Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტოლოგთა კლუბის «არასაოცნებო» კვლევა

პოლიტოლოგთა კლუბის «არასაოცნებო» კვლევა

565

განა, რას უნდა დავაბრალოთ პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამარტივების მორიგი მონდომება? ამდენი ხანია, იმპიჩმენტზე ხმა არ ამოუღიათ, ვინც საიმპიჩმენტო იყო, იმას დასავლეთის ხათრით თუ თავიანთი უნიათობით ძვრა ვერ უქნეს და ახლა გააქტიურდნენ ამ მიმართულებითვინც ეს ისურვა, ყველას დასცინა პოლიტიკურმა ელიტამ _ ეს როგორი არაკომპეტენტურები ხართო, რა საჭიროა მიშას გაიმპიჩმენტება, იყოს, რას აშავებსო!

 

პარლამენტში უკვე ჯერ არარჩეულ პრეზიდენტს ებრძვიან, შიშმა დაისადგურა მამაცი პარლამენტარების გულებში. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ გაიმართა, ბევრი მათგანი ხომ აღარავის გაახსენდება, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს. არადა, «ქართული ოცნების» კვლევით, მარგველაშვილი იმარჯვებს პირველივე ტურშიო, და დავიჯეროთ, მარგველაშვილს ებრძვიან ასე გააფთრებით პარლამენტის კულუარებში?! ესენი, მგონი, ამ წესიერ ფილოსოფოს კაცს ებრძვიან და, როგორც კი აირჩევენ, ეგრევე, გააიმპიჩმენტებენ.

პრეზიდენტობის კანდიდატების კამპანიები ფინიშის სწორზე იწყებს გასვლას. ზოგიერთი პოლიტიკოსი რეიტინგულ ზრდას განიცდის, ზოგიერთი _ რეიტინგულ კედელს აწყდება, ზოგიერთი კი _ ისევ თავის წვენში იხარშება.

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა ახალი სოციოლოგიური კვლევები გაავრცელა და პოლიტიკოსთა საპრეზიდენტო რეიტინგები ასე გადანაწილდა:

გიორგი მარგველაშვილი _ 29,4%;

ნინო ბურჯანაძე  _ 27,9%;

დავით ბაქრაძე _ 9,4%;

შალვა ნათელაშვილი _ 2,3%;

გიორგი თარგამაძე _ 1,8%.

კვლევა აგვისტოს პირველ ნახევარში შესრულდა და 3400 კაცი გამოიკითხა.

აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში «ქართული ოცნების» მიერ დაკვეთილი სხვა კვლევის შედეგებით მარგველაშვილი პირველივე ტურში აგროვებდა 53% და ახერხებდა გამარჯვებას. ამ კვლევით კი აშკარაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალია.

თუ «ენდიაის» კვლევებსაც გავითვალისწინებთ, ლეგიტიმურად ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ერთსა და იმავე პერიოდში ჩატარებული კვლევები ასე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან? ეს მხოლოდ ქართულმა სოციოლოგიამ იცის. «ქართული ოცნება» ცდილობს, თავისი კანდიდატი პირველივე ტურში გააძვრინოს, თორემ რა იქნება მეორე ტურში, ღმერთმა უწყის. მედიაში უკვე დაიწყო კომპრომატების და ძველი ამბების წამოწევა, ზოგი ბინძური და ზოგიც არაფრისმთქმელი. კომპრომატების სახის მქონე ინფორმაციებს, როგორც ჩანს, ყველა ჯგუფი ამზეურებს, თუმცა ზომიერების დაცვას მაინც ყველა ცდილობს. ვნახოთ, რა იქნება ფინიშზე, თუმცა განსაკუთრებულ ლაფის დასხმას არ ველოდები. ერთი, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს, ყველაზე დიდი ნადირობა ნინო ბურჯანაძეზე მიმდინარეობს, როგორც «ნაცების», ასევე «ოცნების» მხრიდან (სალომე ზურაბიშვილიც კი ბურჯანაძეს აბრალებს, საპრეზიდენტო არჩევნებში რომ არ დაარეგისტრირეს).

ბომბები არის ტელევიზიებშიო, _ სხვადასხვა ასაკის ხალხი რეკავს 112-ში. იმის გარდა, რომ ყველა ეს მოქალაქე ყურის აწევის ღირსია, ამავე დროს ჩეხოვს დავესესხები და გაგახსენებთ, თუ თოფი დიდხანს კიდია კედელზე, ოდესღაც ისიც გაისვრის. ფრთხილად ვიყოთ! ბომბებთან ნუ ვთამაშობთ!

შეუძლებელი იყო, არ გამოვხმაურებოდით ყველაზე აქტიურ «ფეისბუქ თემას» _ ქოლგებს, რომლებიც გადიდკაცებულთა თავებზე ამაყად წამოჭიმულა. შევახსენებ მათ, რომ შემთხვევით თუ რაღაც სხვა მანქანებით დეპუტატად ან სულაც, პრეზიდენტად არჩევა არ ნიშნავს მეფესთან ან მთავართან გათანაბრებას. ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს და მექოლგეების შტატებით არ სცადონ დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა ქვეყანაში, თორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება თუ არა, ეგ შეიძლება საკამათო გახდეს, მაგრამ, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ბევრი  გადიდკაცებული და გაზულუქებული მისთვის საყვარელ დეპუტატის სკამს რომ ვეღარ იხილავს,  ეს ორჯერ ორივითაა.

შალვა ალავიძე,

პოლიტიკური მარკეტოლოგი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here