Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო და სირია ომსა და მშვიდობას შორის

საქართველო და სირია ომსა და მშვიდობას შორის

643

ინტერესმა სირიის კრიზისის მიმართ საქართველოში გასულ კვირას მნიშვნელოვნად იკლო და ეს მედიასა და სოციალურ ქსელებს აშკარად დაეტყო. პარადოქსულია, მაგრამ ამის მთავარი მიზეზი, როგორც ჩანს, ამერიკული ინტერვენციის ალბათობის შემცირებაა. ისინი, ვინც ცუდად შენიღბული აღტაცებით ელოდნენ ესკალაციას და აშშრუსეთის დაპირისპირების გაღრმავებას, დღეს კომენტარებისგან თავს იკავებენ, რადგან საერთაშორისო არენაზე ხდება რაღაც ისეთი, რაც მათ მოლოდინს თუ რწმენაწარმოდგენას არ შეესაბამება და ისიც აშკარაა, რომ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები სირიაში, პროცესი უკვე აღარასოდეს იქნება წარმოჩენილი, როგორც ვაშინგტონისა და მოსკოვის სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლა, რომელზეც «ნაციონალები» დღეს ისეთივე აღტკინებით ოცნებობენ, როგორც 2008-ში. რა ხდება სირიაში და რატომაა ასე გავრცელებული ჩვენში «ცივი ომის» დროინდელი სტერეოტიპები?

 

სირია: მეორე სერია

«ცივი ომი» დაუნდობელი დაპირისპისპირება იყო, თუმცა მის ისტორიაში საკმარისზე მეტი ორაზროვანი, დამაფიქრებელი ეპიზოდი მოიძებნება. მაგალითად, 1956 წლის შემოდგომაზე, სსრკ-მა უნგრული კრიზისის გადასაჭრელად ბუდაპეშტში ჯარები შეიყვანა, ხოლო აშშ-მა თავისი ძალები ევროპაში სრულ მზადყოფნაში მოიყვანა; მაშინ, ისევე, როგორც დღეს, არაერთი კომენტატორი საუბრობდა იმაზე, რომ დიდი ომის საფრთხე სავსებით რეალურია, მაგრამ იმავე დღეებში ორივე ზესახელმწიფომ ერთად აიძულეს ინგლისი, საფრანგეთი და ისრაელი, ეგვიპტედან ჯარები გაეყვანათ (. . სუეცის კრიზისი). ეს უნიკალური სიტუაცია იყო _ ერთსა და იმავე დროს უნგრეთთან დაკავშირებით მხარეები ერთმანეთს მიწასთან ასწორებდნენ, ხოლო ეგვიპტეში შეხმატკიბილებულად მოქმედებდნენ და ძალიან ძნელი დასადგენია, რა იყო იმ მომენტში მეტი: კონკურენცია თუ თანამშრომლობა.

მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, მსოფლიოში არსებობს ორადორი სახელმწიფო _ აშშ და რუსეთი, რომელთაც შეუძლიათ რამდენიმე საათში კაცობრიობის ისტორიას ბირთვული წერტილი დაუსვან. მსჯელობა ამ ქვეყნების ურთიერთობაზე განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ის არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საქართველო-სომხეთის, საქართველო-აზერბაიჯანის ან რუანდა-ბურუნდის ურთიერთობა;, ის, აგრეთვე, განსხვავდება მსოფლიო ომების დროინდელი ზესახელმწიფოების, მაგალითად, გერმანია დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებისგან. XX საუკუნის უმწვავესი კრიზისების დროსაც კი მოსკოვი და ვაშინგტონი არასოდეს შესულან უშუალო სამხედრო დაპირისპირებაში და ყოველთვის წარმატებით «ძირავდნენ» მათ, ვისაც დამოუკიდებელი თამაშით გლობალური სტაბილურობისთვის (აგრეთვე, მათი ჰეგემონიისთვის) რეალური საფრთხის შექმნა შეეძლოთ; ყოველივე ეს დაიყვანება ბანალურ პრინციპამდე «მესამე ზედმეტია».

