Home რუბრიკები პოლიტიკა დემურ გიორხელიძე: საქართველო არის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო

დემურ გიორხელიძე: საქართველო არის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო

574

«ქართული ოცნების» კიდევ ერთი დაპირება, რომ ბიზნესი წნეხისგან გათავისუფლდებოდა, არ შესრულდა. იგი კვლავ მონოპოლიზებულია და ისევ ძველი კანონებით იმართება, რასაც პირად საუბრებში თავად ბიზნესმენებიც აღიარებენ და რაზეც ექსპერტებიც თამამად საუბრობენ. ეკონომიკა წინ არ მიდის ან  ნელა ვითარდებაარადა, სულ სხვა მოლოდინი იყო. არის თუ არა ეკონომიკაში სტაგნაცია? რა ნაბიჯები გადაიდგა ბიზნესის განვითარებისთვის და არის თუ არა ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე «საქართველო და მსოფლიოს» ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

 

_ ბატონო დემურ, ეკონომიკაში ცუდად ვერკვევი, ვიცი მხოლოდ ის, რა თანხა მიდევს ჯიბეში და რისთვის მეყოფა. ჩემისთანა მკითხველმა რომ კარგად გაიგოს, ისე აგვიხსენით, რა ვითარებაა დღეს ქართულ ეკონომიკაში და არის თუ არა სტაგნაცია?

_ სტაგნაცია ზრდის შეჩერებას ნიშნავს. ზრდა არის, მაგრამ დაბალი. რატომ არის ზრდის დაბალი ტემპი, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ისაა, რომ გრძელდება ის მანკიერი ეკონომიკა, რომელსაც წინა ხელისუფლება ატარებდა, რაც არ შეიძლებოდა და ამას მოვუწოდებდი კიდეც ახალ ხელისუფლებას. მათ უნდა ჰქონოდათ გამბედაობა იმისა, რომ ვარდნაზე წასულიყვნენ, რადგან, რაიმეს ახალ რელსებზე გადაწყობა თუ გინდა, ბუნებრივია, შეფერხებები იქნება. სამწუხაროდ, მთავრობა არაენერგიულად და არაკომპლექსურად მოქმედებდა, რაც ზრდის ტემპზე აისახა კიდეც.

_ რაში გამოიხატებოდა მათი არაკომპლექსური მოქმედება?

_ პირველი უდიდესი მოლოდინი ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად იყო კერძო ინიციატივების რეალიზაცია, რომელიც ათიათასობით მოქალაქეს აქვს. კერძოდ, მათ უნდათ დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობა, სამუშაო ადგილები, ბიზნესი, მაგრამ ამისთვის ათი თვის განმავლობაში მთავრობას არაფერი გაუკეთებია. არანაირი ინსტიტუციონალური ცვლილებები, არანაირი ინიციატივა ამ მიმართულებით არ გამოუჩენია. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პირველი ნაბიჯებიც კი არ ჩანს. არადა, სწორედ ეს იყო სფერო, რომელიც უზრუნველყოფდა დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებას და იმედს გაუჩენდა უამრავ ადამიანს, რომ ნელ-ნელა ბიზნესი განვითარდებოდა და სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა.

_ სახელმწიფოს ეს როგორ უნდა გაეკეთებინა, თანხა თავად უნდა გამოეყო?

_ საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არის ფინანსების ხელმიუწვდომლობა. მახინჯი საბანკო სისტემის პირობებში, შეუძლებელია სტარტ-აპი, ანუ ბიზნესის დაფინანსება. ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო მთელს მსოფლიოში, რომელშიც ასეთი რამ ხდება. სხვა ქვეყნებში არსებობს განტოტვილი ფინანსური სისტემა, რომლებშიც ჩართულები არიან ინსტიტუციონალური ინვესტორები; საპენსიო, საპაიო ფონდები გრძელვადიან ფულს იძლევიან. არის სტუქტურა, რომელიც უწევს დამწყებ ბიზნესს კონსულტაციებს, ეხმარება შეღავათიანი კრედიტების მიღებაში, უცხადებს მხარდაჭერას თანადაფინანსებაში, იმ დრომდე, ვიდრე ფეხზე დადგომას შეძლებს. არსებობს ინკუბატორები, სტრუქტურები. ამერიკაში არის მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელსაც ამერიკის პრეზიდენტი ნიშნავს.

ჩვენ ვთავაზობდით ბატონ ბიძინას, ეროვნული, გამორჩეული სტრუქტურა შეექმნათ, რომელიც იქნებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის პარტნიორი ორგანიზაცია და მსურველებს იურიდიულ, ფინანსურ, ინკუბატორულ დახმარებას გაუწევდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა.

