Home რუბრიკები საზოგადოება ოლეგ ბიჭიაშვილი: ახალქალაქის სადგურის მშენებლობა ამ ეტაპზე ყველაზე უფრო პრობლემურია

ოლეგ ბიჭიაშვილი: ახალქალაქის სადგურის მშენებლობა ამ ეტაპზე ყველაზე უფრო პრობლემურია

904

მანგლისიდან თავფარავნისკენ გზას თუ გაუყვებით, ჩვენ კი სწორედ ამ გზას ვადგავართ, წალკის მისადგომებთან «თხუნელების დასახლებას» გადაეყრებით. უეჭველად. უსახელო მთის ფერდობზე შეფენილ ციცქნა ბორცვებით მოჩითულ კვადრატულობით კილომეტრიან კოლონიას. ჩარიგებულჩაწიკწიკებულს: რაღა ეს და რაღა წეროვანში ლტოლვილების ჩასახლების «სწორება მარჯვნივ! სმენა

 

მარჯვნივ, ანუ ასფალტირებული გზის (გაეროს მილენიუმის პროგრამით ბოძებული სიკეთე) მეორე მხარეს _ იგივე პანორამა გადიდებული მასშტაბით: თივის ბულულების მწყობრი რიგები _ სოფელი პირუტყვისთვის საკვებს იმარაგებს.

ზამთრისთვის ემზადება სამხრეთ საქართველოს ეს კუთხე.

თხუნელების მიწისმთხრელურ ოსტატობას ბატონი ოლეგ ბიჭიაშვილი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის ხელმძღვანელი, მაშინ გაიხსენებს, როცა ზღვის დონიდან 2250 მეტრის სიმაღლეზე, მომავალი გვირაბის პორტალის თავზე ავალთ ახლადგაჭრილი გრუნტის გზით.

კარწახი-გვირაბის მონაკვეთი მშენებლობის ბოლო _ მეექვსე ეტაპია. იმის იქით თურქეთის ტერიტორია და მისი პასუხისმგებლობის ზონა იწყება.

საზღვარზე _ მთაზე ვდგავართ.

მთის ძირიდან იწყება ორლიანდაგიანი გვირაბის გაყვანა. ობოლი ექსკავატორი  შენელებული ქანქარის მონოტონურობით კისრის მოწყვეტამდე თხრის, ავსებს მრავალტონიანი თვითმცლელების ძარებს.

თანამედროვე ტექნიკის ეს ერთადერთი წარმომადგენელი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ სამშენებლო ბრძოლის ველზე მარტოც შეიძლება იყო გმირი.

თხუნელების სიმრავლის ტექნიკაზე გავრცელება ინატრა ბატონმა ოლეგმა (კარგი იუმორის პატრონია), მიწისმთხრელების არმიის, ტექნიკის ნაკლებობა აშკარაა.

თურქული ფირმა «ბაიაჩელია» გვირაბის გაყვანაზე პასუხისმგებელი.

ამ ობიექტის მშენებლობა რომ დაჩქარდეს და აქაურობამ ჭეშმარიტად საუკუნის მშენებლობის შესაფერი გაქანება და მასშტაბი მიიღოს, ექსკავატორები, «კოდალები», ბულდოზერები, სხვა სპეცტექნიკა საქმეში დროზე რომ ჩაერთოს, ტრანსეროვნული რკინიგზის მშენებლობისთვის საჭირო მასალა თურქეთიდან დროზე რომ შემოვიდეს, აუცილებელი გახდა ახალი გზის გაჭრა.

უმოკლესი მარშრუტია.

ვდგავართ ახლა აქ, ამ გზის უმაღლეს ნიშნულზე, აქაურობის გაბატონებულ წერტილზე, უსასრულობისა და პირველყოფილობის სივრცის ცენტრში და რკინიგზის გაყვანა და ამუშავება ოცნებას ჰგავს.

ყურადღების ცენტრში

რეალობაში დასაბრუნებლად ბატონ ოლეგ ბიჭიაშვილთან ერთი კვირის თავზე ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ.

ამთავითვე ხაზი გავუსვათ, რომ შპს «მარაბდა-კარწახის» რკინიგზის მშენებლობის ხელმძღვანელად იგი ეს-ესაა დანიშნეს.

_ ბატონო ოლეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროექტის შესრულებაზე გამოყოფილი სახსრები გაცილებით მეტი დაიხარჯა, ვიდრე საჭირო იყო. ასეა?

