Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ და სად დაამონტაჟა ე.წ. ჯიჰადის ვიდეო?

ვინ და სად დაამონტაჟა ე.წ. ჯიჰადის ვიდეო?

567

ის ფაქტი, რომ «ნაცები» ყველას სააბაზანოში, საძინებელსა და თეთრეულში კამერებით დაძვრებოდნენ და, მათი აზრით, კომპრომატებს აგროვებდნენ, აღარავისთვისაა საიდუმლო. სრულიად ბუნებრივია, რომ კომპრომატების ომში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას თავის არსენალში ამ ბინძური მეთოდების გარკვეული ნაწილი გადმოეტანა. ჰოდა, თუ ბოროტ ენებს დავუჯერებთ, . . ჯიჰადის ვიდეო, რომელმაც საქართველო შეძრა, თურმე ბერას სტუდიასა და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ «მეცხრე არხში» დამონტაჟებულა.

 

ჰოდა, ამერიკულ სპეცსამსახურებსაც ასე უთქვამთ, სახლში მოაწესრიგეთ ურთიერთობები, კაციშვილს არ აინტერესებს ავღანეთში თქვენი მოღვაწეობის პერსპექტივებიო, თუმცა თავიანთ უერთგულეს ყმებს, ანუ «ნაციონალური მოძრაობის» ერთ ჯგუფს ექსპერტიზის დასკვნაც გადმოსცეს და, რაკი მარტო დასკვნა არ იყო საკმარისი, ის მეთოდებიც ასწავლეს, რომლებითაც ივანიშვილსა და მის გუნდზე ზეწოლას განახორციელებენ. თუ არა შანტაჟი, აბა, რით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში «ნაცები» ზომიერად ჭიკჭიკებენ და მხოლოდ ზრდილობის გამო აკრიტიკებენ ივანიშვილს?

იმავე ბოროტი ენების თქმით, ივანიშვილს ეს ვიდეო იმისთვის სჭირდებოდა, რომ ავღანეთიდან ქართული ჯარის კონტიგენტი ღირსეული ფორმით წამოსულიყო, მაგრამ იქით შეუტრიალდა ეს და შანტაჟის სახე მიიღო. «ნაცები» ივანიშვილს აშანტაჟებენ და, რასაც მოისურვებენ, იმას გააკეთებინებენო, ამტკიცებენ ავი ენები

«საქართველო და მსოფლიო» ამ საკითხზე სასაუბროდ «პატრიოტთა ალიანსის» ლიდერს _ სოსო მანჯავიძეს დაუკავშირდა.

«ჯიჰადის ვიდეო» თუ სააკაშვილის საკომპრომეტაციოდ გააკეთეს, სააკაშვილიხომ ისედაც მოსიარულე კომპრომატია?!»

_ არც ისე დიდი ხნის წინ დიდი სკანდალი იყო ატეხილი «ჯიჰადის ვიდეოზე», მაშინ ითქვა, რომ ეს ვიდეო სააკაშვილის გუნდმა დაამზადა, როგორ ფიქრობთ, რა მიზნით უნდა გაეკეთებინა ეს პრეზიდენტის გუნდს, რაში სჭიდებოდათ ეს?

_ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა სააკაშვილს? ქვეყანაში დაძაბულობის შექმნის მიზნით მოამზადა ეს ვიდეო? ახლა აქ თუ ვინმე დაინახავს რაიმე ტიპის მოგებას სააკაშვილისთვის, ძალიან გამჭრიახი გონება ექნება, ჩემი გონების მასშტაბები ამას ვერ სწვდება. ასეთი გამჭრიახიც არ ვარ, ვერ დავიბრალებ…

დღეს არსებობს ვერსია, რომ ეს . . ჯიჰადის ვიდეო ივანიშვილის გუნდმა დაამზადა ბერას სტუდიაში. რამდენად რეალურია ეს?

