Home რუბრიკები პოლიტიკა უმი ბადრიჯნები

უმი ბადრიჯნები

649

პრემიერმინისტრის ბოლო პრესკონფერენცია, მოკლედ რომ შევაფასოთ, სრული კატასტროფა, გაუგებრობა იყო! თუმცა ივანიშვლის პოლიტიკიდან წასვლაარწასვლის საკითხი, რაც ბოლო დროს გვირილის ფურცლებზე მკითხაობას დაემსგავსა, საბოლოოდ გაირკვა _ პრემიერმინისტრი ახალ წლამდე უეჭველად დატოვებს თანამდებობას; როგორც თავად განმარტა, უფრო საჭირო, არასამთავრობო სექტორში გადავა და იქიდან იზრუნებს «დაბალი პოლიტიკური კულტურის» მქონე ქართველი საზოგადოების აღზრდაზე.

 

მაშ, რა შუაშია ბადრიჯანი და «ჰამაც» უმი? რა ვქნა, ჩემო მკითხველო, პიტალო ბადრიჯანს ხომ არ დავწერდი ეს დროული კაცი, მინიშნება  სათაურიდანვე გასაგები რომ ყოფილიყო?! ჰოდა, დანარჩენი თქვენი მიხვედრილობის იმედად იყოს. მოკლედ, ბიძინა მიდის და ქვეყანას პარლამენტში მის მიერვე ქეჩოთი შეთრეული უმი ბადრიჯნების ხელში ტოვებს?!

თანაც რამდენი არიან, კაცოო! რომ ჩაშუშ-ჩაააჯაფსანდალო, ვინძლო შიმშილის პრობლემა მოგვარდეს საქართველოში!

მთავარი ბადრიჯნით, ფილოსოფოსი პრეზიდენტობის კანდიდატით, დავიწყოთ: კაცი იმას რომ იტყვის, პლასტელინი ვარო, თანაც ქსოვა მიტაცებსო, რაზეა საუბარი? შე კაცო, თუ პლასტელინი ხარ (ადრე ვაზელინი უფრო იყო «ხოდში»), ანუ ყველა ნაპრალს უპირებ ამოვსებას და თანაც  «დიაცსა ქსლისა მბეჭველსა» პროფესიისკენ გაგირბის თვალი, რა გინდა, რას გვემართლები? პლასტელინი და «ტკაჩი» პრეზიდენტი (მთავარსარდალი) უნდა ტერიტორიებდაკარგულ საქართველოს?

მაგრამ რას იზამ! ასეთია ნება «უზენაესისა». ბიძინამ, გიორგი მარგველაშვილს თუ არ აირჩევთ, ხომ მაინც მივდივარ და მივდივარ, გაგებუტებით და ისე წავალო!

ზაქარია ქუცნაშვილი? ამას წინათ, «ფეისბუქში» ვიღაცამ ენამოსწრებულად იანგლა _ «მაგის პარიკმახერი სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენებისთვის  დასაჭერიაო!»,  ასემც უქნია, «ნანეტი» გაუკეთებია, მაგრამ ეს ბადრიჯანი ორ-ორი ჯიპით რომ დაქრის აღმა-დაღმა, არც ეგ იცის ბიძინა ივანიშვილმა? ეეე, ზაქროოო, შე მართლა ზაქრო! ვინა ხარ ამისთანა, რომ დაცვის ესკორტი დაგყვება, «ნამუს ვაფშემც ჩკაა, ტო?».

გადეპუტატების შემდეგ ვინა გგონიათ თავი არა მარტო ზაქროს, საერთოდ ბადრიჯნის პლანტაციად ქცეულ პარლამენტში დეპუტატების აბსოლოტურ უმრავლესობას, დაბურულმინებიანი ჯიპებიდან რომ ვერაფერს ამჩნევთ? «ნაცებივით» პრემიებს აღარ ვიღებთო და ხელფასები კი გაიორმაგეთ, რაა, როგორც იტყვიან, ბნელა მთვარიან ღამეში? ტელეფონს მაინც უპასუხეთ, თქვე პიტალო ბადრიჯნებო, თქვენა!

ან ზაქროს მამა, რომლის «უკანონო პატიმრობით» თავი წაგვჭამა წინასაარჩევნოდ მისმა შვილმა, რა არის, რა ხდება, რომ ყოფილი «პოლიტპატიმარი» ქუცნაშვილ I ციხიდან ხეირიანად გამოსულიც არ არის, რომ საყდრისის საჩოთირო თემაში გამოჩნდა _ ეე, ზაქრო, როგორც ქიზიყში იციან, «რაებს მიაცვ-მააცვამთ», მამა-შვილი?

