Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილი თალიბების გზით მიდის

სააკაშვილი თალიბების გზით მიდის

559

დღე არ გავა, სასკანდალო გადაწყვეტილებით არ გააოცოს საზოგადოებრიობა პატივცემულმა მიხეილ სააკაშვილმა. ბოლო გახმაურებული ფაქტი: . . 10 ივლისის ბრძანებულებით, საყდრისის 5400 წლის წინანდელი ოქროს მაღარო ამოიღეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სიიდან და, როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადეს, გადაიტანეს «მოძრავ ძეგლთა» სიაში. მოძრავი ქანდაკებებიდან _ მოძრავ ძეგლებამდე! როგორც ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლების საყვარელი თამაში _ ძეგლების გადატანაგადმოტანა ერთჯერადი აკვიატება არ ყოფილა. პრეზიდენტის ეს ბრძანებულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის . . 5 ივლისის # 03/108 ბრძანების საფუძველზეა მიღებული, რაც ფრიად საკვირველია. ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა მეცნიერთა საზოგადოება, რადგან ეს უკვე მერამდენედ გადაიკვეთა ქვეყნის ისტორიისა და მატერიალური მოგებით დაინტერესებულ მხარეთა ინტერესები. მეორე მხარედ ამჯერად საქმეში გარეულია RMG Gold LLC კომპანია.

 

სანამ ამ, არც თუ ჩახლართულ საქმეში გარკვევას შევეცდებით, მოდით, გავეცნოთ გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ, დოქტორ სვენდ ჰანსენის წერილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისადმი:

«პატივცემულო ბატონო მინისტრო ოდიშარია!

ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი საყდრისის რეგიონში მდებარე არქეოლოგიური ძეგლის შესახებ. ოქროს საბადოებისა და მათთან დაკავშირებული ნამოსახლარის აღმოჩენა, რომელიც თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულებით, არის ერთგვარი სენსაცია. ეს არის უძველესთაგანი ოქროს საბადო მსოფლიოში. მისი შესწავლა აუცილებელია არა მარტო საქართველოს კულტურისთვის, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მესოპოტამიის კულტურებისა და მათი ნედლეულით უზრუნველყოფის კვლევისთვის.

საყდრისის ოქროს საბადო არის ერთ-ერთი შთამბეჭდავი არქეოლოგიური ძეგლი მთელს ევრაზიის კონტინენტზე. მისი უნიკალური სამეცნიერო პოტენციალიდან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია მისი შესწავლა და შენარჩუნება სამომავლოდ.

2005 წლიდან ქართულ-გერმანული ექსპედიცია აწარმოებს არქეოლოგიურ გათხრებს ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარ არუხლოში. სავარაუდოდ, უკვე ამ დროისთვის გამოიკვეთა ინტერესი მინერალური რესურსებისადმი, რომლებიც მოიპოვებოდა მდინარე მაშავერას გასწვრივ. ჩვენი საკუთარი კვლევებიდან გამომდინარე, ამ რეგიონში არსებული უდიდესი პოტენციალი არასაკმარისად არის შესწავლილი.

მიმაჩნია, რომ ქვემო ქართლში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებს აქვს არა მარტო მეცნიერული, არამედ ეკონომიკური დატვირთვაც. კერძოდ, შესაძლებელია ტურისტული მარშრუტის შედგენა, რომელიც მოიცავს დმანისს, როგორც ევროპაში უძველესი ადამიანის აღმოჩენის ადგილს, არუხლოს, როგორც ადრესამიწათმოქმედო ნასახლარსა და საყდრისს, როგორც მსოფლიოს უძველეს ოქროს საბადოს. შესაძლებელია, ასეთმა მარშრუტმა მიიზიდოს ათასობით ტურისტი. იგი შეიძლება გახდეს პროექტი მომავლისთვის, მაშინ, როცა ოქროს მოპოვება მხოლოდ თანამედროვეობის პროექტია გრძელვადიანი პერსპექტივის გარეშე.

ძალიან გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ არქეოლოგიურ გამოკვლევებს საყდრისში და მთლიანად მაშავერას ხეობაში. დაგვეხმარეთ, შევინარჩუნოთ წარსულის უნიკალური ძეგლები».

ეს წერილი «საქართველო და მსოფლიოს» გააცნო ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა დავით სახვაძემ და, მგონი, მკითხველმაც ამომწურავი პასუხი მიიღო იმაზე, თუ რა ისტორიული ღირებულების არქეოლოგიური ძეგლის შენარჩუნების პრობლემა გვიდგას დღეს.

