Home რუბრიკები პოლიტიკა გადატრიალება რესპუბლიკურად

გადატრიალება რესპუბლიკურად

610

რუსული ანდაზა «დავერიაი, ნო პრავერიაი» («ენდე, მაგრამ შეამოწმე») თვით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმაც კი დაისწავლა, ივანიშვილი კი კვლავაც საკუთარი გარემოცვისადმი ნდობის ეიფორიაშია და მის შემოწმებას არ ჩქარობს; ენდიაი რომ ენდიაია, ისიც კი ამბობს, რომ პრემიერმინისტრის წასვლას მოსახლეობის 71% უარყოფითად აფასებსო, «ქართულ ოცნებაში» თავმოყრილი ამერიკელების «შემოწმებული» კადრები კი კმაყოფილ ღიმილს ძლივს მალავენ და ამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებენ!

 

თუ დღემდე ამომრჩეველი ივანიშვილის ხათრით იტანდა პარლამენტში იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც საპარლამენტო ბარიერის გადალახვა სიზმარშიც არ შეეძლოთ, ახლა უკვე იმასაც აჩვევენ, რომ ამათ ხელში სულ უფრო მეტი ძალაუფლება აღმოჩნდება.

ის, რაც ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში მოხდა, წმინდა წყლის საკონსტიტუციო გადატრიალებაა: ცვლილებების პროექტი პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. რა გასაკვირია, რომ ცვლილებას მხარი საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა – ახლა მათი, გაყალბებებით მითვისებული მანდატების «წონა» ერთიორად იზრდება, ხოლო პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრისა – შემცირდება.

«ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანის» შემსრულებელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, მის მიერ რეანიმირებულ უმცირესობას საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამგვარად, საქართველოს ივანიშვილის წასვლის შემდეგ სწორედ ის ძალები მართავენ, რომლებიც არავის აურჩევია. ხალხი მაშინ უნდა აყვირებულიყო, როცა ივანიშვილის ლოკომოტივით პარლამენტში შესული რესპუბლიკელების ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, ახლა კი, მის მიერ კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების უზურპაცია მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული ხმები რესპუბლიკელების პოლიტიკურ ყულაბაში ჩაჩხრიალდა და სამომავლოდაც «ნაციონალური მოძრაობის» გადარჩენისა და შენარჩუნების «დემოკრატიულ» ამოცანას მოხმარდება!

თუმცა ბედმა საქართველოს ესეც არ აკმარა და, როგორც ირკვევა, საქართველოს პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, შემცვლელად დავით უსუფაშვილის კანდიდატურა განიხილება. ივანიშვილის წასვლის მოწინააღმდეგე ამომრჩეველს ერთხანს იმით ამშვიდებდნენ, რომ მისი მემკვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იქნებოდა, ახლა კი ისევ რესპუბლიკელს ატენიან და ენდეთო, ეუბნებიან!

რესპუბლიკელებს ვინც ენდო, სიკეთე არავის უნახავს, მაგრამ ისინი მომენტით სარგებლობენ და, რასაც არჩევნების გზით ვერასოდეს მოიპოვებდნენ, ივანიშვილის ყურზე მიმჯდარნი ახერხებენ. ეს ის რესპუბლიკური პარტიაა, რომლის დამფუძნებელი _ ლევან ბერძენიშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადების მეორე დღესვე აცხადებდა: «ეს საქართველოში პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბიზნესმენი პოლიტიკაში მიდის. დაახლოებით უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხმების რამდენი პროცენტის აღებას შეძლებს ივანიშვილი არჩევნებში – 7 პროცენტის და ეს მაქსიმუმია, ისევე, როგორც ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში მოხდა. იმის, რომ ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, საქართველოს ისტორიას შეცვლის, არ მჯერა».

ადრე შევარდნაძის «სჯეროდა», მერე მასაც ისევე უგანა, როგორც გამსახურდიას. ივანიშვილის არ სჯეროდა, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში მან რესპუბლიკელები გულში ჩაიხუტა და ბერძენიშვილმაც «მყისიერად» დაიჯერა, რომ ივანიშვილი საქართველოს ისტორიას შეცვლის და თანაც რესპუბლიკელების სასაგებლოდ. დაიჯერა და გაუმართლა კიდეც!

