Home რუბრიკები საზოგადოება გია კორკოტაშვილი: ნორლანდმა რომ თქვას, ჩინგიზ ყაენი დასვით ეთერშიო, მივიყვანოთ ტელევიზიაში?!

გია კორკოტაშვილი: ნორლანდმა რომ თქვას, ჩინგიზ ყაენი დასვით ეთერშიო, მივიყვანოთ ტელევიზიაში?!

1808

გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება გადაცემა «კორკოტას დილის» წამყვანი გია კორკოტაშვილი.

_ ბატონო გია, ამ დღეებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განვითარებულმა პროცესებმა და ვნებათაღელვამ წინასაარჩევნო ბატალიებიც კი ნაწილობრივ გადაფარა. გასულ კვირას ორი აქცია გაიმართა ტელევიზიის შენობასთან და ორივე მცირე ინციდენტით დასრულდა. იქნებ კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, კონკრეტულად რა არის თქვენთვის მაუწყებლის მოქმედი ბორდის მუშაობაში მიუღებელი?

 

_ ჩვენ, «სამოქალაქო სოლიდარობის» წარმომადგენლები, 18 სექტემბერს შევხვდით ბორდის თავმჯდომარეს _ ემზარ გოგუაძეს და ტელევიზიის დირექტორს, ბატონ თამაზ ტყემალაძეს. უბრალოდ, ვიკითხეთ, _ რა ხდებოდა ტელევიზიაში, რა პროცესები მიდიოდა და მათ აგვიხსნეს. სხვათა შორის, ზუსტად იმ დღეს დაიწერა ტყემალაძის ბრძანება ძველი სატელევიზიო ბადის გაუქმებასთან დაკავშირებით და ამით, მოგეხსენებათ, ადრინდელი თოქშოუები მოიხსნა ეთერიდან. მერე იქ კონკრეტულად რა, როგორ გადაწყვიტეს, მე არ ვიცი, მაგრამ ამ ბადის გაუქმებაში მოჰყვა კვესიტაძისა და პაიჭაძის გადაცემებიც. ეს ფაქტი ყველამ იცის, მე შემდგომ მოვლენებზე გიამბობთ. მერე მოხდა ისე, რომ კვესიტაძემაც და პაიჭაძემაც თავი, პრაქტიკულად, პოლიტიკურ დევნილებად გამოაცხადეს, ჩაატარეს პრესკონფერენცია და საზოგადოებას ამცნეს, რომ თურმე მათ ვიღაც ავიწროებს. ახლა რა შეიძლება ამას დავარქვათ: ორი ჟურნალისტი, როგორც თვითონ უწოდებენ საკუთარ თავს, ამბობს, გვდევნიანო, როცა ცხრა წლის მანძილზე სააკაშვილის ზონდერჯალათები თავპირს გვალეწავდნენ და ხმის ამოღებას არ გვაცლიდნენ, თურმე დემოკრატია ყოფილაკარგით რა, თქვე კაი დედმამის შვილებო, პირი გამოირეცხეთ და ისე ილაპარაკეთ!

_ ფაქტია, რომ კვესიტაძეც და პაიჭაძეც ამ ეტაპზე პროფესიულ საქმიანობაში გარკვეულწილად შეიზღუდნენ.

_ ეს საზოგადოებრივი მაუწყებელია და ხალხი წყვეტს, ვინ იქნება იქ, ვინ _ არა. თქვენ გადაიხდით ფულს იმაში, რაც არ გინდათ და არ გჭირდებათ?! ასეა აქაც, ვინც მიუღებელია მაყურებლისთვის, ის არ უნდა იჯდეს მოსახლეობის ფულით დაფინანსებული ტელევიზიის ეთერში.

_ რა იცით, რომ საზოგადოება ამ გადაცემების დახურვის მომხრეა? მსგავსი მოთხოვნით არც ერთი აქცია არ ჩატარებულა.

_ აქცია რად უნდა ამას, მაინცდამაინც ქუჩაში უნდა გამოვსულიყავით, რომ ამ ორი ადამიანის მიმართ ანტიპათია გამოგვეხატა? არ უნდა მჯდარიყვნენ ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და მორჩა! ეს ხალხის სურვილი იყო; თუმცა, ამის მიუხედავად, კვესიტაძესაც და პაიჭაძესაც მომავალი თოქშოუების ბადეში შეეძლოთ მონაწილეობის მიღება, პოლიტიკური გადაცემების გარდა.

_ და პოლიტიკურ გადაცემებში რატომ დაბლოკეს ისინი?