_ დიახ, არსებობს ინფორმაცია, რომ «ჯიჰადის ვიდეო» დამზადებულია  ბერას სტუდიაში, მაგრამ საკითხავია, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ივანიშვილის გუნდს? თუ ეს სააკაშვილის საკომპრომეტაციოდ გააკეთეს, სააკაშვილი ხომ ისედაც მოსიარულე კომპრომატია და თანაც, ან ეს რა კომპრომატია?! წესით და რიგით, სააკაშვილის იქ ჩასვლა და მისი საქციელი მისი იმპიჩმენტის დაუყოვნებლივი საფუძველი უნდა გამხდარიყო, რაც «ქართულმა ოცნებამ» არ განახორციელა. ჩავიდა კაცი, პროვოკაცია მოაწყო; საერთოდ, ადამინისთვის შეუფერებლად მოიქცა, ისეთ კითხვებს სვამდა _ რამდენი მოკალით და ა.შ. და ჩამოვიდა, ანუ მოაწყო პროვოკაცია და წამოვიდა. ამის გამო იგი თავმოყვარე ქვეყნის პარლამენტს უნდა გადაეყენებინა. ასე რომ, რამის გაკეთება რომ ნდომებოდათ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს ერთი საქციელიც სრულიად საკმარისი იქნებოდა.

ჩნდება კითხვები: ეს აფეთქებები ხომ რეალურია? ხომ არავის უთქვამს, რომ ეს არ არის რეალური? ვინ მისცა, საიდან მოიპოვეს ამ აფეთქებების კადრები, ვინ მოიპოვა და რა მიზნით? ვინც მოიპოვა, რატომ დაადო ეს რგოლი ამას?! აი, აქ სრული გაუგებრობაა. საქმე ის არის, რომ ეს კითხვები არც დასმულა და მე ვსვამ აგერ. რა მოხდა სინამდვილეში იქ, ვინ ააფეთქა ის ხალხი და, თუ ააფეთქა, იმ ჯიჰადისტებს არ გამოუქვეყნებიათ ეს კადრები და საიდან მოიპოვეს მათ, ვინც კლიპი გააკეთა? ანუ გამოდის, რომ, აქ ვინც კლიპი გააკეთა, ის უკვე ფლობდა იმ კადრებს და კავშირი აქვს იმ ჯიჰადისტებთან თუ როგორ არის საქმე? სრული გაურკვევლობაა. წესით და რიგით, ამაზე  საგამოძიებო ორგანოები უნდა მუშაობდნენ, მაგრამ ყველაფერი კვლავ ბურუსითაა მოცული.

_ თუ ეს მართლაც ასეა, ერთერთი ორგანიზაცია, რომელიც კვალიფიციურ დასკვნას დადებდა, თუ რომელ სტუდიაში დამზადდა კლიპი, არის FBI,  მეთანხმებით? ავი ენების თქმით, FBI-ის დასკვნის მიხედვით, კლიპი ბერას სტუდიაში დამზადდა და ახლა «ნაცები» ივანიშვილს აშანტაჟებენ

_ სად არის ეს FBI-ის დასკვნა? რასთან გვაქვს საქმე? ივანიშვილმა თავად დაამზადა? არ ვიცი, აქ საერთოდ ბევრი კითხვა კი არა, ბევრი გაუგებრობაა. გვაბოლებენ და, რაც მთავარია, ასეთი ტიპის საქმეები არ იხსნება, იმიტომ, რომ «ქართული ოცნება» და «ნაცები» თანამშრომლობენ და სამართალი არის გოშია და პირისფარეში, აი, ამ გუნდების ბინძური პოლიტიკური ინტერესებისთვის. არავინ არავის ებრძვის, ეს არის ბრძოლის იმიტაცია; უბრალოდ, ამ იმიტაციის პროცესში თავად იხლართებიან, თორემ რა ბრძოლაზეა ლაპარაკი, ივანიშვილმა თავად აღადგინა «ნაციონალური მოძრაობა».

«ქართულ ოცნებასა» და «ნაცებს» შორის კოაბიტაცია, ანუ თანამშრომლობა 1 ოქტომბერს არ დაწყებულა, ეს მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ჯერ კიდევ არჩევნებამდე. ასეა, «ქართული ოცნება» და «ნაცები» ერთი ხის ნაყოფი არიან. და ივანიშვილი არათუ ყველაფრის საქმის კურსშია, არამედ ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. კეთილი მეფისა და ბოროტი ვეზირების იდეებისთვის, მე მგონი, კაცობრიობა საკმაოდ ბებერია. და იცით, ამ ყველაფერს რა მოჰყვება? ამას თუ დავუმატებთ იმას, რეგიონებში რა პოლიტიკასაც აწარმოებენ და როგორი უხეში ჩარევაც ხდება სუს-ის რეგიონალურ ადგილობრივ თვითმმართველობებში, მივიღებთ ხელისუფლების ჩამოშლას. დიახ, «ნაცების» რესტავრაციას უწყობს ხელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამართალმემკვიდრე სუსი. აი, კიდევ ერთი პარადოქსი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა. აი, ეს ყველაფერი გამოიწვევს ნდობის ვარდნას.