 _ სულ ორი კვირაა, რაც ვმუშაობ, მაგრამ შევეცადე, მთლიანად შევსულიყავი საქმის კურსში და შემიძლია გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე.

გადახდა შესრულებული სამუშაოს მიხედვით ხდება. შესაბამის დოკუმენტაციას ჩვენი ზედამხედველები ამოწმებენ; თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი წესრიგშია, ჩვენი დასკვნით ვაგზავნით ბაქოში, საიდანაც გადმორიცხავენ შესაბამის თანხას. მიღებიდან ერთ-ორ დღეში ვურიცხავთ მშენებელს, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. ასეთი წესით ვმუშაობთ.

მშენებლობის დაწყებისთანავე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 40 პროცენტი ავანსად გადმოირიცხა.

ვერ ვიტყვი, რომ ფული მეტი დაიხარჯა და შესრულებული სამუშაო ნაკლებია, რადგან იმ ავანსის დიდი ნაწილი ჯერ კიდევაა დარჩენილი.

_ ჟურნალისტების ჯგუფი, რომელმაც თქვენთან ერთად დავათვალიერეთ მშენებლობა, მოწმე გავხდით იმისა, რომ რიგ ობიექტებზე სამუშაოები გამართულად სრულდება, მაგრამ ზოგან, _ თქვენს ნათქვამს დავიმოწმებ მაგალითად _ ახალქალაქის სადგური, პრობლემურია.

_ დიახ, ასეა.

_ თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ დათქმულ ვადაში რკინიგზის მშენებლობის დასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მიხეილ სააკაშვილი თავის ტელეგადაცემებში ამ ჩამორჩენას ახალი ხელისუფლების მხრიდან უკონტროლობასა და დაუინტერესებლობას აბრალებს.

_ ტყუილია. სწორედ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა, უწინარესად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დაინტერესებული რკინიგზის დროზე დამთავრებით. თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა სპეციალური თათბირი, რომელზეც ჩვენ მიმდინარე საქმიანობის ანგარიშით წარვდექით, ამის დამადასტურებელია.

ამ დილით კი მშენებლობის ხელმძღვანელს საქმიანი შეხვედრა ჩვენთან აქვს _ გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკის» კორესპონდენტ ოთარ ტურაბელიძესთან და ამ სტრიქონების ავტორთან.

ეს ინტერვიუ გაცნობითი ხასიათისაა: მასმედიაში ოლეგ ბიჭიაშვილის ახალ ამპლუაში პირველი გამოსვლაა. ამიტომაა, რომ დეტალურად ყვება «სამუშაო სივრცის» ექვს ეტაპად დაყოფის შესახებ, რომ ამ ეტაპებს შორის პირველის _ მარაბდა-თეთრიწყაროს მონაკვეთის დამთავრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მაშინ საგრძნობლად დაჩქარდება საერთო მშენებლობის ტემპი.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ დაიწყება ელმავლებით სამშენებლო მასალების გადაზიდვა, გაიზრდება ამ მონაკვეთის ტექნიკური სიმძლავრე, მუშა მატარებლების წონა, ეფექტიანობა და ეკონომიურობა. მშენებლობა 2015 წლის თებერვალში უნდა დამთავრდეს, თუმცა თავიდან 2011 წლისთვის იყო დადგენილი. ვადები რამდენიმეჯერ შეიცვალა.

_ რა ვიცი, სააკაშვილი სულ იმას ტრაბახობს, ჩემს დროს აქ მუშაობა დუღდა და გადმოდიოდაო

მაგრამ ოლეგ ბიჭიაშვილს წამსვლელის ტყუილმართალი ნაკლებად აინტერესებს _ დღევანდელ პრობლემებზეა აქსენტირებული: ჩამორჩენის დაძლევა მან უნდა შეძლოს, რაგინდარა იპოზიოროს და იქადაგოს სააკაშვილმა.

მდუმარება ახალქალაქის სადგურსა ზედა

აქ, წესითა და რიგით, მაქსიმალურად უნდა იყვნენ მობილიზებული მშენებლები, რადგან უზარმაზარია სამუშაო ფრონტი. მაგრამ, კარწახისკენ მიმავლებს, ახალქალაქის სადგურის მშენებლობას რომ ჩავუარეთ, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რა ეს ობიექტი და რა წალკის მისადგომებთან კომუნისტების დანატოვარი და «რევოლუციური» აღტკინებით გამოშიგნულგაძარცული შენობების ჩონჩხების მდუმარება და უპატრონობა.

