Home რუბრიკები პოლიტიკა ბუშის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში ბირთვულ პროვოკაციას ამზადებდა

ბუშის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში ბირთვულ პროვოკაციას ამზადებდა

737

სენსაცია და სკანდალი ის იყო, რაც აშშ-ში დატრიალდა 6 ბითვული ქობინის დაკარგვის დროს და მას შემდეგაც, თორემ ჩვენი მეშჩანურ-ობივატელური სკანდალები, ვინ რა თქვა და ვინ როგორ შეურაცხყო მავანი, ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება-მოღვაწეობის პროვინციული ხასიათის დამადასტურებელია მხოლოდ. ეგ იქით იყოს! დღეს სტაბილიზაცია-დესტაბილიზაციის მანომეტრი იმ დონის დესტაბილიზაციისკენ არის გადახრილი, რომ ქარიშხალი ჰა და ჰა დაატყდება მსოფლიოს: ამერიკანიზებული «დრანგ ნახტ ოსტენ!» («შეტევა აღმოსავლეთისკენ»).

 

დაარტყამს თუ არა ამერიკა სირიას ამ ახლოაღმოსავლურ ქვეყანაში მასობრივი მოწამვლის იარაღის გამოყენების გამო?

ვინ გამოიყენა. ხელისუფლებამ, ანუ ბაშარ ასადის რეჟიმმა თუ მეამბოხეებმა, ჯერ ვერ დაუდგენიათ, მაგრამ ობამა ირწმუნება, რომ, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ოფიციალურმა დამასკომ გაიმეტა თავისი მოქალაქეები.

ასადი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

ზემოთ ნახსენები სკანდალი, რომელიც შტატებში დატრიალდა, დღევანდელ ვითარებაში წამოჭრილ ბევრ კითხვაზე, პასუხის გაცემად თუ არა, მინიშნებად შეიძლება გამოდგეს: ქვეყანა, რომელშიც ატომური იარაღი იკარგება, რასაც აშშ-ის მასმედია უმაღლეს დონეზე ღალატად მიიჩნევს, რომელშიც ჩათრეულია შეიარაღებული ძალების ყველა დონის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტის ჩათვლით, არ უნდა გაგვიკვირდეს, ყველა უბედურების თავი და თავი რომ იყოს.

მათ შორის _ ქიმიური იარაღის გამოყენების პროვოცირებით ახლოაღმოსავლეთის თეატრში მორიგი სისხლისმღვრელი ტრაგედიის დაწყების.

ამერიკა აღმოსავლეთის ქვეყნებს ახალი ტიპის კოლონიებად გადაქცევით ემუქრება.

მიზანი _ ერთპოლუსიანი მსოფლიოს პოზიციების განმტკიცება და მსოფლიო ენერგოშემცველებზე აშშ-ის სრული კონტროლის დაწესება, უფრო ზუსტად, მიტაცება.

იყო დრო (და არცთუ დიდი ხნის წინათ), როცა აშშ-ის ადმინისტრაცია ამ მიზნის მისაღწევად განხორციელებულ მილიტარისტულ გამოხდომებს ოფიციალური განცხადებებითა და მასმედიით გავრცელებული დეზინფორმაციის მეშვეობით ამართლებდა _ თითქოს ეს იყო სირია-ირან-ჩრდილოეთ კორეის რაღაც ღერძის თუ ალიანსის მიერ ბირთვული იარაღის ტექნოლოგიების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიება.

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ბირთვული უპირატესობის მიღწევა აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმთავრესი მიზანი იყო. საამისოდ აუცილებელ და ურთიერთდაკავშირებულ პროცესებად მიჩნეული იყო კოსმოსის მილიტარიზაცია, «რაკეტული ფარი», კონფლიქტები ატომური იარაღის გამოყენებით.

მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის მომიზეზებით, ამერიკა შეიჭრა ერაყში და აღმოჩნდა, რომ მსგავსი არაფერი არსებობდა მესოპოტამიაში.

