Home რუბრიკები საზოგადოება ბესიკ ლიპარტელიანი: ბრალს პირადად ლევან ყიფიანს ვდებ!

ბესიკ ლიპარტელიანი: ბრალს პირადად ლევან ყიფიანს ვდებ!

1305

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული სპორტი «ნაციონალური მოძრაობის» ხელშია და ამა თუ იმ ფედერაციის მაღალჩინოსნების დანიშვნაარდანიშვნის საკითხი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების კაბინეტებში წყდებოდა. გასული წლის ოქტომბერში ხელისუფლების სათავეში «ქართული ოცნების» წარმომადგენლები მოვიდნენ და სპორტის რამდენიმე სახეობის ფედერაციებში თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ხშირად აღნიშნავდა, რომ სამინისტრო ფედერაციების საქმიანობაში არ ჩაერეოდა.

 

გვსურს, ბატონი ლევანის სიტყვები ვირწმუნოთ, მაგრამ ქართულ კალათბურთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საწინააღმდეგოს მეტყველებს. გასული წლის დასასრულს, ერთერთ პრესკონფერენციაზე ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გამართულად მხოლოდ რაგბისა და კალათბურთის ფედერაციები მუშაობენ. იმ გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ბატონი ბესიკ ლიპარტელიანისა და მისი თანამოაზრეების მიმართ ნამდვილი «ჯვაროსნული ომი» გამოცხადდა. არ მსურს ამ ზეწოლის მთავარ ინიციატორად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელი პირველი პირი გამოვიყვანო, მაგრამ, კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლების მტკიცებით, ფაქტებს ბატონ ლევან ყიფიანთან მივყავართ. ქართულ საკალათბურთო ოჯახში არსებული დაპირისპირების გასარკვევად რამდენიმე დღის წინ სპორტის ამ სახეობის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს ვესტუმრეთ. სანამ უშუალოდ პრობლემებზე ვისაუბრებდით, ბატონ ბესიკს ეროვნული გუნდის სლოვენიაში ასპარეზობის შეფასება ვთხოვეთ.

_ სლოვენიაში ასპარეზობა ორი წამყვანი კალათბურთელის გარეშე მოგვიწია, მაგრამ გუნდს თავი არ შეურცხვენია, მიუხედავად იმისა, რომ ხორვატებთან ერთი დასანანი შეცდომის გამო დავმარცხდით, მასპინძლებთან მოგება კი მსაჯებმა წაგვართვეს. ბოლო ორ შეხვედრაში გუნდი გადაიღალა  და მეტოქეებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მანუჩარ მარკოიშვილი და ჰიკმანი მუხლის ტრავმით თამაშობდნენ. დღეს საქართველოს ნაკრები კონტინენტზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა და მას ნებისმიერი მეტოქე უფრთხის.

_ ქართველ გულშემატკივრებს ეროვნული გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელის საკითხი აინტერესებთ

_ მიმაჩნია, რომ ბატონმა იგორ კოკოშკოვმა საკუთარი მისია უკვე შეასრულა. ეს ადამიანი გუნდს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უძღვება. თავდაპირველად ქვედა დივიზიონიდან მაღალ საფეხურზე დააწინაურა, შემდეგ კი ნაკრები ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გაიყვანა. იგორს ჩვენთან გაფორმებული ორწლიანი ხელშეკრულება უკვე დაუსრულდა და ამჟამად სამშობლოში იმყოფება. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს ჩავატარებთ, კალათბურთის სპეციალისტები შევიკრიბებით და ახალი მწვრთნელის შესახებ ვიმსჯელებთ. დიდი ალბათობით, გაისად ნაკრებს სათავეში ახალი სპეციალისტი ჩაუდგება.

_ ნაკრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხრიდან სრულიად იგნორირებულია. თქვენი აზრით, რატომ?

_ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ამაში ბრალს პირადად ბატონ ლევან ყიფიანს ვდებ. ამ ადამიანმა თანამდებობაზე მოსვლის პირველივე დღიდან კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის შევიწროება დაიწყო და უახლოეს მომავალში ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელში საკუთარი კადრის დასმას აპირებს. ამას შეეწირა ეროვნული გუნდის ინტერესები. მიმდინარე წლის აგვისტოში ბიჭებმა თბილისში ერთკვირიანი სავარჯიშო ციკლი გაიარეს და მათთან შესახვედრად სამინისტროს არც ერთი მაღალჩინოსანი არ გამოჩენილა. უფრო მეტიც:  მინისტრის რამდენიმე მოადგილეს სლოვენიაში წამოსვლა სურდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა ყიფიანის შიშით ვერ გაბედეს. ბატონმა ყიფიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ, მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, სამინისტროს წარმომადგენლები ევროპის პირველობაზე აუცილებლად გაემგზავრებოდნენ. გეტყვით, რომ ეს სიცრუეა. სამწუხაროა, მაგრამ მინისტრს ტყუილების თქმა არ ერიდება. ეს პიროვნება სპორტში სრულიად არაკომპეტენტური ბრძანდება და, მის ადგილას რომ ვიყო, სამუშაო კაბინეტში შესვლა შემრცხვებოდა. ეროვნული გუნდი სრულიად საქართველოს საკუთრებაა, ყიფიანმა კი ეს ბიჭები საკუთარ ამბიციებს გადააყოლა.

_ გასული წლის დასასრულს მინისტრმა კალათბურთის ფედერაცია ერთერთ სანიმუშოდ მოიხსენია. როდის დაიძაბა თქვენ შორის ურთიერთობა?

_ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყიფიანმა ჩვენი ჩაძირვისა და დისკრედიტაციის პოლიტიკა გამინისტრების პირველივე დღეებიდან დაიწყო. 2012 წლის შემოდგომაზე ორგანიზაცია «ქართული კალათბურთი» ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებლები ლევან მიქელაძე, გიორგი მარკოიშვილი, ზურა გრძელიძე და მიხეილ ახვლედიანი იყვნენ. ამ ოთხეულიდან ფედერაციის მომავალ პრეზიდენტად გიორგი მარკოიშვილი მოიაზრებოდა. როდესაც ამ ორგანიზაციის წევრები მინისტრის კაბინეტში შეიკრიბნენ, ყიფიანმა მათ განუცხადა, რომ ფედერაციის პირველი პირი აუცილებლად მიხეილ ახვლედიანი უნდა ყოფილიყო.

_ ვინ არის მიხეილ ახვლედიანი?

_ მიშა ახვლედიანი ყოფილი კალათბურთელია, მაგრამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში სპორტის ამ სახეობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ერთი პერიოდი ესპანეთში ცხოვრობდა, თბილისში კი ძირითადად საღეჭი რეზინის დისტრიბუტორად მუშაობდა. მისი მთავარი კოზირი ლევან ყიფიანთან მეგობრობაა. სხვათა შორის, «დიროლისა» თუ «სტიმოროლის» გამყიდველი მიშა საკალათბურთო საკითხებში მიქელაძემ და მარკოიშვილმა გაანათლეს. შემდეგ ახვლედიანმა პრესკონფერენციებზე მეგობრების იდეები საკუთრად გაასაღა. მოგვიანებით ახალი ორგანიზაცია «კალათბურთელთა კავშირი» დაფუძნდა და ახვლედიან-ყიფიანის წყვილმა ამ ორგანიზაციის მეშვეობით დამიწყო ბრძოლა. ალბათ, გახსოვთ 10 აგვისტოს ჩაშლილი კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა. ამ ღონისძიებამდე ყიფიანის კაბინეტში ჩვენი და მეორე მხარის იურისტები ერთმანეთს შეხვდნენ. ახვლედიანის მომხრეები წესდების ათი პუნქტის შეცვლას მოითხოვდნენ. რვა მათგანი ულაპარაკოდ დავაკმაყოფილეთ. მათ სურდათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკალათბურთო კლუბებს, ერთის ნაცვლად, სამი ხმა ჰქონოდათ. გუნდები მეტწილად მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში იმყოფებიან და ლევან ყიფიანი სახელისუფლო ბერკეტების გამოყენებით მათ გაკონტროლებას შეძლებდა. ოპონენტების მტკიცებით, არჩევნებში სამინისტროსაც ერთი ხმა უნდა ჰქონოდა, რადგან ეს ორგანიზაცია სპორტის ამ სახეობას აფინანსებს. ამ ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, საარჩევნო ხმა კომპანია «ნატახტარისთვისაც» უნდა მიმეცა, რადგან ის ფედერაციის უმთავრესი სპონსორია. რასაკვირველია, ამ ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასტიკი უარი განვაცხადეთ.

