Home რუბრიკები საზოგადოება ბენდუქიძის პირადი პატიმრის შემზარავი აღსარება

ბენდუქიძის პირადი პატიმრის შემზარავი აღსარება

607

«ნაციონალების» გადამკიდე აღარაფერი გვაკვირვებს _ არც ადამიანის წამება, არც გაუპატიურება, არც ქონების წართმევა, არც გატაცება, მაგრამ, ამ ქვეყანაში ლიბერალიზმის მამამთავრებსა და განათლების სისტემის მესვეურებს ადამიანის დატყვევებაც თუ მოუვიდოდათ აზრად, ალბათ, ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა. სინდისნამუსგაყიდულმა და ნახევარ საქართველოზე მეტის მყიდველმა კახა ბენდუქიძემ 2008 წელს სამაჩაბლოდან დევნილი, მეცნიერთანამშრომელი, მარტოხელა ქალბატონი ესმერალდა მინდიაშვილი ერთ პატარა ოთახში დაატყვევა და, როგორც შეძლო, ისე აწამა. ბენდუქიძის ტყვე, ინსულტმიღებული რამდენიმე ხნის შემდეგ გონს რომ მოვიდა, «საქართველო და მსოფლიოს» დაუკავშირდა. გასაოცარი ის არის, რომ ქალბატონი ესმერალდა თავის მწამებლებს პოლიციაში არ უჩივის. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მის ნაამბობს ისინი წაიკითხავენ, ვისაც ამ ადამიანების დასჯა ხელეწიფებათ. წერილში ნახსენებია ყველა მათგანის გვარი.

 

_ მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვარ. 9 წელი დისერტაციაზე ვმუშაობდი, ინსტიტუტში წლების მანძილზე რაიონიდან დავდიოდი, როდესაც დისერტაციის დაცვა დავასრულე, სოფელში დავბრუნდი. 2008 წლის ომის შემდეგ, ლტოლვილი გავხდი, 9 სოფელი საზღვარს მიღმა დარჩა და მეც აქეთკენ გამოვეშურე.

 მარტოხელა ქალი ვარ, მეუღლეს დიდი ხანია დავცილდი, მშობლები დამეხოცა და სულ მარტო დავრჩი. თბილისში რომ ჩამოვედი, მაშინვე მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისკენ გავემართე, რადგან ჩემთვის ახლობელი ადამიანები იქ მეგულებოდნენ. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდათ. დისერტაციის დაცვის პარალელურად არქივს ვხელმძღვანელობდი, ჩვენს ინსტიტუტს არნახული არქივი ჰქონდა და ამაში ჩემი დიდი წვლილიც იყო. ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ, რადგან უსახლკაროდ დავრჩი, დარაჯად გამაფორმა, შენობის მამასახლისობაც ჩამაბარეს, შენობისთვის რომ მიმეხედა. იქ ჩემ გარდა  დევნილებიც ცხოვრობდნენ. სააკაშვილის მთვარობამ ნელ-ნელა ხალხის გამოსახლება დაიწყო, ბოლოს რამდენიმე ოჯახი რომ დავრჩით, საცხოვრებლად, ლილოში გადაგვიყვანეს, ჰოსპიტალში ჩაგვასახლეს. მერე დამპირდნენ, რომ კომპენსაციის სახით თანხას მომცემდნენ. გავიდა დრო და იმ შენობიდანაც გამომიყვანეს. აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი და ისევ მცენარეთა დაცვის ინსტიტუტს მივმართე, ისევ დამეხმარნენ, მიმიღეს. ინსტიტუტის დირექტორის, შაქრო ყანჩაველის, ბრძანების თანახმად, კვლავ არქივის ზედამხედველობა დამევალა. 2010 წელს შენობა გაიყიდა. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ კარლო კიკორიამ და მე შენობა უკანასკნელებმა დავტოვეთ. ეს იყო 2011 წლის 23 ოქტომბერი. შენობას იმიტომ ვდარაჯობდით, რომ კახა ბენდუქიძე ყველაფერს აგრარულ უნივერსიტეტში ეზიდებოდა.

