Home რუბრიკები საზოგადოება “ვინმემ რომ მკითხოს, რა გზა ავირჩიოთო, ვეტყოდი: ერთი გზა გვაქვს– რუსეთისკენ გზა...

“ვინმემ რომ მკითხოს, რა გზა ავირჩიოთო, ვეტყოდი: ერთი გზა გვაქვს– რუსეთისკენ გზა მომავლისა!

1021

ვხედავ და ვგრძნობ, როგორ აწუხებს თქვენს გაზეთს ჩვენი სამშობლოს ბედი.

კარგად იცით, ქვეყნის ბედი და უბედობა იმაზეა დამოკიდებული, რა გზას დაადგება, როგორ არჩევანს გააკეთებს იგი.

ეძებთ თქვენც გზასა და გამოსავალს ჩვენი ბედკრული საქართველოსას და იქნებ ნაპოვნიც გაქვთ უკვე. ღმერთმა ქნას!

კადნიერებად თუ არ ჩამითვლით, ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას შევთავაზებ თქვენი გაზეთის მრავალრიცხოვან მკითხველს; იმასაც გეტყვით, რომ ჩემს წერილში გამოთქმულ აზრს ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იზიარებს.

 

მკითხველს უთუოდ ემახსოვრება თენგიზ აბულაძის შესანიშნავ ფილმ «მონანიების» ფინალური ეპიზოდი, როცა დიდი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის, პერსონაჟი კითხულობს: «ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?» და, როდესაც უპასუხებენ, არ მიდისო, გაოცებული რიტორიკულ შეკითხვას სვამს: «აბა, რად გვინდა ისეთი გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს?!».

სრულაიდ აშკარაა, ფილმის ავტორები ტაძრის ცნებაში რომელიმე კონკრეტულ ეკლესიასა თუ სამლოცველოს არ გულისხმობენ. ამ შემთხვევაში ტაძარი გადარჩენის, ხსნის, ჭეშმარიტების სიმბოლოა. მართლაც, გაჭირვებული კაცისთვის რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს იმ გზას, რომელიც გაჭირვებიდან ვერ ამოიყვანს მას.

ძალიან დალხინებული კაცები, რომლებმაც ყველა ხორციელი სურვილი შეისრულეს და ამავე დროს, სულიერებასთან ირიბი შეხებაც არ აქვთ, ხშირად დაადგებიან ხოლმე ისეთ გზას, რომელიც გაურკვევლობაში მიდის. მათ გადარჩენის პრობლემა კი არ აწუხებთ, მძაფრი განცდები სწყურიათ. გაურკვევლობაში თავით გადაშვება სწორედ მძაფრ განცდებს უკავშირდება და თუ რით მთავრდება ეს ყოველივე, კარგად მოგეხსენებათ.

ჩვენ გაჭირვებული ქვეყანა ვართ. ჩვენი გაჭირვება იმდენად მატერიალური სიღარიბით კი არ არის გამოწვეული, რამდენადაც უმეცრებისგან: არ ვიცით, საით მივდივართ, მივდივართ თუ არა საერთოდ და, თუ მივდივართ, რატომ მივდივართ.

აგერ უკვე ორი ათეული წელია, ჩვენი, ერთმანეთისგან თითქოს რადიკალურად განსხვავებული ხელისუფლებები დაბეჯითებით გვარწმუნებენ, ჩვენს მშობლიურ ევროპაში ვბრუნდებით და ნატოა ჩვენი სახლიო. როგორც კი ამ სახლში შევალთ, მგელი ვეღარაფერს დაგვაკლებსო.

ის გზა, რომელსაც, აგერ უკვე ორი ათეული წელია, საქართველოს მომავლის გზად მიიჩნევენ ჩვენი ხელისუფალნი და მათი უცხოელი პატრონ-მფლობელები, მოუსავლეთში მიდის იმ გვირაბით, რომლის ბოლოში სინათლე არც ჩანს და არც გამოჩნდება.

