Home რუბრიკები სამართალი ჟვანიასთან ერთად დაღუპული უსუპოვის სახელზე რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია ცეესკოდან დღემდე იღებს მრავალათასიან...

ჟვანიასთან ერთად დაღუპული უსუპოვის სახელზე რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია ცეესკოდან დღემდე იღებს მრავალათასიან გრანტს

1161

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიში პროქტებთან დაკავშირებული პროცესები ხმაურით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიებს საკუთარი პროექტების ლობირებაში ადანაშაულებენ. ისინი თვლიან, რომ ხარატიშვილს კრიმინალური დარღვევები აქვს. საინტერესოა, რატომ არ მოხსნა ახალმა ხელისუფლებამ ცესკოს თავმჯდომარე, რომელმაც არჩევნებში «ნაციონალებს» 40%-ზე მეტი ხმა დაუკანონა. ხარატიშვილის ადგილზე დატოვებით ახალი ხელისუფლება ეჭვს იწვევს _ ხომ არ აპირებენ მომავალი არჩევნების გაყალბებას?! ცესკოში მომდინარე პროცესებზე «საქართველო და მსოფლიოს» ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ესაუბრა.

 

_ რა პროექტებთან დაკავშირებით გამოცხადდა კონკურსი და რა დარღვევები აღმოაჩინეთ?

_ საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დებულების თანახმად, ვალდებულია, საარჩევნო რეფორმებს ხელი შეუწყოს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არასამთავრობო ორგანიზაციებს თანაბრად გადაუნაწილოს, ასევე, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა. ეს ორგანიზაცია დაკავებულია თანხების დანაწილებით როგორც პოლიტიკურ პარტიებზე, ისე არასამთავრობო სექტორზე.

_ რამ გამოიწვია თქვენი ეჭვი, რომ პროცესები ცესკოში დარღვევებით მიმდინარეობდა?

_ წლების განმავლობაში ყველა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც ორ-სამ თვეში ერთხელ ცხადდება ხოლმე, იმარჯვებენ ერთი და იგივე ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ დიდი თანხებით ფინანსდებიან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში თითქმის ყოველი წელიწადი საარჩევნოა, აქედან გამომდინარე, კონკურსები გამუდმებით ცხადდება.

_ თანხების ოდენობა თუ იცით?

_ 50 ათასი, 100 ათასი ლარი, მოკლედ, საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. საარჩევნო სისტემების განვითარებისა და რეფორმების სასწავლო ცენტრის სერთიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი გახლავთ ზურაბ ლუაშვილი, რომელიც თავადვე ფიგურირებს არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დამფუძნებლის სტატუსით, ასევე, ხშირ შემთხვევაში გამგეობის წევრად. განსაკუთრებით დიდი თანხები გაიცა «საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრზე», როდესაც დავინტერესდით, თუ ვინ იყო ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ვინ ფინანსდებოდა ამხელა თანხებით, აღმოჩნდა, რომ, წესდების თანახმად, ორგანიზაცია 2002 წელს დაფუძნდა და მისი ხელმძღვანელი გახლავთ ლუაშვილი. ასევე რეგისტრირებული კავშირი «საქართველოს აზერბაიჯანელთა სამოქალაქო ცენტრი», ამ ორგანიზაციის დამფუძნებელიც ზურაბ ლუაშვილია. მასთან ერთად დამფუძნებელთა შორის არის აწ გარდაცვლილი რაულ უსუპოვიც. რამდენიმე წლის შემდეგ ორგანიზაციას შეეცვალა სახელწოდება და გადაკეთდა «საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრად», თუმცა ზურაბ ლუაშვილი კვლავ ფიქსირდება გამგეობის წევრად. არ ვიცი, რატომ, მაგრამ 2013 წელს ის გავიდა გამგეობის წევრობიდან, მაგრამ დატოვა თავისი მეუღლე _ თამარ ცირეკიძე. ჩვენ ხელთა გვაქვს ფაქტების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი. ჩვენი ეჭვი გამოიწვია ასევე «დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოებამ», როდესაც დავიწყეთ გარკვევა ცენტრის მუშაობის შესახებ, აღმოჩნდა, რომ აქაც ზურაბ ლუაშვილი ყოფილა გამგეობის წევრიცა და დამფუძნებელიც. არის კიდევ ერთი ორგანიზაცია, ვინმე ნანა ბაღარაშვილისა, რომელიც, როგორც ზურაბ ლუაშვილის ორგანიზაციები, დიდი გრანტებით ფინანსდება.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საარჩევნო სისტემებისა და განვითარების სასწავლო ცენტრი, რომლის მოვალეობაა, ხელი შეუწყოს საარჩევნო გარემოს,  საკუთარი მდგომარეობას იუმჯობესებს.