აქ თავმოყრილი ტექნიკა, უპირატესად, თვითმცლელები, ექსკავატორები და ბულდოზერები, სკრეპერიც, თუ არ ვცდები, «დასაწყობებულს» უფრო ჰგავდა, ვიდრე დიდი მშენებლობის «ტექნიკური უზრუნველყოფის» მოქმედ ბატალიონს.

სადღაც, ალბათ, იდგა ამ ქონების ყარაული.

ამწეს ტროსები ისე ეკიდა, როგორც დაძონძილი სარეცხი, რომლისთვისაც ვერავინ მოიცალა და შერჩა გამოფენას, ვითარცა სუპერარტის ეგზემპლიარი.

ასე იყო, როცა მივდიოდით, თავფარავნის გავლით, ჩამოვლისას კი აბსოლუტურად შეცვლილი სურათი დაგვხვდა: გამოცოცხლებული და დაძაბული, ვიღაცის დაძახილზე გამოსული ქუდზე კაცი _ მშენებლის ჩაფხუტით თავზე თუ უჩაფხუტოდ და უქუდოდ, უმეტესად ჩვეულებრივი ტანსაცმლით, არა «სპეცით». ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ელოდნენ ახალ ხელმძღვანელს.

სამი დღის დანიშნული იყო მაშინ ოლეგ ბიჭიაშვილი.

შესჩივლეს: სადგურის დასრულებას პირი არ უჩანს ბეტონის უქონლობის გამო, გრუნტის აფეთქებები შეჩერებულია, ტრანსპორტელები დგანან უხელფასობის გამო და იმუქრებიან, რომ ოჯახებით ამოვლენ, აქ დასცემენ საპროტესტო ბანაკს და მუშაობის საშუალებას არავის მისცემენ.

შევახსენე ეს მომენტი ბატონ ოლეგს, მისი პასუხი ასეთი იყო:

_ მიმაჩნია, რომ ახალქალაქის სადგურის მშენებლობა ამ ეტაპზე ყველაზე უფრო პრობლემურია.

აქ ჩასატარებელია უდიდესი მოცულობის მიწის სამუშაოები. სადგურის ერთ მხარეს იჭრება მიწა, კეთდება გალერეა, მეორე მხარეს იყრება, ივსება ტაფობი, თარაზოსებრ სწორდება ზედაპირი, რაც გათვალისწინებულია პროექტით.

გავერკვიე საკითხებში და ვიცი, რომ სერიოზული უთანხმოებაა უშუალო შემსრულებელს, მთავარ კონტრაქტორსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ რამდენიმე ქვეკონტრაქტორს შორის. ქვეკონტრაქტორები, უნდა ვივარაუდოთ, რომ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან შემსრულებლებისთვის ფულის გადარიცხვას სახელფასო ფონდში. უთანხმოებანი სწორედ ამ ნიადაგზეა წარმოქმნილი. და კიდევ _ სამუშაოთა ცუდი ორგანიზებულობიდან.

_ ბატონო ოლეგ, ერთ უხერხულ შეკითხვას დაგისვამთ, თუ არ მიწყენთ.

_ ბრძანეთ.

_ ზოგიერთმა რკინიგზელმა თქვა, რომ მარაბდაკარწახის მაგისტრალი იმდენად წამგებიანი იქნება, რომ ამ მშენებლობის დაწყება სხვა არაფერია, თუ არა ფულის საჭრელი ქარხნის ამუშავება. თქვენი კომენტარი.

_ ეს პროექტი ახალი არ არის. ხდება მისი მოდერნიზაცია, განახლება. თუ დაგეგმილი ტვირთბრუნვა იქნება უზრუნველყოფილი, წლიურად 5 მილიონ ტონაზეა ლაპარაკი, ეს რკინიგზა წამგებიანი არ უნდა იყოს. საერთოდ, არც ერთი რკინიგზის სატვირთო გადაზიდვები წამგებიანი არ არის.

_ მიუხედავად იმისა, რომ რთული პროფილია?

_ და მატარებლის წონაც შეზღუდულია. დიახ, მიუხედავად ამისა. რადგან ეს გარკვეულ მონაკვეთზეა და არა თავიდან ბოლომდე. ყველას უნდა, რომ რკინიგზის ექსპერტი იყოს! მითხრან, როგორია რკინიგზის თვითღირებულება? დათვალეს? როგორი იქნება ტარიფი? ყველაფერი ხომ ორ კომპონენტზეა დამოკიდებული _ როგორია შემოსავალი და როგორია ხარჯი. აქედან ხდება მოგების დათვლა, მაგრამ დათვალა ვინმემ?

