Home რუბრიკები საზოგადოება სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, აღსრულებულია

სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, აღსრულებულია

2439

გასული საუკუნის 70-იან წლებში კანონიერი ქურდები თავიანთი სამყაროს საზღვრებში იყვნენ ჩაკეტილნი, განსხვავებით ჩვენი უახლესი ისტორიისა, როცა კრიმინალური «ელიტა» სახელმწიფო მმართველობას შეეზარდა ან თითქმის შეეზარდა. მაგალითისთვის ხშირად მოხსენიებული ტარიელ ონიანი გამოდგება, რომელთან ურთიერთობასაც ერთი მხარე მეორეს მიაწერდა, მეორე _ პირველს. ეს სერიოზული თემაა და ფაქტის კონსტანტაციით დავკმაყოფილდეთ.

 

დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როცა ქურდულ სამყაროს მკვეთრად უპირისპირდებოდა სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოები. ქურდი იმ დროს ქურდობდა, ყაჩაღი  _ ყაჩაღობდა და ქურდის «წოდების» ყიდვა, მომდევნო პერიოდში ლამის მოდად რომ იქცა, კრიმინალური სამყაროს «გაგებაში» არ ჯდებოდა. სხვათა შორის, ქურდობით გამდიდრება ან ბიზნესის წარმოება «წესებიდან» ამოვარდნა იყო: ნაქურდალი «ობშჩიაკში» მიდიოდა. ქურდის პროფესია ძარცვა იყო და ისიც ვერ იშლიდა ხელმრუდობას. პოლკოვნიკი ზურაბ მაჩაიძე მორიგ კრიმინალურ ისტორიას იხსენებს:

_ ერთ-ერთი ცნობილი ბოროტმოქმედი იმ პერიოდში იყო ვინმე ომარ ხაჩატუროვი, მეტსახელად ბოიოვა, რომელიც თბილისში, ელიას უბანში ცხოვრობდა. იყო რეციდივისტი, მრავალჯერ ნასამართლევი.

ბოიოვამ მორიგი სასჯელი ის იყო მოიხადა და გააგრძელა მშვიდობიანი თანამოქალაქეების დაწიოკება, ძარცვა და ყაჩაღობა. ამის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია მოგვაწოდა დავით ზეიკიძემ, რომელიც ახლადმიღებული გვყავდა ქალაქის სისხლის სამართლის სამსახურში ინსპექტორის თანამდებობაზე.

_ ბოიოვა ჩადიოდა დანაშაულს და მილიციამ არაფერი იცოდა?

_ დიახ, არ იცოდა, რადგან მსხვერპლი ისე ჰყავდა დაშინებული, რომ მილიციაში გაცხადებას ვერ ბედავდა.

თანამშრომლების ოპერატიულ თათბირზე განყოფილების უფროსმა უშანგი ჭიჭინაძემ (მე მისი მოადგილე ვიყავი), უაღრესად პატიოსანმა და ჭეშმარიტმა პროფესიონალმა, შექმნილი ვითარების გაანალიზების და ჩვენი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, დაგვეწყო რეციდივისტ ხაჩატუროვის ოპერატიული დამუშავება შინაგან საქმეთა სამინისტროს სადაზვერვო სამსახურთან ერთად.

დაახლოებით ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა ეს ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ.

ქურდს, რომელსაც მუდმივი დაძაბულობის პირობებში უხდება ცხოვრება და დასჯის შიში მისი მუდმივი თანმდევია, როგორც მხეცს, უვითარდება თავდაცვის ინსტიქტი: იგი ტანით გრძნობს მოახლოებულ საშიშროებას.

ეტყობა, ბოიოვამაც იგრძნო, რომ მის გარშემო სიტუაცია დაიძაბა და ის ათი დღე დანაშაულზე ხელი აიღო, შინიდანაც არ გამოსულა.

ამასთან, გამორიცხული არ იყო, რომ ინფორმაციამ ოპერაციის ჩატარების თაობაზე რაღაცნაირად გაჟონა ქურდებთან «შეკრული» რომელიმე დაზვერვის თანამშრომლის საშუალებით.

მუშაობა ამ ვერსიითაც დავიწყეთ და ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ეჭვი არ გამართლდა. ამიტომ მთელი ძალისხმევა მთავარ ვერსიაზე გადავიტანეთ _ როგორმე უნდა გამოგვეტყუებინა ხაჩატუროვი-ბოიოვა სამალავიდან _ თავისი სახლიდან ელიაზე, წყაროს უბანში, მაშინ ავიყვანდით კიდეც. ეს ვარიანტი, საგამოძიებო თვალსაზრისით, გაცილებით პერსპექტიული ჩანდა.

ბოიოვა ნარკომანიც იყო და ნარკოდილერიც. საზოგადოებისგან მისი იზოლაცია ამიტომაც იყო აუცილებელი. ნარკომანობა გარკვეულ პირობებში ადამიანს განსაკუთრებულად მგრძნობიარეს ხდის. გადავწყვიტეთ, სწორედ ამით გვესარგებლა: იმ პერიოდში ხაჩატუროვს ქალაქის პირველ საავადმყოფოში დისშვილი ეწვა, რომელიც, როგორც ამბობდნენ, განსაკუთრებით უყვარდა.