23 ოქტომბერს ბატონმა კარლო კიკორიამ და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა იმის გამო, რომ დარაჯად ვიყავი გაფორმებული, ბიოქიმიის ინსტიტუტში გადმომიყვანეს, აქ ინახებოდა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის  ინვენტარი და მასალები. ბენდუქიძის წარმომადგენელმა, კობა გოგიჩაიშვილმა, თავისი მანქანით მომიყვანა და ოთახიც მანვე შემირჩია. ოთახში დენის ხაზი შემოიყვანეს, საწოლი კომენდანტმა მომცა. წყალი არ მქონდა, მესამე სართულზე ავდიოდი და იქიდან ვეზიდებოდი. გაუსაძლისი პირობები იყო, მაგრამ მთავრობისგან ფულს ველოდებოდი და ვითმენდი, თან შენობასაც ვდარაჯობდი, ამაში ხელფასს მიხდიდნენ. მთავრობამ დანაპირები თანხა არ მომცა, თქვეს, რომ აგვისტოში, წინასაარჩევნოდ დარიგდებაო, მაგრამ არც მაშინ დარიგდა. გვითხრეს, დეკემბერში მოგცემთ თქვენს კუთვნილ თანხასო. იქიდან რომ დავბრუნდი, ჩემს ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ თანხა დეკემბრამდე არ იქნება და რა ვქნა, როგორ მოვიქცე, ინსტიტუტთან ხელშეკრულების ვადა სექტემბერში რომ მიმთავრდება, მერე მაცხოვრებთ ამ შენობაში თუ არა-მეთქი. კარლო კიკორიამ და შაქრო ყანჩაველმა აგრარული უნივერსიტეტის რექტორთან _ ლაშა გოცირიძესთან წამიყვანეს, მაგრამ ის არ დაგვხვდა და მის სიძეს _ ზურაბ ხორბალაძეს შევხვდით. მან თქვა, რომ შენობაში უამრავი აპარატურაა და ეს ქალბატონი იქ იყოს, დაიცავსო.

 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სიტუაცია რომ შეიცვალა, ბოლო თვის ხელფასი აღარ მომცეს და თან შემომითვალეს, ახალმა მთავრობამ მოგცეს ხელფასიც და შენობაცო. შაქრო ყანჩაველმა იმ პროექტის მენეჯერს, ცისია ჩხუბიანიშვილს, რომლის პროექტშიც მე დარაჯად ვიყავი გაფორმებული, უთხრა, რომ ჩემთვის ბოლო ხელფასი მოეცა, მაგრამ მათ მხოლოდ 80 ლარი დამირიცხეს, ეს ფული კი წამლებზეც არ მეყო, 40 ლარი თანამშრომლებმა შემიგროვეს.

 ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ბენდუქიძის წარმომადგენელი, კობა გოგიჩაიშვილი, მოვიდა და გამიმეორა, რომ შენობა დამეცალა. ისიც მითხრა, რომ ნაბრძანები ჰქონდა კარის ჩაკეტვა. ამოაშენეს კედელი, გადამიჭრეს დენის ხაზი, თან მითხრეს, აქვე ქუჩაში იარეო. თურმე რამ გააღიზიანა ბენდუქიძე _ მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის თანამშრომელი, აჩიკო სუბატაშვილი, დადიოდა, სამუშაო ჰქონდა. ერთხელაც რომ მოვიდა, წყლის მილი იყო დაზიანებული და ვთხოვე, შეეკეთებინა. ამაზე გადაირივნენ, როგორ თუ შენ ვიღაცას გზა ასწავლეო. რა ჩემი სასწავლებელი იყო, ის თანამშრომელი იყო და სულ დადიოდა.

გახსოვთ, ალბათ, ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა და დევნილებმა შენობების უკანონოდ დაკავება დაიწყეს. დევნილები აქაც გამომიგზავნეს. მე, რა თქმა უნდა, არ შემოვუშვი. ვიფიქრე, ახლა აქ რომ ესენი შემოვუშვა, მეც გამაგდებენ, მეტყვიან შენობა ვერ დაიცავიო, მაგრამ პირიქით მოხდა, მათ ხელს აძლევდათ დევნილების შემოსვლა, ალბათ, ახალ ხელისუფლებას რაღაცას უწყობდნენ; ვითომ გაბრაზდნენ და 2012 წლის 23 ოქტომბერს შენობაში გამომამწყვდიეს. მოვიდა ბენდუქიძის კიდევ ერთი წარმომადგენელი _ ბექა ბაღათურია და ჩამკეტა. მანამდე ისედაც ყველა მხრიდან კედელი იყო ამოშენებული, გარედან კი გისოსებს ჯაჭვი დაადეს. ერთი სიტყვით, ბენდუქიძის მითითებით, 23 ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. ჩემი ახლობლები და თანამშრომლები საჭმელს გისოსებიდან მაწვდიდნენ.

 ბექა ბაღათურია პერიოდულად მოდიოდა და ჩემს გასაგონად ამბობდა, _ ეს შენობა უნდა დავანგრიოო. ვფიქრობდი, ახლა რომ შემეშინდეს და გამოსვლა ვთხოვო, აქედან ყველაფერს გაიტანენ და ამდენი წლის ნაშრომი დაიკარგება-მეთქი.

