Home რუბრიკები პოლიტიკა ვის თამაშს თამაშობენ «ნაცების» სატელიტები და გეგმავენ თუ არა სერიოზულ არეულობას არჩევნებში?

ვის თამაშს თამაშობენ «ნაცების» სატელიტები და გეგმავენ თუ არა სერიოზულ არეულობას არჩევნებში?

504

დაიწყო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და წარსულის პოლიტიკოსებიც გააქტიურდნენ. აგული ერისთავის არ იყოს, ერთი წელი ხდება, რაც არც ერთ გამოფენაში არ მიმიღია მონაწილეობაო, თქვეს და ახალი ძალ-ღონით ჩაერთვნენ ამ, ცოტა არ იყოს კომიკურ, წინასაარჩევნო კამპანიაში. ამომრჩევლის მოტყუებით, ფულის შოვნით განთქმულმა პოლიტიკოსებმა ისევ ამოყვინთეს და გამწარებულები ცდილობენ, არჩევნების მოგებას თუ არა, არჩევნებში არეულობის შეტანას მაინც. საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხს არც ისე სერიოზულად უყურებს… «საქართველო და მსოფლიოს» «ქართული ოცნების» წევრი, დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ესაუბრა.

 

_ ბატონო ომარ, საპრეზიდენტო არჩევნები კარსაა მომდგარი. მახსოვს, ადრე თქვენ გააკეთეთ განცხადება დავით საგანელიძის დიქტატის შესახებ, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ წინასაარჩევნოდ «ქართულ ოცნებაში»?

_ ახლა ყველანი საარჩევნო მარათონში ვართ ჩაბმულნი, ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია – მუდმივად გვაქვს ხალხთან კონტაქტი, ვუხსნით, თუ რატომ უნდა აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტად ჩვენი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, რა ღირსებები აქვს, რა გაუკეთებია და ა. შ., ანუ ჩვენ საარჩევნო რეჟიმში ვართ. რაც შეეხება საგანელიძეს, სიმართლე გითხრათ, ბოლო დღეებია, არ მინახავს, შესაბამისად, მისი განწყობებიც არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ბევრი კოლეგა უკმაყოფილებას გამოთქვამს მისი მისამართით. დიახ, ის ცდილობდა, ჩვენი პარტია, «ქართული ოცნების» დეპუტაცია, განერიდებინა პროცესებისგან. რამდენიმეჯერ ვიკითხე, როდის შეიძლება ჩვენი ჩართვა საპრეზიდენტო არჩევნებში-მეთქი, მაგრამ პასუხი არ იყო. არადა, შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო ორგანიზებულად, თორემ დოზას ვერავინ განგვისაზღვრავდა; შეიძლებოდა, ვყოფილიყავით პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები ან ნდობით აღჭურვილი პირები. ვფიქრობ, ეს უკეთეს შედეგს მოიტანდა, თუმცა საგანელიძემ ამ ყველაფრისგან  თავი შეიკავა. 

_ «მე-9 არხი» დაიხურა, სექტემბერი გაძვირებით დაიწყო, ეს ყველაფერი იმისთვის ხომ არ ხდება, რომ მარგველაშვილი დამარცხდეს? ითქვა, არსებობდა მოლაპარაკება, რომ «ოცნებას» არ დაესახელებინა ძლიერი კანდიდატი, რათა სხვა გასულიყო. მარგველაშვილი წასაგებად არის განწირული? 

_ ვერ დაგიდასტურებთ. არა მგონია, რომ ასე იყოს. მაგრამ, თუ ჩვენგან ფარულად ხდება ეს ყველაფერი, არ ვიცი. სხვათა შორის, თავიდან მეც ასე მეგონა, ვფიქრობდი, მარგველაშვილს გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს-მეთქი, მაგრამ რომ გავიდა ხალხში, მისი რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა, ის ხალხთან ძალიან უშუალო გამოჩნდა, თითქოს ფილოსოფიურად მოაზროვნე იყო, მაგრამ არ ყოფილა ასე. ხალხთან შეხვედრებმა დაგვანახა, როგორი უშუალო და გულწრფელი ადამიანია. თითქოს ბატონი ბიძინას გულწრფელობა გადაედო. შეიძლება ასეთიც იყო მარგველაშვილი, მაგრამ ახლა გამოჩნდა, ამიტომაც აზრი შევიცვალე. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, მისი კანდიდატურა იმიტომ არ დასახელდა, რომ სხვას გაემარჯვა. მინდა გითხრათ, მარგველაშვილს გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს, მეტიც, ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაუტოლდება მას ამ ეტაპზე.