ცრუმაგიერმა პირმა, ვითომდა საავადმყოფოს მორიგემ, დაურეკა და აცნობა, რომ დისშვილი ძალიან ცუდად იყო და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა.

ამასობაში შექმნილი გვყავდა ოთხი ოპერატიული ჯგუფი, რომელსაც ეს ოპერაცია უნდა განეხორციელებინა. ერთი ოპერჯგუფი _ უშანგი ჭიჭინაძე, მე და კიდევ ერთი თანამშრომელი, ე.წ. არამიანცის ზედა შესასვლელის გადასაკეტად წავედით. ბოიოვას შესაძლო მარშრუტი გათვლილი გვქონდა: თუ თავისი სახლიდან მოკლე გზით წამოვიდოდა, სწორედ ამ შესასვლელთან უნდა გამოჩენილიყო. ჩვენც იქ დავხვდებოდით.

თუ გრძელ გზას აირჩევდა და ქვემოდან მოუვლიდა, ჩვენი სამი ოპერატიული ჯგუფი ქვედა შესასვლელთან აიყვანდა.

ამ ჯგუფებში შედიოდნენ: დავით გოცირიძე, ქვეგანყოფილების უფროსი; დავით ზეიკიძე, ვაჟა ასათიანი, ალიოშა რზგოევი, ნოდარ მაისაია, ალიკ ალხაზოვი, დგებუაძე და ამირან ხურცია _ ოპერმუშაკები.

მოხდა ისე, რომ ბოლო მომენტში ხურცია ანზორ ბურდულმა შეცვალა: ოპერატიულ თათბირზე შემოსულმა ითხოვა, მეც წამიყვანეთო. ხურცია დაკავებული იყო სხვა საქმით და ხელმძღვანელობაც დათანხმდა.

ბედისწერა იყო მისი, ეტყობა, ასეთი.

1978 წლის 23 მარტია. საღამოვდება. 7 საათი ხდება. დავიწყეთ ოპერაცია. ყველა ჯგუფი თავისი მარშრუტით დაიძრა.

ერთმანეთთან კავშირი რაციებით გვაქვს. სად იყო მაშინ ის ტექნიკური აღჭურვილობა, როგორიც ახლა აქვთ ოპერატიულ თანამშრომლებს ან სპეცრაზმის მებრძოლებს _ ჯავშანჟილეტები და ტყვიაგაუმტარი მუზარადები… მთელი ჩვენი შეიარაღება ერთი ტაბელური «მაკაროვია». მართალი იყო, მაშინ რომ ამბობდნენ, მილიციელები ბანდიტებთან ბრძოლის დროს ტყვიას მკერდს უშვერენო.

სამი ჯგუფი ელიასკენ გაემართა, წყაროს უბნისკენ. მეწინავეა ვაჟა ასათიანის, ალიოშა რზგოევისა და ანზორ ბურდულის ჯგუფი.

ორი დანარჩენი მოშორებით მიჰყვება.

ხედავენ, წყაროსთან ოთხი იმუბნელი დგას და შამპანურს სვამენ. ბოიოვაც სახლიდან გამოდის და უბნელების ჯგუფს უერთდება. ისინი შამპანურით სავსე ჭიქას მიაწვდიან. მეინახეებმა შეამჩნიეს, რომ უცხო პირები უახლოვდებიან. ერთმა იცნო ანზორ ბურდული, რომელიც უწინ მუშაობდა ერთ-ერთ კოლონიაში, რომელშიც ეს კაცი სასჯელს იხდიდა და შეჰყვირა:

_ ძაღლები მოდიან!

ბოიოვა, ისე, რომ ლაბადის ჯიბიდან იარაღი არ ამოუღია, დამიზნებით ესვრის ჩვენს მეწინავე ჯგუფს.

მძიმედ დაიჭრნენ ბურდული და რზგოევი.

ვაჟა ასათიანი არ დაიბნა და დაუყოვნებლივ გაუხსნა საპასუხო ცეცხლი _ ხაჩატუროვი ფეხში დაჭრა, ბარძაყის ძვალი დაუზიანა, იგი დაეცა, დაახტა ვაჟა და განაიარაღა.

ამ დროს იქვე, მაღაზიიდან გამოვარდა კიდევ ერთი იქაური და სროლა ატეხა. ვაჟამ, რომელსაც მსხვერპლი ქვეშ ჰყავდა მოქცეული, ისე, რომ არ ამდგარა, ესროლა ამ თავდამსხმელს და მკლავში დაჭრა.

სროლის ხმაზე მივარდა ზეიკიძე თავისი ჯგუფით. ვაჟამ ანიშნა, საითაც გაიქცა მის მიერ დაჭრილი კაცი. დათო დაუყოვნებლივ დაედევნა, მაგრამ იმ მჭიდრო დასახლებაში ურთიერთგამავალი ეზოებითა და ხვეული ვიწრო ქუჩებით რას იპოვიდა…

ჩვენს ჯგუფს რაციით შეგვატყობინეს, რომ წყაროს უბანში სროლა იყო და უცებ გავჩნდით შემთხვევის ადგილზე.

