Home რუბრიკები პოლიტიკა რა უნდა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს

რა უნდა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს

669

2 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გადაჭარბების გარეშე, საეტაპო განცხადება გააკეთა და პოლიტიკიდან წასვლაზე დეტალურად ისაუბრა. პრემიერი შეეცადა, კონკრეტული პასუხი გაეცა კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას მას შემდეგ არ ასვენებს, რაც დარწმუნდა, რომ ივანიშვილი თანამდებობას ახლო მომავალში ნამდვილად დატოვებს.

ვიდრე სტრატეგიულ პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, ალბათ, მიზანშეწონილია, რიგ ტაქტიკურ საკითხებს შევეხოთ, რომლებიც ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით ქართულ აუდიტორიას აღელვებდა, მითუმეტეს, რომ ნებისმიერი მასშტაბური ჩანაფიქრი შეიძლება ბანალურმა პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ შეიწიროს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია ერთიანობას, როგორც მინიმუმი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნებს, ხოლო თუ ვინმე მის დატოვებას დააპირებს, ამას შეაფასებს როგორც «შეცდომას». ამასთანავე, მან თქვა, რომ «ქართული ოცნების» (იგულისხმება პარტია და არა კოალიცია) გაძლიერებას აპირებს. ამ განცხადებით, მან, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა ყველა რეალურ თუ წარმოსახვით გეგმას, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ითვალისწინებდა პარლამენტში რესპუბლიკელების, ალასანიას ჯგუფისა და «ნაციონალების» ალიანსის ჩამოყალიბებას, რომელიც გაურკვევლობაში მყოფი «ოცნების» ცალკეულ ნამსხვრევებს შემოირთებდა და ახალი უმრავლესობის ფორმირებას მოახდენდა (ამას, დიდი ალბათობით, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის უკიდურესი გაღიზიანება და, მისგან გამომდინარე, მწვავე კრიზისი მოჰყვებოდა). ივანიშვილმა ცალსახად მიანიშნა, რომ ასეთ (ან რაიმე მსგავს) დრამატულ ტრანსფორმაციას ეწინააღმდეგება. ამასთანავე, განცხადების ბოლოს მან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკაში დაბრუნდება, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, ალბათ, იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ ზოგიერთი «ნაციონალის» ცეცხლოვანი ფანტაზიები მასშტაბური კრიზისის მოწყობასთან დაკავშირებით პრემიერის გადადგომის შემდეგ ფუჭია და, თუ სიტუაცია კრიტიკული გახდება და დიქტატორული რეჟიმის რესტავრაციის რეალური საფრთხე შეიქმნება, დაპირისპირება ისევ ივანიშვილთან მოუწევთ, ეს კი მათთვის ფრიად არასახარბიელო პერსპექტივაა.

ეს ორი გზავნილი ძალზე მნიშვნელოვანი იყო როგორც პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე სრულიად საზოგადოებისთვის, რომელსაც დესტაბილიზაცია აშინებს. დამატებით «დამამშვიდებელ» ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დიდ ცვლილებებს არც სამთავრობო გუნდში უნდა ველოდოთ (იმ ტონალობიდან გამომდინარე, რომელშიც ივანიშვილმა მასზე ისაუბრა); ძირითადი ბირთვი, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. ახალი პრემიერის კანდიდატურა არ დასახელებულა, თუმცა, რიგი ნიუანსების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არ იქნება «ბელადისტური ტიპის» ფიგურა, რომელიც საზოგადოებაში ემოციურ ამოფრქვევას და მორიგ დაპირისპირებას გამოიწვევს, არამედ ის, ვინც უფრო ახლოს დგას განსაზღვრებასთან «ეფექტური მენეჯერი», თუ არა «ტექნიკური მუშაკი». ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პოლიტიკური მესიანიზმის მიმართ ლტოლვას მიიჩნევს და გამორიცხული არაა, რომ მასთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად, ამ ეტაპზე, წინა პლანზე ნაკლებად ქარიზმატული, ბელადისტური კომპლექსების არმქონე პოლიტიკოსების წამოწევას განიხილავს. ეს, ცხადია, არასაკმარისია პოლიტიკური მესიანიზმის აღმოსაფხვრელად, თუმცა, სათანადო სურვილის არსებობის შემთხვევაში, ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც დროებითი, ახალ რეალობასთან შეგუებისთვის სასარგებლო დამატებითი ზომა. 