დავით საგანელიძე _ აბა, უმი და თანაც ნამყენი ბადრიჯანი ეგ არის, აი! უმრავლესობის ლიდერი, რომელიც ირაკლი მელაშვილისა და მალხაზ მჭედლიშვილის ხელით უხეშად ერევა ადგილობრივ თვითმმართველობებში «ნაცების», დიახ, არ შემშლია, «ნაცების» სასარგებლოდ! ამ ბადრიჯნების სინდისზეა ბოლნისის მოვლენები!

ამას წინათ დაიჩივლა საგანელიძემ _ ჩემი დისკრედიტაცია მარგველაშვილის დისკრედიტაციაა და ამიტომაც მებრძვიანო! _ ეხ, საგანელიძე, საგანელიძე, პლასტელინს რაღა დისკრედიტაცია უნდა და მით უმეტეს შენ კიდევ დისკრედიტაცია გინდა? გეტყობა, კარგად იცი ჟოზეფ ფუშეს შეგონება: «შესაფერის დროს ღალატი მომავლის განჭვრეტაა და არა ღალატი». გეტყობა, როგორც ნამყენმა ბადრიჯანმა, დროზე განჭვრიტე და «ახლებიდან» ბიძინას ნავში ცვითე თავი! მაგრამ ძველ სამეგობროს  უღალატე როო? «ახლების» შემოგდებულს უფრო ჰგავხარ «ქართულ ოცნებაში», ვიდრე «ახალი მემარჯვენეების», გნებავთ, ძველი თითლიბაზების მოღალატეს!

ახლა რომ ბრტყელბრტყელ სიტყვებს ისვრიან საკუთარ «უმწიკვლო» წარსულზე, «ახლები»  და საგანელიძე არ იყვნენ, რომ ჯერ შევარდნაძეს ეკურკურებოდნენ და შემდეგ მიშას «ნაცში» იყვნენ შეყუჟულები? ვინ, თუ არა «ახლებმა», გაუპრავეს მიშას აგვისტოს ომი იდიოტური მორატორიუმით?

დღეს კი პირადად საგანელიძემ გააიმპიჩმენტებინა ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე, რომლის დანაშაული ის იყო, რომ თავის მხრივ ბოლნისის ოდიოზი გამგებელი ფალავანდიშვილი გაათავისუფლა თანამდებობიდან და, როგორ თუ პარტიას არ მკითხეთო, პოლიტსაბჭოზე ტყავი გააძრეს მალხაზ ერაძეს _ თვითმმართველობა მომინდომეთ ახლა, როცა მინდა, მაშინ დაგიშლი უმრავლესობასო. აკი დაუშალა კიდეც და ახალმა «ნაცუმრავლესობამ», თავისი ჭკუით (რადგან საქმე სასამართლოშია), გააიმპიჩმენტა მოსახლეობის მხარდაჭერით ცნობილი მალხაზ ერაძე _ სხვათა შორის, ბოლნისის საკრებულოს უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც მარტომ, მოსახლეობის მასიური მხარდაჭერით დაამარცხა «ნაცების» კანდიდატი «ნაცებისავე» ზეობის ჟამს!

ბოლნისის საქმით ე.წ. უწყებათაშორისი კომისია და არასამთავრობოები დაინტერესდნენ და იქნებ ბოლნისში მაინც ჭამოს სამართალმა პური?

ამ «თავისუფალმა დემოკრატმა» ზურაბ აბაშიძემ ხომ საერთოდ… ჯერ სახეს დააკვირდით, როცა რამე კომენტარს აკეთებს, როგორი დიდაქტიკური გამომეტყველება უჭირავს… იმ კომენტარით კი, რომელიც მან კოტე კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის შესახებ გააკეთა, თავად ჩაიყენა თავი უმი ბადრიჯნების რიგში _ ფაქტები მოგვაწოდეთ, თორემ მხოლოდ ემოციებით კუბლაშვილის იმპიჩმენტს ვერ დავიწყებთო!

შე კაცო, დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან ცხვირი რომ ღორის დინგს დაგიმსგავსეს, ეს ფაქტი თუ არ გყოფნის, ის მაინც გაიხსენე, იმ პარლამენტმა, რომელშიც თავად ზიხარ, სამასამდე პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი აღიარა და ვინ არის ამ უკანონო განაჩენების მამამთავარი, თუ არა კუბლაშვილი?

ან კუბლაშვილის სასამართლომ არ «გასროკა» საქართველოს 300 ათასზე მეტი მოქალაქე, რაც, იმპიჩმენტისთვის კი არა, პუტინი მიშას რომ ემუქრებოდა, კუბლაშვილის «იმითი» ჩამოსაკიდებლადაც კმარა! მაგრამ რას იზამ! ეტყობა, პოტომაკის ნაპირებზე მაგრად არიან დადაღულები და ამერიკული ნალებით დაჭედილები…

დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, პაატა ზაქარეიშვილი, სოზარ სუბარი, ძმები ბერძენიშვილები და რა ვიცი კიდევუმი ბადრიჯნების სახელი ლეგიონია!

