ უნდა ელაპარაკოთ ამ დამოუკიდებელ ქვეყნებს.» მახსოვს, ჟენევის პროცესზე რუსეთის მთავრობა თვითონ აყენებდა საკითხს, რომ დამსხდარიყვნენ და საზღვრის დემარკაციის საკითხი გადაეწყვიტათ, რათა მერე გაურკვევლობა არ ყოფილიყო; დემარკაცია-დემილიტარიზაციის პროცესი კი ასეთია: მხარეები თანხმდებიან, მოსახლეობა რომ არ დაიჩაგროს, ეგებ ეს სამასი მეტრი დამიტოვო და მე რამდენიმე კილომეტრში, თუ საჭიროა, ცოტა მეტსაც მოგცემ. ჩიხი, რომელშიც სააკაშვილმა შეგვიყვანა, არის ის, რომ დღეს ამასაც ვერ მოვახერხებთ. დღეს უკვე ოსები გვეტყვიან, რა ვქნათ, ჩვენ გვაქვს რუკა, თქვენი ერთი მეტრი მიწაც არ გვინდა, ჩვენ ჩვენსას ვსაზღვრავთ, თქვენ თავის დროზე არ დაგველაპარაკეთ.

დასავლეთს შეუძლია ნორლანდის პირით შეშფოთება გამოხატოს. აპატურაი «ფეისბუქზე» წერს, რომ აღშფოთებულია მავთულხლართების გავლების პროცესით.

საქართველოს ახალი ხელისუფლება საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს ხალხს გარკვევით არ უხსნის. ისინი დღენიადაგ უნდა უხსნიდნენ ხალხს ვითარებას, განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელიც საზღვართან ცხოვრობს. ადამიანებმა, რომელთაც მიწები დაკარგეს, კომპენსაცია უნდა მიიღონ, მათ უნდა დაეხმარონ სახლების დემონტაჟში. ლტოლვილებს უნდა მისცენ გარანტია და უთხრან, რომ, თქვენი ჭირიმე, თუ გინდათ, ცხრა სახელმწიფოს პასპორტი აიღეთ, ოღონდ დარჩით თქვენს მიწაზე, დაგეხმარებით ფინანსურად და მოქალაქეობასაც შეგინარჩუნებთ, ოღონდ მიწას ნუ მოსწყდებით.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here