ამ ამბებიდან ცოტა ხანში ყიფიანმა ახალი მზაკვრობა ჩაიდინა. სამინისტროს ოფიციალურ ბლანკზე შესაბამისი წერილი დაიწერა, რომლითაც ორივე დაპირისპირებულ მხარეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომისკენ მოგვიწოდებდნენ. სინამდვილეში ეს წერილი ახვლედიანმა და მისმა მეგობრებმა ყველა კლუბსა და საკალათბურთო სკოლაში მიიტანეს და ჩვენ წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა წამოიწყეს.

ამაზეც არ გაჩერდნენ და მორიგი «სიურპრიზი» შემოგვთავაზეს. თავდაპირველად 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი კლუბ «ოლიმპიდან» გაათავისუფლეს. მის ნაცვლად გუნდი თორთლაძემ ჩაიბარა. ლევან ყიფიანმა პირდაპირ მითხრა, რომ ეს უკანასკნელი მისი კლასელია და «უმუშევრად ხომ არ დავტოვებდიო». შემდეგ «რუსთავის» თავკაცი მიხეილ ბერუაშვილი გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი _ «ქუთაისის» მთავარი მწვრთნელი _ დავით უსტიაშვილი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს «არმიის» მწვრთნელის _ კოტე ტუღუშის მოხსნაც სურდა, მაგრამ ამ კლუბის ხელმძღვანელობას ეყო გონიერება და საკონსულტაციოდ ჩვენ დაგვიკავშირდა. ამაზრზენია ის ცილისწამებები, რომელთაც ტუღუშის შესახებ ყიფიანი და ახვლედიანი ავრცელებდნენ.

სპორტის სამინისტროს ჩვენს საქმიანობაში ჩარევის არანაირი იურიდიული უფლება არ გააჩნია. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მხოლოდ ფიფას დირექტივებით მოქმედებს და ამ ორგანიზაციას ემორჩილება. მეტსაც გეტყვით: გასული წლის დასასრულს «ქართული კალათბურთის» ხელმძღვანელებმა ფიფაში ოფიციალური წერილი გააგზავნეს და ჩვენი წესდება სასტიკად გააკრიტიკეს. პასუხმა არ დააყოვნა. ევროპული კალათბურთის მამებმა სრული სოლიდარობა გამოგვიცხადეს _ წესდებაში დარღვევები ვერ გვიპოვეს და მოწინააღმდეგე მხარეს ჩვენთან თანამშრომლობა შესთავაზეს.

_ მოწინააღმდეგეები სხვა რა ბრალდებებს გიყენებენ?

_ ერთ-ერთი ბრალდებაა, ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ბავშვთა კალათბურთის თითქოსდა უგულებელყოფა. ფედერაციის თავკაცად 2001 წელს მოვედი. სპორტული ინფრასტრუქტურა მთლიანად გაჩანაგებული დამხვდა. თავდაპირველად ვერის დარბაზი მოვაწესრიგეთ, შემდეგ კი საკალათბურთო სკოლებსაც მივხედეთ. დღეს სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ბავშვთა პირველობებს მაღალ დონეზე ვატარებთ. რაც შეეხება საკალათბურთო სკოლებს, ეს შენობები მერიის უშუალო დაქვემდებარებაშია და იქ შესვლის იურიდიული უფლება არ გვაქვს. ერთადერთი, რასაც მუდმივად ვახორციელებთ, ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების შესაბამისი ლიტერატურითა და საჭირო ინვენტარით მომარაგებაა. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში ფედერაცია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.

