Home რუბრიკები პოლიტიკა ირინა სარიშვილი: არჩევნების შემდეგ ივანიშვილი საქართველოს დატოვებს

ირინა სარიშვილი: არჩევნების შემდეგ ივანიშვილი საქართველოს დატოვებს

709

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხელისუფლების მიერ არჩეულ საგარეოპოლიტიკურ კურსსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პარტია «იმედის» თავმჯდომარე ირინა სარიშვილი.

_ ქალბატონო ირინა, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 1 ოქტომბრამდე გვპირდებოდა, რომ ქვეყანაში ისეთ დემოკრატიას ააშენებდა, თვით ბებერ ევროპასაც კი შეშურდებოდა. არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ერთი თვე დარჩა და გარკვეული დასკვნების გამოტანა, ალბათ, უკვე შეიძლება. თქვენი აზრით, დღევანდელი ვითარება რამდენად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება?

 

_ საერთოდ, პრემიერმინისტრის სიტყვები არ გვაძლევს არაფრის დაჯერების საფუძველს, იმიტომ, რომ არც ერთი დანაპირები, რომლებიც მისგან და მისი არც თუ ისე ყველასთვის მოსაწონი გუნდისგან მოვისმინეთ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, შესრულებული არაა. ეს დაპირებები დარჩა დაპირებებად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი; თუმცა სააკაშვილი პრეზიდენტი ისედაც ვერ იქნებოდა, თვითონ ივანიშვილსაც რომ დაეჭირა მხარი. რაც შეეხება დანარჩენს, ერთადერთი, რაც შესრულდა, ისაა, რომ კოალიცია «ქართული ოცნება» გავიდა პირველ ადგილზე. კი, ბატონო, ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ შესრულებას იმწამსვე მინუსი მოჰყვა _ 25 პროცენტი, ფაქტობრივად, საჩუქრად გადასცეს ამჯერად უკვე 40-პროცენტიან «ნაციონალურ მოძრაობას» პარლამენტში, ანუ მე რისი თქმა მინდა: რეალურად რაში მდგომარეობს «ქართული ოცნების» გამარჯვება, გაუგებარია, ვინაიდან საგარეო პოლიტიკით დაწყებული, დამთავრებული საშინაოთი, აბსოლუტურად იმავე პრინციპებით გრძელდება ქვეყნის მართვა.

_ თერთმეტი თვის ვადაში შეიძლებოდა ამაზე მეტის გაკეთება?

_ გასაგებია, რომ სოციალური პრობლემების მოგვარება  ასე მარტივად შეუძლებელია, მაგრამ ის, რომ კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა და ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს, უკუსვლაა.

_ ხელისუფლება გვპირდება, რომ წინსვლას ოთხი წლის შემდეგ ვიგრძნობთ.

_ თავის დროზე იმავეს გვეუბნებოდნენ «ნაცებიც». სხვათა შორის, ისინი არსად წასულან, მიდის მარტო მიშა და ციხეშია მარტო ვანო მერაბიშვილი. ყველა დანარჩენი კრიმინალი, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება უწოდებდა დამნაშავეს, ახლა კოაბიტაციაში არიან «ოცნებასთან». ისე, სიმართლე გითხრათ, ეს საერთოდ არ მიკვირს, იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ რესპუბლიკელებს, რომლებიც თავიანთი იდეოლოგიით ტყუპისცალივით ჰგვანან «ნაციონალებს». არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ მათ შორის განხეთქილება არა იდეოლოგიის ან რაიმე პრინციპების შეუთავსებლობის საფუძველზე, არამედ თანამდებობებზე შეუთანხმებლობის გამო მოხდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მივიღეთ ის, რომ ხალხის მთავარი დაკვეთის _ სოციალური პირობების გაუმჯობესების პერსპექტივაც არ ჩანს.

_ რამდენიმე დღის წინ სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არჩევნებში მარგველაშვილის მხარდაჭერა ჩემს მხარდაჭერას ნიშნავსო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის საკუთარი რეიტინგის გადალოცვას ცდილობს «ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატისთვის.

_ ვერ დაგეთანხმებით, ის ამას არ ცდილობს. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ამპარტავანი ადამიანია. წესით, «ოცნების» კანდიდატს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ასეთი განცხადების შემდეგ კენჭი არც უნდა იყაროს; რეალურად ივანიშვილი აცხადებს: მარგველაშვილს, რომელიც შეიძლება არაფერს წარმოადგენს და სიცარიელეა, მარტო იმიტომ უნდა მისცეთ ხმა, რომ მე ვუჭერ მას მხარსო. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა და სხვათა შორის ის ძალიან ადვილად აყენებს ხოლმე ადამიანებს შეურაცხყოფას. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მისი ფინანსური მდგომარეობა თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, მისთვის ძალიან იოლია ვინმეს დამცირება.

