Home რუბრიკები საზოგადოება გია კორკოტაშვილი: ხალხი ლინჩის წესით გასამართლების წკიპზეა

გია კორკოტაშვილი: ხალხი ლინჩის წესით გასამართლების წკიპზეა

821

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება გადაცემის «კორკოტას დილა» წამყვანი გია კორკოტაშვილი.

 

_ ბატონო გია, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ ბაჩო ახალაიას სამ ეპიზოდში ბრალი მოუხსნა. მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირი კი პასუხისმგებლობისგან საერთოდ გაათავისუფლა. ამ განაჩენის გამოტანის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ნათელი მაგალითი. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? რა მივიღეთ რეალურად?

_ უპირველესად, ვიტყვი იმას, რომ, რაც უნდა იძახონ, სასამართლო დამოუკიდებელიაო, ყველასთვის ყველაფერი დღესავით ნათელია. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, _ ნათქვამია. ძალიან კარგად ვხედავთ, ვინც არიან და რა რჯულისანიც. რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი! ერთი განაჩენი მითხარით, ამ სასამართლოს მიერ გამოტანილი, რომელმაც ხალხი დააკმაყოფილა. ვერ გაიხსენებთ. ეს არის ისევ ის მართლმსაჯულება და ისევ ის ე.წ. სამართალი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს გვქონდა…

_ საუბრობენ იმაზეც, რომ, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილსაც მოეხსნას ბრალი.

_ ამათგან უკვე არაფერი მიკვირს და გეტყვით რატომ: დღესდღეობით იუსტიციის საბჭოში არიან ისევ ის მოსამართლეები, რომლებმაც თავის დროზე ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. რაც ათასობით უკანონო განაჩენში გამოიხატა, წინა ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში, სამართლის უგულებელყოფაში, მოქალაქეების გაუბედურებაში და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ვიცით. აბა, ახლა რა გვჭირს, რომ ვერ ვიშორებთ ამ ადამიანებს?! თუ მოსამართლე მიკერძოებით აწარმოებს საქმეს, ის თანამდებობას მაინც უნდა მოაცილო, სხვა თუ არაფერი; ხოლო თუ ქვეყანაში ჭეშმარიტად ობიექტური სასამართლო არსებობს, მაშინ უნდა გაასამართლო და ჩასვა ციხეში. ასე ხდება ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და ამიტომაა იქ წესრიგი, ისე კი არ წყდება საქმე, ორ და სამ კაცს როგორც უნდა…

_ საპარლამენტო უმცირესობამ დადებითად შეაფასა ახალაიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება. მათი თქმით, ეს გაზრდის ნდობას არსებული სისტემის მიმართ.

_ «ნაციონალური მოძრაობის» აზრი ვის აინტერესებს ამ ქვეყანაში?! ამათი შეხედულებები და განცხადებები ვინმესთვის რამეს ნიშნავს?! ესენი არიან შუბლისძარღვგაწყვეტილები. ვერ ხედავთ, რა მშვიდად და მომღიმარი სახით სხედან ხოლმე ეთერში?! ეს კრიმინალები კიდევ რომ რამის თქმას ბედავენ და  თავს უფლებას აძლევენ, ხალხი აქეთ ამუნათონ, ესაა ჩვენი უბედურება. ამიტომ მაქვს მე პირადად ბიძინა ივანიშვილთან უამრავი კითხვა. დავწერე კიდეც ამას წინათ ჩემს «ფეისბუქზე», _ ან ერთი ადგილი არ გაქვთ, რომ მიაწვეთ ამათ და ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ, ან კიდევ ცოდნა არ გყოფნით-მეთქი. საბოლოო ჯამში, ჩვენ არც ერთი არ გვაძლევს ხელს. გამარჯვებული «ნაცონალური მოძრაობის» ყურებით ნახევარ საქართველოს ლამის ტვინში სისხლი ჩაექცეს.

_ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება. თქვენი აზრით, მიმდინარე სამართლებრივი პროცესი როგორ აისახება საზოგადოების განწყობაზე?

_ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ თქვენთან ინტერვიუში ვარაუდი გამოვთქვი, რომ, თუ ასე გაგრძელდა, «ქართული ოცნება» ბევრად უფრო ხალხმრავალ აქციებს მიიღებს ქუჩაში, ვიდრე თავის დროზე «ნაციონალებმა» მიიღეს. ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს გარდაუვალია. კოალიციას შიდა კონტროლი დაკარგული აქვს. აშკარაა, რომ ის კოორდინირებულად ვეღარ მოქმედებს. ასეთ ვითარებაში კი მას წონასწორობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. საბოლოოდ შეიძლება ხელში აღარაფერი შერჩეთ…

_ სამაგიეროდ დასავლეთიდან მიიღებენ სერიოზულ დივიდენდებს.

_ მე არ ვიცი, საიდან რას მიიღებს ეს ხელისუფლება, მაგრამ კოაბიტაციის გზით წასვლა კარგს არაფერს მოიტანს. როგორ შეიძლება ყოფილი «ნაციონალი», რაც უნდა ნიჭიერი იყოს, რაიმე საქმეს სათავეში ჩაუყენო?! ეს რომ გვდომებოდა, ხელისუფლებაში არ გვყავდნენ?!

_ თუ საქმეს სჭირდება ასე?

_ თუ სჭირდება და სხვა გზა არ არის, კი, ბატონო, მოიყვანე, მაგრამ, როგორც კი საბოტაჟის მცდელობას შეატყობ, მაშინვე პირდაპირ უნდა გაასამართლო. ეს ლოიალობა როგორ შეიძლება, კოაბიტაციას რომ გაიძახიან, ვერ ხვდებიან, მეორე მხარე რას აკეთებს? _ ყველანაირ სისაძაგლეზე მიდიან არეულობის გამოსაწვევად. ბრმები არ ვართ და არც დებილები. ყველა ყველაფერს ვხედავთ. ამიტომ მე ახლა ვაპირებ, ჩემს მეგობრებთან ერთად, იმ საზოგადოების შეკრებას, რომელიც ძალიან ძლიერი ძალა იქნება; ყველას ცხვირპირში ვეტყვით სიმართლეს, რაც სათქმელია. ნებისმიერ საქციელზე პასუხს ვაგებინებთ ნებისმიერ ადამიანს.

_ ხელისუფლების შეცვლიდან ჯერ მხოლოდ ათი თვე გავიდა. თქვენი აზრით, ეს არის საკმარისი დრო, რომ საზოგადოებამ უკმაყოფილება მასობრივად გამოხატოს?

_ მე ერთ რამეს ვხედავ: ხალხი უკიდურესობამდეა მისული და გაჩერებას არ აპირებს. დავიღალეთ ლოდინით, სამართლიანობის არარსებობით, სოციალური პრობლემებით და ბოლოსდაბოლოს შიმშილით; საერთოდ არაფერი კეთდება, სრული სტაგნაციაა. ამაზე ხომ თვალს ვერ დახუჭავ? ადამიანები ითხოვენ ელემენტარულ რამეს _ ნორმალურად არსებობის უფლებას და შესაძლებლობას. თუ ხელისუფლებას ამის უზრუნველყოფა არ შეუძლია, მაშინ რა უნდა მას ქვეყნის სათავეში?!

_ მართალია, საზოგადოება დღითიდღე სულ უფრო კრიტიკული ხდება ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი მაინც ძალიან მაღალია. ასეთ პირობებში როგორ მოხერხდება საზოგადოების დარაზმვა?

_ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ: ვიმუშაოთ საქართველოს მომავლისთვის, აღმშენებლობისთვის და კეთილდღეობისთვის, ამავე დროს მზად ვართ, დავირაზმოთ უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. კიდევ ვიმეორებ: ძალიან მალე პირში ვეტყვით ყველას სიმართლეს. ეს არ იქნება, ცხადია, იოლი, მაგრამ, თუ ამას არ ვიზამთ, აქ არაფერი გამოვა.

_ დასაწყისში სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობდით და თქვენ თქვით, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. როგორ ფიქრობთ, რა უშლის მას ხელს ამ პროცესში?

_ ჩემი სუბიექტური აზრი ასეთია: დღესდღეობით არც ერთი ის ადამიანი, რომლებიც დანიშნულნი არიან საკვანძო ადგილებზე და გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ, რეალურად პროცესებს არ ან ვერ მართავენ, მდორედ მიყვებიან რაღაც ცხოვრების წესს და მორჩა. მე მგონი, პრობლემები ცოტა უფრო ზემოთაა. ამიტომ აქ სხვა ღონისძიებებია საჭირო. საუბარია ძირეულ ცვლილებებზე, რომლებიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა.

დღეს ვისაც საქართველოსთვის უძგერს გული, მათი ნახევარი დაუსაქმებელია. სამაგიეროდ ვინც კი ნაძირალა და არაკაცი იყო «ნაციონალებთან», ყველა შეიკედლეს.

_ გინდათ თქვათ, რომ «ქართულ ოცნებაში» შიგნითაც არიან დესტრუქციული ძალები?

_ მოდი ასე შევხედოთ ამ ყველაფერს: ოჯახში ხომ ოჯახის უფროსი წყვეტს ძირითადად ყველაფერს? მაშინ ვისი ბრალია, თუ იქ უწესრიგობაა?! თუ რესპუბლიკელები ცალკე ქაჩავენ თავისას, თუ ალასანიას ალიანსიც ცალკეა და არავის არაფერს ეკითხება, თუ კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტი სხვადასხვა მიმართულებით მიდის, მაშინ ივანიშვილმა დროზე უნდა ჩააქროს ეგ ხანძარი, თორემ ეს საქმე კარგისკენ არ წავა. მე წარმოდგენაც არ მინდა, რა ამბავი შეიძლება ატყდეს რაღაც მომენტში კოალიციის შიგნით და რა მოყვება მერე ამას ქვეყნისთვის…

_ კოალიციის დაშლას თუ გულისხმობთ, ამას თვითონ ივანიშვილიც არ გამორიცხავს. მეტიც, მას ეს ბუნებრივ პროცესად მიაჩნია.

_ სხვა რამე მაქვს მხედველობაში. ვთქვათ, ხვალ რომ რესპუბლიკელები, როგორც ამერიკის ერთ-ერთი სახე საქართველოში, და «ნაციონალები» ერთად დადგნენ, გასაკვირი იქნება?! ან თუნდაც ირაკლი ალასანია რომ შეუერთდეს მაგათ?! მე ამას ისე ვამბობ, თეორიულად, მაგრამ მართლა რომ მოხდეს, რისი იმედი აქვს ბიძინას? რა, ისე არის დღეს აქ ვითარება დაწყობილი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის?! კიდევ ვიმეორებ, დროულად უნდა აღმოიფხვრას ის ყველაფერი, რაც ივანიშვილის მიერ გაკეთებულ საქმეში უკან დახევს საქართველოს, თორემ მალე შეიძლება ისეთი მდგომარეობა მივიღოთ, «ნაცები» სანატრელი გაგვიხდეს.

_ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც გკითხავთ: ჯერჯერობით ხელისუფლება ისევ ივანიშვილის მიერ გაცხადებულ პოზიციაზე რჩება, _ «პატივი ვცეთ კონსტიტუციას», რაც ნიშნავს, რომ უახლოეს სამ წელიწადზე ადრე პარლამენტის ხელახალ დაკომპლექტებაზე არ უნდა ვიფიქროთ. თქვენი აზრით, რა გზა რჩება საზოგადოებას ამის მისაღწევად?

