Home რუბრიკები პოლიტიკა ყველაზე დაბნეულები მსოფლიოში

ყველაზე დაბნეულები მსოფლიოში

606

დაბნეულობა, ბუნდოვანება, გაურკვევლობა. თუ საჭირო გახდება დღევანდელი სიტუაციის აღწერა ერთადერთი სიტყვით, არჩევანის გაკეთება, სავარაუდოდ, ამ სამ სიტყვას შორის მოგვიწევს. სულ უფრო მეტ ადამიანს, უბრალოდ, არ ესმის, რა ხდება ქვეყანაში და, ალბათ, საინტერესოა იმის დადგენა, თუ რა იწვევს ამას.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ «ქართული ოცნების» და «ნაციონალური მოძრაობის» ყოვლისმომცველი დაპირისპირების ბიპოლარული, შავ-თეთრი მოდელი, რომელსაც მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკური პროცესების ანალიზისთვის იყენებდა, უიმედოდ მოძველდა და შექმნილ ვითარებას აღარ შეესაბამება. როგორც მმართველი კოალიცია, ისე ,,ნაცმოძრაობა» გადაიქცნენ ერთგვარ კონფედერაციებად და მათში შემავალი ჯგუფები საკუთარ თამაშს აწარმოებენ. ამ თამაშის ფარგლებში მეორე მსგავსი ჯგუფი, რომელიც, ფორმალური თვალსაზრისით, მოკავშირეა, შეიძლება მთავარ მოწინააღმდეგედ მოგვევლინოს, ხოლო ფორმალური მოწინააღმდეგე, პირიქით, _ ფარულ მოკავშირედ. პოსტსაარჩევნო ტრანსფორმაცია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა სიტუაციის შეფასება ძველ ბიპოლარულ მოდელზე დაყრდნობით უკვე დაახლოებით იგივეა, რაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების დაყვანა მხოლოდ მოსკოვისა და ვაშინგტონის დაპირისპირებამდე, რითაც ქართველი ექსპერტები, სხვათა შორის, ხშირად სცოდავენ. პირველი ნაბიჯი რეალობის ადეკვატური აღქმისკენ, ალბათ, იმის გააზრება იქნება, რომ საქმე უკვე არა ჭადრაკთან, არამედ პოკერთან გვაქვს.

საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც სიტუაცია შეიცვალა, კომენტატორების საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც ბიპოლარული მოდელის ერთგული დარჩა, თითქოს მასთან განშორების ეშინოდეს და მის დაფუძნებას ამჟამად ან პროამერიკული და პრორუსული ძალების დაპირისპირებაზე ცდილობს (ეს შედარებით ხშირად ხდება), ან კიდევ პირობითი «კონსერვატორების» და «ლიბერალების» (ეს მაინც იშვიათობაა, რადგან ქართველი პოლიტიკოსების ცინიკური პრაგმატიზმის წარმოჩენა იდეოლოგიური დაპირისპირების ნაყოფად, ალბათ, მაინც სასაცილოა). რა თქმა უნდა, საქართველოში დიდია უცხო სახელმწიფოების გავლენა, მათი კონკურენცია გავლენისთვის სახეზეა და გარკვეულ, ფრიად მოკრძალებულ როლს იდეოლოგიაც ასრულებს, მაგრამ საქმე ამით არ ამოიწურება და ამ ნიადაგზე ახალი ბიპოლარული მოდელის დაფუძნება ქვიშაზე სახლის აგებას მოგვაგონებს.

დღევანდელ საქართველოში, ისევე, როგორც შუა საუკუნეების შოტლანდიაში (ყველა ღარიბი ქვეყანა ერთმანეთს რაღაცით ჰგავს),  შემოსავლებისა და გავლენის გაზრდისთვის მებრძოლი კლანებისგან, როგორც ორი, ისე სამი და ხუთი კოალიციის ფორმირება (და დაშლა) შეიძლება. ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ორ ბანაკად ხანგრძლივ, მკაფიო დაყოფას უზრუნველყოფს, სინამდვილეში არ არსებობს, თუმცა ფსიქოლოგიური ინერცია ამ მოდელის ერთგულებისკენ გვიბიძგებს. საერთოდ კი, «ორი პოლუსის თეორია» ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ქართული საზოგადოების განწყობით მანიპულირების ერთერთ ყველაზე მოსახერხებელ საშუალებას წარმოადგენდა.