დევნილები, რომლებიც მაშინ აქ მომადგნენ და შენობის დაკავება მოინდომეს, კობა გოგიჩაიშვილის მოყვანილები იყვნენ, მერე დევნილთა სამინისტროდან წარმომადგენელი მოვიდა და მეც იმ დევნილთა სიაში ჩამწერეს. გავგიჟდი, რომ გავიგე, ვუთხარი, ეს დევნილები აქ 19 ოქტომბერს მოვიდნენ, მე კი 2011 წლის 23 ოქტომბრიდან ამ შენობაში ვცხოვრობ-თქო. მეშინოდა, რომ იმ დანაპირებ ფულს დავკარგავდი, ამიტომაც არ მინდოდა აქედან გადასვლა.

გადიოდა დრო და მე ჩაკეტილი ვიყავი. ერთხელ ერთი ქალი მოვიდა, ცხელი საჭმელი მომიტანა, მაგრამ ჯამი გისოსებში არ შემოეტია. ვინც  მდარაჯობდა, იმათ დაუძახა და სთხოვა, შემიშვით, ცხელ საჭმელს შევუტანო. რომ შემოვიდა, ორ წუთში დაუძახეს, რეგლამენტი ამოიწურა, ოთახი დატოვეთო, ისე, თითქოს ციხეში ვიყავი. ერთ დღეს, ჯაჭვი, რომელიც გისოსებს ეკეთა, დილით მოპარული დაუხვდათ, მე ცუდად ვიყავი, ჩამძინებია, ხმაურმა გამომაღვიძა, ჯაჭვს ცვლიდნენ, უფრო დიდი, მსხვილი ჯაჭვით ჩამკეტეს. კინაღამ გადავირიე, ვუთხარი: _ გასაგებია, რომ შენობა ბენდუქიძის არის, ისიც გავიგე, რომ ტუალეტისკენ და წყლისკენ გასასვლელი ჩამიკეტეთ, მაგრამ ოთხ დღეში ერთხელ რომ ცხელი საჭმელი ვჭამო, ამით რა დაშავდება-თქო?

_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩაგკეტეს და გდარაჯობდნენ, ვინმეს  საჭმელიც კი რომ არ მოეწოდებინა?

_კი, მდარაჯობდნენ, უფრო მეტიც, ბენდუქიძე თავის დაცვასაც არ ენდობოდა და პოლიცია მოჰყავდა ჩემს სათვალთვალოდ. ჩემი ნათესავი ბიჭები რომ მოდიოდნენ ჩემს სანახავად, ვუთხარი, _ ნუ მოხვალთ, პოლიციამ წამალი არ ჩაგიდოთ და რაიმე შარში არ გაეხვეთ-თქო. ოთახში გაზიც გაუშვეს. მოკლედ, ყველა ღონეს ხმარობდნენ ჩემს დასაშინებლად.

_ კი მაგრამ, ერთი მარტოხელა ქალის ასე ძალიან რატომ ეშინოდათ?

_ ერთ დღეს ჩემთან მოვიდა კობა გოგიჩაიშვილი და მითხრა, რომ მექანიზაციის ინსტიტუტში გადაგიყვანთ და სამას ლარს ხელფასს დაგინიშნავთო, მაგრამ არ დავუჯერე და უარი ვუთხარი. «აი, შენ ნახავ, მაგ პასუხის სამაგიეროს როგორ გადაგიხდიო», _ დამემუქრა. იყო ერთი სატანა კაცი _ გივი, რომელსაც ჩემი ჩაკეტვა და კონტროლი ევალებოდა. დღეს ის აღიარებს, რომ ბრძანება კობამ გასცა. 

ახლა ბოდიშებს იხდიან, ვფიქრობ, ასე იმიტომ მიცავდნენ, არ მეჩივლა, რაც მათ ჩაიდინეს, ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია.

ღმერთო ჩემო, რა საშინელებები გადავიტანე, გზადაგზა მახსენდება, მაგრამ კიდევ ბევრ რამეს ვერ ვყვები.

ჩემი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ ბოლომდე ერთგულად ვიცავდი მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ქონებას. ამას გარდა, ვფიქრობდი, რომ, თუ აქედან გამიყვანდნენ, სულ დავიკარგებოდი და ვერც ბინას და ვერც თანხას ვერ მივიღებდი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. იუდა ბენდუქიძეს ფული, რომ ჰქონოდა ერთ ლარიან ინსტიტუტს კი არ იყიდიდა, ან ჭკუა, რომ ჰქონოდა თქვენ, ხომ არ დაგაპატიმრებდათ, ამას რაღად უნდა გამოძიება, ყველა სახეზეა. ჩემი წინადადება იქნება , ბენდუქიძე ჩავანწყვრიოთ მაგ ოთახში))))))) რამოდენიმე წლით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here