Home რუბრიკები საზოგადოება კიბოს წინააღმდეგ _ ახალი ტექნოლოგიებით, თანაც აქ– თბილისში!!!

კიბოს წინააღმდეგ _ ახალი ტექნოლოგიებით, თანაც აქ– თბილისში!!!

1078

კლინიკური მედიცინის სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში, რომელიც ფრიდონ თოდუას კლინიკის სახელით უფროა ცნობილი, გასულ კვირაში ხელი მოაწერეს კონტრაქტს უახლესი სხივური თერაპიის აპარატურის შეძენის თაობაზე. ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, საქმიანი სიტუაცია პროტოკოლის სრული დაცვით. ოვალურ სათათბირო მაგიდაზე _ შესაბამისი დოკუმენტები და პარარეპტილიების მთელი რიგი _ კუს დეკორაციული ფიგურები: «კუთა ქარს, კუთა რიგს» _ ეტყობა აქ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს _ ნელა, მშვიდად, მაგრამ მიზნისკენ დაჟინებული სვლის გამოხატულებაა. თუმცა მიზნისკენ ნელი სვლა თოდუას კლინიკაში ანაქრონიზმია, არ არსებობს, როგორც ასეთი.

 

სამედიცინო დარგის ყველა უახლესი მიღწევა, ყველა უახლესი ტექნოლოგია პირველად მაინც და მაინც აქ შემოდის და აქ ინერგება. ასეთია ინსტიტუტის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას, მუშაობის სტილი, და ზემოთ მინიშნებულ კონტრაქტზე ხელის მოწერის ფაქტიც ამის დამადასტურებელია. რა იგულისხმება ამჯერად ამ სიახლეში, მეცნიერი მედიკოსები განგვიმარტავენ. პროფესორმა რომან შაქარიშვილმა განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიების საქართველოში შემოტანა შეიძლება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც ახალი ერის დადგომა ჩვენს სამედიცინო სივრცეში.

_ ეს არის სხივური მედიცინის იმ მიმართულების დასაწყისი, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიო ცივილიზაციის შემოსვლაა ქართული სამედიცინო პრაქტიკისა და კლინიკური გამოცდილების სივრცეში.

სხივური თერაპიის ელემენტები აქამდეც არსებობდა საქართველოში, მაგრამ დროთა განმავლობაში თანდათან ჩამოვრჩით ამ ტექნოლოგიების საერთაშორისო დონეს. ამიტომ იყო, რომ საქართველოში სხივური მედიცინა ლამის კუსტარულ საქმიანობად იქცა. დღეის შემდეგ, შეიძლება ითქვას, გავდივართ იმ ორბიტაზე, რომელიც მსოფლიოშია.

დანადგარები, რომლებიც თოდუას კლინიკაში უნდა დაიდგას, არის თანამედროვე სხივური ტექნოლოგიები სხივური ამაჩქარებლის ბაზარზე, რაც საფუძველს უყრის ამ დარგის განვითარებას უკვე ბირთვული მედიცინის საფუძველზე. ამით კი იქმნება პერსპექტივა, რომ სხივურმა თერაპიამ სხივური ქირურგიის კონტური მიიღოს, როცა ჩვენ დანის ნაცვლად სხივს გამოვიყენებთ წერტილოვანი დასხივებით.

ეს არამარტო ახალი დონეა ტექნოლოგიური მედიცინის, არამედ ეს არის, აგრეთვე, ახალი სამედიცინო კულტურის შემოტანა, ახალი აზროვნების განვითარების საფუძველი. ახალი ინტელექტის შემოსვლაა. შედეგად შეიძლება პროგნოზირება, რომ საინტერესო ცვლილებები მოხდება სამედიცინო სტატისტიკაში: ამ ინსტიტუტის გამოცდილებით ვიცით, რომ მან შეცვალა სიმსივნური დაავადებების სტატისტიკა _ გაიზარდა სიმსივნური დაავადებების რაოდენობა. პარადოქსულად ჟღერს, რომ ამ ინსტიტუტს დამსახურებად ვუთვლით დაავადების რაოდენობის ზრდას. მაგრამ მან ამას მიაღწია მაღალი მგრძნობელობის დიაგნოსტიკის დანერგვით, რამაც გაზარდა გამოვლინება ამ დაავადების. ეს ერთი.

მეორე. დღეს იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ამ საშუალებით გაიზრდება სიმსივნური დაავადების მქონე ავადმყოფების რაოდენობა, რომლებიც ამ დაავადების გამო არ დაიღუპებიან, გაუხანგრძლივდებათ ამ სიმსივნესთან ბრძოლისუნარიანობა და გაზრდის მათი ცხოვრების ხანგრძლივობას, რაც დიდი მიღწევა იქნება.

_ გაიზრდება ასეთ ავადმყოფთა კონტიგენტი, _ საუბარში ერთვება პროფესორი რეზო გაგუა, სააქციო საზოგადოება უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი, _ რომლებსაც ოპტიმალურად და თანამედროვე მეთოდებით ვუმკურნალებთ. ეს აპარატი, რომელსაც სხივური ამაჩქარებელი ჰქვია, უახლესი სიტყვაა მედიცინაში.