პოლიტიკური მესიანიზმის თემას ამ განცხადებაში ერთი პარადოქსული გარემოება უკავშირდება. ერთის მხრივ, ივანიშვილი მას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად განიხილავს, მაგრამ მეორე მხრივ, ამოცანებს, რომელთაც ის საკუთარი თავის წინაშე აყენებს (საზოგადოების საფუძვლიანი გარდაქმნა სამოქალაქო სექტორის დახმარებით; ამას, ალბათ, გაჭირვების ჟამს პოლიტიკაში «მეორედ მოსვლის» დაპირება უნდა მივუმატოთ), არსებითად მესიანისტური მასშტაბი აქვს. ცხადია, რომ გადადგომის შემდეგ საზოგადოების ნაწილი ივანიშვილს განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს და პროცესებზე განმსაზღვრელ ზემოქმედებას მიაწერს (მიუხედავად იმისა, რეალურად მოახდენს მას თუ არა). უამრავი ადამიანისთვის, პოსტის დატოვების მიუხედავად, ის მაინც დარჩება პოლიტიკურ მესიად. არაფერი კარგი ამაში არ არის, თუმცა სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ: ეს იქნება სისტემა, რომელშიც ივანიშვილის ფიგურას განსაკუთრებული როლი მიენიჭება და გარდაქმნა, ასე თუ ისე, ნორმალურ დემოკრატიად მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება მის პოზიციაზე, უფრო ფართოდ კი _ მსოფლმხედველობაზე.

მცირე ჩანართი: ამას წინათ, რამდენიმე საინტერესო ექსპერტი შეიკრიბა (სუფრასთან, მაღალი გრადუსების ფიზიკაზე სამსჯელოდ რომ იკრიბებიან ხოლმე) და, სხვა ყველაფერთან ერთად, (ამაოდ) შეეცადა პოლიტოლოგიის ტერმინებში აღეწერა ის სისტემა, რომელიც ივანიშვილის გადადგომის შემდეგ შეიქმნება. იქ უნიკალური, «განვითარებადი დემოკრატია კრიპტოკრატიული ავტორიტარიზმის ელემენტებით» ტიპის ფორმულირებები გაისმა, თუმცა საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბება ამ ფრიად გამოცდილმა ადამიანებმა ვერ მოახერხეს. ვერც ისინი და ვერც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჯერჯერობით ვერ ხედავენ ახალ სისტემას მთლიანობაში და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის როლია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მასში სამოქალაქო სექტორს ანიჭებს, ოღონდაც არა არსებულს, რომელიც 2 სექტემბრის განცხდებაში ჩანასახს შეადარა, არამედ ახალს, უფრო მრავალრიცხოვანს, რომელიც არა მხოლოდ გააკრიტიკებს ხელისუფლებას, არამედ კონსტრუქციული იდეებით მოამარაგებს და მასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმს შეინარჩუნებს და ამასთანავე, გადაიქცევა, ასე ვთქვათ, «ახალი კადრების ბანკად», როგორც სახელისუფლო სტრუქტურებისთვის, ისე კერძო სექტორისთვის.

პრემიერი შეეხო ამ ახალი სამოქალაქო სექტორის აღმზრდელობით ფუნქციას საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლების საქმეში (ეს მოტივი უფრო მკაფიოდ «ბლუმბერგისთვის» მიცემულ ინტერვიუში გამოჩნდა) და აქ, ალბათ, ორიოდე სიტყვა იმ საფრთხეზე უნდა ვთქვათ, რომელიც საკითხის ასე დასმას უკავშირდება. თავის დროზე, 90-იანებში პირველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თავს სწორედ რომ განმანათლებლებად განიხილავდნენ და დროთა განმავლობაში ბევრი მათგანი მივიდა შიზოფრენიულ იდეამდე, რომ ისინი არიან ჭეშმარიტების მატარებლები ბნელი და უვიცი მასის გარემოცვაში. ამის შემდეგ, ამ წრეში იბადებოდა სრულიად არააადეკვატური თეორიები საქართველოს ქირურგიული ტრანსფომაციის აუცილებლობაზე და ვრცელდებოდა უცნაური სიძულვილი საკუთარი სამშობლოს მიმართ, მოკლედ ყოველივე ის, რაზეც სააკაშვილმა «მენტალური რევოლუციის» და «ახალი ადამიანის შექმნის» დაფუძნება სცადა. მისი ექსპერიმენტი კრახით დასრულდა, მაგრამ ეს გაკვეთილი, ალბათ, კარგად უნდა გავაანალიზოთ. გარკვეული ჯგუფისთვის (აპრიორი) მასწავლებლის, განმანათლებლის (და, ამასთანავე, ხელისუფლების მაკონტროლებლის) როლის მინიჭებამ მასში შემავალი ახალგაზრდების ფსიქიკაზე, მათ მსოფლმხედველობაზე შეიძლება დამანგრეველი ზემოქმედება მოახდინოს. მართალია, პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თავად უნდა ისწავლონ და განვითარდნენ, საბოლოოდ კი ჩვენ უნდა მივაღწიოთ იდეალურ მდგომარეობას, როდესაც თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარ ადგილს აღმშენებლობის პროცესში და საერთო საქმის მონაწილე გახდება, თუმცა ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფსიქოლოგიური ნიუანსი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, უყურადღებოდ, ალბათ, არ უნდა დავტოვოთ. ძველი გამონათქვამის  «ვინ უდარაჯებს დარაჯს?» არ იყოს, ძალზე მნიშვნელოვანია, ვინ და როგორ აღზრდის აღმზრდელს.

