Home რუბრიკები საზოგადოება კოაბიტური რეცესია…

კოაბიტური რეცესია…

625

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბიზნესის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციისთვის.

 

რა გაკეთდა

1 ოქტომბრამდე არსებულთან შედარებით ჯარიმების ზომა შემცირდა: საგადასახადო დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის _ 4-ჯერ, საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის _ 2,5-ჯერ, სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას _ 2-ჯერ, საქონლის წარდგენის ან დეკლარირების ვადა ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის მაქსიმალური ზღვარის ზომა _ 1/3-ით, ხოლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე _ 2-ჯერ; საურავის ოდენობა შემცირდა 0,07%-დან 0,06%-მდე. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ვადა გაიზარდა ერთიდან სამ წლამდე; მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო ოდენობა, მთავრობის დადგენილების ნაცვლად, განისაზღვრა კანონით.

მნიშვნელოვანი შეღავათები მიიღო მოსახლეობამ კომუნალური ტარიფების გაიაფებით. საშუალო მომხმარებელზე გაანგარიშებით, დენის ტარიფი შემცირდა 15,9 პროცენტით, ბუნებრივი გაზის _ თითქმის 10 პროცენტით. ამით მოსახლეობას ერთ წელიწადში დაეზოგება 150 მილიონ ლარზე მეტი. ეს იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, საქართველოში მოქმედი დენის ტარიფი შეადგენს საშუალო ევროპულის (ევროკავშირის 27 ქვეყნის) მხოლოდ 33 პროცენტს.

2012 წლის 27 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 6000 ლარამდე წლიური ხელფასის მქონეთა შემოსავლებიდან 1800 ლარი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. ყოველთვიურად დაზოგილი თანხა (150 ლარის 20%) ფიზიკურ პირებს ერთიანად დაუბრუნდება მომავალი წლის 1 აპრილიდან. ამ თანხის წლიური მოცულობა გადააჭარბებს 110 მილიონ ლარს.

2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალურ დაცვაზე გაღებული ხარჯების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, თითქმის 14 პროცენტით იზრდება (1848,6 მილიონი ლარი), მაშინ, როცა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების ზრდა მხოლოდ 4,8 პროცენტითაა გათვალისწინებული. 2013 წლისთვის მთელი საბიუჯეტო ხარჯების 42,4 პროცენტი პირდაპირი სოციალური  დანიშნულებისაა (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა). ეს კი 8 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე 2009 წელს და 2,4 პროცენტული პუნქტით მეტი, ვიდრე 2012 წელს.

ბოლო თვეებში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ადგილი ჰქონდა საგულისხმო მოვლენას: ფულადი ერთეულის მსყიდველობითუნარიანობა დაბალშემოსავლიან და პენსიონერ მოსახლეობას უფრო მეტად გაეზარდა, ვიდრე მაღალშემოსავლიანებს.

2012 წლისთვის 2000 წელთან შედარებით, ოფიციალურმა ინფლაციამ პენსიონერებისთვის 125 პროცენტი შეადგინა, დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობისთვის _ მხოლოდ 92 პროცენტი.

რაში ჩამოვრჩით

საქართველოს პოლიტიკურ, სამართლებრივ და სოციალურ სფეროში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები ჯერჯერობით ადეკვატურად ვერ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში. 2013 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ, წინასწარი შეფასებით, მხოლოდ 1,8  პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის პირველი ნახევრის ზრდის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია (2012 წლის პირველ ნახევარში _ 7,4%).  უკუსვლა შეინიშნება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმის შესრულებაშიც: 2013 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, მოგების გადასახადი 55,5 მილიონი ლარით ნაკლები იქნა მობილიზებული, დღგ _ 34,4 მილიონით. ეს იმ პირობებში, როდესაც 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, დაგეგმილია მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების ზრდა 620 მილიონი ლარით, მათ შორის, მოგების გადასახადის _ 80 მილიონი ლარით და დამატებული ღირებულების გადასახადის _ 332 მილიონი ლარით.  მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა ივლისშიც. უფრო მეტიც, 2013 წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, ბიუჯეტში 0,2 მილიონი ლარით ნაკლები მოგების გადასახადი და 13,4 მილიონი ლარით ნაკლები დამატებული ღირებულების გადასახადი იქნა მობილიზებული.