_ ამას დაბლოკვა არ ჰქვია, ამას ჰქვია არხის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება. ანდა გაუგებარი რა არის აქ?! ყველა ტელევიზიაში ეთერს უთმობენ რეიტინგულ ჟურნალისტებს, რომელთა მიმართაც ხალხი სიმპათიითაა განწყობილი; კვესიტაძე და პაიჭაძე კი არ იყვნენ ასეთები და ვერც გახდებოდნენ, ისინი იყვნენ ოდიოზური ფიგურები.

_ იყო საუბარი არხის დირექტორის შესაძლო შეცვლაზეც. ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გქონდათ?

_ ძალიან ბევრ რამეს მოვკარი ყური, განსაკუთრებით 18 სექტემბრის შემდეგ დაიწყო მითქმა-მოთქმა ამაზე. ერთ-ერთი ვერსიით, ტყემალაძეს გადაყენებას უპირებდნენ და მის ადგილას კოკო გამსახურდია უნდა დანიშნულიყო. არ ვიცი, ეს რამდენად ზუსტი ინფორმაციაა, მაგრამ ფაქტია, ასეთი რამ ითქვა…

_ როგორ ფიქრობთ, გამსახურდიას დანიშვნით ვინ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული?

_ თუ მისი კანდიდატურა რეალურად განიხილებოდა, ესე იგი ვიღაცას უნდოდა. რატომ, რისთვის, ამას მე ვერ გეტყვით და ვერც იმაზე გიპასუხებთ, რა კრიტერიუმებით შეიძლებოდა მისი არჩევა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: დღევანდელი ბორდი არის თავიდან ბოლომდე დაკომპლექტებული «ნაციონალების» დროს და იქ ვინ ვის ან რას ემსახურება, კაცმა არ იცის. ახლა რომ გითხრათ, ყველას ვენდობი-მეთქი, არ ვიქნები გულწრფელი…

_ თქვენ ბორდის სხდომაზე დასწრებას ითხოვდით, მაგრამ არ მოგცეს ამის უფლება. რისთვის გჭირდებოდათ ეს?

_ გითხარით და კიდევ ვიმეორებ: ეს ბორდი «ნაციონალების» დროს დაკომპლექტდა, ამიტომ არ ვენდობი მას. გარდა ამისა, გვქონდა უეჭველი ინფორმაცია, რომ ტყემალაძის გადაყენებას აპირებდნენ…

_ კი მაგრამ, ბორდი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი და თავისუფალი უნდა იყოს. თქვენი იქ ყოფნა ვინმეს, შესაძლოა, გარკვეულ ზეწოლად აღექვა.

_ ჩვენ არ ვართ არც ხელისუფლების და არც რომელიმე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჩვენ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები ვართ. ბორდს რაც შეეხება, მიგვაჩნია, რომ ის სწორედ საზოგადოებამ უნდა მართოს და არც «ნაციონალების» ბანდამ. რა არის ცუდი და მიუღებელი იმაში, თუ ხალხი მოითხოვს მისი ჯიბიდან დაფინანსებული ტელევიზიის კონტროლს?!

_ როგორც ვიცი, პაიჭაძესა და კვესიტაძეს კონტრაქტი 1 დეკემბრამდე ჰქონდათ. რატომ შეუწყვიტეს ვადაზე ადრე, როგორ ფიქრობთ?

_ არხის დირექტორს აქვს უფლება, მენეჯმენტი თვითონ განსაზღვროს, მოხსნას მთლიანად ძველი ბადე და შეადგინოს ახალი. ამ შემთხვევაში აქ უკანონოდ არაფერი მომხდარა, ყველა გადაწყვეტილება სრულიად სამართლიანად იქნა მიღებული.

_ ეს ერთი, რაც წესდებითაა განსაზღვრული, მაგრამ საინტერესოა, რა კრიტერიუმებით იქნა პაიჭაძისა და კვესიტაძის გადაცემების გაუქმების გადაწყვეტილება მიღებული?

_ იქ გაკეთდა ასეთი განცხადება: მათი ტონი არ შეეფერებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელსო. მეტსაც გეტყვით, ქალბატონი კვესიტაძე და ბატონი პაიჭაძე საერთოდ მიუღებელნი არიან ტელეეთერისთვის. მთელი მათი ცოდნა და გამოცდილება ემსახურებოდა «ნაცმოძრაობას», სააკაშვილ-მერაბიშვილის იდეოლოგიას და მათ გათეთრებას. აი, ამიტომ ვერ მიიღო ისინი ხალხმა და, როცა ხალხს არ უნდიხარ, მის სამსახურში ვერ იქნები. ახლა უნდა გაიგონ ამ ადამიანებმა, რომ დამთავრდა ის დრო, ის შავ-ბნელი ეპოქა…

_ წინა კვირას (20 სექტემბერს) გამართულ აქციაზე დავით პაიჭაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

_ ჩვენს საზოგადოებას კულტურა და თავშეკავება არ ესწავლება, ზოგიერთ ქვეყანაში ასეთ ოდიოზურ ფიგურებს პირდაპირ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. მე იმას არ ვამბობ, რომ აქაც ასე უნდა ხდებოდეს, მაგრამ ეს ორი ადამიანი, პაიჭაძე და კვესიტაძე, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დაეზაფრათ საზოგადოება; ასე მოწამლულები და მოშხამულები ვიყავით წლების მანძილზე, ახლა რატომ გიკვირთ, რომ აგრესიულია ხალხი?!

_ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აქტიურად ადევნებდნენ თვალყურს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ამერიკის ელჩმა რამდენიმე მინიშნება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე პროცესები, შესაძლოა, არხზე გარკვეულ ზეწოლად აღიქმებოდეს.

_ ჩემო კარგო, გამოვიდეთ ამ რაღაც უაზრო დილემიდან, ამ მეშჩანური მომენტიდან… ვიცი, რომ მაგათ ქვეშ ვართ, მაგრამ შენც სულ მთლად ხომ არ დაუწვები?! ჩვენ ელემენტარულად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ აქ იმართებოდეს ეს ქვეყანა და მუდმივად არ ვიყოთ საცდელი ცხოველების მდგომარეობაში. მე თუ მკითხავთ, ამაზე დიდი მიზანი და ამოცანა, მოცემულ ეტაპზე, ქართველ ხალხს არ აქვს. ესაა, პირველ რიგში, მისაღწევი და მერე ილაპარაკე რაზეც გინდა _ თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე თუ სუვერენიტეტზე…

_ გასაგებია, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების აზრი ხომ მნიშვნელოვანია?

_ აზრის გათვალისწინებაზე არაა აქ ლაპარაკი, ჩვენ ახლა ერის ღირსებაზე ვსაუბრობთ. საქართველოში კი როგორც მიდის დღესდღეობით მსჯელობა, ყველა ვხედავთ _ ნორლანდმა რა თქვა, ნეტავ? მერე ამის მიხედვით ეწყობა ყველაფერი. ვართ ამ გაურკვევლობაში. იცით რა, ნორლანდს ღმერთმა მშვიდობა მისცეს, მაგრამ ის არის ამერიკის ელჩი დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ყველა დაეტიოს თავის ადგილზე და ყველამ იცოდეს, რის უფლება აქვს, რის _ არა…

_ დღევანდელი ხელისუფლებაც, ისევე, როგორც წინა, თვლის, რომ ამერიკა საქართველოს ნომერ პირველი მეგობარია.

_ მეგობარი რაც მეტი გეყოლება, მით უკეთესი, ყველასთან უნდა ილაპარაკო და ითანამშრომლო, მაგრამ მთავარია, რის ხარჯზე აკეთებ ამას. თუ შენ ხმას ვერ იღებ და, ფაქტობრივად, მითითებების უსიტყვოდ შემსრულებელი ხარ, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?! მაშინ ჩაგვიდგან ჩიპები, გადაგვკიდონ ხელზე თეთრეული და მომსახურე პერსონალად ვიქცევით მთელი საქართველო. სხვა, აბა, ვის რა უფლება აქვს, ასე უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში?! მით უფრო არ მესმის, რატომ უნდა ვკითხო ნორლანდს, ეკა კვესიტაძე გადადგეს თუ არა და საზოგადოებას უფლება აქვს თუ არა, საკუთარი ჯიბიდან დაფინანსებული ტელევიზია აკონტროლოს.

_ დავით პაიჭაძემ წინა კვირას პრესკონფერენციაზე გაეროს მონაცემი მოიშველია და განაცხადა, რომ მის გადაცემას თურმე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, იგივე თქვა კვესიტაძის თოქშოუზეც.

_ რა შუაშია გაერო! პაიჭაძე ტელევიზიაში იყოს თუ არა, გაერომ უნდა განსაზღვროს ეს?! აი, ამაზე ვგიჟდები… ესე იგი ნორლანდმა რომ თქვას, ჩინგიზ ყაენი დასვით ეთერშიო, მივცეთ გადაცემა ჩინგიზ ხანს?! დამთავრდა ამათი დრო და რატომ არ უნდათ ამის გაგება?! გაერომ კი არა, მართლა მთელმა მსოფლიომ რომ მოითხოვოს პაიჭაძისა და კვესიტაძის გადაცემების აღდგენა, არ მიიღებს მათ ქართველი ხალხი.

_ თქვენ გამორიცხავთ, რომ ეს გადაცემები მომავალში აღდგეს?

_ «ნაცებს» რომ ვუყურებ, გამორიცხვით ნამდვილად ვერაფერს გამოვრიცხავ, დღეს აქ პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. ფაქტობრივად, უკონტროლო პროცესი მიდის, ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here