_ ივანიშვილმა ისიც განაცხადა, ხელისუფლებაში საზოგადოების საუკეთესო ნაწილს ვტოვებო.

_ მის განცხადებებს მე უკვე სერიოზულად აღარ აღვიქვამ მარტივი მიზეზის გამო: ბევრჯერ თქვა მან რაღაც, შემდეგ ნახევარ საათში გამოვიდა მისი «კორექტორი», შეთავსებით, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და განაცხადა, რომ პრემიერს ასე კი არ უთქვამს, ასე თქვაო. თავიდან მეგონა, ეს ჩვეულებრივი ენობრივი პრობლემა იყო, მაგრამ დღემდე ვერ დავადგინე, რომელ ენაზე არ აქვს ამ ადამიანს მსგავსი პრობლემა.

_ რატომ მოსდის მას ასეთი შეცდომები, როგორ ფიქრობთ?

_ ის ან არ უკვირდება, რას ამბობს, ან საერთოდ არ აინტერესებს. ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და დარჩება ბიზნესმენად, რომლისთვისაც საქართველო არის კორპორაცია; სწორედ ამის გამო რა დღეშია დღეს ბიზნესი? ყველა ვხედავთ, ერთადერთი ინვესტორი ქვეყანა, რომელიც აქ დაშვებულია და ისიც ამერიკის დიდი ზეწოლით, თურქეთია. სხვა დანარჩენები სად არიან? ვიმეორებ: თურქმა ინვესტორებმა, პირდაპირი გაგებით, წალეკეს აჭარა. მომავალში, ალბათ, სხვა რეგიონებშიც გამოჩნდებიან.

_ რაც შეეხება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას, დღემდე გვესმის, რომ ჩვენთვის ნატოს კარი ღიაა. როგორ ფიქრობთ, დღესდღეობით რეალურად რა შანსები გვაქვს?

_ შანსებზე ლაპარაკი ნამდვილად ზედმეტია, მაგრამ აგერ რა განცხადებებს აკეთებს თავდაცვის მინისტრი: 2014 წელს ქართული ჯარი, უკვე სავალდებულო წესით იქნება ჩართული ამერიკისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ოპერატიულ ღონისძიებებშიო. ეს რასაც ნიშნავს, ყველამ მშვენივრად ვიცით, ისევე, როგორც ყველამ ვიცით, რას ეწოდება ე.წ. სამშვიდობო ოპერაციები, რომლებსაც შეერთებული შტატები აწარმოებს ავღანეთსა თუ ერაყში.

_ ახლა სირიაშიც მზადდება გარკვეული ღონისძიება.

_ აქ, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო როლი უნდა ერგოს საქართველოს თავის ისტორიაში, რომ ქრისტიანების გაჟუჟვაში დაეხმაროს ამერიკას. ლაპარაკია ადამიანებზე, რომლებიც საუბრობენ არამეულ ენაზე და ისინი არიან უძველესი ქრისტიანები. სხვათა შორის იქ სულ ერთი დასახლება აქვთ მათ და მე კადრები მაქვს ნანახი, რომლებშიც მუსლიმანები, ამერიკელების დახმარებით, 10-12 წლის ბავშვებს ხერხითა და ცულით აჭრიან თავებს. აი, ამაში უნდა მივიღოთ ჩვენ მონაწილეობა, რომ მერე, თუ რამე გაგვიჭირდება ვიღაცამ შეშფოთება გამოხატოს. ამაზე დიდი სამარცხვინო ლაქა ჩვენს ქვეყანას თავისი  არსებობის მანძილზე არ ჰქონია.

_ არჩევნების შემდგომი პროცესები როგორ წარმოგიდგენიათ? ბევრი ფიქრობს, რომ კოალიცია დაიშლება.

_ როდესაც მარგველაშვილი გაიმარჯვებს და, დიდი ალბათობით, ეს ასე მოხდება მეორე ტურის გარეშე, იმიტომ, რომ ივანიშვილი აქამდე არ მიიყვანს საქმეს, კოაბიტაცია უკვე «გაპრავებული» იქნება და სულ სხვა რეალობას მივიღებთ. კოალიცია «ქართული ოცნება» დღესვე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აღარ არსებობს, მაგრამ შემდეგ ის ფორმალურადაც დაიშლება, შედეგად ჩამოყალიბდება არა ერთგუნდიანი კოალიცია, არამედ კლასიკური ტიპისა, რომელშიც იქნება ორი «მოწინააღმდეგის» _ რესპუბლიკელებისა და ნაციონალების ტანდემი.

_ რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს, თითქმის ყველა მათგანის ერთერთი მთავარი ორიენტირია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ ეს?

_ სანამდე მიგვიყვანა ამ გიგანტ სახელმწიფოსთან დაპირისპირებამ, ყველა ვხედავთ. მე იმის თქმა არ მინდა, რომ პიროვნებები წყვეტენ რამეს, არა, აქ მთლიანად პოლიტიკაა შესაცვლელი და გადასახედი.

