Home რუბრიკები საზოგადოება ფსევდოოპოზიცია, როგორც წესი, გარედან ფინანსდება

ფსევდოოპოზიცია, როგორც წესი, გარედან ფინანსდება

587

უშიშროების გენერალმაიორი ანზორ მაისურაძე წლების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მუშაობდა. «საქართველო და მსოფლიომ» ამ  დღეებში სირიაში განვითარებული მოვლენების შესახებ რამდენიმე შეკითხვით, ბუნებრივია, რომ მას მიმართა.

 

_ თქვენი პოზიცია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგვიზიარეთ, თუ შეიძლება.

_ უკვე საეჭვო არ არის, რომ ეს იარაღი მართლაც გამოიყენეს (გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს), და ვინც გინდა იყოს ამის ჩამდენი, ეს დანაშაული კვალიფიცირდება, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ გალაშქრება.

_ ვინ აიღო თავზე ხელი, ვინ გამოიყენა მასობრივი განადგურების ეს საშუალება? რომელმა მხარემ _ ასადის რეჟიმმა თუ შეიარაღებულმა ოპოზიციამ? გაქვთ ვარიანტი?

_ მკითხველებს მოეხსენებათ, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობის აზრი ორად არის გაყოფილი. რუსეთი და ჩინეთი არ არიან დარწმუნებულნი, რომ ქიმიური იარაღი ასადმა გამოიყენა. დაბეჯითებით ამბობენ, რომ დანაშაული შეიარაღებულმა ოპოზიციამ ჩაიდინა.

აშშ და მისი პარტნიორები აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციაზე დგანან. დიდი პოლიტიკა ახლა ამ დისკუსიაშია ჩართული, მაგრამ ამასთანავე, თუ არ ვცდები, წლების განმავლობაში პირველად შეიმჩნევა მოწინააღმდეგეთა პოზიციების დაახლოებაც: რუსეთის წინადადებამ სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესების შესახებ მხარდაჭერა ჰპოვა. მაგრამ აქ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია შესათანხმებელი და გადასაწყვეტი, ამიტომ დავუტოვოთ პოლიტიკოსებს უფლება, ბოლომდე მიიყვანონ ეს რთული საქმე.

მე ჩემს კერძო აზრს მოგახსენებთ.

ისრაელის სახელმწიფოს, მოგეხსენებათ, გარს ერტყმის 18 არაბული ქვეყანა. ამათგან თელავივისთვის ყველაზე უფრო საშიში იყო ერაყი, სირია, ეგვიპტე და ლიბია. ამ ოთხიდან სამი ქვეყანა _ ერაყი, ლიბია და ეგვიპტე უკვე ისეა ძალაგამოცლილი მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად, რომ არანაირ საფრთხეს და საშიშროებას არ წარმოადგენენ ისრაელისთვის.

დარჩა ერთადერთი ქვეყანა _ სირია.

სირიის რეჟიმი (თუ ასე მოვიხსენიებთ), ყოველთვის იყო და დღესაც არის პირველი მტერი ისრაელის სახელმწიფოსი. ლოგიკური დასკვნა: დადგა დრო სირიის რეჟიმის დამხობისა ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მისი უშიშროების დასაცავად.

რა გაკეთდა ამ სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად? გაკეთდა ის, რომ ასადის წინააღმდეგ აამხედრეს ოპოზიცია _ დაიწყო და გრძელდება სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, რომლის გაღვივებას ხელს უწყობენ ისრაელის პარტნიორი ქვეყნები, კერძოდ, აშშ და ევროპის წამყვანი სახელმწიფოები.

_ კოალიცია, რომელიც ერაყშიც, ავღანეთშიც, ეგვიპტეშიც იბრძოდა.

_ დიახ. თუმცა აქვე დავაზუსტებ, რომ სირიის დაბომბვის წინააღმდეგ ინგლისი და გერმანია გამოვიდნენ. ერთიანი პოზიცია არ არსებობს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები ეჭვობენ და საფუძვლიანადაც, რომ პრეზიდენტი ასადი არ გამოიყენებდა ქიმიურ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს თვითმკვლელობას უდრიდა, ეს ერთი. მეორე _ ქიმიური იარაღი დაგმობილია და აკრძალულია მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. მისი გამოყენება ხელ-ფეხს გაუხსნიდა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს, დაეწყოთ ომი სირიის წინააღმდეგ. ეს კი გარდუვალი კრახი იქნებოდა რეჟიმისთვის.

ლოგიკურად _ ასადმა იცოდა ეს ყველაფერი და არ გამოიყენებდა ქიმიურ იარაღს. ხოლო ოპოზიცია, თუნდაც შეიარაღებული, ვერ გამოიყენებდა, რადგან მას ამ იარაღზე ხელი არ მიუწვდებოდა.