_ აქ თქვენი ოპონენტი რომ იჯდეს, ალბათ, გეტყოდათ, გვაცადეთ, ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა საამისოდო

_ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წლები ვაცადოთ მთავრობას; არც იმის ფუფუნება გვაქვს, მთავრობას მოვუწონოთ, მისთვის კოაბიტაცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ეკონომიკური ცვლილებები; ეს არის მათი პოლიტიკური შეცდომა, რომლის შედეგებსაც დღეს იმკიან. მათ მიმართ ნდობა იკარგება.

თავის დროზე, როდესაც ეს გავიგე, ძალიან გამიჭირდა დისონანსის შეტანა ხალხის საერთო განწყობაში, მაგრამ იანვარში განვაცხადე, რომ ეკონომიკური ზრდა ვერაფრით იქნებოდა 2,5-3%-ზე მეტი, რადგან ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაბალია, ხელშემწყობი არაფერი არ არის; ათიათასობით ადამიანს სურვილი აქვს, იმუშაოს, მაგრამ შეუძლებელია, რადგან ბანკები ბანდიტური ორგანიზაციებია. ისინი შეკრულნი იყვნენ წინა ხელისუფლებასთან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღეს საბოტაჟს აწყობენ. მოეწონება ეს ვინმეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს არის შეკრული მაფიოზური ჯგუფი, რომელსაც ფული ხელისუფლებების მხარდაჭერით აქვთ დაგროვილი. დღეს ისინი ცდილობენ, არ გამოჩნდეს კონკურენტული ჯგუფი. როგორც კი კონკურენცია დაკანონდება და დაცული იქნება შესაბამისი კანონმდებლობით, როგორც კი გაჩნდება საბაზრო ეკონომიკა, რომელიც იმ ინსტიტუტებით და იმ სახელისუფლო პოლიტიკით იმართება, რომელიც მაკრო დონეზე ახდენს რეგულაციას, დღევანდელი ცნობილი ფინანსური ჯგუფებისგან არაფერი დარჩება.

საქართველო არის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო, რომელიც ადამიანის ნიჭისა და უნარის განვითარებას ხელს უშლის. ხელს არ უწყობს, რომ გაჩნდნენ შეძლებული ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ხელისუფლებისგან და პოლიტიკანური მართვისგან. ასეთი იყო სახელმწიფო პოლიტიკა წლების განმავლობაში, სწორედ ამიტომ გვაქვს დღეს ასე მცირე ეკონომიკა.

ქვეყანას, რომელსაც სულ რაღაც 16-17-მილიარდიანი ეკონომიკა აქვს, რაც ერთი საშუალო ევროპული ფირმის შემოსავალია, 2 პროცენტით განვითარდება თუ 6-ით, მიზერი მაინც მიზერია. წინა ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ქვეყანა მთლიანად იმპორტზე ჩამოკიდეს, მათ სრული დეინდუსტრიალიზაცია მოახდინეს. ფაქტობრივად, ხელი არ შეუწყეს იმ სფეროებს, რომლებიც კონკურენტულ პოტენციალს შეიცავს. ასეთი სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი გაგვაჩნია. ყველაფერი, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, მონოპოლიების ხელში აღმოჩნდა და ეს მონოპოლიები დღესაც ხელშეუხებელია. ანტიმონოპოლიური სამსახურის თაობაზე ათი თვის თავზე კანონიც კი არ არის მიღებული, კონკურენციის დაცვისთვის არსებობს რაღაც სასაცილო სააგენტო, რომელიც არ ფუნქციონირებს, რაც ახალ მთავრობას არ ეპატიება. საბაზრო ეკონომიკაში მაკრო დონეზე სახელმწიფო რეგულირება უნდა იყოს და მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოები, ის ინსტიტუტები უნდა ფუნქციონირებდეს, რომლებიც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისთვის. ჩვენს ქვეყანაში კი ამ დრომდე არაფერი მსგავსი არ არის.

_ როგორ ფიქრობთ, სუსტი ეკონომიკური გუნდი ჰყავს?

_ არ ვფიქრობ, რომ სუსტი გუნდია. ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის ერთიან გუნდზე და მათ ერთობლივ გადაწყვეტილებებზე. წლის ბოლო მთავრობის საქმიანობის შეფასების დრო დადგება. ჯერჯერობით ძალიან ცოტა საკანონმდებლო ინიციატივაა, ძალიან ცოტა ნოვაციაა მთავრობის მხრიდან, არადა, ყველაფერი დამუშავებულია, ყველაფერი განსაზღვრულია, რა და როგორი მიმართულებით უნდა გაკეთდეს. ახლა სპეციალურად მთავრობისთვის «საქართველო 2020 _ განვითარების სტრატეგია» იწერება და სექტემბერში იქნება განხილვები. პარლამენტი, ალბათ, მიიღებს მას და საკანონმდებლო ჩარჩოს მისცემს, რითაც ყველა სახელმწიფო სტუქტურა გარკვეულ ვალდებულებას აიღებს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანდა.