იყო ერთი პასაჟი, რომელიც მედიის წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, არ მოეწონათ. ილიასდროინდელ საქართველოზე საუბრისას, პრემიერმა განაცხადა: «მაშინდელი ქართული პრესის მესვეურები დღევანდელი ჟურნალისტებისგან რამდენიმეს თუ აიყვანდნენ სამსახურში პროფესიონალიზმისა და სიცრუის არკადრების გამო». როგორ უნდა უპასუხოს ამას მედიამ, ასე ხომ არა? «მაშინდელი ქართული ელიტის წარმომადგენლები დღევანდელი პოლიტიკოსებისგან მხოლოდ რამდენიმეს თუ აიყვანდნენ მეჯინიბედ იმ მიზეზების გამო, რომელთა ჩამონათვალიც მოცულობით «ვეფხისტყაოსანს» გადააჭარბებს».

თანამედროვე ქართულ მედიას საკმარისზე მეტი პრობლემა აქვს, მაგრამ მსგავსი პრობლემები აქვს აბსოლუტურად ყველას, უპირველესად კი, პოლიტიკურ ელიტას. იყო თუ არა საჭირო მედიის ცალკე გამოყოფა და რამდენად კარგი შესავალია ეს ახალი დიალოგისთვის?

თუმცა ეს მაინც მეორეხარისხოვანი თემებია, ერთ-ერთი მთავარი, ოდნავ შენიღბული გზავნილი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ახალი სამოქალაქო სექტორი, სხვა ყველაფერთან ერთად, სოციალური ლიფტის კარის გაღებასაც დაუკავშირდება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია დღევანდელ საქართველოში, სადაც «საერთო საქმის», თუ გნებავთ «ეროვნული საქმის», კეთებას ძალიან ცოტა მოქალაქე დაიწყებს, თუ ახალო პერსპექტივაში საკუთარი თავისთვის სერიოზული ბონუსების მიღების რეალურ შანსს არ დაინახავს. ეს ძალიან ცუდია, თუმცა რეალობას ვერ გავექცევით, ამაზე წერდა მერაბ მამარდაშვილი (ცნობილი მონაკვეთი ბინების კეთილმოწყობისა და სადარბაზოების შესახებ), წერდა ილია ჭავჭავაძე და, ფეოდალური ეპოქის მატიანეს თუ ჩავუღმავდებით, ამ მოტივს და შესაბამის გულისწყრომას, დიდი ალბათობით, იქაც აღმოვაჩენთ.

სტიმულირების გარეშე, ალბათ, არაფერი გამოვა, მაგრამ აქ ძალზე მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, რათა ახალი სამოქალაქო სექტორის ნაცვლად ახალი პარაზიტული სისტემა არ მივიღოთ. ეს არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ პროცესის მთავარი სპონსორი ის იქნება, რადგან შეცდომის შემთხვევაში პრობლემა მთელ ქვეყანას შეექმნება. ჩვენ არ ვიცით, თუ რა კონკრეტულ პრინციპებზე დაყრდნობით აპირებს ის სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მის მიერ შექმნილი პოლიტიკური ორგანიზმი (და მასთან დაკავშირებული საზოგადობრივი და მედია სტრუქტურები) არასაკმარისად ჯანსაღია, უხეშად რომ ვთქვათ, იქ, ხშირ შემთხვევაში, დასაშვებზე მეტი პარაზიტიზმია. იმედია, სამოქალაქო სექტორში იმავე შედეგს არ მოვიმკით.

ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, გაგებით მოეკიდოს მის გადაწყვეტილებას გადადგომის თაობაზე, მის სიტყვას ენდოს და ახალ წამოწყებაში მხარი დაუჭიროს. მისი ავტორიტეტიდან და იმ უნიკალური როლიდან გამომდინარე, რომელიც მან სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟში შეასრულა, საზოგადოება, დიდი ალბათობით, მიიღებს თამაშის ახალ წესებს, რომელთაც ივანიშვილი სთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილისთვის ის (განხილული განცხადების შემდეგაც) კვლავინდებურად გაუგებარი და ბუნდოვანია. ადაპტაციას ახალი რეალობის მიმართ გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა იმედია, ეს გარდამავალი პერიოდი მალე დასრულდება და საზოგადოება ბოლოსდაბოლოს იპოვის პასუხს კითხვაზე, რომელიც ამდენი ხანია აწუხებს: რა უნდა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს?

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. შენს მოსვლას საოზარი და ენით უთქმელი სიხარული მოყვა..ხალხი ჭკუაზე არ იყო ისე უხაროდათ…კიოდა ქართველები სიხარულისაგან…და რა მივიღეთ? კობიტაცია და ნაც ხროვის ჩახუტება… რა, ბნელა ბატონო ბიძინა? რაას გავს თქვენი მოქმედება? თუ უარესი უნდა გეკეთებინათ მაშინ გდებულიყო მიშა მისი მკვლელებით. ვერ ვიჯერებ და არც მინდა დავიჯერო… მაგრამ ფაქტი სახეზეა…არ ხართ ტქვენ ის ხალხი..საქარტველოს რომ ჭირდება..მოგვატყუეთ მწარედ მწარედ მოგვატყუეთ. კარგად ბრძანდებოდეთ…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here