,,ნაციონალები» დასუსტდნენ (საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მათი ლიდერების მდგომარეობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გართულდება), «#1 მტრის» როლს სათანადოდ ვეღარ ასრულებენ და მათ რიგებში, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმა ,,ქართულ ოცნებას» მისცა, დაიწყო უცნაური პროცესი, რომელსაც შეიძლება პირობითად «დაკარგული მტრის ძიება» ვუწოდოთ. ზოგი ამბობს, რომ ბოროტების სათავე რესპუბლიკელებსა და ალასანიას ჯგუფშია (ფარულ ალიანსში მათთან «ნაცმოძრაობის» ნარჩენებიც მოიაზრებიან), ზოგი, პირიქით, ამტკიცებს, რომ სასიკვდილო საფრთხეს ქვეყანას რაღაც ფუნდამენტალისტურსტალინისტურპრორუსული ერთობა უქმნის, რომელიც თითქოსდა მალე ხელისუფლებას აიღებს. ყველა, ვინც მსგავს იდეებს ავრცელებს ისევ და ისევ ფსევდობიპოლარულობის ჩაბეტონებაზე, «ცივი სამოქალაქო ომის» ფსიქოლოგიის კიდევ უფრო ფართო დამკვიდრებაზე მუშაობს. მთავარი პრობლემა კი, სავარაუდოდ, არა რესპულიკელებში ან პირობით «ფუნდამენტალისტებშია», არამედ იმაში, რომ ერის ფსიქოლოგიური რესურსები (არანაკლებ ღირებული, ვიდრე ეკონომიკური; მათ გარეშე არაფერი გამოვა) წარმოსახვითი «სინათლისა» და «სიბნელის», აგრეთვე, წარმოსახვით ბრძოლაში იფლანგება, ხოლო ზემონახსენებ «ცივ სამოქალაქო ომს» დასასრული არ უჩანს. არადა, სააკაშვილის რეჟიმის დასამარების შემდეგ (ბოლო აკორდამდე ცოტაღა დარჩა) მთავარი პრიზი ქართული საზოგადოებისთვის, იდეაში, ომის დასრულება და არა მისი (ახალი მონაწილეებით) გაგრძელება უნდა გამხდარიყო.

ყველაზე ტრაგიკული ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ დღეს მთელი რიგი მოქალაქეებისთვის შავთეთრი დაყოფა ფსიქოლოგიურად უფრო კომფორტულია, ვიდრე მრავალფეროვნება და, გეოპოლიტიკურ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, მრავალპოლუსიანობა, რადგან ამ უკანასკნელს გაურკვევლობას და არასტაბილურობის განცდას უკავშირებენ. ჩვენში დარჩეს და, სამყაროს სურათის მაქსიმალური გამარტივების, სინათლე-სიბნელის ყოვლისმომცველ დაპირისპირებამდე მისი დაყვანის დაუოკებელი სურვილი შიზოფრენიის განვითარების ერთ-ერთ უტყუარ ნიშანს წარმოადგენს.

«კომპრომისი» საქართველოში ფრიად არაპოპულარული სიტყვაა. სააკაშვილის რეჟიმი უკომპრომისოდ ებრძოდა ოპონენტებს, მართლაც რომ არაადამიანურ სისასტიკეს ავლენდა და აიძულა ისინი ასეთივე უკომპრომისონი გამხდარიყვნენ. «ნაციონალების» მმართველობის წლებში ჩადენილმა უბედურებამ და მათმა უპრეცედენტოდ არაადეკვატურმა ქცევამ საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი მიიყვანა დასკვნამდე, რომ სააკაშვილის ჯგუფი ქართული პოლიტიკიდან უნდა ამოიშანთოს. მაგრამ ახალ რეალობაში ამ ბრძოლის ლოგიკის გადმოტანა არ შეიძლება; მტრის პოლიტიკური განადგურების სურვილი, რომელიც სავსებით ლოგიკური და ადეკვატური იყო დიქტატორულ რეჟიმთან და მის ნარჩენებთან დაპირისპირების დროს, მთელი ეს პათოსი დღეს უადგილო და სახიფათოა, ხოლო ახალი მტრების ძიება, ისევე, როგორც კომპრომისებზე უარის თქმა, კარგს, სავარაუდოდ, არაფერს მოიტანს.

ის, რასაც დღეს ბევრი ქართველი ამომრჩეველი გრძნობს, რაღაცით ჰგავს იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს ექმნება. ის ვერ ხედავს ფრონტის ხაზს, უჭირს იმის გააზრება, რომ ოპონენტს ან უბრალოდ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანს არ შეიძლება მოექცე, როგორც მტერს და ა. შ. მას გაურკვევლობა, მკაფიო გამყოფი ხაზების არარსებობა და დასახული მიზნების მიღწევის (ფარდობითი) სირთულე აფრთხობს. მაგრამ თქმულიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ მან და მით უმეტეს ქვეყანამ ამის გამო ახალი ომი უნდა გააჩაღოს. რაოდენ ბანალურადაც უნდა გაიჟღეროს, ზოგს არ მოსწონს ლიბერალები, ზოგს _ კონსერვატორები, ზოგს _ ალასანიარესპუბლიკელები, ზოგს _ «სახალხო კრება», მაგრამ ახალი რეალობა ეკუთვნის ყველას და ფიქრები პოლიტიკური ოპონენტების სრულ, ლამის რიტუალურ განადგურებაზე ან თუნდაც მარგინალიზაციაზე, ალბათ, გვერდზე უნდა გადავდოთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სულ რაღაც ერთი წლის წინ ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანი საქართველოში, იდეოლოგიური სიმპათიების მიუხედავად, ერთმანეთის მოკავშირე იყო და მომავალშიც გახდება, თუ ვინმე ახალი დიქტატურის ჩამოყალიბებას განიზრახავს.

