Home რუბრიკები საზოგადოება კობა დავითაშვილი «ნაცმოძრაობის» წევრებისთვის სახელმწიფო თანამდებობების აკრძალვას მოითხოვს

კობა დავითაშვილი «ნაცმოძრაობის» წევრებისთვის სახელმწიფო თანამდებობების აკრძალვას მოითხოვს

528

წლების განმავლობაში «ნაციონალური მოძრაობის» სისასტიკემ საკუთარი მოსახლეობის მიმართ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ სხვადასხვა ტოტალიტარული რეჟიმის სისასტიკეზე გადაღებული ბევრი დოკუმენტური ფილმი, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ, უბრალოდ, რელაქსაციის საშუალებად მოეჩვენებათ. და როდესაც ამ ადამიანებს ხელისუფლება, დაპირებული სამართლიანობის ნაცვლად, პირში ბურთივით ჩრის კოაბიტაციას და სტანდარტული ფრაზით «გამოძიება გრძელდება» ცდილობს თავის მართლებას, ადვილი შესაძლებელია, მოხდეს უსამართლობის მსხვერპლთა სპონტანური აფეთქება, რაც კოაბიტაციის შედეგად «გულში ჩაკრული» «ნაცების» ჩაქოლვითა და ლინჩის წესით მათი გასამართლებით დასრულდება.

 

ამ ფონზე საინტერესოა კობა დავითაშვილის ინიციატივა, რომელიც «თავისუფლების ქარტიაში» ცვლილებების შეტანას და «ნაცმოძრაობის» წევრებისთვის სახელმწიფო თანამდებობების აკრძალვას მოითხოვს. «საქართველო და მსოფლიო  ამ აქტუალურ საკითხზე უფლებადამცველ გელა ნიკოლეიშვილს, ლეიბორისტული პარტიის წევრ გიორგი გუგავასა და არასამთავრობო ორგანიზაციის «გადაარჩინე სიცოცხლე» დამფუძნებელ იური ვაზაგაშვილს დაუკავშირდა.

გელა ნიკოლეიშვილი:

_ «თავისუფლების ქარტიაში», რომელიც ამ 2-3 წლის წინ მიიღეს, აკრძალვებია კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელების მიმართ. კერძოდ, ქარტიის თანახმად, მათ გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება კატეგორიულად ეკრძალებათ. იმ პროექტის მიხედვით კი, რომელიც კობა დავითაშვილმა წამოაყენა, ქარტიას ემატება ერთი მუხლი, რომლის თანახმად, ასეთი აკრძალვები დაწესდება «ნაციონალური მოძრაობის» მაღალჩინოსნების მიმართაც. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამის განხორციელება ნაადრევია, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არც მომხდარა სრულად შეფასება იმ სისტემური დანაშაულებრივი ქმედებების, რომლებსაც «ნაციონალური მოძრაობა» თავისი მმართველობის პერიოდში სჩადიოდა. ჯერ საბოლოოდ უნდა შეფასდეს და დადასტურდეს ის, რომ, მაგალითად, ციხეში თუ მის გარეთ ადამიანთა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ქონებების წართმევას, პოლიტიკური მიზნით სამსახურიდან დათხოვნას და ა.შ. სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენ ვიცით, ვინც შიგნიდან ვუყურებთ პროცესებს, მაგრამ დასავლეთი, ვინც გარედან აკვირდება ამ ყველაფერს, თვლის, რომ ეს იქნება უბრალოდ პოლიტიკური ნიშნით დევნა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ, სანამ არ დადასტურდება, რომ ადგილი აქვს სისტემურ დანაშაულს «ნაციონალური მოძრაობის» მხრიდან, მანამ საუბარი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის რაიმე თანამდებობის დაკავების აკრძალვაზე, ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმის მსგავსად, არ იქნება მიღებული და გათავისებური დასავლეთის საზოგადოების მხრიდან. ამდენად, ჯერ საჭიროა ამ ყველაფრის დამტკიცება, დადასტურება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მივიდეთ საბოლოო სამართლიან შედეგებამდე.