ამ გარემოებას, სხვათა შორის, მშვენივრად აცნობიერებენ ჩინეთში; ბევრს უკვირს, როდესაც კრიტიკულ სიტუაციებში ამ უძლიერესი ქვეყნის პოლიტიკა, ერთი შეხედვით, მისთვის დამამცირებელ პოზიციამდე დადის _ «თავი დამანებეთ… მე სუსტი ვარ!», თუმცა პეკინში, როგორც ჩანს, ესმით, რომ ვიდრე «წითელი დრაკონის» ეკონომიკური ძლიერება არ არის კონვერტირებული გლობალური ამბიციებისთვის ადეკვატურ სამხედრო პოტენციალში (უპირველესად, იგულისხმება ბირთვული კომპონენტი; ჩინეთის არსენალი შედარებით მოკრძალებულია და ომში აშშ-თან ან რუსეთთან «გარანტირებულ ურთიერთგანადგურებას» ვერ უზრუნველყოფს), ხოლო მისი გავლენა უცხო ქვეყნებში ჯერჯერობით არასაკმარისად ძლიერია, პეკინს ურჩევნია, ისევ მიბაძოს ბრძენ მაიმუნს, რომელიც ხეზე ზის და აკვირდება, როგორ იბრძვიან და აუძლურებენ ერთმანეთს ვეფხვები; ან კიდევ, მეორე ცნობილი ჩინური ანდაზის თანახმად, დაჯდეს და დაელოდოს, როდის ჩამოიტანს მდინარე მისი მტრების გვამებს. ეს ძლიერი და, ამასთან ერთად, ძალიან თავმოყვარე ქვეყანა, საჭიროების შემთხვევაში, უპრობლემოდ უკან იხევს, ხოლო მაშინ, როდესაც ცდილობს, ერთმანეთს აშშ და რუსეთი დააჯახოს, ფრთხილად მოქმედებს, ისე, რომ აშკარა კვალი არ დატოვოს და ყოველთვის ზომიერებას იცავს. საინტერესოა, საიდან გაჩნდა ჩვენში, უფრო სწორად, სააკაშვილის თანამოაზრეებში ამბიცია, რომ აშშსა და რუსეთს ერთმანეთს არათუ დავუპირისპირებთ, არამედ საქართველოს გულისთვის ვაომებთ?

ის, რაც დღეს სირიაში ხდება, მნიშვნელოვნად განსხვავდება 2008 წლის მოვლენებისგან საქართველოში, თუმცა არის გარკვეული მსგავსებაც. როგორც ჩანს, ზოგიერთმა ქვეყანამ (ეს, უპირველესად, საუდის არაბეთს ეხება), ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმმა თავის დროზე, ჩათვალა, რომ შეძლებს გამოიყენოს აშშ, როგორც თავისი ფალავანი, მაგრამ თავის გათვლებში ვერ გაითვალისწინა ან კიდევ მნიშვნელოვნად არ ჩათვალა ის, რომ ჩანაფიქრის რეალიზების პროცესმა შეიძლება გეოპოლიტიკური ხასიათის რყევები გამოიწვიოს. ამ ზღვარის გადაბიჯებისთვის კი ზესახელმწიფოები თავის «უმცროს პარტნიორებს» 99% შემთხვევაში სჯიან, რადგან მათმა შემდგომმა მცდელობებმა შეიძლება კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს.

დღეს ამერიკელი და რუსი დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან და, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ორივე მხარე სასურველ ბონუსებს იღებს. ვაშინგტონი არ ეწინააღმდეგება იმას, რომ მოსკოვმა მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგოს, ანუ მოაგვაროს პრობლემა, რომელიც მისთვის აგვისტოს ომის შემდეგ ძალზე აქტუალური გახდა, ხოლო კრემლი ყველანაირად უწყობს ხელს იმას, რომ ობამას ადმინისტრაცია კრიზისიდან «სახის დაკარგვის» გარეშე გამოვიდეს. ის ქართველი კომენტატორები კი, რომელნიც ელოდნენ, რომ რუსები და ამერიკელები სირიის ნაპირებთან ერთმანეთს რაკეტებს დაუშენდნენ, ყოველივე ამას პირდაღებულები უყურებენ. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური კონკურენცია ორ ზესახელმწიფოს შორის არსად გამქრალა, თუმცა ისინი აშკარად არ აპირებენ, ის მწვავე კონფრონტაციად გადააქციონ და, მითუმეტეს, თავიანთი რეგიონული მოკავშირეების მანიპულაციის ობიექტად იქცნენ.

