Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ ბიგვავა: მოგვაშორეთ «ნაციონალები»

ზურაბ ბიგვავა: მოგვაშორეთ «ნაციონალები»

724

კოალიცია «ქართულ ოცნებას» ბოლო დროს ბევრი მომჩივანი გაუჩნდა, საჩივრები ძირითადად რაიონებიდანაა. საქართველოს თითქმის არც ერთი რაიონი არ დარჩა, სადაც მშვიდ ვითარებაში ჩაირა გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარისა თუ რამე სხვა თანამდებობის პირთა არჩევნებმა. საყვედურისა და ხმაურის მიზეზი თითქმის ყველგან ერთი და იგივეა, «ოცნების» წევრები არ ენდობიან იმ ადამიანებს, რომლებიც რესპუბლიკურ პარტიაში ირიცხებიან ან არჩევნების შემდეგ ნელნელა უერთდებიან. წინასაარჩევნო ბრძოლაში ჩართული ერთგული ადამიანები ხელისუფლებისა და პარტიის ლიდერებთან შეხვედრებს ითხოვენ, ზოგი თბილისში საშიმშილოდ ჩამოდის, ზოგი თავგანწირული იბრძვის, მაგრამ მათ არსაიდან პასუხი არ აქვთ. ხელისუფლების მხრიდან ასეთი უყურადღებობა რაიონების მცხოვრებლებს ძალიან აღიზიანებთმაინც რამდენი საინტერესო რამ მოხდა რვა თვეში: მაჟორიტარმა გოგი ქავთარაძემ თავის ამომრჩეველზე საერთოდ უარი განაცხადა, გუბაზ სანიკიძეზე კი თავად ამომრჩეველმა თქვა უარი, ხოლო «ქართული ოცნების» პოლიტიკურ მდივან არმაზ ახვლედიაზე მარტვილელები რას ამბობენ, თავად მარტვილის მცხოვრები, არჩევნებამდე «ქართული ოცნების» შტაბის ხელმძღვანელი, ახლა კი ცოტა გაბრაზებული, ბატონი ზურაბ ბიგვავა იტყვის, რომელსაც «საქართველო და მსოფლიო» მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მარტვილელების «ჭირმა თავი ვეღარ დამალა» და დედაქალამდე ჩამოაღწია.

_ ბატონო ზურაბ, რა ამბავია მარტვილში? რამ გაგანაწყენათ? «შორს გავარდა» თქვენი ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობებში არეულობა გაქვთ

_ ჩვენი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ საკრებულოს წევრი რამდენიმე «ნაციონალი» რესპუბლიკურმა პარტიამ შეისრუტა; ეს მარტო მარტვილში არ მოხდა, მთელ საქართველოში მსგავსი ტენდენციაა. ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ახალაიებს, ქარდავებს, გოროზიებს ვებრძოდით, თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩით. პირადად მე მარტვილში «ქართული ოცნების» შტაბს ვხელმძღვანელობდი, მაგრამ თბილისიდან დაგვინიშნეს მხედრიონელი ალიკა გრიგალავა, რომელიც ახლა «ოცნების» თავმჯდომარეა. მას რეკომენდაცია სამეგრელოს რეგიონის კურატორმა, მხედრიონელმა გაიოზ მონიავამ გაუწია. ალიკა გრიგალავა, რომელსაც არჩევნების დროს მარტვილში თითი თითზე არ დაუკარებია, გამოგვიგზავნეს და დაგვისვეს, მან თავისი გუნდი მოიყვანა, ადამიანები, რომლებიც წინასაარჩვენოდ «ნაციონალებს» ეხმარებოდნენ და ჩვენ კი ასე მშრალზე დავრჩით. ორ სკამზე მჯდომი ადამიანები ისევ ხელისუფლებაში არიან და, ვინც წლების მანძილზე ვიბრძოდით, თამაშგარე მდგომარეობაში დაგვტოვეს, ხოლო ადამიანები, რომელთაც შეიცვალეს მხოლოდ მაისურები და ნომერი 5-ის ნაცვლად 41 ჩაიცვეს, კვლავ დააწინაურეს. ამან გამოიწვია ის, რომ მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო: ვინც ადრე ვიყავით «ქართულ ოცნებაში» და  ვინც ახლა საუბრობს მათი სახელით, ყოფილი «ნაციონალები».

ჩვენ, მარტვილელები, ვაპირებთ, მთავრობას მიმართვა გავუგზავნოთ, კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვაშორონ «ნაციონალები» ან ჩვენ გვითხრან პირდაპირ _ გვჭირდებოდით, გამოგიყენეთ და ახლა წადით, სადაც გინდათო. მთავარია, ეს ღიად და აშკარად გვითხრან და მერე თავად ხალხი გადაწყვეტს, რა უნდა ქნან.

_ ბატონო ზურაბ, მინდა თქვენთან გადავამოწმო ასეთი ინფორმაცია: ამბობენ, რომ «ოცნების» პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი, რომელიც მარტვილში ხალხთან შესახვედრად მოდიოდა, ქუთაისიდან თბილისში გაბრუნდა, რადგან შეიტყო, რომ გაბრაზებული მარტვილელები ელოდებოდნენ.