_ და რომელიც თოდუას კლინიკაში უნდა დაიდგას. კონკურენტი გიძლიერდებათ, ბატონო რეზო?

_ (ეღიმება) თეთრი შურით მშურს… სხივური ამაჩქარებელი ერთი და ორი არ ეყოფა საქართველოს. მეცნიერთა გამოთვლით, რვა მაინც უნდა იყოს. ვითარებაში, როცა მსოფლიოში (და საქართველოშიც) ონკოლოგიურ დაავადებთა კლების ტენდენცია არ შეიმჩნევა, ნუ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი აპარატურა ჩვენთანაც დამონტაჟდება, მით უფრო, რომ ჩვენთან ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 7 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება, აქედან 70-75 პროცენტი მოდის დაავადების მესამე-მეოთხე სტადიაზე, როცა მკურნალობის რადიკალური მეთოდი, ქირურგიული ოპერაციები, არ გამოიყენება.

ასეთ შემთხვევაში ყველაზე ეფექტიანი მეთოდი სხივური თერაპიაა, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ქირურგიული მკურნალობა უშედეგოა, არამედ იმ პაციენტებისთვისაც, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ ოპერაცია, მაგრამ დაავადების რეციდივის გამო საჭიროებენ დამატებითი ონკოლოგიური მეთოდის გამოყენებას. ეს კი სხივური ამაჩქარებელია. ეს მეთოდი ტრადიციული რადიოთერაპიისგან განსხვავდება იმით, რომ მიზანმიმართულად, უშუალოდ ზემოქმედებს სიმსივნურ უჯრედებზე, სიმსივნურ ქსოვილზე იმგვარად, რომ სხეულის დანარჩენ ნაწილზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.

სამედიცინო სისტემა «ვარიანის» ევროპის ოფისის დირექტორის _ ფრიც დერესის პოზიცია ასეთია:

_ დღეს რაც მოხდა, საქართველოში კიბოს მკურნალობის ახალი ათვლის წერტილია: დღეს ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს, ფირმა «ვარიანის» ახალი აპარატის _ «თრუბიმის» შეძენის შესახებ. ეს არის უახლესი სხივური თერაპიის აპარატურა, რომელსაც აქვს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის უამრავი საშუალება.

კონტრაქტის გაფორმებიდან ამ ახალი ტექნოლოგიის ამოქმედებამდე მრავალი პროცედურაა შესასრულებელი: შესაბამისი შენობის მომზადება, აპარატურის დაინსტალირება, მიღება კლინიკური პრაქტიკის დასაწყებად. მოსამზადებელი პერიოდი, სავარაუდოდ, 2014 წლის მარტში უნდა დამთავრდეს. თუმცა, რაც აქ ვნახეთ, კერძოდ, მშენებლობა იმდენად კარგად მიმდინარეობს, შეიძლება უფრო ადრეც დამთავრდეს.

10-15 წლის წინანდელი ტექნოლოგიების შემოტანა უაზრობაა, ამიტომ ქვეყანაში, რომელსაც ძლიერი სამედიცინო პოტენციალი აქვს, სწორედ უახლესი ტექნოლოგია უნდა შემოვიდეს და დაინერგოს, ეს კი პაციენტებისთვის იქნება, უწინარეს ყოვლისა, კარგი.

_ პაციენტებისთვის კარგი ფინანსურადაც?

_ ადგილობრივ უნდა განსაზღვროთ, ჩვენ, როგორც მწარმოებლები, ამ საკითხში არ ვერევით.

_ მაშინ, როგორც მწარმოებლებს შეგეკითხებით: საქართველო თქვენ იპოვეთ თუ საქართველომ გიპოვათ?

_ (იცინის). ეს, ალბათ, ორმხრივი კომბინაცია იყო. ჩვენ ვეძებდით ერთმანეთს და ვიპოვეთ კიდეც. რადიაციული ონკოლოგიის საზოგადოება საკმაოდ მცირერიცხოვანია, თუ ვინმე დაინტერესებულია პარტნიორის პოვნით, ამას, როგორც წესი, დიდი დრო არ სჭირდება.

საქართველოში ყოფნა საქმიანიც არის და სასიამოვნოც, უკვე მესამედ თუ მეოთხედ ვარ თქვენს ქვეყანაში და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ საქმიან კონტაქტებს განსაკუთრებით შედეგიანს ხდის თქვენი ქვეყნისა და ხალხისთვის დამახასიათებელი კეთილისმყოფელი აურა. სამწუხარო ისაა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ თბილისით ვიფარგლები. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი ჩამოსვლის დროს ჩემი თქვენთან ყოფნის არეალი გაფართოვდება.

_ მოკლედ, _ სიყვარული ერთი ნახვით?

_ ასეა. მჯერა, რომ ურთიერთობას უფრო გავაღრმავებთ.