გიორგი გუგავა:

_ უპირველესად, საჭიროა რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. ამის შანსი კი დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა. მას იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადებინა პრეზიდენტისთვის. ამ პროცედურისთვის კი აუცილებელი იყო, პარლამენტში შესულიყო ინიციატივა და დოკუმენტი პრეზიდენტის დანაშაულებათა და გადაცდომათა შესახებ. შემდეგ ეს უნდა გადაგზავნილიყო საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოში, სადაც მოხდებოდა რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. ამის შემდეგ შეიძლებოდა მიგვეღო გადაწყვეტილება  «ნაციონალური მოძრაობის» საქმიანობის აკრძალვის თაობაზე.

აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ ეს ყველაფერი მარტო «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ ყველას, ვინც მათ წლების განმავლობაში გვერდით ედგა: ეკავათ მაღალი პოლიტიკური თანამდებობები, იყვნენ პარლამენტის წევრები, დეპუტატები, მინისტრები, პროკურორები, მოსამართლეები, მონაწილეობდნენ «ვარდების რევოლუციის» გადატრიალებაში ან იმართებოდნენ უცხოეთიდან და ფინანსურად აძლიერებდნენ ამ რეჟიმს. სწორედ მათი წყალობით ჩამოყალიბდა ის მანკიერი, ძალადობრივი და რეპრესიული რეჟიმი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალი უბედურება მოუტანა ქვეყანას. ამის დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ხელისუფლებაში მოვა ისეთი ეროვნული, სოციალურად ორიენტირებული და პრაქტიკული ძალა, როგორიცაა შალვა ნათელაშვილი. ახლა კი რა ხდება? _ ვუყურებთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში მხოლოდ ერთჯერადი დეკორაციები იცვლება, სოციალური სიდუხჭირე, გაჭირვება, მონოპოლიები იგივე რჩება, ქვეყანა კი ისევ იქცევა, მოქალაქეები კვლავაც ღატაკდებიან და ხალხი უსამართლო მდგომარეობაშია.

იური ვაზაგაშვილი:

_ დავიწყებ იმით, რომ ისევ ის ზონდერები და დამნაშავეები არიან ძველ თანამდებობებზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ. არავინ დასჯილა. პროკურატურაში 25 ათასი საჩივარია შესული _ მკვლელობებით დაწყებული და კერძო საკუთრებით დამთავრებული, მაგრამ ჯერჯერობით  არც ერთი საქმე არაა ბოლომდე მიყვანილი. რა თქმა უნდა, მივესალმები კობა დავითაშვილის განცხადებას ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით, მაგრამ სამართლიანობის აღდგენისთვის მარტო ეს არაა საკმარისი. ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მკვლელს რა უნდა გარეთ?! ჩვენ ხელისუფლების გადადგომას არ ვითხოვთ, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით. უბრალოდ, სამართლიანობის აღდგენა გვსურს.

ვინც წინა ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, ახლა სწორედ მათ აქვთ «ნაციონალებთან» კოაბიტაცია. საზოგადოება მხოლოდ ლუსტრაციის კანონს არ დასჯერდება და განცხადებების გაკეთების დროს ცოტა ჩვენკენაც გამოიხედონ. წინა ხელისუფლების დროს 170-მდე ახალგაზრდა იყო ჩაცხრილული. ყველა ქუჩა სისხლითაა მორწყული. ღმერთმა ყველა დაიფაროს ჩემს მდგომარეობაში ყოფნისგან, მაგრამ მე სწორედ ჩემი გასაჭირი მალაპარაკებს. ამ ხელისუფლებამ ბოლომდე არც ერთი საქმე არ მიიყვანა, ამას კი საზოგადოება არაფრით შეურიგდება. ეს მარტო იური ვაზაგაშვილის სიტყვები არაა, ეს მთელი საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა. თუ ხელისუფლება თვითონ არ შეუდგება სამართლიანობის აღდგენას, მაშინ მის დამყარებას გამწარებული ხალხი შეეცდება და შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას  დაეკისრება. ძალიან შეურაცხყოფილები ვართ, რადგან, სანამ ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოვიდოდა, ყველანი ერთად ვიდექით; ახლა კი ხმას არავინ არ იღებს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოაბიტაციას სჯერდებიან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: წინა ხელისუფლების ყველა დამნაშავის ადგილი საბრალდებო სკამზეა!

მოამზადა

შორენა ღვაჩლიანმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here