Home რუბრიკები საზოგადოება როდემდე უნდა გაგრძელდეს მთავრობის უსინდისო, ცინიკური და არაჰუმანური დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ?

როდემდე უნდა გაგრძელდეს მთავრობის უსინდისო, ცინიკური და არაჰუმანური დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ?

688

სხვაგვარად ვერ დავასათაურებდით ამ წერილს, რადგან ასაკოვანი და ავადმყოფი ვეტერანების ჯანმრთელობის მიმართ საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლო, უგულო და არაჰუმანური დამოკიდებულება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჰოსპიტალში ავადმყოფებისთვის არსებულ პირობებს ოდნავადაც არ ვაზვიადებ და არც ემოციები მალაპარაკებს, მაგრამ ქვემოთ აღნიშნულის ობიექტურობაში ან ნამდვილობაში ეჭვი რომ არავის შეეპაროს, მთავრობის ან პარლამენტის წარმომადგენლებს ვურჩევ, ერთხელ მაინც შეიარონ . თბილისში, იამანიძის . #3-ში მდებარე ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში და საკუთარი თვალით დარწმუნდებიან აღნიშნულის რეალობაში.

 

დიდი სამამულო ომის დამთავრებიდან 68 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში მთავრობა რამდენიმეჯერ შეიცვალა, ყველა მათგანი პირობას იძლეოდა საავადმყოფოსთვის ახალი შენობის აგებაზე ან შესაფერისი შენობის გამონახვაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაპირება სულ ტყუილი აღმოჩნდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიცრუის რეკორდი დაამყარა. მისი დაპირებიდან, რომ ქვეყანაში 100 საავადმყოფოს ააშენებდა, ომის ვეტერანებისთვის ერთიც არ იყო გათვალისწინებული. ამ ორი წლის წინ ვეტერანები კვლავ თავხედურად მოგვატყუეს. 2011 წელს მაშინდელმა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ა. ურუშაძემ ქ. თბილისის ომის ვეტერანთა კავშირიდან რამდენიმე ვეტერანთან და არსებული საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ გ. მაცაბერიძესთან ერთად წაგვიყვანა დიღმის მასივში ვეტერანთა საავადმყოფოსთვის აშენებული შენობის დასათვალიერებლად. მართლაც რომ კარგი შენობა იყო, საავადმყოფოს მოთხოვნილების შესაბამისად თანამედროვე დონეზე აშენებული. შენობა დამთავრებული იყო, მხოლოდ სამედიცინო აპარატურის შეტანა აკლდა. მინისტრი დაგვპირდა, რომ საავადმყოფო 2012 წლის 1 იანვრისთვის დამთავრდებოდა, ხოლო მისი გახსნა 2012 წლის გაზაფხულზე იყო გათვალისწინებული, რომელზედაც ურუშაძემ წინასწარ ჩვენც მიგვიწვია, მაგრამ ვაი, რომ ესეც მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. როგორც გავიგეთ, ის შენობაც გაუყიდიათ. სააკაშვილი ხომ ყველაფერს ყიდის? ვეტერანთა ჰოსპიტალი კი ისევ ამორტიზებულ ძველ შენობაში დარჩა და კვლავ იქ აგრძელებს მუშაობას.

წელს მეორედ აღმოვჩნდი აღნიშნულ საავადმყოფოში გულის დაავადებით. საავადმყოფოში პირობები აბსოლუტურად შეუცვლელი დამხვდა. რომ არა საავადმყოფოს სამედიცინო და მომსახურე პერსონალის გულისხმიერი, ყურადღებიანი და თავისი მოვალეობისადმი მაღალი პროფესიონალური დამოკიდებულება, არათუ მკურნალობა, არამედ საერთოდ იქ ყოფნაც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ხმამაღლა ნათქვამი რომ არ გამომივიდეს, მოვიყვან ფაქტებს. რაც მთავარია, უპირველესად, უნდა აღინიშნოს ტუალეტის საშინელი მდგომარეობა, რომელიც წყლის ჩასარეცხის სიძველის გამო მოშლილია და ამ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც საბიჯგი ჯოხით ძლივს დალასლასებენ, დიდი ვედრით უხდებათ უნიტაზის ჩარეცხვა. ვინც ამას ვერ ახერხებს, მკითხველი ადვილად წარმოიდგენს, თუ რა მდგომარეობა იქნება იქ, ანტისანიტარიის თვალსაზრისით. უნიტაზებს დასაჯდომი რგოლი არ აქვს და ზოგიერთი ავადმყოფი სახლიდან მოტანილი რგოლით სარგებლობს, რომელსაც ცელოფანის პარკით თან დაატარებს. აქ ძირითადად ხანდაზმული ავადმყოფები მკურნალობენ და წარმოიდგინეთ, როგორი სანიტარული მდგომარეობა იქნება ავადმყოფის კუჭის აშლილობის შემთხვევაში. აქვე უნდა აღინიშნოს ყოვლად დაუჯერებელი ფაქტის შესახებაც, რომ ქალებიც და მამაკაცებიც ერთი და იმავე ტუალეტით სარგებლობენ; სადაც მხოლოდ ორადორი უნიტაზია, თანაც კარი ხეირიანად არ იხურება. იქვეა ორი ონკანი, სადაც პირის დაბანისა თუ სხვა საჭიროებისთვის ხშირად უხდებათ რიგში დგომა. ავადმყოფის საწოლები, ტახტები ძველი და ამორტიზებულია და ნორმალური დასვენებისთვის გამოუსადეგარი. იგივე შეიძლება ითქვას თეთრეულზეც _ მას სიძველის გამო ჭუჭყის ფერი ადევს, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ავადმყოფებს სახლიდან მოაქვთ. რაც შეეხება კვებას, ჩემს იქ ყოფნაში იქაური საჭმელი არ მიმიღია, მაგრამ ავადმყოფების გადმოცემით ვიცი, რომ არც თუ ისე კარგია. რაც შეეხება წამლებს, საავადმყოფოს მედიკამენტები, ძირითადად, აქვს, მაგრამ ზოგჯერ ავადმყოფებს მაინც უხდებათ ძვირადღირებული წამლების შეძენა.