_ იყო ასეთი შემთხვევა, რამდენიმე კვირის წინ ახვლედიანი მართლაც მოდიოდა მარტვილში, მაგრამ გაიგო, რომ აქ ძალიან გაბრაზებული ხალხი ელოდებოდა და აღარ ჩამოვიდა.

_ რამდენი გაბრაზებული მარტვილელი ელოდებოდა 500, 1000 თუ მთელი მარტვილი?

_ სულ 200-მდე ადამიანი იყო, ის ხალხი, რომლებიც არმაზ ახვლედიანმა თბილისში მოატყუა, დაჰპირდა, რომ ორ დღეში ბიძინა ივანიშვილთან შეახვედრებდა, ოღონდ იმ პირობით, თუ დაიშლებოდნენ. მარტვილელებმა მას დაუჯერეს, ორი დღის შემდეგ კი ახვლედიანი დაიმალა და ტელეფონსაც აღარ პასუხობდა. მარტვილელებმა არმაზ ახვლედიანს არამზადა, მატყუარა შეარქვეს. ყოველივე ამის შემდეგ, ვითომ სიტუაციის დალაგების მიზნით, გადაწყვიტა მარტვილში ჩამოსვლა, მაგრამ, ალბათ, ვიღაცამ რაიონიდან დაურეკა და გააგებინა, რომ გამწარებული ხალხი ელოდებოდა და ამიტომ გზიდან გაბრუნდა.

რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ მან კვლავ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარტვილში ჩამოსულიყო და ჩამოვიდა კიდეც უთენია ჩუმად, მალულად. ოღონდ რამდენიმე ადამიანმა ამის შესახებ მაინც გავიგეთ და მოვახერხეთ დახვედრა. ჩვენ მიერ დასმულ არც ერთ შეკითვაზე მას პასუხი არ ჰქონდა, სულ გაუგებრად საუბრობდა და იმეორებდა, რომ მიზეზებზე ღიად საუბარი არ შეუძლია და რომ ჩვენთან ყველაფერს ვერ იტყვის. ბოლოს ის ვუთხარით, რომ ადამიანები, რომლებიც გამგეობაში თქვენი სახელით სხედან, «ნაციონალები» არიან, ამაზე რას გვეტყვით-თქო, მან გვიპასუხა, რომ არც კი იცის, ისინი ვინ არიან. მოკლედ, არაფერზე პასუხი არ ჰქონდა. შეხვედრა მშვიდ ვითარებაში არ მიმდინარეობდა და საბოლოოდ «ოცნების» პოლიტიკური მდივანი შეხვედრიდან გაიქცა.

მაინტერესებს ასეთი ადამიანებით აპირებს «ქართული ოცნება» ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას? ადამიანებით, რომელთაც მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ _ «არ ვიცი…». ჩვენ რეგიონებიდან მხოლოდ იმიტომ გვიწევს დედაქალაქში ჩასვლა, რომ მთავრობას ჩვენთან კავშირი არ აქვს; მას შემდეგ, რაც შავ ჯიპებში ჩასხდნენ, დაივიწყეს ის ხალხი, რომელიც მათ გვერდით იბრძოდა.

დღეს «ნაციონალები», რომლებიც კვლავ «ნაციონალებად» დარჩნენ, საშიშები აღარ არიან, საშიშები ის ნაძირლები არიან, ვინც სახე შეიცვალა და ახალ მთავრობაში შეძვრა.

ზუსტად ვიცი, სამეგრელოში არჩევნები რატომ წავაგეთ, მაგრამ ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა, არავის უკითხავს, რა მოხდა? ამ თემაზე კი საჯაროდ საუბარი არ მინდა.

_ რატომ წააგეს? იქნებ საჯაროდ ისაუბროთ და პრესის დახმარებით მაინც მიაწვდინოთ ხმა პრემიერმინისტრს.

_ ამ კონკრეტულ საკითხზე გაზეთით საუბარი არ მინდა, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ერთ გუნდს წარმოვადგენთ. სამეგრელოში არჩევნებში დამარცხების მიზეზების უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, არის სახელები და გვარები, რომლებითაც ბიძინა ივანიშვილი პირადად უნდა ინტერესდებოდეს. ის არ უნდა იგებდეს ასეთ რამეს პრესის ფურცლებიდან. ჯერჯერობით ვიტოვებ იმედს, რომ შეხვედრა ხალხსა და მთავრობას შორის შედგება, სხვა შემთხვევაში, მაგათაც ისევე გაისტუმრებს ხალხი, როგორც «ნაციონალები» გაისტუმრეს. თუ არ შეიცვლება ხალხთან მიდგომა, ურთერთობები, თამაშის წესები, აბა, მაშინ ვის რაში სჭირდება ასეთი მთავრობა?! სამეგრელოს უჭირს, მას მიხედვა და გულშემატკივარი სჭირდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here