Home რუბრიკები პოლიტიკა ნაცლიდერებს სამეგრელოში ჩამოსვლის მორალური უფლება არა აქვთ

ნაცლიდერებს სამეგრელოში ჩამოსვლის მორალური უფლება არა აქვთ

592

გასულ კვირას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამეგრელოში ჩასულ დავით ბაქრაძეს «დაიცავი საქართველოს» ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა მიქაიამ, თავის მხარდამჭერებთან ერთად, ორიგინალური დახვედრა მოუწყო: «ნაცმოძრაობის» საპრეზიდენტო კანდიდატს ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ფალოსი დაუდგეს. მოგვიანებით ბაქრაძის მოწინააღმდეგეებსა და მის მომხრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ კი ინციდენტი რამდენიმე პირის დაჯარიმებით დასრულდა. როგორც «დაიცავი საქართველოს» წარმომადგენლებმა განაცხადეს, მსგავსი აქციები ზუგდიდში «ნაცმოძრაობის» ლიდერების ჩასვლის შემთხვევაში კიდევ გაიმართებარა მოხდა და რას აპროტესტებდნენ ადგილობრივები, უფრო დეტალურად თავად კახა მიქაია გვიამბობს.

 

_ ბატონო კახა, დაახლოებით ერთი თვის წინ სააკაშვილს ცოცხებით დახვდით და რესტორან «დიარონში» ვახშამი ჩაუშხამეთ. ახლა ბაქრაძეს გაუმართეთ «პომპეზური» დახვედრა. რას ისახავს მიზნად მსგავსი აქციები და როდემდე აპირებთ ამის გაგრძელებას?

_ მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ეს არის პროტესტი, უპირველესად, იმის გამო, რომ «ნაციონალურ მოძრაობას» და მათ ლიდერებს მორალური უფლება არ აქვთ, სამეგრელოში ჩამოვიდნენ. წლების მანძილზე ხომ ყველას ეგონა ეს კუთხე რეჟიმის დასაყრდენი? ჰოდა, ახლა ყველამ დაინახოს, რომ ამ კუთხეში ყველაზე მძაფრია სიძულვილი იმ რეჟიმის მიმართ. სხვათა შორის, დავით ბაქრაძემ, რომელიც დაცვის გარეშე ვერ ბედავს სიარულს, ძალიან კარგად იცის, რა რეაქცია ექნება ხალხს მის გამოჩენაზე, მით უფრო იცოდა, სამეგრელოში როგორ დახვდებოდნენ, მაგრამ მაინც ჩამოვიდა. იცით, ამას რისთვის აკეთებენ? ისევ და ისევ ხელისუფლებას რომ მოსცხონ ჩირქი, _ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს გვიშლიანო. აი, ესაა ამათი მზაკვრული გეგმა _ უნდათ, ქვეყანა არიონ…

_ ისინი საკუთარ თავს მთავარ ოპოზიციურ ძალას უწოდებენ.

_ სინამდვილეში ეს არის მთავარი პოლიტიკური გვამი, რომელიც დროზე უნდა მოშორდეს ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება ვერ დამშვიდდება, ხალხი ვერ იქნება წყნარად, როცა იცის, რომ სახელმწიფო დანაღმულია.

_ თუკი «ნაცმოძრაობა» პოლიტიკური გვამია, მაშინ რატომაა ის ნაღმი და საფრთხე?

_ იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე დესტრუქციული ძალაა და ყველაფერზე წამსვლელია. დააკვირდით ამათ საარჩევნო რგოლებს, მუდმივად არეულობაზე და 90-იან წლებზე საუბრობენ. თქვენ გგონიათ, მათ ამის შიში აქვთ? სინამდვილეში თვითონ არიან ასეთ უბედურებაზე წამსვლელები. ახლა ვიღაც იკითხავს, რა ძალა აქვთო, ძალა ყოველთვის მოიძებნება. მით უფრო, რომ დღეს «ნაცმოძრაობაში» ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც შეიძლება, დასაკარგი არაფერი ჰქონდეთ…

_ დესტრუქცია ახსენეთ და ადრე თქვენ საუბრობდით სამეგრელოში არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე, რომელთაც ახალაიების კლანი მართავდა. სად არის დღეს ის ხალხი?

_ მე ამ საკითხის გამოძიებას ვითხოვ დღემდე. თქვეს, რომ ეს ხალხი ინკორპორირებულია თავდაცვის სამინისტროში და სხვა უწყებებში. კი, ბატონო, თუ ვინმეს რამეში სჭირდებოდა ისინი, გასაგებია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: დღემდე ვითხოვ, დაიდოს მაგიდაზე დასკვნა; გამოძიებულ იქნეს, ვინ იყო ამ დაჯგუფების შექმნის ორგანიზატორი, ვინ დააფინანსა და რა მიზნით; ვინ იყვნენ უშუალოდ ამ იდეის ხორცის შემსხმელები და ვის ემორჩილებოდნენ ეს ზონდერჯგუფები.