დიდი პოლიტიკოსობა და ეკონომისტობა არ სჭირდება იმის გაგებას, რომ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა ნულის ტოლია.

ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ასეთი არარსებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა როგორ მოახერხებს ინტეგრაციას ევროპასთან, რომელზეც, «ჩვენი ოჯახიაო», ბაიყუშებივით იმეორებენ ჩვენი «ჭკუის კოლოფები». ჩვენნაირი ეკონომიკის პატრონებს ამ «ევროპულ ოჯახში» სრულუფლებიან წევრად არავინ მიგვიღებს, ხელზე მოსამსახურედ _ კი. უნდა კი საქართველოს სხვათა «ხელის ბიჭობა»? ვითომ სრულად და საბოლოოდ დავკარგეთ ღირსება?

არა! ბევრ ღირსეულ ქართველს ვიცნობ და, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს არ ვიცნობ. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვნახოთ ის გზა, რომელიც ტაძართან მიგვიყვანს _ გზა მომავლისა.

ჩემი ფიქრით, ბევრი უბედურება იმიტომ გვჭირს, რომ წარსულის გამოცდილებას ადვილად ვივიწყებთ და ამიტომ ერთსა და იმავე შეცდომას ზედიზედ ვუშვებთ ხოლმე. სამწუხაროდ, სხვები რომ სხვის შეცდომებზე სწავლობენ, ჩვენ საკუთარ შეცდომებზე სწავლაც გვიჭირს.

ჩვენს წინაპრებს შემთხვევით და ჰაიჰარად კი არ უთქვამთ, «ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსაო». მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ ათქმევინათ ეს. სულაც არ ნიშნავს ეს დარიგება იმას, რომ მხოლოდ ერთხელ გატკეპნილი გზით იარეთო. არა, ახალი, უფრო რაციონალური გზებიც უნდა ეძებოთ, მაგრამ, როცა ახლადარჩეული გზა გაუვალ ჭაობთან მიგვიყვანს, «პრინციპულობის» საბაბით ჭაობში კი არ უნდა შეტოპო და ჩაიხრჩო, უკან უნდა გამობრუნდე და ძველი, ნაცადი გზით წახვიდე, მიზანთან მშვიდობით მისვლა თუ გინდა.

ისტორიის ქარტეხილებში ბევრი გზა სცადეს ჩვენმა წინაპრებმა, სამშვიდობოს რომ გაეყვანათ ქვეყანა. არ ივარგა არც ერთმა, მათ შორის ევროპულმაც. გახსოვთ, ალბათ, მუხრან მაჭავარიანის სტრიქონები, საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XIV-ს, კარზე დახმარების სათხოვნელად მისული სულხან-საბა მეფემ რომ «ალოდინა და მეთხუთმეტე კაცად მიიღო». მხატვრული ტექსტი მოითხოვდა, რომ პოეტს ეთქვა, ლუდოვიკო XIV-მ სულხან-საბა მეთხუთმეტე კაცად მიიღოო, თორემ, მეთხუთმეტედ კი არა, მგონი, ასმეთხუთმეტედ მიიღო და თან ხელცარიელი გამოისტუმრა.

და, როცა ქართლ-კახეთის მოსახლეობა XVIII საუკუნის ბოლოსთვის ნახევარ მილიონამდე შემცირდა, ქართველებმა მტკიცედ და საბოლოოდ აირჩიეს ახალი გზა _ გზა ერთმორწმუნე რუსეთისკენ.

მისაყვედურებს ზოგიერთი ურაპატრიოტი (ან ფსევდოპატრიოტი!), ალბათ: ეგ რა გზა იყო, რომელზეც დამოუკიდებლობა დავკარგეთო.