 _ «…ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები».

_ (ვიცინით). არ დაუთვლიათ. ეს არის მოსაზრებები არაკომპეტენტური ადამიანების. თუ აინტერესებთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ. ხოლო თქვენს მკითხველებს ამ სპეციფიკური მსჯელობით, მოდით, თავს ნუ შევაწყენთ.

_ ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ვის მოელაპარაკეთ, ბატონო ოლეგ?

_ ვინც არ იხდის, იმას _ ქვეკონტრაქტორს, რომელმაც ფული უნდა გასცეს, მის ქვეკონტრაქტორსაც, რომელიც უშუალო შემსრულებლებს ქირაობს, ანუ მათ, ვისაც უნდა მისცენ ხელფასი. თავიდან ბოლომდე, დეტალურად განვიხილეთ ყველა პრობლემური საკითხი. დაგვპირდნენ, რომ დღეის ამას იქით მოიხსნება ყველა გაუგებრობა და უთანხმოება იმ ფინანსურ ვალდებულებათა საკითხში, რომლებიც ნაკისრი აქვთ კონტრაქტორებს.

მშენებლობის დამფინანსებლების მიწვევით ორი დღით ჩავედი ბაქოში, ერთობლივად განვიხილეთ აქტუალური საკითხები. როგორც შევატყვე, ისინი დიდად არიან მონდომებული, რათა ეს პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდეს.

იმასაც გეტყვით, რომ ახალქალაქის ობიექტზე შექმნილი ვითარება მარტო გადამხდელის ბრალი არ არის: კონტრაქტორს ფული აქვს გადახდილი ქვეკონტრაქტორისთვის, არის დავალიანებებიც, მაგრამ როგორ ნაწილდებოდა, სად მიდიოდა ეს ფული, ეს ცალკე თემაა.

_ აზერბაიჯანული ფირმებია?

_ დიახ, აზერბაიჯანულია. უშუალო შემსრულებელი კი ჩვენი მხარეა.

შევხვდი ამ ხალხს, პრინციპულად ვილაპარაკეთ, როგორც გითხარით, და, მგონია, რომ დავალაგებთ სიტუაციას. რთულია, მაგრამ უნდა დალაგდეს.

_ აქამდე რა ღმერთი უწყრებოდათ?

_ მუშაობა ახალქალაქის სადგურზე, ორი თვე არ მიმდინარეობდა, ივლისი-აგვისტო, მშენებლობისთვის საუკეთესო პერიოდი, მთლიანად გაცდა.

_ რატომ? რამ შეუშალა ხელი?

_ მთავარი მიზეზი ვთქვით, მაგრამ იყო სხვაც _ იქ ვიღაცას ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული და სიტყვაზე ენდო, ისე იმუშავა, აქ _ დამატებით ღირებულების გადასახადზე აქვთ ერთმანეთში დავა, რაც უშუალო შემსრულებლების გაჩერებას იწვევს.

_ გრაფიკს დაეწევით?

_ კორექტირებული გრაფიკის შესრულებაზე ვმუშაობთ. გასულ სამშაბათს თეთრიწყაროში შევკრიბე მშენებლები, დავთქვით, რომ ყოველ სამშაბათს, დილის 9 საათზე იქ ჩავატარებთ ოპერატიულ სამუშაო თათბირებს, განვიხილავთ დაპირებების, საერთოდ სამუშაოს მიმდინარეობის საკითხებს. ეს აპრობირებული ფორმაა და, დარწმუნებული ვარ, შედეგიც შესაფერისი იქნება.

ინტენსიური შეხვედრების ამ ციკლს დაემატა მშენებლობის ხელმძღვანელის საქმიანი შეხვედრა მთავარ კონტრაქტორთან, რომელიც 6 სექტემბრის საღამოს გაიმართა, ეს არის «აზერ იოლ სერვისი».

ისტორიის ფურცელი

მარაბდაახალქალაქის სარკინიგზო ხაზი, რომლის რეკონსტრუქციაც ამჟამად მიმდინარეობს, 1986 წელს გაიხსნა და ოლეგ ბიჭიაშვილი იყო სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი ის პირი, რომელმაც მიიღო ეს ხაზი. იგი მაშინ აღმოსავლეთ საქართველოს რკინიგზის უფროსი იყო.