რაც შეეხება 1 სექტემბრის გაძვირებით შეხვედრას, არ მგონია, ეს შეგნებულად ხდებოდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საბოტაჟის ნიშნები იყოს ჩვენი ხელისუფლების ქვედა რგოლებში, სადაც ჯერ კიდევ «ნაციონალური» დაავადებით შეპყრობილი ადამიანები არიან დასაქმებულნი. სახელმწიფო სტრუქტურები ვერ გავწმინდეთ, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ მივიყვანეთ ეს საქმე. და ამ დროს გვეუბნებიან, ბევრი ადამიანი  გაათავისუფლეთ სამსახურიდანო, ნეპოტიზმშიც კი დაგვადანაშაულეს. გახსოვთ, რომ დაგვდევდნენ ალისტრახოები და ვიღაცები? გუშინ მითხრეს, ალისტრახო ქუთაისის აეროპორტის პრესსამსახურის ხელმძღვანელად დანიშნესო. გულზე შემომეყარა, გახსოვთ ალბათ, რა დღეში გვაგდებდნენ ისინი… აი, ასეთი ადამიანებიც კი ვერ გავათავისუფლეთ სამსახურებიდან, პირიქით, დაწინაურდნენ კიდეც. ეს საზოგადოებაში ძალიან დიდ გულგატეხილობას იწვევს. ჰოდა, ასეთი ადამიანები, ბუნებრივია, საბოტაჟს მოუწყობენ ჩვენ საქმიანობას, რაც გარკვეულწილად ჩვენი ბრალია.

_ კი მაგრამ, თავად ივანიშვილის რეიტინგს, ცოტა არ იყოს, კრიტიკულად უყურებენ პოლიტიკოსები. აგერ, გიორგი თარგამაძემაც კი განაცხდა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი აღარ ჰყავს, ამაზე რას იტყვით?

_ გიორგი თარგამაძის სიტყვებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? თარგამაძეს, ალბათ, ის მოსწონდა, მიშა სააკაშვილი რომ ჰყავდა ხელისუფლებაში, ეს ტერორისტი, აღვირახსნილი, დამნაშავე კაცი. დიახ, აი, ეს ქოსატყუილა კაცი რომ ჰყავდა პრეზიდენტად, ეს მოსწონდა და ეს უფრო აწყობდა, რადგან მისი პარტია «ნაციონალური მოძრაობის» სატელიტი პარტია იყო. ამიტომაც ვეუბნები მას, საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერმინისტრი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და სწორად მართავს ქვეყანას და, თუ ის არაორდინალურად მოაზროვნე ადამიანია, ამას ჩვენ ნაკლად ნუ ჩავუთვლით. ვიმეორებ, ბატონ ბიძინას სურს ეს ქვეყანა ბელადომანიით კი არ მართოს, არამედ რეალურ დემოკრატიაზე დააფუძნოს ჩვენი სახელმწიფო, ყოველი მისი ნაბიჯი აქეთაა მიმართული. და გიორგი თარგამაძესა და მისნაირებისგან საყვედურის თქმას ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს და ვერც მიიღებს.

მეტსაც გეტყვით, პარლამენტში ვინც ვერ მოხვდა, ყველაზე მეტად ის აქტიურობს დღეს. ეს ბუნებრივიცაა, გულდაწყვეტილები არიან, რომ არ აქვთ ადგილი ხელისუფლების რიგებში. და ვისი ბრალია? არ გამოიჩინეს თავი დროულად, მაშინ, როდესაც ჩვენ (არჩევნების წინ) რისკზე მივდიოდით და თავს სასწორზე ვდებდით. დიახ, მაინტერესებს, სად იყვნენ მაშინ ეს ადამიანები? შეიძლება დღევანდელი პარლამენტი ვერ პასუხობს ხალხის განწყობას, სწორად არ ასახავს ძალთა თანაფარდობას, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს რეალობაა და ამას უნდა შევეგუოთ, ცოტაც მოვითმინოთ და თანდათანობით გადავდგათ ნაბიჯი წინ.

_ პარლამენტი არ ასახავს რეალობას, პოლიტიკოსები კრიტიკულად არიან განწყობილნი, ხომ არ არის საფრთხე, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი თქვენ წინააღმდეგ განეწყოს? მაგალითად, პაატა დავითაიამ წამოაყენა პრეზიდენტობის კანდიდატად ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, «ნაცების» უერთგულესი კაცი. ეს როგორ მოხდა _ «ნაცების» დაკვეთით თუ საკუთარი ინიციატივით?

_ აგაშენა ღმერთმა ამ კითხვის დასმისთვის… დღეს არის დემაგოგიის აღლუმი. ხომ ხვდებით, არა? დღეს, ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს. და ეს, სამწუხაროდ, დღევანდელი სიტუაციისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ აქ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენზეა. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს ბატონ პრემიერს. მან, ალბათ, ჩვენზე უკეთ იცის, თუ როგორ და რანაირად უნდა მართოს ეს ქვეყანა.