_ საზოგადოების გამოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია, ეს არის სოლიდარობა და პრინციპულობა მოთხოვნაში. რაც შეეხება ივანიშვილის პოზიციას, მან თქვა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე წავა. მე ერთი რამ ვერ გავიგე: ხელისუფლებას ვის უტოვებს?! იმ 85 კაციდან, პარლამენტში რომ უზის, მაგას ეჭვი ხომ არ ეპარება, რომ უმეტესობა მისი ხათრითაა არჩეული?! თუ მიდის, გაიყოლოს ეგენიც და მერე ხალხი აირჩევს, ვინც უნდა. ეს ხომ თავისთავად ლოგიკურია?!

_ მან თქვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს ხელისუფლებას, თუ სხვა პოზიციიდან უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.

_ ჯერ ერთი, არ მესმის, ეს რას ნიშნავს, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ხელისუფლებაში საზოგადოების ყველაზე ღირსეულ ნაწილს დავტოვებო, რომ თქვა, ვინაა ყველაზე ღირსეული, გვითხრას. აბა, ერთი ხალხს ჰკითხოს, რას ფიქრობს. ვისი ხათრიც ჰქონდა მოსახლეობას, ის მიდის და გვიტოვებს ისეთ ადამიანებს, თვითონაც რომ ან უყვარს, ან არა. ამით ვინმე შეიძლება კმაყოფილი იყოს? კარგად დაფიქრდნენ. იმას ნუ იზამენ, რომ სრულიად ერმა ხელი ჩაიქნიოს ყველაფერზე.

_ ეს გასაგებია, მაგრამ თუ კი 1 ოქტომბერს მისცა ხმა ხალხმა, ივანიშვილის ხათრით, ურეიტინგო პარტიებს, რა გარანტია არსებობს, რომ ახლაც იგივე არ მოხდება?

_ მე ხომ არ ვამბობ წინასწარ, რა იქნება და როგორ, მაგრამ ეს არჩევნები გამოავლენს, ვინ უნდა ხალხს რეალურად და ვინ არა. ოთხპროცენტიან რესპუბლიკელებს რომ აბარებ ხელისუფლებას, დანარჩენს არ გვეკითხები არაფერს?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დღევანდელ პარლამენტში ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ «ნაციონალები», რესპუბლიკელები და ე. წ. პროდასავლური საზოგადოება ერთად შეიკრიბონ…

_ ერთი თვის წინ ივანიშვილი და უსუფაშვილი ურეკში დავით ბაქრაძეს შეხვდნენ. ამის შემდეგ კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ სააკაშვილის ხელშეუხებლობაზე ისაუბრეს. თქვენი აზრით, თუ ეს ყველაფერი რეალურია და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მერე სააკაშვილს ხელშეუხებლობის გარანტიას მისცემენ, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ხალხს ამაზე?

_ ასეთი შეხვედრები ყოველთვის ბურუსითაა მოცული, მაგრამ წინასწარ მკითხაობა და ლოგიკური დასკვნების გაკეთება ჩემი საქმე არაა. მე ვუყურებ, როგორ წარიმართება ყველაფერი და პირობას ვიძლევი თქვენი გაზეთის საშუალებით, რომ ნებისმიერ ადამიანს ვამხელ. ამიტომ ვგეგმავთ სექტემბერში საზოგადოების შეკრებასაც. ასე რომ, ჩვენ არავის დანდობას არ ვაპირებთ იმ მიზნისთვის, რომელსაც საქართველოს აღმშენებლობა ჰქვია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი კაცი ლინჩის წესით გასამართლების წკიპზეა. მერე კი, სიტუაცია რომ აირევა, ვერანაირი დასავლეთის ჩართვა, აღშფოთება და ფსიქოლოგიური ჩარევა ამ საქმეს ვერ უშველის.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here