ბარემ აქვე ვიტყვი, რომ, როგორც იქნა, საქართველოს მთავრობამ თვალში გამოიხედა და გააკეთა ის, რაც დამოუკიდებელი საქართველოს წინა ხელისუფლებების პერიოდში აბსოლუტურად იგნორირებული იყო. სააკაშვილის უმწიფარიძეების მთავრობას კი ბიოლოგიური შეუთავსებლობა სჭირდა გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობის: სააკაშვილის ვიღაც იდიოტმა მინისტრმა, თუ გახსოვთ, განაცხადა კიდეც, რომ ორმოცი წლის ხეც კი ეზარება, არათუ ადამიანი თავის უწყებაში.

ტყეც გაანადგურეს და უფროს თაობასაც მოუსწრაფეს სიცოცხლე.

ოლეგ ბიჭიაშვილის შემთხვევა იმის დასტურია, რომ კადრების შერჩევისადმი მიდგომა დღეს საღ აზრზეა დაფუძნებული.

შეძლებისდაგვარად.

მისი სასამსახურო სია სადგურის მორიგის თანამდებობიდან იწყება, გრძელდება პრაქტიკულად ყველა თანამდებობის გავლით, განყოფილებების უფროსობამდე, გადაზიდვებისა და მოძრაობის სამსახურის უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის პირველ მოადგილედ, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზას სომხეთის რკინიგზა გამოეყო, გადადის ტრანსპორტის სამინისტროში, იცავს დისერტაციას, ხდება რკინიგზის ინსტიტუტის რექტორი, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, დაბოლოს, საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ასრულებდა რკინიგზის გენერალური დირექტორის მოვალეობას.

მოკლედ, ოლეგ ბიჭიაშვილი საქართველოს რკინიგზელთა შორის არა მარტო ცნობილი, არამედ გამორჩეული პიროვნებაა. მისი მოსვლაც საუკუნის მშენებლობად აღიარებული მაგისტრალის ხელმძღვანელად არა მარტო ლოგიკური, არამედ აუცილებელიც იყო.

P.S. ეს _ ისტორიული შტრიხი.

ახლა მომავლის დანახვა ვცადოთ.

ვცადოთ და, ვინ იცის, ეგებ, დავინახოთ კიდეც, რეზო გაბრიაძის მარიონეტი გმირების _ მძლავრი ორთქლმავლის ИС-235-ის, ერმონია, რომ შეარქვეს კაპრემონტის დროს, და სამანევრო ФД-135-ის _ რამონას ტრაგიკული სიყვარულის ამბავი რიონიწყალტუბოს სარკინიგზო ჩიხიდან მარაბდაყარსის ტრანსეროვნული მაგისტრალის თანამედროვე სიტუაციაში როგორ ჰპოვებს რეინკარნაციას ფინალით «ჰეპი ენდ».

არმაზ სანებლიძე

ფოტოები ავტორისა

 

3 COMMENTS

  1. მართლაც ბატონი ოლედი უდაოდ დიდი პროფესიონალია (პირადად არ ვიცნობ), მსთან მუშაობა და ამ დიდი გამოცდილების მიღება ყველა რკინიგზელისთვის საამაყო და სასარგებლო იქნება. როგორც ავღნიშნე ბატონი ოლეგი ძალზედ ძლიერი პროფესიონალია და რა რთული და პრობლემური საკითხიც არ უნდა იყოს გადასაჭრელი საქართველოს რკინიგზაზე იგი ყველა გამოწვევას და სირთულეს გაართმევს თავს აბა სხვა ვინ?!…

  2. შალოვიჩა აბსოლიტურად გულგრილია მუშების მიმართ და არც ისეთი პროფესიონალია როგორც თქვენ ყვებით. ამიტომაც დააქვეითეს და ცოტა ხანში… არაფერი მაგას კარგი არ გაუკეთებია რკინიგზელებისთვის. ისე მაგის ბიოგრაფიას ცოტა კარგად თუ ჩავხედავთ, ნახავთ რატომ ქონდა სამსახურებრივი წყვეტა. ასე რომ…

  3. გელა ნეტა მაგ კაცის მეასედს მაინც წარმოადგენდე ცოდნით ან გამოცდილებით შე დეზინფორმატორო ჭორიკანა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here