კიდევ ერთი ბრალდებაა ის, რომ ქართველი მწვრთნელების პროფესიული დონის ამაღლებაზე არ ვზრუნავთ. ოპონენტებს ამ შემთხვევაშიც ვერ დავეთანხმები. ყოველწლიურად რამდენიმე ლექცია-სემინარს ვატარებთ, მაგრამ პრობლემა თავად მწვრთნელებში უნდა ვეძიოთ. პირველ მეცადინეობას თუ 50 ადამიანი ესწრება, მეორე დღეს მათი რაოდენობა განახევრებულია, მესამე დღეს კი საერთოდ აღარავინ მოდის. იცით, რატომ? ვისაც საკუთარი საქმე უყვარს, ის პროფესიულად გაზრდას ყოველთვის ახერხებს.

გვიყენებენ ბრალდებას, რომ თორმეტი წლის განმავლობაში მოწესრიგებული საკლუბო ჩემპიონატის ჩამოყალიბება ვერ შევძელით. წესითა და რიგით კლუბების დაფინანსების 51 პროცენტი საკუთარ თავზე მუნიციპალიტეტებმა უნდა აიღონ, დანარჩენი ნაწილი კი _ სპონსორებმა. კალათბურთის განვითარებისა და გუნდების გაძლიერების პროცესი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და მას ფედერაცია მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ შეეჭიდება. ჩვენი ძირითადი მოვალეობა სხვადასხვა ასაკის ნაკრებთა მომზადება და ეროვნული პირველობის ორგანიზაციაა.

_ საინტერესოა არსებული დაპირისპირების შესახებ ქართული კალათბურთის ვეტერანების აზრი

_ მათ ნაცვლად პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ, ერთს კი მოგახსენებთ: ნიკოლოზ დერიუგინი ძალიან უმადურად მოგვექცა. ამ კაცისთვის არაერთი სიკეთე გვაქვს გაკეთებული, მან კი უნამუსოდ გვიღალატა. ცოტა ხნის წინ თბილისში არვიდას საბონისი ჩამოვიდა. პროტოკოლის მიხედვით, საბონისი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრსა და ქვეყნის პრემიერმინისტრს უნდა შეხვედროდა. რასაკვირველია, დერიუგინი ძველ მეგობარს აეროპორტშივე დახვდა და თბილისში ყოფნისას გვერდიდან არ მოსცილებია. სამწუხაროდ, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ნიკოლოზი ვერ წავიყვანეთ და ეს უკანასკნელი ძალიან გაგვინაწყენდა. რასაკვირველია, საკმაოდ უსუსური არგუმენტია და ამის მომიზეზებით მოწინააღმდეგე ბანაკში გადასვლა ნორმალურ საქციელად არ მიმაჩნია.

_ ნება მომეცით, ბოლო შეკითხვა დაგისვათ: გულახდილად მითხარით, ამდენი უსიამოვნების შემდეგ გადადგომაზე ხომ არ გიფიქრიათ?

_ სიმართლე გითხრათ, 2011 წელს წასვლაზე სერიოზულად დავფიქრდი და ამ ნაბიჯის გადადგმას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვაპირებდი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მისამართით ისეთი სიბინძურის ნიაღვარი წამოვიდა, მორალური უფლება აღარ მაქვს, ქუდი დავიხურო და ულაპარაკოდ წავიდე. დღესაც მზად ვარ, თანამდებობიდან გადავდგე, მაგრამ ქართულ კალათბურთს მიშა ახვლედიანის ხელში ნამდვილად ვერ დავტოვებ. ოღონდაც ღირსეული პიროვნება გამოჩნდეს და დღესვე წავალ.

ესაუბრა

გიორგი გაჩეჩილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here