Home რუბრიკები საზოგადოება ქართველთა სიზმრები

ქართველთა სიზმრები

532

ცნობილია, როცა ადამიანის ორგანიზმი მიზეზთა გამო სუსტდება, მას მზარდი ტემპით ეძალება პათოლოგიური პროცესის გამომწვევი ნაირგვარი სპექტრის ფაქტორები. ძალიან ხშირად, თავად ადამიანზე ადრე, სწორედ პათოლოგიურ პროცესთა გამომწვევი ფაქტორები იღებს ინფორმაციას ორგანიზმის დამცავი ძალების დასუსტების შესახებ და იწყებენ საარსებო არეალის გაფართოებას, რაც დამანგრევლად მოქმედებს ორგანიზმზე. ჯეროვანი დახმარების გარეშე, ეს ფაქტორები (კიბო, სხვადასხვა ინფექციები და . .) ბოლოს უღებს ადამიანს.

 

ერის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ანალოგიურ კანონზომიერებას ექვემდებარება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ «ერის მოკვლა» უფრო ხანგრძლივ ზემოქმედებას მოითხოვს და უფრო შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

რა ფაქტორები ემუქრება ქართველ ერს გადაშენებით?

რა არის განსაკუთრებით ნიშანდობლივი დღეს?

პრეზიდენტობის პრეტენდენტები, როგორც წესი, თავიანთ გამოსვლებში რატომღაც გვერდს უვლიან ეროვნულ პრობლემებს. რატომ? ვერ ხედავენ, თუ არ უნდათ რომ დაინახონ?

პრობლემები _ უმუშევრობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სოციალური დახმარება, ინვესტიციები, რომელთა მოგვარებასაც პრეზიდენტობის კანდიდატების  უმრავლესობა, წინამორბედი მთავრობის მსგავსად, კვლავ (!) ჰპირდება მოსახლეობას, შეიძლება მოვისმინოთ ევროპის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მაძიებელთა ყველა პროგრამაში, ამდენად, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ სწორი გზით მივდივართ. მაგრამ სად მივდივართ ამ «სწორი გზით»?

საქართველოში ზოგჯერ შეიძლება მოვისმინოთ ასეთი მოსაზრება: გლობალიზაცია ობიექტური რეალობაა, საქართველო ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ, როგორც პატარა ერს, გარდუვალად გველის გადაშენება. ასეთ პირობებში ღირს კი ენერგიის ხარჯვა ეროვნულობის შესანარჩუნებლად? მით უმეტეს, რომ ზოგჯერ ასეთი აქტიურობა მატერიალურ კეთილდღეობას უპირისპირდება? მაგალითად, რატომ არ უნდა შემოვიღოთ ბათუმში ნარკოტიკების (ზოგიერთის) ლეგალიზაცია, თუ ეს უამრავ ტურისტს მოიზიდავს, ტურისტები დახარჯავენ ფულს, ფული გაგვამდიდრებს; ან, მოდი, აჭარა (აჭარით იწყებენ მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო) გადავაქციოთ თურქეთის საროსკიპოდ. დასაწყისში თუ საკუთარი მეძავეები არ გვეყოფა, ჩამოვიყვანოთ სხვა ქვეყნებიდანუცხოელების თვალში არამც და არამც არ დავუკარგოთ ქართველებს ტოლერანტული ერის სახელი, თუნდაც ამას მოჰყვეს ქვეყნის ტერიტორიების და საწარმოების ახლა უკვე ნებაყოფლობითი გადაცემა უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის. რა არის ამაში ცუდი? თუკი ეს მოიტანს ფულს? ვის მოუტანს?

ამ გზით მოპოვებული მატერიალური კეთილდღეობა რომ დროებითია და მოჩვენებითია, ამას მტკიცება არ ჭირდება. მოვიყვან მხოლოდ ერთ არგუმენტს:  უცხო ერის კოლონისტები სამუშაოდ თავისი მოდგმისა და რჯულის ხალხს იწვევენ (რაც სავსებით ბუნებრივია), ქართველებს კი ასაქმებენ მხოლოდ კონტრაქტის მოთხოვნის ან თანამოდგმელების არარსებობის გამო. დღეს ასეა. ხვალ? ხვალ ქართველები საქართველოში დაუპატიჟებელი სტუმრის სტატუსით ვიარსებებთ.

გლობალიზაციის ტენდენცია ობიექტური რეალობაა, ამიტომ საკუთარი იდენტურობის _ ქართველობის დაცვა ერთადერთი გამოსავალია, რათა ჩვენი შვილები საკუთარ სამშობლოში უახლოეს წლებში მათხოვრების როლში არ ვიხილოთ. მათხოვარი ამერიკელსაც, ევროპელსაც, რუსსაც, თურქსაც საკმად ბევრი ჰყავს თავის ქვეყანაში, ჩვენ ვის რაში დავჭირდებით?

რა ვაკეთოთ?

ამაზე პრეზიდენტობის კანდიდატებმა უნდა გაგვცენ პასუხი.

გელა ლეჟვა,

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here