მთავარია, პოლიტიკური სიტუაცია ხელს არ უშლიდეს ეკონომიკურ განვითარებას.

_ რას გულისხმობთ პოლიტიკურ სიტუაციაში?

_ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა არ იქნას გაგებული, როგორც ტრაგიკული მოვლენა და ქვეყნის დაქცევის ნიშანი.

«ქართულ ოცნებაში» როცა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე ვმუშაობდით, ემიგრანტების დაბრუნების შესანიშნავი პროგრამა გვქონდა. ჩვენი მოქალაქეები მზად არიან, დაახლოებით ორ-ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადონ ქართულ ეკონომიკაში, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, ამის განხორციელებას კი გარკვეული საკანონმდებო მხარდაჭერა სჭირდება, რადგან საქმე მარტივად არ არის. მათ გარკვეული გარანტიები სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისთვის ეს პროგრამა ცნობილია, ნაბიჯი წინ არ იდგმება. ჩვენ არ გვჭირდება უცხოური ინვესტიციები, შარშან საქართველოს კომპანიებში წმინდა მოგების სახით, გადასახადების გადახდის შემდეგ, 6 მილიარდი ლარიდან არაფერი შემობრუნებული არ არის ეკონომიკაში. დათვალეთ, 6 მილიარდი საკუთარი ფული კომპანიების ანგარიშებზე დევს ან გატანილია საზღვარგარეთ, ორ-ნახევარი მილიარდი დოლარი კი საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ შემოიტანონ და წარმოიდგინეთ, რამხელა სტიმული იქნება ქვეყნისთვის, მთავრობა კი ამ მიმართულებითაც არაფერს აკეთებს.

მთავრობა პოლიტიკური შეთანხმების კონფიგურაციაა. ბიძინა ივანიშვილის გარშემოც პოლიტიკური ძალები საკუთარი ინტერესების შესაბამისად დაკომპლექტდა და მთავრობაც დააკომპლექტეს. მთავრობა ერთიანი ხედვის ფარგლებში არ მოქმედებს, საქართველოში სისტემური კრიზისია, არაფერი  მუშაობს, კრიზისიდან გამოსვლის გზები არ არის.

_ ბატონო დემურ, მოდი ჩამოვთვალოთ ყველაზე აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა უახლოეს რამდენიმე წელიწადში უკეთესობა ვიგრძნოთ.

_ ბიზნესის დაფინანსების საქმე (სტარტ-აპი) თუ მოგვარდება, საქმის დაწყება ადამიანებს გაუადვილდებათ. ბანკებმა უნდა დააფინანსონ დამწყები ბიზნესი, არ უნდა იყოს გიჟური მოთხოვნები, სახელმწიფომ უნდა შექმნას ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, ფული ხელმისაწვდომი უნდა იყოს და კლანურ ჯგუფებში არ უნდა იყოს კონცენტრირებული. ბანკების მაღალი მოთხოვნის გამო, საქართველოს უდიდესი პრობლემაა ქონების გაუფასურება. უნდა შეიქმნას ფინანსური ინფრასტრუქტურა, საბანკო სისტემის მოდერნიზაცია, მახინჯი სისტემა უნდა აღმოიფვრას. პარალელურად საჭიროა საკანონმდებლო ინიციატიები, რომლებიც გააჩენს ვენჩორულ კომპანიებს, ანუ სარისკო კაპიტალს, რომლებიც მაღალი მოგების მიღების სურვილით ნოვაციებში ფულს ჩადებენ. ჩვენ არ გვაქვს საპენსიო ფონდები, არ გვაქვს ფულის წყაროები, არ გვყავს საინვესტიციო კომპანიები, ჩვენ არ გვაქვს კერძო ფონდები, რომლებიც მრავლად უნდა იყოს. არ გვაქვს საკანონმდებლო რეგულაციები, ბიზნესი იყო და არის მონოპოლიზირებული. წილებში ახალი ხალხი ჩაჯდა, არაფერი შეცვლილა. გვჭირდება კერძო ინიციატივის წახალისება, არ უნდა მოხდეს არაფორმალური შეთანხმებები. მოკლედ, რაც ჩამოვთვალეთ, იქიდან არაფერი კეთდება, რაც კეთდება, ის ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. 

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here