არანაირი პასუხი, ეს საქმე არის მიჩუმათებული, დახურული. ერთადერთი, ალასანიას განცხადება მოვისმინეთ, დაჯგუფება თავდაცვის სამინისტროშია ინკორპორირებულიო. კიდევ ვიმეორებ: ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ აქ იყო კრიმინალი. კრიმინალების გამოყენება სად და რაში შეიძლება, არ ვიცი…

სააკაშვილის ხროვა უნდა აღიგავოს პოლიტიკური ასპარეზიდან. კიდევ ვიმეორებ: «ნაცმოძრაობას» მორალური უფლება არ აქვს, ჰყავდეს საპრეზიდენტო კანდიდატი და იყოს პარლამენტში, ამიტომ აქციები სამეგრელოში, ბაქრაძის წინააღმდეგ იქნება ეს თუ სააკაშვილის, მომავალშიც გაგრძელდება. ყველამ იცოდეს, ჩვენ ვერ მოვითმენთ «ნაციონალების» ბოგინს, მათ პარპაშს და, რაც მთავარია, არავის სჯერა, რომ ესენი შეიცვალნენ. ამათ აქვთ ერთადერთი სახე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი.

_ რაც შეეხება იმ ფსევდოპოლიტიკურ ძალებს, რომლებიც წლების მანძილზე თითქოს «ნაცმოძრაობის» ოპოზიციას წარმოადგენდნენ, მათ წინასაარჩევნო კამპანიას რატომ არ აპროტესტებთ, მაგალითად, «ქრისტიანდემოკრატებისას»?

_ ჯერ ერთი, «ქრისტიან-დემოკრატების» წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში ძალიან პასიურია, ფაქტრობრივად, არ ჩანან; მეორეც, მე ვთვლი, რომ «ნაციონალებთან» ერთად მათი დროც დამთავრდა. ისინი ხომ არ იყვნენ რეალურად დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები, წარმოადგენდნენ სააკაშვილის რეჟიმის დანამატს, ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ მსგავსი პოლიტიკური ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლას.

_ თქვენ თქვით, რომ ცხრა წლის მანძილზე სამეგრელო ყველაზე მძაფრად განიცდიდა სააკაშვილის რეჟიმის ზემოქმედებას. რამდენად კმაყოფილია დღეს იქ ხალხი მიმდინარე სამართლებრივი პროტესტით?

_ კმაყოფილებაზე ჯერ ზედმეტია საუბარი, აქ ხალხი ჯერაც მოლოდინშია. ან როგორ შეიძლება ვინმე კმაყოფილი იყოს, როცა ქარდავა თავისუფალია, გარეთ არიან მისი ჯალათებიც. იმედი მაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და ყველა, ვინც  დასასჯელია, დაისჯება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ხელისუფლება წავა ძალიან დიდ რისკზე _ ამგვარი მოქმედებით ის შეიძლება პოლიტიკურად გაკოტრდეს.

_ კოაბიტაციაც, ალბათ, მნიშვნელოვანია.

_ დამისახელონ იმ ევროპელებმა, ეს ტერმინი რომ პირზე აკერიათ, ერთი ნორმალური, ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა, რომელშიც დამნაშავეს პასუხს არ აგებინებენ და მე ხმას არ ამოვიღებ. რა შუაშია აქ თანაცხოვრება?! მკვლელი, მოძალადე და გამაუპატიურებელი სასამართლოს წინაშე არ უნდა წარსდგეს?! ევროკავშირისა და ნატოს კარი ღია არისო, რომ იძახიან, უნდათ ისეთი ქვეყანა, სადაც სამართალი არ იქნება?! მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: «ნაცმოძრაობა» უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე და, სანამ პირადად მიხეილ სააკაშვილი არ დაისჯება, ეს ქვეყანა წინ ვერ წავა, საზოგადოება ყოველთვის იქნება საპროტესტოდ განწყობილი.

_ კობა დავითაშვილის ინიციატივაზე რა აზრის ხართ «ნაციონალური მოძრაობის» აკრძალვასთან დაკავშირებით?

_ დიდი ხანია, თავადაც ამას გავიძახი.

_ როგორ ფიქრობთ, სამართლებრივად რამდენად შესაძლებელია ეს?

_ სამართლებრივ მხარეზე მე ვერ ვისაუბრებ, ამაზე უფრო იურისტები გიპასუხებენ, მაგრამ აქ წმინდა მორალური მომენტია. ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ამიტომ პარტია, რომელიც მამაკაცებს აუპატიურებდა, ქვეყანას აჩანაგებდა და ტერორში ამყოფებდა საზოგადოებას ცხრა წლის მანძილზე, არსებობის ღირსი არაა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here