ჯერ ის ვიკითხოთ, გვქონდა კი დამოუკიდებლობა? გიორგი ბრწყინვალეს მეფობის შემდეგ გარეშე მტრებმა ისე ააოხრეს საქართველო (განსაკუთრებით, თემურ ლენგის შემოსევებმა), რომ შემდგომში წელში ვეღარ გასწორდა. მერე იყო და აოხრებულ ქვეყანაში, გარეშე და შინაური მტრების მეცადინეობით, სეპარატიზმი აყვავდა. ქართლი, კახეთი და იმერეთი ცალკე სამეფოებად ჩამოყალიბდა და მათ შორის ომებიც გახშირდა. «დამოუკიდებლობა» მოიპოვეს სამცხე-საათაბაგომ, სამეგრელომ, აფხაზეთმა, გურიამ. აჭარა სულაც თურქეთმა წაიღო. რაც შეეხება მთიან საქართველოს, ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი ხან კახეთის მოკავშირეობაზე დებდნენ თავს, ხან ქართლისა და მათ ომებში მონაწილეობა იქაური პატრიოტების გუნება-განწყობილებაზე იყო დამოკიდებული.

თვით ქართლის სამეფოც არ იყო პოლიტიკურად ერთიანი; ქსნისა და არაგვის საერისთავოები თავს დამოუკიდებლად თვლიდნენ და ქართლის მეფის დაუკითხავად ხან ერთმანეთს ეომებოდნენ და ხან საქართველოს სხვა კუთხეებს.

თვით ქართლ-კახეთისა თუ იმერეთის დამოუკიდებლობა რაღა იყო, ნეტავი? მეფეებს ირანი ნიშნავდა, როცა მოეპრიანებოდა, მაშინ გამოიძახებდა მათ ისპაჰანში და ქათამივით წააგდებინებდა თავს. სხვა სამთავროებზე კი ლაპარაკიც არ ღირს.

არ ჩანდა ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთი მამა-შვილმა _ თეიმურაზმა და ერეკლემ გააერთიანეს და ერეკლე II გახდა გაერთიანებული აღმოსავლეთ საქართველოს მეფე. ეს გაერთიანება მთლიანად დიდი მეფის, ერეკლეს, ვაჟკაცობის შედეგი იყო, თორემ ქართლელები მას ლეგიტიმურ მეფედ არ აღიარებდნენ, კახელი ბაგრატიონი არისო. ცნობილია, ქართლისთვის უკანასკნელ საბედისწერო ბრძოლაში ირანელი აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ კახელებმა მეფისწულის სარდლობით ჯარი არ მიაშველეს ერეკლეს: ნეტა, რა ჩვენი საქმეა, ომი ქართლშია, კახეთში ხომ არაო!

ასეთი იყო მაშინდელი ეროვნული შეგნება და ქართული სახელმწიფოებრიობის განცდა. დამოუკიდებლობა ერქვა ამას?

რუსეთთან შეერთების შემდეგ სამეფო ტახტი გაუქმდა საქართველოში და ე.წ. დამოუკიდებლობა დავკარგეთ. სამაგიეროდ რა მივიღეთ? გარეშე მტრების შემოსევები შეწყდა, ქართველი ერი ფიზიკურად გადარჩა და გამრავლდა, სამთავრო-საერისთაოვებად დანაწევრებული ქვეყანა გაერთიანდა. თურქეთის მიერ მიტაცებული აჭარა და სამცხე-ჯავახეთი დედასამშობლოს დაუბრუნდა და დაიწყო ერთიანი ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება.

ისტორიის ეს მკაცრი გაკვეთილები ქართველთა ერთ ნაწილს დავიწყებული აქვს და დღევანდელობას «ფართოდ დახუჭული თვალებით» უცქერის.