ეს სიტუაცია არც «ქართული ოცნების» დეპუტატებს ეხატებათ გულზე, მაგრამ «შაჰზე უფრო გულადი» ჯერჯერობით მხოლოდ ომარ ნიშნიანიძე აღმოჩნდა, თუმცა ისიც ფრთხილობს და «ყოვლისშემძლე» რესპუბლიკელების ხსენებას ერიდება _ უფრო დავით საგანელიძეს ესხმის თავს:  «საკმაოდ მკაცრად გამოვედი და მერე საგანელიძემ «მიკბინა» კიდეც… მე ვთქვი, რომ თავის დროზე პარტიულ მშენებლობაში არ ჩაგვრიეს, მერე იყო და საარჩევნო შტაბებს არ გაგვაკარეს, ანუ ჩაფიქრებული იყო ჩვენი ნელ-ნელა ჩაჩოჩება, ეს ბატონ ბიძინასთან ვთქვი. ამ მხრივ მან დამიჭირა მხარი, ძალიან მკაცრად თქვა ივანიშვილმა იმაზე, რომ ჩვენი მომხრეები პრაქტიკულად «გადააგდეს».

ბატონმა ბიძინამ საგანელიძეს პირდაპირ უთხრა: _ მე ხომ გითხარი, ის ხალხი ჩასვით შტაბებში, რომელმაც მხარი დაგვიჭირა, ჩვენთან ერთად ბრძოლა გაბედა და რისკზე წამოვიდაო, გააკეთე ეს, ახლაც არ არის გვიან, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოსო. ვიმეორებ, ეს ძალიან მკაცრად მიუთითა. საგანელიძემ თავის მართლება დაიწყო, მაგრამ არ გამოუვიდა. ის მუდმივად ცდილობს, ჩვენი თანამებრძოლები გასწიოს და თავის კადრები მოიყვანოს; მერე თქვა, _ ოთხი დეპუტატის ჭკუაზე ვერ გავივლიო; არ ვართ ჩვენ ოთხი დეპუტატი, ჩვენი ფრაქციის უდიდესი ნაწილი ასე ფიქრობს, ყოველთვის ამ აზრზე ვიყავით».

ეჰ, ბატონო ომარ, ჩაჩოჩება ისეთი უნდა, რესპუბლიკელები რომ გისრულებენ, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეზე აუგის თქმა ძნელია: მივლინებები, კაბინეტები, პრემიები და სხვა სიკეთეები ხომ მის ხელშია. უნდა, მოგცემთ, უნდა _ არა. პარტია და შტაბები რომ ცოცხალი თავით არ შეაქმნევინეს ივანიშვილს, ეს ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო ცნობილი და ახლა ან თქვენ რა გიკვირთ, ან ბიძინა ივანიშვილს?!

თუ თქვენი ფრაქციის უდიდესი ნაწილი ხვდება, ქარი საიდან უბერავს, რას აძლევთ ყველაფერს ცხვარივით ხმას, ერთხელ მაინც გაცხარებულიყავით! თუნდაც ამ საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის არ მიგეცათ ხმა, რომლითაც არარჩეულმა პარტიამ მთელი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და ივანიშვილის წასვლის შემდეგ არც თქვენ გკითხავთ რამეს და არც დავით საგანელიძეს!

ამ უკანასკნელს ისიც ეყოფა, რომ ხონში «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსად აკაკი ბობოხიძის ახლო მეგობარი, ხონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კანონიერი ქურდის გია ფარცხალაძის «დუდუკას» ძმა – რეზო ფარცხალაძე დანიშნა! ღვინო, დუდუკი და ქალები სააკაშვილს რომ უყვარდა, ისეთი უნდა, მაგრამ იმანაც კი ვერ იგუა «ნაციონალი» ფარცხალაძე და 2006 წელს საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ახალი ავტომობილის შეძენის გამო გადააყენა.