სახეზე იყო ფიასკო: ბირთვული იარაღის დაშინებით იდეის დევალვაცია.

ამიტომ ამჟამად ახალი საშიშროება გამოიტანეს «ავანგარდულ მიზეზად» _ მომწამვლელი ნივთიერებანი, რომლებითაც ასობით ადამიანი დახოცეს სირიაში  ან «ამათ», ან «იმათ».

გაეროს ექსპერტები, როგორც იქნა, შეუშვა ასადმა დაზიანებულ რაიონში და იმათაც აღებული ნიმუშები გამოსაკვლევად წაიღეს სპეციალურ ლაბორატორიებში.

და სანამ დრო გვაქვს, გავიხსენოთ ატომური ბომბების დაკარგვის ისტორია.

 

გულგრილი დაცვა თუ საიდუმლო სპეცოპერაცია?

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ბირთვული ქობინი #80-1, რომლებითაც აღიჭურვება მფრინავი რაკეტები AGM-129, 36 საათის განმავლობაში აშშ-ის მთელი ტერიტორიის გადაკვეთით მაინოტის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან ჩრდილოეთ დაკოტაში ბარკსდეილის ბაზამდე ლუიზიანაში გადაიტანეს და… დაკარგეს.

ოფიციალური მონაცემებით, მფრინავებმა არ იცოდნენ(!), რომ ბომბდამშენებით გადაჰქონდათ მასობრივი განადგურების იარაღი, ამიტომ, როგორც კი ჩავიდნენ ლუიზიანაში, ბაზაზე სპეციალური დაცვის გარეშე, ფაქტობრივად, სრულიად უყურადღებოდ მიატოვეს ბირთვული იარაღი ასაფრენ ზოლზე რამდენიმე საათის განმავლობაში.

ამ დროის მანძილზე, ბომბების კი არა, თვითმფრინავების მოპარვაც შეიძლებოდა.

მოპარვა თუ სპეცოპერაციის ჩატარება, პილოტების უყურადღებობის თუ რეალური სიტუაციის არცოდნის ლეგენდის საფარქვეშ?

სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის კომენტარით, ადგილი ჰქონდა «პროცედურული შეცდომების უპრეცედენტო სერიას, რომლითაც გამჟღავნდა იარაღთან ურთიერთობის წესების დაცვის ეროზია».

მაგრამ, სპეციალისტების მტკიცებით, დაუდევარი დაცვა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში პროცედურული გულგრილობის შედეგი კი არ იყო, არამედ ამ პროცედურების შეგნებული და თანმიმდევრული მანიპულაციით განხორციელებული ოპერაციის შემადგენელი ნაწილი.

ამ პოზიციას აშშ-ის პრესა დეტალურად ასაბუთებს:

ჯარისკაცმა, საზღვაო ქვეითმა, მფრინავმა და მეზღვაურმა თუნდაც თოფის მისაღებად, ანუ იარაღის, რომელსაც შეუდარებლად ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ნაკლებ საშიშია და გაცილებით იაფია, ვიზირების მკაცრი წესები უნდა გაიაროს, რაც გულისხმობს ბრძანების გაცემისა და დოკუმენტების ბრუნვის გრძელ ჩამონათვალს. შემოწმებისა და აღრიცხვის სამხედრო სისტემის ეს ნაწილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა სამსახურში აუცილებლად სრულდება.

მით უფრო მკაცრია ეს მოთხოვნები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. ამ სფეროში სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ ის სამხედრო მოსამსახურენი, რომლებიც ატესტირებულნი არიან ამ სპეციფიკური პროცედურების შესასრულებლად.

ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც დავალებული აქვს ბირთვული იარაღის გადაადგილება, ვალდებულია, ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს, მასვე ეკისრება სრული პასუხისმგებლობა. აუცილებელი დოკუმენტები უნდა შეავსონ ოფიცრებმა, ბაზების მეთაურების ჩათვლით, რომლებმაც შესაბამისი განკარგულება გასცეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბირთვული იარაღის გადაადგილება შესაბამისი ნებართვების გარეშე შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტების წინასწარგანზრახული ფალსიფიცირება და გადაადგილების პროცესებით მანიპულირება წარმოუდგენელია.

სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც აღჭურვილია ბირთვული იარაღით, ვერ აფრინდება უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელებისა და ბაზის მეთაურის ნებართვის გარეშე.

დაკარგული ქობინების შემთხვევაში ბრძანებები გაცემული იყო და გაფრენაც _ ნებადართული.

თავისთავად იბადება შეკითხვა: თუ ის, რაც მოხდა, პროცედურული შეცდომაა, მაშ, რომელ სამხედრო-პოლიტიკურ მიზანს ისახავდა ის, ვინც ბრძანებებს გასცემდა?

«საკითხავი, აი, ეს არის».

და ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად «მილიტარი ტაიმსს» მკითხველები თანდათან მიჰყავს ლოგიკური დასკვნის მისადგომებთან.

რობერტ სტორმერმა, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილმა კაპიტან-ლეიტენანტმა, შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას თქვა: «პრესაში გავრცელებული ცნობები თავდაპირველად აქცენტირებული იყო სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ დაშვებულ შეცდომაზე, რის შედეგადაც ბირთვული იარაღით აღჭურვილმა ბომბდამშენებმა გადაიფრინეს შეერთებული შტატების თავზე, რითაც დაარღვიეს სამხედრო-საჰაერო ძალებში მოქმედი ბრძანებები და საერთაშორისო შეთანხმებები. ამასთან, სრულად გამორჩათ გაცილებით სერიოზული საკითხი _ როგორ მოხდა, რომ ექვსი მფრინავი რაკეტა ბირთვული ქობინებით დაიკარგა?»

სტორმერმა ფარდა ახადა პენტაგონისეულ მცდელობას მიეჩუმათებინა მომხდარი უპრეცედენტო ფაქტი. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბირთვული იარაღის დაცვის წესების დარღვევას, რომლებიც არაორაზროვანი, ზუსტია და დაეჭვების საბაბს არ იძლევა: «დაცვას (ატომური იარაღისას) უფლება აქვს, გახსნას ცეცხლი მოსასპობად ატომური იარაღის მიმართ ნებისმიერი საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, მისი მოპარვის მცდელობის ჩათვლით».

ამასთან, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ არავის ძალუძს შეუმჩნევლად გადააადგილოს რაკეტა, რომელიც ერთ ტონას იწონის, მით უფრო, როცა ასეთი რაკეტა ექვსია.

აბა, რა მოხდა?

მოხდა კი ის, ირწმუნება ამერიკული პრესა, რომ ყველასთვის, ვინც ამ «გაუგებარ» მოვლენებს თვალს ადევნებს, ნათელია: აშშ სახელმწიფო მართვის საჭესთან დგას დამნაშავეთა მთავრობა, შეუძლებელია ექვსი ბირთვული რაკეტის შეცდომით აღჭურვა, მით უფრო, რომ ქობინების, რომლებიც ცალკე ინახება, მათზე დაყენება შეუძლია მხოლოდ ამ მნიშვნელოვან საქმეში სპეციალურად განსწავლულ და დაოსტატებულ ადამიანებს.

როცა აცხადებენ, რომ მაინოტსა და ბარკსდეილის ბაზებზე სამხედრო პერსონალმა «მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომები» დაუშვა, სადაა იმის გარანტია, რომ სხვა ბაზებზეც ასევე არ «შეცდებიან»?!

არადა, კონტროლის სისტემაში, რომელიც პრაქტიკულად აბსოლუტურია, ჩართულია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეს კონტროლი, რომელიც K-2 კოდითაა დაშიფრული, არის ბრძანებების ხაზი, რომელიც თეთრ სახლთანაა დაკავშირებული. მის გარეშე წარმოუდგენელია ბირთვული იარაღის გაშლა ან დატენვა, ანუ ის, რაც სამხედრო-საჰაერო ძალების მაინოტის ბაზაზე მოხდა.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს საშუალება აქვს, თვალი მიადევნოს ბირთვული იარაღის ადგილსამყოფელს «აკვნიდან საფლავამდე», ანუ «შექმნის მომენტიდან უტილიზაციამდე».