ახლა კი იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც სახელმწიფოებრივ დონეზე წარმოიშვა.

ბატონმა დავით სახვაძემ გვაცნობა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს უშუალოდ მას, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, ჩატარებული აქვს კვლევები საყდრისის საბადოს მადანთან დაკავშირებით.

_ მინდოდა, პირადად შემქმნოდა რწმენა, თუ როგორ შეეძლო ათასწლეულების მიღმა მცხოვრებ ადამიანს, მიეგნო ოქროს საბადოსთვის იმ პირობებში, როცა მადნის არსებობის არავითარი გარეგნული ნიშანი არ ჩანდა.

საოცრება ის არის, რომ იმ პერიოდში ადამიანი მიხვდა, რომ იმ ადგილებში შეიძლებოდა მოეპოვებინა კეთილშობილი ლითონი, ღვთაებრივი ლითონი, როგორც ოქროს უწოდებენ.

საყდრისის საბადო ადასტურებს, რომ ოქროს მოპოვება იმ დროისთვის მაღალი ტექნოლოგიებით ხდებოდა. ასეთი უნიკალური საბადო ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ახლა დავობენ, რომ ეს არ იყო ოქროს საბადო, რომ აქ მოიპოვებდნენ სპილენძს, მაგრამ ასეთი მოსაზრების გაზიარება ყოვლად დაუშვებელია.

_ რა გაძლევთ ასეთი კატეგორიული დასკვნის გაკეთების უფლებას?

_ თუნდაც ჩემ მიერ ჩატარებული კვლევები. ამ ადგილის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული RMG-ის კომპანიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ იქაურ მადანში სპილენძი 0,1 პროცენტამდე არის. წარმოუდგენელია, რომ იმ პერიოდისთვის ადამიანს 0,1 პროცენტიდან სპილენძის გამოდნობაზე ეფიქრა. მხოლოდ ბოლო საუკუნეებში გახდა შესაძლებელი, რომ ასეთი შემცველობის მადნიდან მიეღოთ ლითონი, ამ შემთხვევაში, სპილენძი.

ჩემ მიერ გამოკვლეულ მადანში თავიდან 6 გრ ოქრო იყო, გამდიდრების შემდეგ სადღაც 30 გრ/ტონამდე ავედით. თუ კიდევ გავამდიდრებდით, უფრო მაღალ მაჩვენებელს მივიღებდით.

_ ბატონო დავით, თუ ხართ საქმის კურსში, უძრავი ძეგლიდან მოძრავ ძეგლად ამ უნიკალური საბადოს გადატანის უკან კერძოდ ვისი ინტერესი იმალება? კაცმა რომ თქვას, კულტურის სამინისტროს დაინტერესება აქ არ იკვეთება.

_ დაინტერესებულია ოქროს მომპოვებელი კომპანია RMGGold LLC, მას აღებული აქვს ლიცენზია გარკვეულ ფართობზე, რომლის ცენტრში 2006 წელს პრეზიდენტმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა ერთ პატარა გორას, რომელზეც არქეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებს აწარმოებს ქართულ-გერმანული სამეცნიერო ექსპედიცია. აღნიშნულმა კომპანიამ, რომელმაც ირგვლივ ყველაფერი დაამუშავა, ახლა ამ ადგილის ათვისება მოინდომა.

_ და პრეზიდენტმაც, კულტურის სამინისტროს დასტურის შესაბამისად, დააკანონა ამ ძეგლის იავარქმნა.

_ ძაღლის თავი აქაა დამარხული. ღMG-მ 24 აპრილს წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომლითაც ითხოვდა, მოხსნოდა ამ ადგილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რომელიც, მისი აზრით, უკანონოდ იყო მინიჭებული. ამით ამ კომპანიას საშუალება მიეცემოდა, ამ ადგილზე დაეწყო მადნის მოპოვების სამუშაოები, რაც ქვეყნის ბიუჯეტს 7-8 წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარს შემატებდა.

პრემიერ-მინისტრი, ცხადია, ამ საკითხს ვერ გადაწყვეტდა, რადგან სტატუსის მინიჭებაც და მოხსნაც მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა.