ივანიშვილის წასვლა საბოლოოდ გაანულებს ნდობის ფაქტორს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რასაც მოჰყვება ხელისუფლების ჩამოშლა. დაიწყება სახალხო გამოსვლები, რომლებიც იძულებულს გახდის ხელისუფლებას, დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. ასეც იქნება, მითუმეტეს, როდესაც ახალაიასა და მერაბიშვილს გამოუშვებენ, სააკაშვილს საპატიო პენსიაში გააცილებენ და კრება დარჩება მხიარული. ეს არჩევნები ჩატარდება საპროტესტო აქციების ფონზე, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნების გაყალბებას. აი, ახლაც გაყალბებით გაიყვანენ მარგველაშვილს პრეზიდენტად, ნახავთ თქვენ ამას.

კვლავ «ჯიჰადის ვიდეოს» რომ დავუბრუნდეთ, ეს არის იმ ჯგუფის გაკეთებული, რომელიც ცდილობს, შეუძლებელი გახადოს სამართლიანობის აღდგენა საქართველოში; რომელიც ცდილობს, ისეთი კომპრომატებით გასვაროს პოლიტიკური აქტანტები, რომ შეუძლებელი გახდეს რაიმე ტიპის სამართლიანობის აღდგენის მცდელობაც კი. რომ ვთქვა, რომ ესენი ამერიკული ან რუსული დაზვერვის ქვეშ მომუშავე ძალები არიან-მეთქი, სერიოზული ვიქნები? მგონი, ყველაფერი ვთქვი!

«საქართველო და მსოფლიოს» ამ საკითხზე «ნაციონალური მოძრაობის» წევრი კობა ხაბაზი ესაუბრა

«კლიპი ჯიჰადის შესახებ დაამზადა საქართველოს  ხელისუფლებამ?!»

_ არ ვიცი, რომელ სტუდიაში არის ეს «ჯიჰადის კლიპი» დამზადებული, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: «ჯიჰადის კლიპი» არ არის დამზადებული თალიბების მიერ. დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, ელემენტალური ანალიზიც აჩვენებს, რომ ეს კლიპი არ არის თალიბების დამზადებული. ეს კლიპი გაკეთდა საქართველოში, დაამზადა საქართველოს ხელისუფლებამ: პირველი _ რუსეთის საამებლად და მეორე _ თუკი, არ გამჟღავნდებოდა, რომ საქართველოში იყო დამზადებული, ყველაფერი დაებრალებინათ ჩვენთვის. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში აბსურდამდე მიდის საქმე, დამზადდა მასშტაბური კლიპი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ადგენს კლიპის ავტორის ვინაობას.

ცხადია, ამის დადგენა ძალიან მარტივია და იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე დუმან, ჩემთვის ნათელი ხდება, რომ ეს კლიპი დამზადებულია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მათივე სტუდიაში, მათივე შეკვეთით. და მთელი ეს დრო დაიხარჯა იმისთვის, რომ რამენაირად გაექროთ, წაეშალათ ის მისამართი და ის კვალი, რომელიც მიიყვანდა ძიებას დღევანდელ ხელისუფლებასთან. მახსენდება, როდესაც ეს კლიპი გავრცელდა, საზოგადოებაში ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ მომზადებული და მთელი ის დღეები სხვადასხვა აქციებით, პოლიტპატიმრებით და ა.შ. როგორ ცდილობდნენ, გადაეფარათ ამ კლიპით გამოწვეული მღელვარება საზოგადოებაში. ეს იყო ყველაზე ბინძური კლიპი, რომელიც იყო დამზადებული საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანიც იყო ჩვენი, ოპოზიციის წინააღმდეგ ანგარიშსწორება, მაგრამ, როცა არ გამოუვიდათ, რადგან ძალიან უნიჭოდ და უხარისხოდ შესრულებული კლიპი გამოუვიდათ, დაიწყეს ამ თემის გადაფარვა. ორჯერ ორი როგორც ოთხია, ისე იკითხებოდა ყველაფერი ამ კლიპთან მიმართებაში.