იმპერიის მძიმე ტვირთი

საერთოდ, ძალიან ძნელია საერთაშორისო ურთიერთობების უახლეს ისტორიაში ისეთი ეპიზოდის პოვნა, რომელშიც უმცროსი ბუშის ადმინისტრაცია შემცვლელზე უკეთ გამოიყურება, თუმცა თეორიულად ეს შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ათვლის წერტილად ძველ, იმპერიული ტიპის კონტროლის სისტემას ავიღებთ. ბუშის ადმინისტრაცია, ყველა მინუსის მიუხედავად, ტერიტორიებთან ერთად, მათ მომავალზე გარკვეულ პასუხისმგებლობასაც იღებდა. ისევე, როგორც ძველ რომში ჯერ მოდიოდნენ ჯარისკაცები, შემდეგ კი _ ჩინოვნიკები და ინჟინრები; იმავე ერაყის რეაბილიტაციასა და მეტ-ნაკლებად ნორმალური ადგილობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებაში მილიარდობით დოლარი ჩაიდო. მართალია, ამან ბიძგი მისცა კორუფციის უპრეცედენტო ტალღას  და საბოლოოდ ამ წამოწყებიდან კარგი არაფერი გამოვიდა, უამრავ ამერიკელს გულწრფელად მაინც სჯეროდა, რომ, პრობლემების მიუხედავად, ისინი ერაყში უკეთეს მომავალს ააშენებენ (როგორც, თავის დროზე, ვიეტნამში). ობამას ადმინისტრაცია კი ცოტა სხვაგვარად იქცევა. სიტუაცია «არაბული გაზაფხულის» ქვეყნებში არეულია, რევოლუციების მხარდაჭერას არ მოჰყოლია ამერიკელების საფუძვლიანი ჩარევა მიკრომენეჯმენტში და კონტროლის გამყარება ამ ქვეყნებზე; ეგვიპტე და ლიბია მართლაც რომ «უბედურების ზონებად» გადაიქცა.

აქ, ალბათ, ძალზე მნიშვნელოვანია დავადგინოთ, თუ რა შინაარსით ვავსებთ სიტყვას «კონტროლი». ბუშის ადმინისტრაციის მიდგომა, მისი პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება ადრე თუ გვიან მიიყვანდა შტატებს ბრიტანეთის იმპერიის მოდერნიზებული ვარიანტის შექმნამდე, რაც თანამედროვე პირობში არაადეკვატურია. ზბიგნევ ბჟეზინსკი სავსებით სამართლიანად მიუთითებს იმაზე, რომ აშშ არ შეუძლია «გლობალური რომის» როლი შეასრულოს, ამისთვის სათანადო რესურსი არ აქვს და საერთოდ იმპერიების ხანა კაცობრიობის ისტორიაში დასრულდა. ობამას ადმინისტრაციამ გადადგა ნაბიჯი ახალი ტიპის კონტროლისკენ, მინიმიზებული ინტერვენციებით და პასუხისმგებლობით, მაგრამ მთელ რიგ ტაქტიკურ სირთულეებს შეეჯახა. ამასთანავე, ბევრმა ადამიანმა მსოფლიოში, უბრალოდ, ვერ აღიქვა ამ ტრანზიტული პერიოდის თავისებურებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ახალი ადმინისტრაცია ქაოსში ძირავს პლანეტას, არ იცის, რას აკეთებს და მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა. ობამა, ალბათ, ძალიან სწორად მოიქცა, როდესაც წინამორბედის პოლიტიკის გადასინჯვა, ამერიკის ომიდან გამოყვანა და «ძველი რომაული გზიდან» გადახვევა დაიწყო. მაგრამ მსგავსი «გადაწყობა მარშზე» არც ისე ადვილია. ბოლო დროს ობამას ადმინისტრაციაში (და ეს მეორე ვადით არჩევის შემდეგ საკადრო ცვლილებებსაც უკავშირდება) მოხდა გადასვლა რბილი «ლიბერალური ინტერვენციონიზმის» პოზიციებზე; კონცეპტუალურმა ძიებამ «ამერიკის ახალ როლთან» და შესაბამისი პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებით უკანა პლანზე გადაინაცვლა და ტაქტიკურმა იმპროვიზაციებმა დღის წესრიგში გაცილებით დიდი ადგილი დაიკავა. ამბივალენტური პოზიცია ლიბიის კრიზისის დროს და დღევანდელი გაურკვევლობა სირიაში, სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის.

