Home რუბრიკები პოლიტიკა კოაბიტაციის რეჟიმში მოქმედი პარლამენტი გეგმავს იმპიჩმენტის გამარტივებული პროცედურის მიღებას

კოაბიტაციის რეჟიმში მოქმედი პარლამენტი გეგმავს იმპიჩმენტის გამარტივებული პროცედურის მიღებას

987

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილების მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები გამარტივდება. ასევე სიახლეა ის, რომ პროცესში უზენაესი სასამართლო ჩართული აღარ იქნება და დასკვნას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო მოამზადებს.

 

აშკარაა, რომ «ქართული ოცნებისა» და «ნაციონალების» კოაბიტაციის რეჟიმში მოქმედი პარლამენტი ცდილობს, მოასწროს მსგავსი კანონების მიღება, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. თუ არჩევნებში ბურჯანაძე გაიმარჯვებს, რისი ალბათობაც სულ უფრო მატულობს, იმპიჩმენტის გამარტივების კანონის მიღება უკვე ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აღიქმება, რასაც ხალხის უკმაყოფილება მოჰყვება. ისიც ცხადია, რომ «პლასტელინად» წოდებული მარგველაშვილის შესაძლო გაპრეზიდენტება ამჟამინდელი პარლამენტისგან თავის დამზღვევი კანონების მიღებას არ მოითხოვს. 

ესე იგი, გამოდის, რომ თავად «ქართულ ოცნებაში» აღარ სჯერათ მარგველაშვილის გამარჯვების, რაკი ასეთ კანონს იღებენ. მაგრამ შეძლებს კი კოაბიტაციის გადარჩენას იმპიჩმენტით შანტაჟირების შესაძლებლობა?

არა გვგონია, რადგან ბურჯანაძე, მარგველაშვილისგან განსხვავებით, «პლასტელინისგან» არ არის «დამზადებული» და, თუ ხალხის მხარდაჭერა ექნა, ვერანაირი იმპიჩმენტის მუქარა ვერ აიძულებს, სამარცხვინო კოაბიტაცია რეალურად არ დაასრულოს.

ეს კი ბევრს აშინებს, რადგან ნიშნავს «ნაციონალების» პოლიტიკურ დასასრულს, როგორც დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი პარტიისა. არ იქნება არც «რებრენდინგი» და არც «გარეცხილ-გასუფთავებული» «ნაცების» ხელახლა მოვლინება. გიგა ბოკერიას ყოფნა ქართული სახელმწიფოსა და პოლიტიკის სათავეებში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება (თუ, რა თქმა უნდა, თავად ხალხი არ გამოუცხადებს მას ნდობას, რისიც ნაკლებად თუ სჯერა ვინმეს). 

სამწუხაროდ, «ქართულმა ოცნებამ» მთლიანად გადაუხვია იმ დაპირებებიდან, რომელთა გამოც ხალხმა მხარი დაუჭირა. იმპიჩმენტის გამარტივების კანონი ამის კიდევ ერთი, უკვე მერამდენე დასტურია. საბედნიეროდ, პრეზიდენტს საქართველოში მთელი მოსახლეობა ირჩევს და არამხოლოდ პარლამენტი. შესაბამისად, ის არ უნდა იყოს პარლამენტში მოკალათებული პოლიტიკოსების სათამაშო და მარიონეტი, არამედ პირველ რიგში _ ხალხის უფლებების დამცველი; მით უფრო, რომ პრეზიდენტს ისედაც შეეზღუდა უფლებები და ის აღარ არის მთავრობის მეთაური.

დღეისთვის სრულიად აშკარად შეიქმნა სიტუაცია, როცა მოსახლეობას მხოლოდ ორი არჩევანი დარჩა: ან გაგრძელდება და კიდევ უფრო დამძიმდება უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკურ-მაფიოზური სტრუქტურების ბატონობა, სადაც ერთმანეთს შეერწყნენ ყოფილი თუ ამჟამინდელი «ნაციონალები», რესპუბლიკური პარტია, ირაკლი ალასანიას «თავისუფალი დემოკრატები», რომლებსაც აბსოლუტურად აღარ აინტერესებთ ხალხის აზრი, ან არჩევნებში გაიმარჯვებს ბურჯანაძე და მოხდება მთელი სპექტრის გაჯანსაღება და რეალური კონკურენციის გაჩენა ქართულ პოლიტიკაში.

ამ შემთხვევაში კი ვერც იმპიჩმენტის მუქარა და ვერც სხვა მსგავსი (საკმაოდ უსუსური) ღონისძიებები ვერ შეძლებს ხალხისგან გამიჯნული, კაბინეტის «პოლიტიკოსების» დაცვას ამომრჩევლის კონტროლისგან. ამის შემდეგ მათ მოუწევთ, რეალურად დაამტკიცონ თავიანთი პოპულარობა, რადგან ვეღარ ამოეფარებიან ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მისი, როგორც «ლოკომოტივის» წყალობით, ვერ შეხრიგინდებიან პარლამენტში. სწორედ ეს არის რეალური კონკურენცია პოლიტიკურ ძალთა შორის და არა ის სიტუაცია, როცა პოლიტიკოსები თავად ინიშნავენ თავს თანამდებობებზე და მერე ამის გამო საერთოდ აღარ ახსენდებათ მოსახლეობის ინტერესები. 

გოგი ვეკუა,

პოლიტოლოგი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here