ანალოგიური მდგომარეობაა საბანკო-მონეტარულ სფეროში: მიუხედავად  ოდნავი გამოცოცხლებისა, 2013 წლის 31 ივლისის მონაცემებით, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის მოცულობა, ისევე, როგორც სარეზერვო ფული, ჯერაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება წინასაარჩევნო _ 2012 წლის 30 სექტემბრის დონეს. ხოლო ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის მასა, 2013 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაახლოებით 80 მილიონი ლარით ჩამორჩებოდა 2012 წლის სექტემბრის მაჩვენებელს.

რა ფაქტორებმა განაპირობა აღნიშნული გარემოება?

როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, გასულ წელს არჩევნებამდე «ნაციონალური მოძრაობის» მოთხოვნით, ბიზნესის მიერ წინსწრების რეჟიმში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 1,5 მილიარდი ლარი, ანუ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მეოთხედი. წინსწრებ რეჟიმში მობილიზებული შარშანდელი გადასახადები წლევანდელი მაჩვენებლების მნიშვნელობას აფერმკრთალებს.

როგორც წესი, დიდი სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებების, ხელისუფლების შეცვლის, ახალი ორიენტირების, ხედვების, ფასეულობათა სისტემის ცვლილების მომდევნო პერიოდში ადგილი აქვს ეკონომიკური ზრდის საგრძნობ შენელებას და რეცესიას. ასე იყო, მაგალითად, «ვარდების რევოლუციის» შემდეგაც, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2004 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის განახევრდა.

2012 წლის ოქტომბრამდე თითქმის ცხრა წლის მანძილზე საქართველოში ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ობიექტურ ეკონომიკურ კანონებზე მეტად ავტორიტარული მეთოდებით იმართებოდა. ამ პერიოდში საკუთრების უფლება აბსოლუტურიდან შეფარდებით კატეგორიად იქცა, ხოლო ბიზნესი, მმართველი პოლიტიკური ძალისადმი სავალდებულო პერიოდული ფინანსური მხარდაჭერისა და ლოიალობის მოთხოვნის გამო, ფაქტობრივად, პრობაციონერის მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩაყენებული.

 შეიძლება ვთქვათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» დამარცხებით ბიზნესის პრობაციონერობა დასრულდა.

ხელისუფლების კონტროლისგან გათავისუფლებული ბიზნესი დღეს იმყოფება ერთგვარი დასვენების, თავისი საქმიანობის მასშტაბისა და პროფილის განსაზღვრისა და საქმიანი პარტნიორების შერჩევის არც თუ მარტივ პროცესში

პოლიტიკური ზემოქმედებისგან გათავისუფლების საწყის პერიოდში არჩევანის თავისუფლება ეკონომიკური ზრდის შენელებას უწყობს ხელს.

ეკონომიკის ვარდნის ეროვნული თავისებურებანი

ეკონომიკური ზრდის შენელების სხვა ობიექტური საფუძვლებიდან აღსანიშნავია ის, რომ ბიზნესსექტორის მთლიანი ბრუნვის 82 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის. მაგრამ მსხვილი ბიზნესი, ერთიორი «დისიდენტი» ბიზნესმენის გარდა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როგორც წესი, აფილირებული იყო მმართველ პოლიტიკურ ძალასთან. შესაბამისად, «ქართული ოცნების» გამარჯვებისა და ქვეყანაში დაწყებული სამართლიანობის აღდგენის, წინა წლებში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნის პირობებში ლოგიკურია, რომ მსხვილი ბიზნესი ზედმეტი აქტიურობით არ, ან ვერ გამოირჩევა. დღევანდელი მსხვილი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად «ნაციონალური მოძრაობის» პერიოდში ამ პოლიტიკური ძალის ხელშეწყობით იქცა. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის კამპანიას ასეთი ბიზნესის მფლობელები გარკვეულწილად საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოებად მიიჩნევენ.

გაურკვევლობა საკუთრებისა და ბიზნესის სფეროში ეკონომიკური ზრდის მოკავშირე ნამდვილად არაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკონომიკის რეცესია მნიშვნელოვანწილად ქვეყანაზე თავსმოხვეული კოაბიტაციის  შედეგსაც წარმოადგენს.