ოფიციალური ნაწილის დამთავრების შემდეგ, როცა ამოისუნთქა მასპინძელმა, აკადემიკოს ფრიდონ თოდუასთან საუბრის შესაძლებლობა ჟურნალისტებსაც მოგვეცა.

_ ფირმა «ვარიანის» წარმომადგენელს რომ ვკითხე, საქართველომ თქვენ მოგნახათ თუ პირიქით _ თქვენ მონახეთ საქართველო, მან მიპასუხა, ორმხრივი მოძრაობა იყოო. თქვენ რას იტყვით?

_ მსოფლიოში ამგვარი აპარატურის წამყვანი ორი ფირმა ფუნქციონირებს: ერთი ამერიკული «ვარიანია», მეორე _ კანადური «სპექტრა». განვიხილეთ ეს საკითხი ინსტიტუტში, კონსულტაციები გავიარეთ სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებთან და დავიწყეთ მუშაობა ფირმა «ვარიანთან», რომელიც თვითონ დაგვიკავშირდა. მოვნახეთ ოპტიმალური გზა იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა დაგვირგვინებულიყო კონტრაქტით, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი.

ევროპის ოფისის დირექტორი, ბატონი ფრიც დერესი დაგიმოწმებთ, რომ ამ დონის აპარატურა არამარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არის, არამედ დასავლეთ ევროპაში მხოლოდ ავსტრიაშია.

კოლეგებმა უკვე ილაპარაკეს ამ ტექნოლოგიების უპირატესობაზე, ამიტომ მე სოციალურ საკითხს მივაქცევ თქვენს ყურადღებას, კერძოდ, იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ საზღვარგარეთ წასვლა ამ მკურნალობის ჩასატარებლად, რაც ძალიან ძვირი ჯდება. და, საერთოდ, ამ არხით უდიდესი რაოდენობის თანხა გაედინება საზღვარგარეთის ქვეყნებში.

ის, რასაც შემოვიტანთ საქართველოში, მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რადგან ასეთი სახის აპარატურა დამატებით 5-6 მაინც დაგვჭირდება საქართველოში.

_ თქვენმა კოლეგებმა თქვეს, რომ ის, რაც დღეს მოხდა, დიდი ჰუმანური აქტია. მაგრამ, ხომ ვიცით, რომ ასეთი ჰუმანურობა დიდი ფული ჯდება. სახსრები სად იშოვეთ?

_ თითქმის ოცი წელიწადია, ვმუშაობთ ბანკებთან, კარგი გადამხდელების სახელით ვსარგებლობთ და ვაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას…

_ და იღებთ სესხს?

_ დიახ, ვისესხებთ, ხუთი წლის ვადით. ბანკების ხელმძღვანელები მედიცინის მიმართ დიდი ჰუმანურობით გამოირჩევიან. ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და ძალიან დაბალ პროცენტზე შევთანხმდით.

_ რამდენზე?

_ ამას ვერ გეტყვით. მაგრამ მერწმუნეთ, რომ ძალიან დაბალპროცენტიანი კრედიტი მოგვცა თიბისი ბანკმა. პრაქტიკულად ევროპულ დონეს უთანაბრდება.

_ სახელმწიფო, ცხადია, არ გეხმარებათ.

_ სახელმწიფო დაფინანსება ჩვენს ინსტიტუტს 1994 წლიდან არ მიუღია. რაც მას შემდეგ გავაკეთეთ, უახლესი აპარატურის შეძენიდან დაწყებული და ახალი, თანამედროვე კორპუსებით დამთავრებული _ ყველაფერი ჩვენი ფულითაა გაკეთებული რეინვესტიციის გზით. სახელმწიფოს მიერ მედიცინა ისე არ არის დაბეგრილი, რომ ასეთი საქმიანობისთვის თავის დადგმა შეუძლებელი იყოს.

_ ბატონმა ფრიც დერერმა თქვა, რომ ახალი ტექნოლოგიებით პაციენტების მომსახურების ტარიფთან მათ ხელი არ აქვთ. ეს თქვენი გადასაწყვეტიაო.

_ ქართველ ხალხს ვპირდები, რომ ფასი მინიმალური იქნება, რომ მჭიდრო ურთიერთობას დავამყარებთ სადაზღვევო კომპანიებთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოგებაზე ორიენტირებული მომსახურება არავითარ შემთხვევაში არ გვექნება.

მოკლედ, ახალი აპარატურის კიდევ ერთი სახეობა სულ მალე ამოქმედდება.

_ გვითხრეს, რომ მარტს არ გადასცილდება.

_ შეიძლება, უფრო ადრეც ჩადგეს მწყობრში. არ დაგიმალავთ, რომ ბავშვივით მიხარია.

ჩვენც გვიხარია, ბატონო ფრიდონ!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

2 COMMENTS

  1. ბაადურ მოსიძე – გააჯვი შე ყლეო, რა მოტყანი ტვინი, აქ არ დაგინახო შემოსული შე ჩემის ჰიპოკრატეს ნატყნავა ვირიშვილო შენა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here