აი, ახლა საქართველოში სულმოუთქმელად ელიან, როდის დაიწყება ახალი თურქული ტელესერიალი «დიდებული საუკუნე». სერიალი ისტორიული შინაარსისაა და თურქეთის გამორჩეული სულთნის _ სულეიმან დიდებულის ზეობის პერიოდს ასახავს. კი, ბატონო, სულთან სულეიმანის მმართველობის დრო თურქეთისთვის დიდებული საუკუნე იყო: თურქეთმა იმდროინდელი ნახევარი მსოფლიო გადაჯეგა და ოსმანთა დიდი იმპერია შექმნა, მაგრამ საქართველო კი სისხლისგან დაცალა, ქართველთა დიდ ნაწილს ენა და სარწმუნოება წაართვა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საბოლოოდ დაუკარგა საკუთარ ისტორიაში დაბრუნების შანსი. თურქეთის ბატონობაში მყოფ საქართველოში არამარტო სოციალურ-კულტურული განვითარება შეფერხდა, არამედ საკუთარი ვინაობა და სადაურობა დაავიწყეს ხალხს, მანქურთებად აქციეს იგი.

ახლა გადავხედოთ, რა დაემართა XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესულ დამოუკიდებლობადაკარგულ საქართველოს.

ქართველმა ხალხმა განუწყვეტელი შემოსევებისგან დაისვენა და თავისი სასიცოცხლო ენერგია აღმშენებლობისა და კულტურული განვითარებისკენ მიმართა: რუსეთთან შეერთებამდე რომ წერა-კითხვა მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებმა იცოდა, XIX საუკუნის 30-იან წლებში თითქმის ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში სკოლა იყო გახსნილი. იხსნებოდა, როგორც სახელმწიფო სკოლები, ისე საზოგადოებრივი გაერთიანების მიერ ორგანიზებული სასწავლებლები; დაარსდა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები, ბანკები, ქართული თეატრი, ინტენსიურად ვითარდებოდა ქართული მწერლობა და მეცნიერული აზროვნება; ჩამოყალიბდა XIX საუკუნის  დიდი ქართული ინტელიგენცია.

XIX საუკუნე რუსეთისთვის ოქროს საუკუნე იყო. ასევე ოქროს საუკუნე იყო იგი მის შემადგენლობაში მყოფი საქართველოსთვისაც. ნეტავი, ვინ დაასახელებს მეორე მაგალითს იმისას, რომ მეტროპოლიას (ინგლისსა თუ საფრანგეთს, ესპანეთსა თუ პორტუგალიას) თავის სოციალურ-კულტურულ დონეზე ამოექაჩოს კოლონიური ქვეყანა. პირიქით კი ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება იმისა, თუ როგორ გადაისროლეს ისტორიულ ბნელეთში დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ერები ინგლისელმა თუ ესპანელმა კოლონიზატორებმა.

საქართველოს მიმართ როცა რუსეთის ამაგზე ვლაპარაკობ ხოლმე, ოპონენტები 1989 წლის 9 აპრილს მახსენებენ: დაგავიწყდაო, რა გვიქნა რუსეთმა, როგორ დაგვიხოცა გულანთებული პატრიოტები მშვიდობიან მიტინგზეო. არ დამვიწყებია, მაგრამ ის ჯარი, მაშინ რომ მესანგრის ნიჩბებით დაგვერია, რუსის ჯარი კი არა, საბჭოთა ჯარი იყო, ისე იყო რუსეთის, როგორც ჩვენი. რუსული ჯარი 1917-1920 წლებში გაანადგურეს ბოლშევიკებმა.

ისე კი, ისიც საკითხავია, საბჭოთა ჯარი რუსებმა შექმნეს თუ სულაც რუსების ნების საწინააღმდეგოდ შეიქმნა, რაშიც ქართველებმა, სხვა უცხოტომელებთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანეს.

არც ერთი იმპერია ფრთიანი ანგელოზი არ არის, მაგრამ, როდესაც არჩევანის წინაშე დგას ქვეყანა, მან ერთმანეთს უნდა შეადაროს იმპერიები და აირჩიოს ის, ვისთანაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს.