ამიტომაა, რომ «მილიტარი ტაიმსი» ხაზგასმით აღნიშნავს: ოფიციალური ვერსია სიცრუეა და ის, რაც მოხდა, არ არის მხოლოდ შეცდომა. «თავდაცვის სამინისტროს აქვს თვალთვალის კომპიუტერიზებული სისტემა იმის დასადგენად, თუ სად არის მისი თითოეული ბირთვული ქობინი», _ ამბობს ჰანს კრისტინსენი, ამერიკელი მეცნიერების ბირთვული ინფორმაციის ფედერაციის პროექტის დირექტორი. ექვსი ბირთვული ქობინი ბომბდამშენ B-52-ზე რომ დააყენონ, თითოეული უნდა გამოიწერონ შენახვის ბუნკერიდან და გადაიტანონ თვითმფრინავთან.

ამის შეუმჩნევლობა, გამორიცხულია.

 

საიდუმლო დაღუპვების რიგი

არა არს საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდების, რადგან მაქსიმალურად გასაიდუმლოებული ფაქტიც კი ადამიანებთან არის დაკავშირებული. ეს ცნობილია. ამიტომ, როგორც წესი, ამგვარი საიდუმლოს დაცვა ადამიანების გაუგებარ და აუხსნელ გაქრობასთან არის დაკავშირებული.

არ არის ადამიანი _ საიდუმლოების დაცვაც გარანტირებულია.

ასე თუ ისე…

რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში ინციდენტის გამჟღავნებამდე ცოტა ხნით ადრე და მის შემდეგაც. ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომელთაც ასე თუ ისე ჰქონდათ შეხება ინციდენტთან ან უშუალოდ მასში იყვნენ ჩართულნი.

ეს სავარაუდოა, რადგან არ არსებობს კონკრეტული სამხილები იმისა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევები უშუალოდაა დაკავშირებული მაიტონიდან ბარკსდეილში გადაფრენასთან.

გაქრნენ ისევე, როგორც უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის მონაწილე სამხედროების უმრავლესობა.

შემთხვევითობაა თუ ერთი ხელწერა?

ზუსტად არავინ არაფერი იცის, რადგან, როგორც კანონიერი მთავრობისთვის ბრძოლის მოქალაქეთა საზოგადოება აღნიშნავს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მალავენ, რომ გარდაცვლილები დაკავშირებულნი იყვნენ ინციდენტთან.

რამდენიმე მაგალითი, რომლებიც ამოკრეფილია რიგი წყაროებიდან სამხედრო საინფორმაციო საშუალებების ჩათვლით:

ტოდ ბლუ _ ავიაციის პირველი კლასის რიგითი. გარდაიცვალა შვებულებაში ყოფნისას, როცა თავის ოჯახში ჩავიდა ვიტვილში (ვირჯინია). 20 წლის. მე-5 რაზმი, რომელშიც ირიცხებოდა, აკონტროლებდა ბაზაზე უცხო პირების დაშვებას, შეიარაღების დაცვის სისტემას, აშშ-ის საკუთრების არასანქცირებულ გადაადგილებას;

ჯონ ფრუ _ სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტანი. მკვდარი იპოვეს ვაშინგტონის შტატში ცარიელ მანქანასთან, რომელიც დაქირავებული ჰქონდა. იგი იყო აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების ძებნისა და გადარჩენის სპეციალისტი. მისი სიკვდილი ბადებს ეჭვს, თუ რატომ არ გამოიძია ეს შემთხვევა თვით სამხედრო-საჰაერო ძალებმა და საქმე პოლიციას დაუთმო, რაც ყოვლად წარმოუდგენელია მოქმედი წესებით;