თუმცა საგანელიძეს რა ეყოფა, როცა რესპუბლიკელებს მითვისებული ძალაუფლება აღარ ჰყოფნით და სულ უფრო და უფრო მეტის მიტაცებას ლამობენ! შტაბის უფროსებისთვის ვის სცალია – მთავარია, მეორე ადგილზე ბაქრაძე გაათრიონ და საბოლოოდ მოიწყონ ცხოვრება.

2010 წელს, როცა კონსტიტუცია კუბოკრული პიჯაკივით მოირგო, სააკაშვილსაც საკუთარი ცხოვრება საშვილიშვილოდ მოწყობილი ეგონა, მაგრამ ახლა გზააბნეული დაეხეტება დინოზავრების ნაკვალევზე და ისტერიულად იძახის: «ხელისუფლება ქუთაისის დაკვლას აპირებსო»! პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნება თუ ქუთაისის დაკვლაა, გამოდის, რომ სააკაშვილს დედაქალაქი შარშან უკვე დაუკლავს, მაგრამ ვინაა მისთვის ამის მთქმელი, რესპუბლიკელები?

დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის დიდება დღესაც არ ასვენებს სააკაშვილს და იმავე არარჩეული რესპუბლიკელების წყალობით, საიქიოდან მობრუნებული, კოპიტნარის აეროპორტში გაიძახის: «ვამაყობ ამ აეროპორტით და იმ ხალხით, რომელმაც ეს გააკეთა. ეს აეროპორტი დროზე მოვასწარით, ესაა პროდუქტი აღმშენებლობის ეპოქის, რომელიც შეცვალა ნგრევის ეპოქამ. ხვალ აპირებენ ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას. გააჩერეს ახალი თბილისის პროექტი, რომლითაც ამოისუნთქავდა დედაქალაქი, გააჩერეს სამეგრელოს მთავარი პროექტი _ ლაზიკა, გააჩერეს ბათუმის და საქართველოს მთავარი პერსპექტივა _ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ახლა აპირებენ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ხვალინდელი კენჭისყრით, რაც ნიშნავს მცდელობას, რომ ჰაერში აფრენილი ქუთაისი იქედან ჩამოაგდონ ერთი გასროლით. ვფიქრობ, ეს არ გამოვა. ეს აეროპორტი არის სიმბოლო, რომ ქუთაისს აქვს მომავალი».

ქუთაისს ხოხბის ჩამოგდებამდეც ჰქონდა მომავალი და ხვალაც ექნება, მაგრამ რა მომავალი ექნება საქართველოს რესპუბლიკელების ხელში? ივანიშვილი მიდის; მარგველაშვილისგან, თუ პრეზიდენტობა ეღირსა, რასაც უნდათ, იმას გამოძერწავენ, ადგილობრივ თვითმმართველობაში საგანელიძე და «რესპები» გაიყოფენ ადგილებს და საქართველომ ამას მშვიდად უნდა უყუროს, რათა რიჩარდ ნორლანდი და თინა ხიდაშელი არ შეშფოთდნენ!

ქუთაისის ან თბილისის დაკვლას ვიღა ჩივის, როცა ამათ ქართული დემოკრატიის დაკვლის რიტუალი უკვე დაწყებული აქვთ და ყველას, ვინც ამას ივანიშვილის ხათრით მდუმარედ შეჰყურებს, დემოკრატიის ცისფერ სისხლში აქვს ხელი გასვრილი!

ქართველო ხალხო! გილოცავ, შენ არავინ არაფერს აღარ გეკითხება. ხვალიდან ისინი გმართავენ, ვისთვისაც ხმა არასოდეს მიგიცია და ვინძლო ერთ მშვენიერ დღეს ამაზეც ხელი ჩაიქნიო და თქვა: – მაინც ეგენი გვმართავენ და, აბა, ხმა ვიღას მივცეო!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. ამ ქალს ნეტა რა ჭირს? სულ ასეთი დაბოღმილი სტატიები უნდა წეროს? სად ნახა ამ უბედურმა საქართველოში დემოკრატია? თუ ვთქვათ რესპუბლიკელები დემოკრატები არ არიან, საერთოდ რომელი პარტია არის მაშინ დემოკრატიული? გაუგებარია რისი თქმა უნდა.. სასაცილოც კია, რომ ივანიშვილი დემოკრატი ყოფილა ამის მოკლე ჭკუით..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here