სხვათა შორის, გენიალურმა სტალინმა, როგორც ყოველთვის, საქართველოს არჩევანიც ზუსტად შეაფასა: საქართველომ ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტება აირჩიაო.

უკეთესად ვერ იტყვის ვერავინ!

ახლაც საბედისწერო არჩევანის წინაშე დგას საქართველო: ერთ მხარეზეა ეროვნულ-კულტურული გაქრობისა და ზნეობრივი დაღუპვის რეალური საფრთხე, მეორე მხარეზე _ ყოველმხრივ გადარჩენის კიდევ ერთი შანსი. ახლა ყველაფერი ქართველთა გონიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაზეა დამოკიდებული.

მე რომ ვინმემ მკითხოს, რა გზა ავირჩიოთო, ვეტყოდი: ერთი გზა გვაქვს _ რუსეთისკენ გზა მომავლისა!

ზურაბ ცუცქირიძე,

პედაგოგიკის დოქტორი, საქართველოს

განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

 

15 COMMENTS

  1. ძლივს, ნორმალურად მოაზროვნე სტატია არ ვნახე?! ის რაც რუსეთის ბოროტებას შეეხება,მაგაში ვერ დაგეთანხებით. 9 აპრილს,ქართველთა დამსჯელი ჯარი შევარდნაძემ შემოიყვანა, რათა სიძულვილი დაეთესა რუს და ქართველ მოსახლეობას შორის,თანაც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი დაეჩქარებინა.ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა.იმ პერიოდის ეროვნულმა,პოლიტიკურმა ძალებმა, ბრმად გაითამაშეს შევარდნაძის დაწერილი სცენარი, შედეგებზე არ იფიქრეს და ქვეყანა კატასტროფის გზაზე დააყენეს.იმ დღიდან, საქართველოს მოსახლეობას, ნორმალურ ცხოვრებით აღარ უცხოვრიათ.

  2. სავსებიტ გასატვალისწინებელი აზრებია ჩამოყალოიბებული ამ სტატიაში. არა რუსეტს?? მაშინ ამერიკა და ევროპა საგიცავტ გადაშენების და სრული გადაგვარებისგან. ტვინის მაგივრად ალბატ ჩალა უნდა ედოს ადაიანს ტავში რომ ეს ირწმუნოს. ყველა არგუმენტი უსუსსურია იმასტან შედარებიტ რაც ერის ყოპნა არ ყოპნას ეხება.

  3. გამოდის, რომ 9 აპრილს დაღვრილი სისხლი, 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს დაღვრილი სისხლი ამაო ყოფილა თუ ჩვენ კრემლის ტოტალიტარულ, ნაცრისფერი ლუბიანკის კგბ-შნიკებს გავურიგდებით და ვეპირფერებით! რუსეთს პროგრესი და პერსპექტივა არააქვს სანამ იმპერიალისტური იდეოლოგია მართავს ქვეყანას! გავიხსენოთ რა დაემართა რომის იმპერიას… რუსეთს მაშინ ახსენდება საქართველო, რომ მეზობელია და მართლმადიდებელი ერია როდესაც თავად აწყობს. გვყავს მუდმივი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში, რა შედეგი მივიღეთ?1 ისევ აბუჩად აგდება და დაცინვა, რუსეთი ისევ როგორც გუბერნიას ისე გვიყურებს!!! არცერთი პოსტი და თანამდებობა არ ღირს იმაზე, რომ ოკუპანტს გაურიგდე და ელაქუცო! ჩვენ შეიძლება რუსეთს მტრულად არ ვესაუბროთ, მაგრამ კრიტიკული საუბარი და პოზიცია აუცილებელია!!!