როგორც კი ეს ცენტრი შეიქმნა, მაშინვე საეჭვო გახდა მისი მუშაობა, თავიდანვე ნათელი იყო, რომ კორუფციულ გარიგებებს ექნებოდა ადგილი. საგრანტო კომისია დაკომპლექტებულია კვალიფიციური სუბიექტებით, ანუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით და სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მისცენ გრანტი. კომისიის წევრების უმეტესობას თავისი საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციები აქვს, ზოგს შვილი ჰყავს ჩასმული, ზოგს _ რძალი და ა.შ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც «ნაციონალებთან» მივა რომელიმე დამოუკიდებელი არასამთავრობო, როგორი კარგი პროექტიც არ უნდა ჰქონდეს, ისინი მას დააფინანსებენ? _ ასევეა ყველა პარტია.

არსებობს ასეთი ორგანიზაცია _ «ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი», რომელიც «ნაცების» აქტივისტებისაა. მისი ხელმძღვანელია ლაშა ფარულავა, ფონდი «ალპე», დამფუძნებელია თეა თუთბერიძე. ამ და კიდევ რამდენიმე ასეთმა ორგანიზაციამ სწორედ ბოლოს გამოცხადებულ კონკურსზე აიღეს გრანტები. მინდა გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებმაც ცესკოში გრანტები აიღეს, ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერ კლიპებში აქტიურად ჩანან. დიდი ეჭვია, რომ «ნაციონალებმა» აღნიშნული გრანტები პრემიის სახით გასცეს. არ დამავიწყდეს «გენდერული კულტურის ცენტრი», რომელზეც ასევე დიდი თანხებია გაცემული. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ფურცელზე ფიქსირდება, მას ერთი წევრი ჰყავს, პროექტებიც ყველა კონკურსში ერთი და იგივეა წარდგენილი, სახელწოდებაც კი არ შეუცვლია (სხვა შემთხვევაში სახელს უცვლიან და შინაარს არა; მას, ალბათ, კარგი ლობი ჰყავდა).

_ ვინ ლობირებდა?

_ ერთკაციან ორგანიზაციას გრიგოლ ფარესიშვილი ლობირებს, რომელიც ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელია, მათი პროექტები დღესაც ძალიან დიდი თანხებით დაფინანსდა.

ყველა პარტია ცდილობს, რომ საკუთარი დააფინანსოს, თავადვე სხედან იქ და თანხებსაც ინაწილებენ.

_ რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა თანხები?

_ არის ასეთი ორგანიზაცია «ჯანმრთელი სამყარო», რომელსაც გრანტი აღებული აქვს ბოშათა თემის ინფორმირებულობაში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ნეტა თუ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც მეტყვის სად, როდის, რა ინფორმაცია მიაწოდეს ბოშათა თემს? თანაც ეს ორგანიზაცია ყველა კონკურსში იღებს მონაწილეობას და მუდმივად ფინანსდება.

ის, რაც წლების განმავლობაში ცესკოში ხდება, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ, იურისტებს, მზად გვაქვს საჩივარი, რომელსაც აუცილებლად შევიტანთ პროკურატურაში, რათა ცესკოში მონიტორინგი ჩატარდეს. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ეს კორუფცია აუცილებლად უნდა დასრულდეს.

ჩვენ მივმართეთ საქართველოს პრემიერს და ვთხოვეთ, დაინტერესდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დანაშაულებრივი საქმიანობით. ეს არის სუფთად სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც არაერთმა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი. უნდა შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, დაე, მათ ჩაატარონ მონიტორინგი. 

ერთადერთი გამოსავალი და ხსნა არის ის, რომ ზურაბ ხარატიშვილმა დატოვოს თანამდებობა, სხვანაირად ცესკოში კორუფცია არ აღმოიფხვრება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიში არის ერთკაციანი, ორკაციანი დეპარტამენტები და გაიცემა უზარმაზარი თანხები. პროექტების დაფინანსებაზე უნდა იმუშაოს დამოუკიდებელმა ბორდმა, რომელმაც იცის პროექტის არსი, შეუძლია პროექტის შეფასება. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ პროექტი შეაფასოს გიზო მჭედლიძემ ან გრიგოლ ფარესიშვილმა. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მათგანს პროექტი არასოდეს წაუკითხავს.