ჰოდა, ამ  ლეგიონის ამარა უნდა დაგვტოვოს ბიძინა ივანიშვილმა?

არა, ბატონო ბიძინა, საბედისწერო შეცდომას დაუშვებთ. როგორც კი წახვალთ, არჩევნებით იქნება თუ სხვა გზით, «პოლიტიკურად უმწიფარი ქართველი ერი» უკან მოგაყოლებთ უმი ბადრიჯნების ლეგიონს, ასე წარბშეუხრელად რომ დაგვასვით თავზე… და ეს _ მიუხედავად იმისა, რომ გვჯერა საპრეზიდენტო პლასტელინი კანდიდატის დაპირებისა, რომ არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია «ნაცებთან» დამთავრდება!

დიახ, გვჯერა, მაგრამ, როგორც პოლიტიკურად გაუნათლებელ ბოგანო ხალხს, ჩვენებურად გვჯერა…

კოჰაბიტაცია, არაპოლიტიკური კონტექსტით, ნაჩხუბარი ცოლ-ქმრის მშვიდობიან თანაცხოვრებას ნიშნავს. ჰოდა, «ნაცები» და «ოცნების» სახელითა და თქვენი ხელშეწყობით ხელისუფლებაში მოსული უმი ბადრიჯნები ხომ იდეოლოგიურად ერთნი არიან, ანუ პოლიტიკურად ერთსქესიანები _ ერთი ნეოლიბერალური ტალახისგან არიან მოზელილები. ჰოდა, არჩევნების შემდეგ დამთავრდება ეს გაუგებრობა (გასაყოფი რა აქვთ? იდეოლოგიურად, თორემ გასაყოფ-გასანაწილებელი მთელი ქვეყანა აქვთ) და კოჰაბიტაციაც დასრულდება გრანდიოზული ერთსქესიანი ქორწინებით, დიდი ქორწილის ტაშფანდურისა და ხვევნა-პროშნის თანხლებით, რის გამოც ამერიკელები ჩათვლის წიგნაკში «გალოჩკას» ჩაგვიწერენ…

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება ცოლი და ვინ ქმარი, ანუ დედალ-მამალი, ამ დავასაც შეყვარებულ წყვილს ამერიკის საელჩო გადაუწყვეტს და, როგორც იტყვიან, ნაც-ქოცების პოლიტიკური ტანდემი «ჰგიებს უკუნისამდე». ამინ კი არა, ფუი ეშმაკს, ჰკა მაგათ!!!

დათო მხეიძე

 

1 COMMENT

  1. Bატონო დატო, გეტანხმებიტ. ჟერ ერტი რაგაც შეურაცხოპას გავს "პოლიტიკურა მოუმწიპებელი კარტველი ადამიანი"??? ჩვენზე ტუ ეს შეიძლება იტკვას. აგერსაცაა25 წელია პოლიტიკაშიჩაგვრტეს მტელი ერი( საშინელებაა პირდაპირ)..და მეორეც მარტლაც და სადამდე შეიძლება ერტი ადამიანის იმედზე იყოს მტელი საზოგადეოება?? გვმარტებს დაპიჯკრება და სწორი არჩევანის მიღება. ხალხი ტუ ერტ მუშტად შეიკვრება მას ვერავინ მოერევა ვერც ამერიკა და ვერც რუსეტი. მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს მტკიცე , გამჭრიახი და დიდი პატრიოტი ტავისი კვეყნის. ამოვიდა ყელში ეს მონობა.

  2. ის რაც საქართველოში ხდება პოლიტიკა არ არის; რა ქვია სახელი ამ პროცესს არ ვიცი. უმი ბადრიჯნები დაარქვით იმ ადამიანებს ვინც ამ პროცესებს (რომელმაც პოლიტიკური ცხოვრება ჩაანაცვლა არა მხოლოდ ახლა, წინა პერიოდებშიც) მართავს? კი ბატონო ეგრე იყოს. შესაფერისი სახელია. მაგრამ შედეგები რომლებიც მათ "მოღვაწეობას" მოყვება იქნება საშინელი. ჯერ სად ვართ

  3. შესანიშნავადაა ასახული ამ სტატიაში ჩვენი სავალალო სინამდვილე. ოღონდ, ბატონ ბიძინას რომ მიმართავთ, მგონი, ცდებით, რადგან ამ ლეგიონს სათავეში სწორედ ეგ ედგა. ბავშვობაში, დედაჩემის სოფელში რომ ჩავდიოდი, იქ მსმენია: თავში ქვა გიხლია, მუცელში სამართებელიო. მეც ზუსტად იგივეს ვეუბნები დღეს ქართველებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here