ახლა საუბრობენ იმაზე, რომ პრემიერმა შეცდომა დაუშვა. გამორიცხულია! მან ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უნდა გაეკეთებინა: წერილი გადაუგზავნა კულტურის მინისტრს. ამ უკანასკნელმა კი მართლაც მძიმე შეცდომა დაუშვა – სასწრაფოდ შექმნა 11-კაციანი კომისია, რომელსაც დასკვნის გაკეთება დაავალა. ამით მინისტრმა, მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა, მცდარი ნაბიჯი გადადგა: წერილი შესასწავლად არ გადაუგზავნა შესაბამის სამეცნიერო-კვლევით სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც კომპეტენტური პასუხის მიღებას შეძლებდა, თავიდან აიცილებდა ისეთი კომისიისთვის ამ საკითხის დავალებას, რომლის წევრებიც, როგორც დაბეჯითებით ამტკიცებენ, მიკერძოებული ადამიანები იყვნენ _ RMG-ის ყოფილი ან ახლანდელი კონტრაქტორები. მათი დასკვნა აშკარა ტენდენციურობის ნიშნებს შეიცავს. დასკვნაში პირდაპირ, თითქმის სიტყვასიტყვითაა ჩაწერილი ის თხოვნა, რომლითაც RMG პრემიერ-მინისტრს მიმართავდა, კერძოდ, «საყდრისის საბადოს დამუშავებიდან ბიუჯეტში გადასახადების სახით თანხა მხოლოდ პირველი 7-8 წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს». მოკლედ, აზრიც და პათოსიც იდენტურია.

ვიმეორებ: კულტურის მინისტრმა, მთავრობის წევრმა, დასკვნისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციებს კი არ მიმართა, რომლებიც ამ პრობლემებზე მუშაობენ _ გეოლოგიის ინსტიტუტს, კავკასიის მინერალოგიის ინსტიტუტს, მეტალურგიის, ქიმიის ინსტიტუტებს, არამედ კერძო პირებს, რომელთა კომპეტენციას მე არ შევეხები.

_ არადა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია მთავრობის ოფიციალურ მრჩევლადაა დამტკიცებული.

_ დიახ, ასეა. კომისიის სხდომაზე გაიმეორეს ის მტკიცება, რომ არქეოლოგიურ ძეგლს თუ არ გაუუქმებდნენ მინიჭებულ სტატუსს, ქვეყნის ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს იზარალებდა.

ასეთი დასკვნის აბსურდულობის შესახებ შესაბამისი დასაბუთებული მოსაზრება მივაწოდეთ კომისიის ექსპერტებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ შეგნებულად და წინასწარგანზრახვით უგულებელყვეს იგი.

_ ხომ არ გაუძნელდება ჩვენს მკითხველებს თქვენი დასაბუთების სპეციფიკაში ჩაწვდომა?

_ არაფერი რთული ამაში არ არის. ჯერ ერთი, ახლა უკვე ოქროზე აღარ ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ ეს არის სპილენძის საბადო. თუ ასეა, თუ 0,1-ია სპილენძის შემცველობა, 100 მილიონ დოლარის მიღება წარმოუდგენელია, ის მთა მთლიანად სპილენძად რომ იქცეს. 2012 წელს ოქროს ექსპორტიდან საბიუჯეტო შემოსავალი იყო 16 მილიონი დოლარი, ისიც ძალიან გაბერილი მაჩვენებლით. რა არის ქვეყნისთვის 15-16 მილიონი დოლარი ყოველწლიურად, რომელიც შეიძლება მივიღოთ ამ ძეგლის განადგურების სანაცვლოდ?! თუ ქვეყანა ვერ შეძლებს შეინარჩუნოს ასეთი ძეგლი, მაშინ ეს საქართველოს კიდევ ერთი დიდი სირცხვილი იქნება.

_ გამოსავალს რაში ხედავთ?

_ მე, როგორც მეცნიერმა, და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ, რომელთაც კვლევები გვქონდა ჩატარებული ამ საკითხზე, შევიტანეთ საჩივარი მთავრობაში, ანუ იქ, სადაც შეიძლება მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა. იმედი გვაქვს, ვინმე მაინც მოგვისმენს. გავასაჩივრებთ პრეზიდენტის ბრძანებულებასაც, რომელმაც კულტურის მინისტრის უსაფუძვლო ბრძანებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. არ გაუქმდება პრეზიდენტის ბრძანებულება, გაანადგურებენ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს და მსოფლიოს განათლებული საზოგადოებრიობა მყისიერად დაგვაყენებს თალიბების გვერდით, რომლებმაც თავიანთ ქვეყანაში ძეგლების აფეთქებით გაითქვეს სახელი, ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრისადმი გაგზავნილ პეტიციაში, რომელსაც ჩვენი 400 თანამემამულე აწერს ხელს.

 

1 COMMENT

  1. წინ ნაციონალები მიდიან ,უკან ოცნება მიყვება ,სწორია,გეთანხმებით.არცერთს არ გაქვთ ადგილი საქართველოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here