_ ხედავთ დღეს ამის წინაპირობებს?

_ როცა ვსაუბრობ ცვლილებაზე, აქ იგულისხმება საგარეოპოლიტიკური კურსის ქირურგიული სისწრაფით შეცვლა, ანუ რადიკალურად. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არ მოსულა დღეს ის ხელისუფლება, რომელიც ამას აპირებს..

_ ესე იგი ამ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკის ძირეულ ცვლას არ უნდა ველოდოთ?

_ ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, ისევე, როგორც, თუ არ იქნება ქუჩიდან ძალიან ძლიერი ზეწოლა ხელისუფლებაზე, არ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თავისით ესენი ამას არ იზამენ, იმიტომ, რომ დღევანდელ უმრავლესობაში მყოფთაგან ბევრი სიზმარშიც ვერ ნახავდა იმ სავარძელს, რომ არა ივანიშვილის ლოკომოტივი.

_ ქუჩის აქციებს ორგანიზება სჭირდება. ვინ არის დღეს ქართულ პოლიტიკაში ამის გამკეთებელი?

_ მე საერთოდ ვთქვი ის, რაც საჭიროა, ხოლო რამდენად მოხერხდება ამის გაკეთება, უკვე სხვა თემაა. ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული ვარ: ეს რომ არ მოხდეს, ამაზე «ნაცები» და «ქოცები» ერთად იზრუნებენ. მათი ინტერესები იკვეთება; იმიტომ, რომ ისინი დღეს ერთმანეთის არსებობას განაპირობებენ. მე, სხვათა შორის, ძალიან მაფიქრებს ბოლო დროს გახშირებული ცრუ ზარები სხვადასხვა დაწესებულებაში ბომბის არსებობასთან დაკავშირებით. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ აქ ვხედავ «ნაციონალ» ორგანიზატორებს. ამაზე შეგვიძლია უფრო ვრცლადაც ვისაუბროთ, მაგრამ ზარების საწინააღმდეგო არც «ქოცებს» არ აქვთ არაფერი. ეს ცალსახაა და ნათლად ჩანს, რომ ეს ორი პოლიტიკური სუბიექტი უკვე, ფაქტობრივად, შეთანხმებულ თამაშს თამაშობს.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ცრუ ზარები?

_ მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას არეულობის პრეცენდენტი და გაჩნდეს უზარმაზარი შიში, რათა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხალხთან ქუჩაში არ გამოვიდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდეც კი, ანუ ბიძინა ივანიშვილის აქ ყოფნის დროს, ან თუნდაც წასვლის დღეებში აქ პატარა სცენარი გათამაშდეს რაღაც დესტაბილზაციის. ამისთვის კი საჭიროა, გამოჩნდეს რაიმე ორგანიზაცია, რომელიც ვითომ ვიღაცას იარაღით დაუპირისპირდება და მერე ისეთი ძალით მოხდება ამის ჩახშობა «ნაცებისა» და «ქოცების» ერთობლივი მოქმედებით, რომ არავის გაუჩნდება გარეთ გახედვის სურვილი. ჩვენ ამის მწარე გამოცდილება გვაქვს და ამის სერიოზულად მეშინია.

_ ბოლოს ისევ არჩევნებზე გკითხავთ: მოგეხსენებათ, ორმოცდაათზე მეტი კანდიდატია დარეგისტრირებული და, თქვენი აზრით, ეს როგორ იმოქმედებს საბოლოო შედეგებზე?

_ ეს კანდიდატების სიმრავლეც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების მიმართ. ფაქტობრივად, არც ერთი სია არ მოწმდება. ასე რომ არ იყოს, იქ იმდენი გიჟია, თქვენ გჯერათ, რომ მათ მართლა მოაგროვეს 26 ათასი ხელმოწერა?! პირდაპირ ვამბობ, ეს იქნება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი არჩევნები, რომელიც კი ჩატარებულა საქართველოში. თვითონ ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, ის, ალბათ, დატოვებს არა მხოლოდ პოლიტიკას, საქართველოსაც, ვინაიდან ეს ადამიანი ახლა მავრის როლშია, რომელმაც საქმე გააკეთა და თავის გზით უნდა წავიდეს. რაც მთავარია, მან შეასრულა ამოცანა _ ამერიკელებს არ ჩაუყარა მილიონები წყალში და მოახდინა «ნაცმოძრაობის» რეინკარნაცია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. სამწუხაროდ, აბსოლუტური სიმართლეა და ეს თავიდანვე ნათლად ჩანდა. ძალიან მიკვირს ზოგიერთი ანალიტიკოსის, როდესაც ამბობენ რომ იმედი გაუცრუვდათ. ყველაფერი ხომ ცხადზე ცხადი იყო თავიდანვე?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here