შეიძლება მოინდომო და დაამხო ასადის ძალზე არასიმპათიური რეჟიმი, მაგრამ ამის შემდეგ სირიაში, დიდი ალბათობით, უარესი ქაოსი დაისადგურებს. ნაკლებად სავარაუდოა, აშშ-ის რეგიონულმა პარტნიორებმა «სიტუაციის დალაგება» შეძლონ და ურთულეს რეგიონში დესტაბილიზაციის მეტად საშიში კერა გაჩნდება. რა იქნება ამის შემდეგ? საოკუპაციო (კი, ბატონო, სამშვიდობო) კონტინგენტის შეყვანა? სირიაში ადეკვატური რეჟიმის შექმნის მცდელობები? მილიარდობით დახარჯული დოლარი და ათასობით ადამიანის, მათ შორის ამერიკელი სამხედროს, დაღუპვა? ახალი ერაყი? ახალი ავღანეთი? და ყოველივე ეს მაშინ, როდესაც ჩინეთის ზრდა მოითხოვს კონცენტრაციას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე, რასაც ობამას ადმინისტრაცია აკეთებს კიდეც. ბევრ ქართველ კომენტატორს არ ესმის, რას ნიშნავს სიტყვები «იმპერიის ტვირთი» და ჰგონია, რომ ყველაფერი დასრულდება, როდესაც დამასკოს (ან ნებისმიერი სხვა ქალაქის) ნანგრევების თავზე შესაბამისი დროშა აღიმართება; არადა, ეს, დასასრული კი არა, სწორედ რომ დასაწყისი იქნება.

ამერიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა ამ პერსპექტივის წინააღმდეგია, რასაც ყველა გამოკითხვა ადასტურებს. ეს არც ბარაკ ობამას სჭირდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საგარეო პოლიტიკაში პრინციპული ცვლილებების ტრანზიტულ პერიოდში ის, აშშ-ის ძლირების მიუხედავად, ძალზე სუსტია, როგორც ჩემპიონი კრივში, რომელსაც ხელბორკილები დაადეს. არც ნიქსონი, არც კარტერი (ეს ორი ფიგურა შედარებითი ანალიზისთვის ძალზე საინტერესოა), ყველა პრობლემის მიუხედავად, ასეთი დრამატული არჩევანის წინაშე არ იდგა, რადგან იმ წლებში განხეთქილებას და 180 გრადუსით განსხვავებულ ხედვებს ამერიკულ ელიტაში ადგილი არ ჰქონია. შეიძლება ოდნავ პათეტიკურად გაიჟღეროს, მაგრამ დღეს დამაკოს მისადგომებთან ამერიკის შეერთებული შტატების ბედი წყდება, ისევე, როგორც წყდებოდა ვიეტნამში ნიქსონის და ირანში (ზოგადად «დიდ აღმოსავლეთში») კარტერის მმართველობის წლებში; არც ერთი, არც მეორე «უბრალო კრიზისი» არ იყო.

არც ომი,არც მშვიდობა

სირიის მოვლენებზე მსჯელობის დროს გამოვლინდა, რომ საქართველოში პრობლემების ომის გზით გადაწყვეტას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს. სოციალური ქსელები ბოლო დროს ერთ დიდ პოლიგონს მოგაგონებს. მართალია, სამშვიდობო დარეგულირების მომხრე გაცილებით მეტია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რადიკალი  მილიტარისტების სიმცირესაც ნამდვილად არ ვუჩივით.