  4. ვეთანხმები პირველ ავტორს-ნუგზარს,ყველა ის უბედურებები რაც საქართველოში 9აპრილს ჰქონდა ადგილი, მოხდა ადგილობრივი უნიჭო,კორუმპირებული ხელისუფლების ხელმოწერით.
    ის რაც შევარდნაძემ და ქვეყნის უნიჭო ხელისუფლებამ გაუკეთა მაშინ საქართველოს ეს იყო ღალატი.
    ამერიკა და ევროპა არასდროს არ შეიწუხებს თავს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და თქვენ გაქვთ ამის მაგალითი.
    ყველა იმ პიროვნებას, ინტელექტი ვისაც არ აქვს,თვალები ხომ აქვს რომ ეს დაინახოს!!!

  5. ამერიკისათვის მთელი მსოფლიო მათი ზრახვებისათვის საცდელი ლაბორატორიაა,ხოლო ევროპისათვის ისეთი პატარა და ეკონომიურად სუსტი ქვეყნები როგორც საქართველო,უმნიშვნელო კოლონიები.
    ამერიკამ არ იცის მეგობრობა სხვა ქვეყნებთან,არც სიყვარული!!!,ამერიკამ იცის თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის სხვების გამოყენება.
    შეხედეთ რა ხდება დღეს ერაყში.
    ამერიკა წლების მანძილზე სადამ ხუსეინის მეგობარი იყო.შესაბამისად მილიონობით ტონა პეტროლი გაჰქონდათ ქვეყნიდან ამ „მეგობრობის სახელით“.
    არ მოეწონა ამერიკას ხუსეინის დაპირისპირება მეზობელ ქვეყნებთან და იგი დემოკრატიის სახელით შევიდა ერაყში.
    ეს არის დღემდე სისხლიანი დემოკრატია და მისი ყველასთვის ცნობილი შავი ზრახვები.

  6. …"მე რომ ვინმემ მკითხოს, " – ნეტა არ გკითხოს 🙂 და იმედია, თქვენ უმცირესობაში აღმოჩნდებით.

    არ მგონია, აკადემიკოსის ცენზი იყოს საჭირო, რათა თქვენი აზრთაწყობის სიბეჩავე დაინახოს მკითხველმა. რუსეთის აწ და წარსულში მოკავშირე ქვეყნების (რუსეთი მოკავშირეებს არ ცნობს!) მდგომარეობასა და პერსპექტივაზე თვალის გადავლებაა საკმარისი, რომ თქვენ გითხრათ – გაიღვიძე ზურა ბიძია, გარეთ 21-ე საუკუნეა.

  7. ეს მართალია-რუსეთი როგორც გუბერნიას ისე გვიყურებს, ხოლო ამერიკა-ევროპა, როგორც კოლონიას!!!! დავამტებდი ამერიკისათვის მთელი მსოფლიო,მათი ზრახვების საცდელ ლაბოროტარიას წარმოადგენს და ხშირად მათთვის ადამიანები შავი ვირთხების სტატუსში განიხილება!!!

  8. მაგალითი წინ გაქვთ,სირიაში ასიათასობით ადამინი იხოცება ან გარბის ქვეყნიდან! დღემდე ის რაც გაკეთდა, აიკრძალა ქიმიური იარაღი,მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი საშვალებებით დაშვებულია მშვიდობიანი მოსახლეობის და ბავშვების ამოხოცვა???
    თუ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით შეძლო ამერიკამ მოლაპარაკება საერთაშორისო შეთანხმების დონეზე,იმიტომ რომ არ დაზარალებულიყო მისი ფავორიტი „მეზობელი“ ქვეყნები,რატომ ვერ ხერხდება ომის დასრულებისათვის შესაბამისი შთანხმების მიღწევა?

  9. კარგით ბატონო ავირჩიოთ გზა რუსეთისკენ, მაგრამ მისი მხრიდან არცერთი შემხვედრი ნაბიჯი რომ არ გადმოდგმულა, ძალით ხომ არ შევეტენებით????