_ მაგდა, მინდა გკითხოთ: როგორ მიმდინარეობს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის სასამართლო პროცესი?

_ სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულები არიან: ოლეგ ფაცაცია, რომელიც გახლდათ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის უფროსი, ვიქტორ ყაჭეიშვილი _ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძეზე კი ძებნაა გამოცხადებული. გამოვიდა, რომ დამნაშავეები ამ საქმეში მხოლოდ ეს ადამიანები არიან.

თავდაცვის სამინისტროს უამრავი მაღალჩინოსანი, რომლებმაც საქმე შეკერეს (ზაზა მჭედლიძე, რომელმაც უშუალოდ დაგეგმა და განახორციელა თეთრაძისა და სხვათა წინააღმდეგ ოპერაცია), დღეს ისევ თანამდებობაზეა.

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ზაზა მჭედლიძე მოწმედ დაიკითხა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მთავარ სამმართველოში მოადგილედ მუშაობდა. სწორედ ეს ადამიანი გახლდათ მთავარი პერსონა. ზაზა მჭედლიძემ დაურეკა თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ თანამშრომელს და უთხრა:  «გამოცვალეთ გამომძიებელი, ძალიან ნერვიულობს, სახე უცახცახებს, დაკისრებულ მოვალეობას ვერ შეასრულებს და ვინმე გამოცდილი გამოუშვით.» სერგო თეთრაძის საქმეში დიდი როლი მიუძღვით ლევან ზაქრაძესა და ჭელიძეს. დაკითხვაზე გამომძიებელმა ასეთი ჩვენება მისცა: «მე დამიბარეს კაბინეტში, სადაც იმყოფებოდა ქვეხიშვილი და პროკურორი გრიგალაშვილი. მათ მითხრეს, რომ, რასაც მეტყოდნენ, იმას გავაკეთებდი». ამის შემდეგ გამომძიებელმა ხევსურიანმა ყველა დოკუმენტი გადააკეთა. ზაზა მჭედლიძემ _ კაცმა, რომელიც აცხადებდა: «მეგისა ჩემი ძმაა, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და იმას გავაკეთებინებ მეგისასაცო», სერგო თეთრაძის საქმის შემდეგ პრემიის სახით 20 ათასი ლარი აიღო.

ამჟამად, ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები კვლავ მაღალ თანამდებობებზე რჩებიან. მჭედლიძე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტშია; გიორგი ქევხიშვილი და გრიგალაშვილი მთავარ პროკურატურაში არიან; გამომძიებელი ხევსურიანი თავდაცვის სამინისტროში ატაშეებს ხელმძღვანელობს. მამუკა კვერნაძე, ლევან გაბულია… მოკლედ ყველანი თანამდებობებზე რჩებიან.

მიკვირს და მივმართავ კბილაშვილსა და ალასანიას: რაში გჭირდებათ ეს ადამიანები?

ყველას გასაგონად ვამბობ: სერგო თეთრაძის, გირგვლიანის, რობაქიძის, საქართველოს უამრავი მოქალაქის წამების, გაუპატიურების ხარჯზე მოხვედით ხელისუფლებაში, რომ არა ასეთი ფაქტები, თქვენ ვერ მოიგებდით არჩევნებს. ხალხი განაჩენის აღსრულებას ელოდება. ხალხს რომ სცოდნოდა, კოაბიტაციას აპირებდით, ხმას არავინ მოგცემდათ. ერთი ჰკითხონ სერგო თეთრაძის შვილს, უნდა კოაბიტაცია? ვის ხარჯზე აქვთ კოაბიტაცია? «ნაციონალურ მოძრაობას» აღარასოდეს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მათ არ უნდა მიეცეთ საშუალება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. არ არის ამ ქვეყანაში იმ პარტიების ადგილიც, რომლებიც გარიგებულები იყვნენ «ნაციონალებთან». მადლობა ღმერთს, რომ ხალხმა ყველაფერი იცის!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. მადლობა ქალ.მაგდას!თქვენნაირმა პროფესიონალმა იურისტებმა,პატრიოტული სულის ადამიანება ,საზოგადოებასთან ერთად ,უნდა" შემოულაწუნოს" ამ ხელისუფლებას,თორემ ისევ ჩაკეტილ წრეზე დარჩება საქართველო!!!

  2. იდიოტკა ქალო რაებს წეერ .სირცხვილ მანისო სილ დაკარჰე შე ნაცების გოშია, სატელიტი პარტია რომ გააკეტე და სცკოდან გრანტებს იღებდი დაგავოწყდა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here