დაჭრილები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. უახლოესი ყოფილ კამოს ქუჩაზე იყო. ახლა წინამძღვრიშვილის ქუჩაა.

ანზორ ბურდულს ექიმებმა ვერაფერი უშველეს _ სასაკვდილოდ იყო დაჭრილი. ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა რზგოევი.

სამწუხაროდ, ორი თანამშრომელი დავკარგეთ.

ახლა რომ ვაანალიზებ იმ ოპერაციას, აშკარა ხდება, ვაჟა ასათიანის ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი რომ არა, ბანდიტები რამდენიმე კაცს კიდევ შეიწირავდნენ. ეს ერთი.

მეორეც. სამსახურებრივი მოკვლევა, რომელიც იმავე ღამეს დაიწყო, ჩვენი, იმ ოპერაციის მონაწილეთათვის, ნამდვილ წამებად იქცა, ჩინოვნიკურბიუროკრატიული მეთოდის ზეობად, როგორც ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევების დროს. მაგრამ ჩვენ ფორმალური მოთხოვნებიც დაცული გვქონდა, ხოლო მილიციის თანამშრომლების პროფესიულ ქმედებას ხინჯი არ მოეძებნებოდა, მაგრამ სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა ყალბი პრინციპულობით საკუთარი ავტორიტეტის განმტკიცება მოინდომეს.

სწორედ აქ გამოჩნდა თბილისის სამმართველოს უფროსის _ ჯემალ მიქელაძისა და სისხლის სამართლის ხაზით მისი მოადგილის _ დამიანე ალანიას პრინციპულობა, სამართლიანობა და ჰუმანურობა: გადაეფარნენ ისინი თავიანთ თანამშრომლებს, რომლებმაც უაღრესად საშიში დამნაშავე გააუვნებლეს.

გაიწელა სამსახურებრივი მოკვლევა, მაგრამ ვიტყვი, რომ პროკურატურამაც ობიექტური პოზიცია დაიკავა და სერიოზულად არავინ დაუსჯიათ. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი სამსახურის უფროსი უშანგი ჭიჭინაძე, ყოველმხრივ სამაგალითო და დამსახურებული კაცი, პენსიაში გაისტუმრეს.

ბიუროკრატიამ მაინც მოიქნია კუდი.

_ ის ბოროტმოქმედი, რომელიც სროლით გამოვარდა იმ შემთხვევის დროს, ვაჟა ასათიანმა რომ დაჭრა მკლავში და გაიქცა, თუ იპოვეთ ბოლოსდაბოლოს?

_ იმ ღამესვე დავადგინეთ, ვინც იყო. აღმოჩნდა, რომ იყო ვინმე აგაჯანოვი, ორი დღის შემდეგ დავაპატიმრეთ. აქ მოხდა ისე, რომ წინასწარი პატიმრობის იზოლატორში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

_ რას ერჩოდნენ?

_ ერთ-ერთი ვერსიით, მოკლეს იმიტომ, რომ მილიციის თანამშრომლების მკვლელობა მისთვის დაებრალებინათ და ქურდული სამყაროს ავტორიტეტი ბოიოვა გადაერჩინათ, ყოველ შემთხვევაში, აეცილებინათ სასჯელის უმაღლესი ზომა.

_ ბოიოვა კი დაჭრილია

_ დიახ, დაჭრილია და მას მკურნალობენ, რადგან იმ დროის კანონმდებლობით, დაჭრილი, ავადმყოფი ეჭვმიტანილის გასამართლება დაუშვებელი იყო _ ჯერ უნდა მოერჩინათ.

ორ წელიწადს მკურნალობდნენ. აუცილებელი გახდა ფეხის ამპუტაცია. გადააფრინეს იმდროინდელ ლენინგრადში და გაუკეთეს ეს ურთულესი ოპერაცია.

წყაროზე მყოფი ოთხეულიდან ერთ-ერთი _ ბაღათუროვი, რომელმაც იცნო ბურდული და დაიძახა «ძაღლები მოდიანო», შემთხვევის ღამესვე დავაპატიმრეთ. სამი დანარჩენი შემთხევითი პირი აღმოჩნდა და მათ მიმართ არავითარი სადამსჯელო ღონისძიება არ განხორციელებულა.

_ სასამართლომ რა თქვა ბოლოსდაბოლოს?

_ ამ ბაღათუროვს მიესაჯა ათი წელიწადი, ომარ ხაჩატუროვი, იგივე ბოიოვა ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, მიუსაჯეს.

სასჯელი აღსრულდა.

კრიმინალური სამყარო მიყუჩდა, მიიმალა, ფსკერზე დაწვა. თბილისის მოქალაქეებმა ამოისუნთქეს.

ჩაიწერა

არმაზ სანებლიძემ

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here