ამის გამოძიებას სჭირდებოდა, როგორც გითხარით, ძალიან მცირე დრო, ერთი დღე  და თავისთავად ფაქტი, რომ არ გამოიძიეს და დღემდე გაიჭიმა გამოძიება, ნიშნავს იმას, რომ ისინი არამც თუ არ აპირებენ გამოძიებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების კვალს, რეალურ დამნაშავეს, ანუ თავის თავს ფარავენ. ბუნებრივია, არც გამოიძიებენ.

_ ერთერთი ვერსიით, FBI- მოგაწოდათ თქვენ ეს ინფორმაცია და ივანიშვილს აშანტაჟებთ. ამაზე რას იტყვით?

_ ჩვენ შანტაჟის გზით სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ, ამ ხელისუფლების მოქმედებიდან, რეაქციიდან გამომდინარე, ისედაც ყველასთვის ყველაფერი ნათელია. მით უმეტეს, ეს ნათელია ამერიკისა და ისრაელის სპეცსამსახურებისთვის, რომლებიც, ოფიციალური ვერსიით, გამოძიებაში არიან ჩართულები. ეს ამბავი ვერ დაიმალება და მალე ყველასთვის ცხადი გახდება ის, რასაც ყველა ისედაც ვხვდებოდით.

«საქართველო და მსოფლიო» დაინტერესდა «ქართული ოცნების» პოზიციით და პარლამენტის წევრ ანი მიროტაძეს დაუკავშირდა:

«მოვუწოდებ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიოს ეს საკითხი»

_ ბერას სტუდიაში? რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ და იცით, რატომ? იმიტომ კი არა, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მე არ ვფიქრობ, ვინმე ჩემს გუნდში იყოს ასეთი ვიწრო აზროვნების, რომ ამ ტიპის ვიდეოებით თუ პოლიტიკური ქმედებებით ცდილობდეს რაღაც პოლიტიკური ქულების დაწერას. ასეთი ჩემს პოლიტიკურ გუნდში არავინ მეგულება.

_ და გამოძიება რატომ ჭიანურდება? კარგა ხანი გავიდა

_ ძალიან ცუდია, თუ გამოძიება არ მიმდინარეობს ან შეჩერებულია, ან რაიმე მიზეზით ხდება ის, რომ ხელი ეშლება გამოძიებას. ვიმეორებ, ეს ძალიან ცუდია. მეც ვარ დაინტერესებული, რომ დადგინდეს, საიდან და როგორ მოხდა ეს, იმიტომ, რომ ისევე, როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, მეც მაინტერესებს, რა მოხდა რეალურად. მოვუწოდებ პროკურატურას, რომ, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიოს ეს საკითხი და, ბოლოს და ბოლოს, გაირკვეს სიმართლე, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი რაღაცები ხდებოდეს ქვეყანაში.

«საქართველო და მსოფლიო» ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს პრესამსახურის ხელმძღვანელს _ ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

«ამერიკული მხარე და ისრაელი ძალიან აქტიურად გვეხმარებიან და წარმატებით მიმდინარეობს ეს გამოძიება»

_ გამოძიება მიდის თუ არა იმ აზრამდე, რომ . . ჯიჰადის ვიდეო შექმნილია და დამონტაჟებულია საქართველოში პრეზიდენტის ან პრემიერის გუნდის მიერ?

_ ბევრი ვერსია გავრცელდა, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ვამბობ და მინისტრმაც განაცხადა არაერთხელ (შეგიძლიათ, ეს მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზეც ნახოთ), რომ ინტენსიურად და წარმატებით მიმდინარეობს მიმდინარეობს გამოძიება, ამერიკული მხარე და ისრაელი ძალიან აქტიურად გვეხმარებიან და, როცა დასრულდება, შედეგებს მაშინ ვამცნობთ საზოგადოებას.

მოამზადა

ქეთი ხომერიკმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here