  10. ეს ადამიანი საერთოდ რატომ კადრულობს ასეთი რუსეთისთვის სიყვარულის მტკიცებას ქართულ ენაზე. ერთი-ორი ბაიყუშის და პონჩიკებზე მონადირის გარდა ვერავის ვერ გაუხარებს გულს. საერთოდ თუ ასე გიყვართ რუსეთი იმეტყველედ რუსულად, და იცხოვრეთ რუსეთის ტრამალებში – ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!!! ჩვენ ქართველებს რომლებმაც კარგად ვიცით ოსმალეთიც, სპარსეთიც და რუსეთიც, თავიანთი იმპერიული ბნელი ზრახვებით ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ, არც ისინი გვინდა და არც მათი დამქაშები. თავი დაგვანებეთ რა!…

  11. ეს დოქტორი ცოტათი შეშლილი ხომ არ არის, რაჭული ფიჭვის კენწეროდან ხომ არ არის გადმონავარდნი?(60 მეტრი სიმაღლიდან)?

  12. ეს დოქტორი შეშლილი კი არა გენიოსი და თანაც
    გამოუსწორებელი პატროტ-პრაგმატიკოსია. თუ სხვანარად აზროვნებთ ეგ თქვენი პრობლემაა, მე კი ავტორის მოსაზრების კონტრარგუმენტით დამარწმუნეთ თუ კი ბუნებაში მსგავსი მოიძებნება. ჩემი მხრივ კი დავამატებ,
    ვის ვის და მართლმადიდებელ ქრისტიანს მის მიმათ ქმნილი კეთილი საქმისა გამო მადლიერების გრძნობა მართებს.ჩვენ კი რას ვშვრებით მონუსხულებივით ვაგრძელებთ ყიამყრალი მიშა-დამაქცევარის ბილწსიტყვაობას. რომ არა ბრძენი ერეკლე და ერთმორწმუნე რუსეთი დღეს ჩვენს ქვეყანას მინიმუმ ორი სამხრეთელი მუსულმანური სახელმწიფოს ჩრდილო პროვინციის ან ვილაეთის სტატუსი ექნებოდა.

  13. დოქტორი რომ ბრძანდება გასაგებია რომ სულელი არ იქნება,მაგრამ მე ვერ დავეთანხმები ტითქოს და რუსეთია ჩვენი გზა ხსნის, გადარჩენა განადგურებისგან,როცა ერეკლემ გიორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა მაშინ მართლა (შეიძლება) იყო ერთადერთი გზა და არა დღეს,მე დოქტორს ვერ ჩავუტარებ ისტორიის გაკვეთილს მას ჩემზე კარგად ეცოდინება დარწმუნებული ვარ და ისიც კარგად ეცოდინება რა ზიანი მიაყენა რუსეთმა ქართულ სახელმწიფოებრიობას,კულტურულ,ტექნიკურ თუ სხვა განვითარებას,რუსეთი მოქმედებდა,მოქმედებს და იმოქმედებს რუსეთის შოვინისტური სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,ესე იყო ადრეც მეფის რუსეთის დროსაც,ბატონო ცუცქირიძე ეს (დიშოვი)პროპაგანდა 21 საუკუნის საქართველოს მოსახლეობასთან ვერ გაგივათ რამე თუ დგეს საქართველოს მოსახლეობამ ბევრად უკეთ იცის ისტორიაც და ბევრად განვითარებულია ვიდრე ერეკლეს დროს… გაუმარჯოს ქართულ დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ე ლ სახელმწიფოებას

  14. მონა ვერასოდეს მიხვდება თავისუფლების ფასს! ქართველი ერის არჩევანი 9 აპრილს გადაწყდა ვინმეს მოსწონს ეს თუ არა.ვისაც უნდა რუსეთი გზა ფართოა შეუძლია დაიხუროს ქუდი და წავიდეს “დიდ ძმასთან”,შეუძლია მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა იყოს ბედნიერად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here