დაბნეულობა და «რა მოხდება ხვალ?» ტიპის შიშნარევი კითხვები, სავარაუდოდ, იქიდანაც მოდის, რომ საზოგადოებამ სრულად ვერ გააცნობიერა 2012 წლის არჩევნების მნიშვნელობა, საკუთარი ძალა და პროცესებზე გავლენის შესაძლებლობა, რომელსაც დღეს პრაქტიკულად არ იყენებს. იბადება უამრავი კონსპიროლოგიური თეორია იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის ჯგუფი ივანიშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლების უზურპაციას მოახდენს და ამ კონსტრუქციებში არ არის გათვალისწინებული არც ამ ჯგუფების ან თუნდაც მათი პოტენციური ალიანსების ფატალური სისუსტე და არც ის, რომ, თამაშის წესების დარღვევის შემთხვევაში, დემოკრატიის დაცვაზე ორიენტირებული საზოგადოება (განაწყენებულ პოლიტიკოსებთან ერთად) მათ უბრალოდ ბულდოზერივით გადაუვლის, ჯერ მარჯვნიდან _ მარცხნივ, შემდეგ კი ზემოდან _ ქვემოთ.

დღეს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ძალუძს, დომინანტურ მდგომარეობას მიაღწიოს. ერთადერთი პრობლემა ამ კონტექსტში, ალბათ, ისაა, რომ ეს ყველამ როდი გააცნობიერა. საერთოდ კი, მანიაკალური იდეები პოლიტიკოსების თავებში იბადება მაშინ, როდესაც საზოგადოება მათ ჯეროვნად არ აკონტროლებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ამის შესაძლებლობაა. ბოლო დროს ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე საგულისხმო ეპიზოდი, როდესაც საზოგადოების (საკმაოდ ზომიერი) პროტესტის შემდეგ პოლიტიკოსებმა უკან დაიხიეს, ხოლო ზოგიერთმა ჩინოვნიკმა პოსტი დატოვა. რატომ უნდა გვეშინოდეს ხვალინდელი დღის და პოლიტიკოსების ხუშტურების იმ სიტუაციაში, როდესაც მათ უნდა ეშინოდეთ (და ეშინიათ კიდეც) ჩვენი?

ივანიშვილის გადადგომის შემდეგ არანაირი პოლიტიკური აპოკალიფსი, სავარაუდოდ, არ მოხდება. სამაგიეროდ, მოიხსნება უცნაური და თავისებურად უნიკალური პრობლემა, რომლის არსის ფორმულირება დაახლოებით ასე შეიძლება: «ბიძინას ხათრით, კრიტიკისგან თავს შევიკავებ». დიდი ალბათობით, დაიწყება ნამდვილი შეტევა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაზე მწვავე კრიტიკით და ახალი წინადადებებით, ხოლო კონტროლი პოლიტიკოსებზე გაცილებით მკაცრი გახდება. სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ არ იქცეს განგებ «შემოგდებული» ახალი ბიპოლარული მოდელის მძევლად, მორიგი მანიპულაციის მსხვერპლი არ გახდეს და კვლავ არ იგრძნოს, რომ სიკეთისა და ბოროტების (სინამდვილეში, წარმოსახვითი) ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება. არადა, ამ ნეგატიური სცენარით პროცესების განვითარების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს და ძველი სენის ზოგიერთი სიმპტომი უკვე ფიქსირდება. 

ნებისმიერი პროცესის უკან კონსპიროლოგიური ქვეტექსტის ძიება საქართველოში, დიდი ხანია, სპორტის ეროვნულ სახეობად იქცა და კონკურენციას მას მხოლოდ მოსალოდნელი მოვლენების კატასტროფიზაციის უნარი თუ გაუწევს. დღეს იმის მტკიცება, რომ არაფერი ზებუნებრივი არ ხდება და წლის ბოლოს არანაირ პოლიტიკურ მიწისძვრას ადგილი არ ექნება, დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც შუა საკუნეებში ერეტიკული დოქტრინის გაჟღერება რომის პაპის სასახლესთან, მაგრამ იქნებ ვითარება ისეთი დრამატული არ არის, როგორც გვეჩვენება, ხოლო მმართველი ელიტა ჩვენზე გაცილებით დაბნეული და შეშინებულია, რადგან რამდენიმე თვეში საზოგადოებასთან პირისპირ დარჩენა მოუწევს? ამასთანავე, მთელმა რიგმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, უბრალოდ, არ იციან, რა მოიმოქმედონ, რადგან მთელი ცხოვრება სხვის ნაბიჯებზე რეაგირების რეჟიმში გაატარეს და დამოუკიდებლად არაფერი გაუკეთებიათ. სად აქვთ მათ მზაკვრული სტრატეგიული გეგმების შედგენის თავი, ხელისუფლების უზურპაციაზე რომ არაფერი ვთქვათ?!

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here