სოციოლოგიური გამოკითხვები ამ თემაზე არ ჩატარებულა, თუმცა, სავარაუდოდ, ქართული საზოგადოება უფრო ახლოს დგას იმ განწყობებთან, რომლებიც დღეს საფრანგეთში ფიქსირდება და მნიშვნელოვანწილად ეფუძნება ოლანდის მთავრობის პოლიტიკას სირიის კრიზისთან დაკავშირებით, ვიდრე იმ სიტუაციასთან, რომელსაც გერმანიაში ვხედავთ.

გერმანელებმა ძალიან კარგად იციან, რა არის ომი და მისი წარმოების ხელოვნებაში მათ ცოტა ვინმე თუ შეედრება. მაგრამ, აგრეთვე, გაცნობიერებული აქვთ, თუ რა საფასურის გადახდას მოითხოვს ომი და, რაც მთავარია, ის, რომ გაქცევა კრიზისისგან ომის მიმართულებით, მისი გააზრების და დაძლევის ნაცვლად, პრინციპულად არასწორი არჩევანია. ეს არ არის ვარდისფერი პაციფიზმი (საჭიროების შემთხვევაში, ბუნდესვერი თავ-ყბას გაუერთიანებს მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ არმიას, ხოლო მცირე გამონაკლისებს ომის დაწყებას მწარედ ანანებს); ეს, ალბათ, მაინც სიბრძნეა, რომელიც მიღებული გამოცდილების გააზრებას ემყარება.

არის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა ბრძოლის ველზე შეუძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, გერმანელებისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოების ნაწილმა ეს ჯერ ვერ გაიგო. ჩვენი სოციალური ქსელები სავსეა აღგზნებული მოლოდინით იმისა, თუ როგორ აფრინდებიან ამერიკული რაკეტები დამასკოს და რუსული ხომალდების მიმართულებით, ხოლო იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ, მათ შორის საქართველოს თავს, ძალიან ცოტას საუბრობენ. ამაში, სხვა ყველაფერთან ერთად, ალბათ, ჯადოსნური ჯოხის ძიების, საკუთარი პრობლემებისგან გაქცევის ელემენტიც არის. ერთია, ხელში თოხის და წიგნის აღება, როგორც ეს გერმანელებმა ან თუნდაც იმავე ფინელებმა გააკეთეს, და სულ სხვაა იმის (უსაქმური) ლოდინი, რომ ჩვენს პრობლემებს ამერიკული რაკეტები მოაგვარებენ, რომელთა გაშვებას რუსული ხომალდების მიმართულებით, სხვათა შორის, არავინ აპირებს, თუმცა ეს, ამ კონტექსტში, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარი ისაა, რომ ამერიკულ (ჩინურ, საერთოდ, ნებისმიერ) რაკეტას ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა არ ძალუძს.

ომის იდეა (ტრადიციული თუ პოლიტიკური გაგებით), შესაბამისი მსოფლმხედველობით, სააკაშვილის მმართველობის წლებში საქართველოში ძალიან ფართოდ დამკვიდრდა. ჩვენ ძალიან ხშირად ვუყურებთ სამყაროს (გერმანულ მეტაფორას თუ მოვიშველიებთ) ალფრედ ფონ შლიფენის და არა ვილჰელმ ჰუმბოლდტის გადასახედიდან და ეს მაშინ, როდესაც ომის წარმოება პრაქტიკულად აღარ შეგვიძლია და შესაბამისი მსხვერპლის გაღებისთვის მზად არ ვართ. ეს ძალზე უცნაური სიტუაციაა და ის, ალბათ, უნდა შეიცვალოს. ამისთვის კი, უპირველესად, საჭირო იქნება იმის გააზრება, როგორ წარმოგვიდგენია მშვიდობა, რომლისკენაც თუნდაც დეკლარაციის დონეზე მივისწრაფვით და მზად ვართ თუ არა, ის მშვიდობის იდეა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ქვაკუთხედად ვაქციოთ, რაც უკვე არაერთმა, საქართველოზე გაცილებით ძლიერმა სახელმწიფომ გააკეთა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here