კლინტ ჰაფი _ უფროსი რიგითი, რომელიც ცოლთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა, სამხედრო მეტეოროლოგი იყო. დანაყოფი, რომელშიც იგი მსახურობდა, ეკუთვნოდა 26-ე ოპერატიულ-მეტეოროლოგიურ რაზმს, რომელიც ფრენების ნებართვას გასცემდა;

ვესტონ კაისელი _ პირველი ლეიტენანტი, B-52X «სტრატოფოტრესის» მფრინავი, დაიღუპა მოტოციკლეტით ავარიაში, ტენესიში, მაშინ, როცა ორ თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი ბირთვული იარაღით აღჭურვილი B-52X-ის გაფრენამდე. იგი მაინოტში მსახურობდა.

მაინოტის ბაზიდან იყო უფროსი რიგითი ადამ ბარსიც, რომელიც მოტოციკლით მგზავრობდა, სამხედრო-საჰაერო ძალების პირველი კლასის რიგითთან, სტეფან გარეტთან, ერთად. ისიც მაინოტის ბაზაზე მსახურობდა.

 

დაკარგული ბომბები და ირანზე თავდასხმის გეგმები

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ფუნქციონერი ჩარლზ რაიჩერსი, თადარიგის ოფიცერი და ოსტატი-ნავიგატორი, ასევე გარდაცვლილი იპოვეს. იგი ითვლებოდა სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი აღმასრულებელი სამსახურის წევრად, იყო სამხედრო-საჰაერო ძალების შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე.

სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა, რაშიც დაეჭვდა «ვაშინგტონ პოსტი», რომლის პუბლიკაციაში პირდაპირ იყო თქმული, რომ იგი მოკლეს, რადგან მონაწილეობდა ზემოთ მითითებულ სისტემაში არსებულ გაფლანგვებსა და თაღლითობაში.

მაგრამ ანალიტიკოსები, რომლებიც დაზვერვის პრობლემებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ჩარლზ რაიჩერსის თვითმკვლელობა იყო მცდელობა, გადაეფარათ მისი მკვლელობა, რომელიც განხორციელდა იმის გამო, რომ იგი დაკავშირებული იყო ბირთვული იარაღით აღჭურვილი თვითმფრინავების გადაფრენასთან აშშ-ის თავზე.

გაზეთმა «პრავდამ» კი ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა: «რუსეთის დაზვერვის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის ომის პარტიის ლიდერებმა მოაწყვეს სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი თავიანთი უმაღლესი ფუნქციონერის, ჩარლზ რეიჩერსის, «თვითმკვლელობა» იმ დროს, როცა მათი უთანხმოება უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან ირანზე ატომური დარტყმის განხორციელებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, აშკარა დაპირისპირებაში გადაიზარდა».

იტყობინებოდნენ, რომ ინციდენტი დაკავშირებული იყო ბირთვული იარაღის ქურდობის მცდელობასთან ირანთან ომის დასაწყებად.

როგორც ჩანს, ეს შემთხვევა არის იმ ოპერაციის ნაწილი, რომელსაც უმალავენ სამხედროების უმრავლესობას და სრულიად საიდუმლოდ ინახავენ.

აღნიშნული ოპერაცია ვერ ჩატარდებოდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და პენტაგონის ერთზე მეტი უმაღლესი ეშელონის მონაწილეობის გარეშე.

ერთადერთი საშუალება სამეთაურო ჯაჭვის გვერდის ასავლელად შესაძლებელი იყო მხოლოდ მაშინ, როცა «ყველაზე მაღლა ხარ».

სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ კი დაადასტურა, რომ «შეცდომა» დაუშვა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სამოცდაათზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაისაჯა «დაკარგული» ბირთვული იარაღის საქმესთან დაკავშირებით, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ უფროსი მეთაურები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ სპეციალური ოპერაციის ჩატარებაზე, გამოვლენილნი და დასჯილნი არიან. ის სამხედრო მოსამსახურენი კი, რომლებიც ტრიბუნალის წინაშე წარსდგნენ, განტევების ვაცები აღმოჩნდნენ, რომლებმაც საბოლოო ჯამში დაიფარეს ნამდვილი მოღალატენი.

ამერიკელი ჟურნალისტები თავისი ალოგიკურობით გაუგონარ ფაქტზე საუბრისას იხსენებენ ჯორჯ ორუელს: «საყოველთაო სიცრუის დროში სიმართლის თქმა რევოლუციურ აქტად წარმოდგება».

სიმართლე კი ისაა, რომ აშშ-ის ორი მთავარი პარტიის რომელი წარმომადგენელიც გინდა გახდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამ ქვეყნის სიუზერენული მისწრაფებანი არც იცვლება და არც ცხრება. თუ ბუში უმცროსის ხისტი საგარეო პოლიტიკა კოვბოური მიხდომის ხასიათს ატარებდა, ობამას პოზიცია, ერთი შეხედვით რბილია, მაგრამ არსობრივად იგივეა _ ლაშქრობა აღმოსავლეთზე, რომელიც მდიდარია (ჯერჯერობით მაინც) ენერგოშემცველებით. შეადარეთ ბუშის თავდასხმა ერაყზე და ობამას მზადება სირიაზე თავდასასხმელად.

ანალიტიკოსები ამ შემთხვევაში ერთ მომენტს გამოყოფენ განსაკუთრებით: რა აქვთ საერთო ყოფილ იუგოსლავიას, ერაყსა და სირიას? არც ერთს არ გააჩნია ბირთვული იარაღი.

ჩრდილოეთ კორეას აქვს.

ირანს შეიძლება ჰქონდეს.

ამიტომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომლებიც პროამერიკულ პოლიტიკას არ განახორციელებენ, იარაღის ძალით იმორჩილებენ, რადგან მათ ადეკვატური პასუხის გაცემა არ შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეას აქვს. არ აიტკივებს აშშ თავს კორეაზე თავდასხმით.

ირანს _ ვაი, თუ ჰქონდეს! არ ღირს გარისკვად. თუმცა როგორც «ნიუსუიკი» იტყობინებოდა, თავის დროზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი დიკ ჩეინი ფიქრობდა, ეთხოვა ისრაელისთვის, სარაკეტო დარტყმა მიეყენებინა ბირთვული ობიექტისთვის ნათანზში. ჩეინი ვარაუდობდა, რომ ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმის შემდეგ შეერთებულ შტატებს საკმარისი მიზეზი ექნებოდა ირანზე მასობრივი შეტევის განსახორციელებლად. მაგრამ ისრაელის ირანზე თავდასხმის ბრძანების გაცემა შეიცვალა სირია-ირან-ჩრდილოეთ კორეის ვითომდა არსებულ ერთობლივ ბირთვულ დანადგარზე ჩრდილოეთ სირიაში დარტყმის მიყენების ჩანაფიქრით.

ბირთვული იარაღის მომიზეზებით თავდასხმების მოდა გადავარდა, არ შეცვლილა სამიზნე, როგორც ვთქვით, სირია რჩება აშშ-ის სამიზნედ, ამჯერად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების ბრალდებით.

ჩვენ რა?

ჩვენ ის, რომ მალე დადგება დრო, როცა წყალი ნავთობზე ძვირი გახდება და  მოგვადგებიან. რომელი ატომური ქოლგა ჩვენ გვაქვს, თავი რომ დავიცვათ და, ღმერთმა არ ქნას, საქართველოში განმეორდეს ან იუგოსლავიის, ან ავღანეთის, ან ერაყის, ან სირიის ვარიანტი.

ან შეიძლება იმ დროისთვის კიდევ «დაიკარგოს» შეერთებული შტატების ბირთვულქობინიანი მფრინავი რაკეტები…

არ დაკარგულა თუ რა?

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here