_ «ნაცების» ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მისმა სატელიტებმა ერთხანს ჩირგვებში ჯდომა არჩიეს, მაგრამ ახლა ისევ გააქტიურდნენ – ფული სჭირდებათ, «ნაცების» დაკვეთით მოქმედებენ თუ «ოცნების» ინტერესებში შედის მათი ასეთი ფორმით გააქტიურება?

_ ძალიან ჭრელია პოლიტიკა და ასეთივე ჭრელი პოლიტიკური სიტუაციაა დღეს საქართველოში. ზოგ პოლიტიკურ ძალას შეიძლება მართლაც ფული აინტერესებს, ამას არ გამოვრიცხავ, ზოგს კი ხელისუფლებაში მოსვლისა და გარკვეული სოციალური პრივილეგიების მიღების სურვილი აქვს; ყველას თავისი ინტერესი ამოძრავებს. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები საქართველოში ძალიან ცოტანი არიან. არადა, სახელმწიფოებრივად უნდა ვიაზროვნოთ, მითუმეტეს, ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენს საზღვრებთან ახლოს ასეთი კონფლიქტი მწიფდება, სირიას ვგულისხმობ. ასეთ დროს ზედმეტად გააქტიურება და არასტაბილურობა ქვეყანას დააზიანებს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც იქ თურქეთის, რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების ინტერესებია. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილნი და ზომიერად უნდა ვიმოქმედოთ, ამიტომ არ გამოვრიცხავ, ასეთ ვითარებაში ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ხელი ჩვენმა ვითომ კეთილისმსურველი მეზობელი სახელმწიფოების სპეცსამსახურებმა რომ აფათურონ. ვიმეორებ: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. 

_ ამ სატელიტ პოლიტიკოსებს გარე ძალები მართავენ?

_ არ გამოვრიცხავ. საქართველოში ყველას პირველკაცობა სურს, მეორე კაცობა არავის უნდა. დღეს მთავარია, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, რასაც სამართლიანობის აღდგენაც მოჰყვება, რისი ტემპიც დღეს ძალიან დაბალია. კოაბიტაციამ სასტიკად დაგვაზარალა. მე ამის წინააღმდეგი ვარ და ვყვირი კიდეც ყველგან. მაგრამ მე იმედი მაქვს პრემიერმინისტრის და ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების შემდეგ სამართლიანობა სწრაფი ტემპით დაიწყებს აღდგენას და კოაბიტაციაც დამთავრდება. და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ჩემი და მათი გზები გაიყოფა, დიახ, მე ამ ხალხთან, ფაქტობრივად, საერთო არაფერი მექნება.

_ ანუ დატოვებთ «ქართულ ოცნებას»?

_ ორ თვესაც მოვითმენ, იმედი მაქვს, პროცესები ისე წარიმართება, როგორც ქართველ ხალხს სურს. იქნებ, ბოლოსდაბოლოს, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ. დიახ, დავტოვებ პარტიას, თუ ეს კოაბიტაცია გაგრძელდა. ჩვენ ხალხმა აგვირჩია, რათა სამართლიანობა აღგვედგინა, სახელმწიფოებრივი აზროვნება დაგვებრუნებინა და რეალური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა დაგვეწყო. ჩემი მოვალეობაა, წინა რეჟიმი ვამხილო, რომ არასდროს განმეორდეს ასეთი რამ საქართველოში. სააკაშვილის რეჟიმი უნდა გასამართლდეს.

_ ამ კოაბიტაციის გამოც ხომ არ გარბიან «ოცნებიდან» ბურჯანაძესთან?

_ ძალიან ცუდი ავტორიტეტი შეგვიქმნა ჩვენ ამ კოაბიტაციამ, რომელიც  დასავლეთის დავალებაა და იძულებული ვართ, ასე მოვიქცეთ. ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ჩვენს მეზობლებს – დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც, მაგრამ ზედმეტად კოაბიტირება დამღუპველია ჩვენთვის. ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ვიმეორებ: სააკაშვილის რეჟიმი უნდა გასამართლდეს. რაც შეეხება ბურჯანაძეს, თითო-ოროლა კანდიდატი, რომელიც თავის დროზე ჩვენ გვიჭერდა მხარს, მაგრამ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო (უბრალოდ, ჩვენთან ერთად იბრძოდა არჩევნებში), ახლა თავის პარტიას, თავის კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს დაუბრუნდა. ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ. 

ესაუბრა ქეთი ხომერიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here