_ და მაინც ვიღაცამ გამოიყენა. ვინ?

_ ეს იარაღი, ჩემი აზრით, გამოიყენა იმ ძალამ, რომელიც სისხლხორცეულად და სხვებზე უფრო მეტადაა დაინტერესებული სირიის დასუსტებით, ასადის რეჟიმის დამხობით; ისე, რომ ვერასოდეს წამოდგეს ფეხზე და საბოლოოდ გაქრეს, როგორც ისრაელის მოწინააღმდეგე და მასთან დაპირისპირებული.

_ გაგვიშიფრავთ?

_ დიახ. ეს გააკეთა ან ამერიკის, ან საფრანგეთის, ან ისრაელის დაზვერვამ. ამას დაზვერვის ენაზე აქტიურ ღონისძიებას ვეძახით. ასე ვფიქრობ მე.

_ ესე იგი, ეს იყო კარგად გათვლილი პროვოკაციული ოპერაცია, რომელსაც უკიდურესად უნდა დაეძაბა მდგომარეობა თვით სირიაში ასადის წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, გზა გაეხსნა უცხოური ინტერვენციისთვის?

_ გიკვირთ? ცოტაა ამის მაგალითი უახლოეს წარსულში? არ ჩამოვთვლი, რადგან ყველანი ამის მომსწრენი ვართ, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ოპოზიცია ყველა ქვეყანაშია. იმ სახელმწიფოებში, რომლებიც აშშ-ის ინტერესის სფეროშია მოქცეული, ოპოზიცია გარედან ფინანსდება. კარგად გამოკვებილი ოპოზიცია დაუნდობელი ხდება ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, როგორც ამბობენ, რომის პაპზე უფრო კათოლიკე, და ყველა უკიდურესობაზეა წამსვლელი, მათ შორის, სამოქალაქო ომზეც. ასე მოხდა სირიაშიც. ეს არც პირველი შემთხვევაა, არც გამონაკლისი.

_ არ იტყვით, ვინ დააფინანსა სირიის ოპოზიცია?

_ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისრაელმა და საფრანგეთმა. სხვა ვინ უნდა იყოს?! დიდ ფულს ხარჯავს საუდის არაბეთი.

_ სხვა კუთხით შევხედოთ: ქიმიური იარაღის გამოყენების კუთხით, პროვოცირება, რომელიც, მეჩვენება, ბოლომდე არ გაშიფრეთ, როგორც ჩანს, როგორც მეთოდი, იყო და რჩება სპეცსამსახურების არსენალში.

_ როგორც წესი, არის. მარტივ მაგალითზე აგიხსნით. ვთქვთ, მიმდინარეობს ომი ორ სახელმწიფოს შორის და ჩვენ, მზვერავ-დივერსანტთა ათკაციან რაზმს, გვიბრძანეს ხიდის აფეთქება, რომელიც მოწინააღმდეგის კომუნიკაციურ სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

გავიდა ჩვენი ჯგუფი მტრის ზურგში დავალების შესასრულებლად და მოულოდნელად გადავეყარეთ ადგილობრივი მოსახლეობის მასას, რომელიც რაოდენობრივად ჩვენზე ათჯერ მეტია. რა უნდა ვქნათ?

_ უნდა ხელები ავწიოთ და ჩავბარდეთ.

_ არა. მზვერავთა სკოლაში ჩვენ გვასწავლეს, რომ ეს უიარაღო ადამიანები ცხვრებივით წინ უნდა გავიგდოთ, დავაყენოთ ხიდზე და ავაფეთქოთ, ცოცხალი, ანუ ამბის მიმტანი რომ არავინ დარჩეს. მაგრამ ოპერაცია ისე უნდა ჩავატაროთ, ისეთი კვალი უნდა დავტოვოთ, ეჭვი რომ არავის  შეეპაროს, _ ეს კაცთმოძულე აქტი თავად მოწინააღმდეგის (ვის ზურგშიც ვიმყოფებით) მოწყობილია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

როგორც წესი, სპეცსამსახურები ასეც აკეთებენ.

_ გავიგე, საითაც მიგყავთ საუბარი, მაგრამ, მე მგონი, პროფესიონალიზმის იმ დონის შემსრულებლები ჰყავს დღეს სპეცსამსახურებს, რომ ვერავინ დაუმტკიცებს იმავე ისრაელს _ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პროვოკაციის ორგანიზებას სირიაში.

_ ძნელი დასამტკიცებელია, მაგრამ ეს ერთუცნობიან განტოლებასავითაა. არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც «მოსადის» მოწყობილია. არიან სხვებიც. მაგრამ შეიძლება, ისრაელის სპეცსამსახურის გაკეთებული იყოს.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება. ამის წინაპირობები უკვე გამოჩნდა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here