წვრილი წარმოების წინაშე, ფაქტობრივად, არ დგას ის ზემოხსენებული პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს  «ნაციონალურ მოძრაობასთან» სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე იდგა. შედეგად, რაც უფრო მცირე ზომისაა საწარმო, მით უფრო ნაკლები ალბათობით ემუქრება მას რესტიტუციის საფრთხე, გაურკვევლობა, ამიტომ მეტი მოტივაციით და შედეგიანად საქმიანობს (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი გავლენა მოახდინა უკვე ნახსენებმა საგადასახადო შეღავათებმა და რეპრესიული სანქციების გაუქმებამ). მოგების (11.,5%-ით) და დღგ-ის (2,5%-ით) მოცულობის შემცირება წლეულს იანვარ-ივნისში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეიძლება მნიშვნელოვანწილად დავუკავშიროთ მსხვილი ბიზნესის ჭოჭმანს და მოლოდინს, ხოლო იმავე პერიოდში საშემოსავლო გადასახადის ზრდა (12,7%-ით), ხელფასების მატებასთან ერთად, მცირე ბიზნესის უპირატეს ზრდას და საკანონმდებლო, საგადასახადო ლიბერალიზმს, რითაც ყველაზე სრულად ინდმეწარმეებმა ისარგებლეს.

და კიდევ ერთი გარემოება, რომლის გამოც ეკონომიკური ზრდის ტემპებმა იკლო.

სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში სახსრების დაბანდებას განსხვავებული ეკონომიკური, მულტიპლიკაციური ეფექტი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ერთი მილიონი ლარი, რომელიც იხარჯება გზის ან თუნდაც შადრევნის მშენებლობაზე, მოკლევადიან პერიოდში ქმნის მეტ სამუშაო ადგილს, აყალიბებს მეტ საგადასახადო რესურსს და მთლიანობაში _ მეტ მოთხოვნას სამომხმარებლო ბაზარზე, ვიდრე იგივე მოცულობის ხელფასი ან პენსია. ამიტომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ქმედითი რეცეპტი ხარჯვის სტიმულირებაა. რაც მეტს ხარჯავს სახელმწიფო და მოსახლეობა, მით უფრო მეტია ეკონომიკური აქტიურობა და ეკონომიკური ზრდაც.

რა ვაკეთოთ?

მაკროეკონომიკური კუთხით, ხარჯების და ამის საფუძველზე ეკონომიკური ზრდის წახალისების ნაცვლად, ჩვენ მოვახდინეთ ხარჯების შეზღუდვის, ანუ ეკონომიკური ზრდის შეზღუდვის წახალისება.

გასაგებია, რომ საზოგადოებას სჭირდებოდა გარკვეული მორალური კომპენსაცია იმ შეზღუდვებისა და ეკონომიკური სიდუხჭირის შემდეგ, რომელიც «ნაციონალური მოძრაობის» ცხრაწლიანმა მმართველობამ მოიტანა. თუმცა ხშირად ეკონომიკური მიზანშეწონილობა და პოპულისტური ნაბიჯები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის და ამ დროს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს დროებით არაპოპულარული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო ნაბიჯების გადადგმა.

მაგრამ, კოაბიტაციის რეჟიმში ჩაყენებულ, «ქართული ოცნებით» დაკომპლექტებულ ხელისუფლებას ბოლომდე ჯერ არ დაუსრულებია თვითდამკვიდრების პროცესი, ამიტომ იგი ბოლომდე ვერ გათავისუფლებულა პოპულისტური გადაწყვეტილებებისგან, იგი ჯერ კიდევ რჩება თავისი წინასაარჩევნო დაპირებების მძევლად. მაგალითად, ეკონომიკური ზრდის კონტექსტში  გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლების სტრატეგია უნდა იყოს ზრუნვა შემოსავლების ზრდაზე და არა ტარიფების შემცირებაზე. დღეს მოქმედი ტარიფი და სატარიფო პოლიტიკა უბიძგებს საზოგადოებას და ოჯახებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოიხმარონ. მაგრამ, თუ გვინდა ეკონომიკური აღმავლობა და ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, ისეთი მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ ადამიანს გაუჩნდეს დამატებითი სტიმულები მეტის დასახარჯად. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ ხარჯების სტიმულირება და, თუ საჭირო გახდა, პროვოცირებაც (ამ სიტყვის კარგი გაგებით) უნდა მოახდინოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევა უაღრესად გაძნელდება…

იოსებ არჩვაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here