ასეთ ანომალურ პირობებში უხდებათ მკურნალობა ბრძოლაგამოვლილ, დამსახურებულ ადამიანებს. ავადმყოფებსაც და ჰოსპიტლის თანამშრომლებს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი გადაწურული აქვთ.

ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება, ვიცოდეთ, თუ ვინ არიან ამ საავადმყოფოს პაციენტები _ ძირითადად, ისინი დიდი სამამულო ომგამოვლილი ვეტერანები არიან, რომელთა ასაკი 87-90 წელზე მეტია და რომელთა მხრებზე გადაიარა იმ საშინელი ომის ქარტეხილებმა. რუსეთის ტრამალებში, ყინვებსა და ქარბუქში გატარებულმა ბრძოლის წლებმა, ბუნებრივია, უარყოფითი გავლენა იქონია მათ ჯანმრთელობაზე, რომელმაც მოხუცებულობის წლებში იჩინა თავი. ეს ადამიანები ომისშემდგომ წლებში ასევე გმირულად შრომობდნენ ქვეყნის აღმშენებლობისთვის და ახლა მათ მკურნალობა და დასვენება სჭირდებათ. სამწუხაროდ, დიდი სამამულო ომის მონაწილეები არც ადრე იყვნენ განებივრებულები მთავრობის ყურადღებით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა უკმარისობის გრძნობით წავიდა ამ ქვეყნიდან.

სანამდე უნდა გაგრძელდეს მთავრობების ასეთი უსინდისო მოპყრობა სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანებისადმი? მიუხედავად ჰოსპიტალში ზემოაღნიშნული მდგომარეობისა, ჩემი მკურნალი ექიმის _ ინგა მეყანწიშვილისა და საერთოდ საავადმყოფოს მთელი კოლექტივის გულისხმიერი დამოკიდებულების შედეგად ჩემმა მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და სახლში გამოჯანმრთელებული დავბრუნდი. მე იქ ვერ ვნახე ავადმყოფი, რომელსაც უკმაყოფილება გამოეთქვას თავისი მკურნალი ექიმის მიმართ. დიდი მადლიერება  მინდა გამოვხატო ჰოსპიტლის გენერალური დირექტორის _ დ. მაცაბერიძისა და მისი მოადგილის _ ე. სანიკიძის, განყოფილების გამგის _ ტ. ნამორაძის, ექიმების _ ი. მეყანწიშვილის, დ. ბახტაძისა და ექთნების მიმართ, რომლებიც ასეთ არაორდინალურ პირობებში მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ ავადმყოფების განკურნებისთვის.

ბოლოს მინდა მივმართო ვეტერანთა საქმის დეპარტმენტს, საქართველოს მთავრობის წინაშე სრული სერიოზულობით დასვას საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში ომის ვეტერანებისთვის  ახალი საავადმყოფოს აშენებისა თუ მისთვის შესაბამისი შენობის გამონახვის შესახებ. ამ საქმის კიდევ დაყოვნება ყოვლად შეუძლებელია, ასაკის გამო ამ ადამიანებს ამქვეყნად ყოფნისთვის ხომ ისედაც   მცირე დრო დარჩათ?!

დასასრულს, ისიც მინდა შევნიშნო, რომ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, სადაც ომის მონაწილენი ყველაზე მიზერულ პენსიას იღებენ.

შოთა ბუაძე,

დიდი სამამულო

ომის მონაწილე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here