Home რუბრიკები პოლიტიკა ზურაბ გაჩეჩილაძე (შონზო): ხალხმა თავად მოითხოვა ყველაფრის დასრულება

ზურაბ გაჩეჩილაძე (შონზო): ხალხმა თავად მოითხოვა ყველაფრის დასრულება

1621

რამდენიმე დღის წინ დიდი ხმაურით დააკავეს მერიის მაღალჩინოსნები, რომელთაც ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვა ედებათ, მაგრამ დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ, თუმცა კადრები, რომლებიც ტელევიზიით გავიდა, მათ დანაშაულში ნამდვილად ამხელს. მაყურებელს, ალბათ, დიდხანს არ დაავიწყდება მათი სახეები, როდესაც ბანკომატიდან თანხები გამოჰქონდათ. რა მოხდა თბილისის საკრებულოში? არიან თუ არა დაკავებული მაღალჩინოსნები დამნაშავეები თუ, როგორც თავად ამბობენ, აბრალებენამ საკითხზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიო» თბილისის საკრებულოს წევრს, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატს _ ზურაბ გაჩეჩილაძეს (შონზო) შეხვდა.

_ ბატონო ზურაბ, რა ხდება საკრებულოში? ეს ადამიანები ნამდვილად დამნაშავეები არიან თუ ეს ფული თვალითაც არ უნახავთ?

_ ბევრი მოსაზრება გაჩნდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების მთელი ყურადღება აქეთკენ არის მიმართული, ყველა თავის აზრს გამოთქვამს, მაგრამ პოლიტიკოსებმა, როდესაც ამ საქმეზე საუბრობენ, მეტი სიდინჯე უნდა გამოიჩინონ. პირადად მე ვთვლი, რომ თანხა, რომელიც დასახელდა, ჰაერიდან არ მოდის, დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არ მინდა, მოვლენებს დავასწრო, დიდი იმედი მაქვს, რომ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელი სასამართლო სრულ სიმართლეს იტყვის.

_ სასამართლოს რომ იგივე ხალხი მართავს, მაინც გჯერათ  მისი სამართლიანობის?

_ ნდობის ფაქტორი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა, ახლა ძალიან დიდია და ამიტომაც ვამბობ, რომ მალე ბევრი რამ შეიცვლება. შესაბამისი ორგანოები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულები, რომ საკრებულოში მომხდარი ამბავი ობიქტურად გამოიძიონ და სიმართლე დადგინდეს. აქედან უნდა დაიწყონ იმის დამტკიცება, რომ სამართალდამცავი ორგანოები კარგად მუშაობენ და ხალხშიც უნდობლობის მომენტიც უნდა დაამსხვრიონ.

_ თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ დანაშაული იყო

_ საუბარია კონკრეტულ თანხებზე, გარდა ამისა, კადრები, რომლებიც ტელევიზიით ვიხილეთ, გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, თუმცა ბევრისთვის, შესაძლოა, საკამათო გახდეს. მე ვიცი, რომ გამოძიებას აქვს უფრო კონკრეტული ფაქტები და დეტალური ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.

_ თქვენ პოლიტიკოსი არ იყავით და ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ, ალბათ, ბევრს ელოდებოდა თქვენგან. როდესაც საკრებულოში ისეთი საკითხი დგებოდა დღის წესრიგში, რომელიც ხალხის სასიკეთოდ არ იყო მიმართული, აპროტესტებდით?

_ მე «ნაციონალების» ფრაქცია დავტოვე, რაც იმ რეალობამ განაპირობა, რომელიც ოქტომბერში დადგა. ოქტომბრამდე აქ «ნაციონალები» დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ მათი ერთპიროვნული ჰეგემონია მალევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მინდა გითხრათ, რომ ჩემს ამომრჩეველთან ურთიერთობა სულ მაქვს, შეხვედრების დროს მათ გაღიზიანებას ვამჩნევდი არამარტო ჩემ მიმართ, არამედ «ნაციონალების» მისამართით, ხალხმა თავად მოითხოვა ყველაფრის დასრულება. ამიტომ ჩვენ, რამდენიმე ადამიანმა, გადავწყვიტეთ, ხალხის ნებას დავყოლოდით. «ნაციონალებს» ეტყობათ გაღიზიანება და ხშირად ამბობენ, თქვენ გინდათ, რომ ჩვენ უმცირესობაში მოგვაქციოთ, დავიშალოთ, არ ვარსებობდეთო. არავისი განადგურებისა და გაქრობის მომხრე არ ვარ, მაგრამ საკრებულოში ჯანსაღი დებატები, კამათი და წონადი გადაწყვეტილებებია საჭირო და არა ისე, როგორც აქამდე იყო, რომ მერიიდან მოდიოდა ბრძანება და ჩვენ მხოლოდ ვამტკიცებდით. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის გრძნობა მქონდა, ერთი და ორი ადამიანის წინააღმდეგობას არანაირი აზრი არ ჰქონდა _ მაინც ვერ გაიტანდი შენსას და მხოლოდ თეთრი ყვავის როლში გამოდიოდი.

_ დღევანდელი გადასახედიდან ხომ არ ნანობთ თქვენს გადაწყვეტილებას,  «ნაციონალებს» რომ განუდექით?

_ გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, ჩემს პრინციპებს არანაირად არ ეწინააღმდეგება. მე ვარ ხალხის სამსახურში, მე მანამდეც ვიყავი ხალხთან ახლოს და ახლაც ასეა. ამ დროისთვის ყველა უხერხული მომენტი ჩავლილია, განსაკუთრებით ჩემს მეგობრებთან; ისინი მეუბნებიან, რომ ეს პოლიტიკაა და ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. დღეს შემიძლია ხალხს ვუთხრა, რომ მეც იქ ვდგავარ, სადაც ის.

_ როგორ ფიქრობთ, ნაციონალებს აქვთ უფლება, ამ ქვეყანაში ჩატარებულ რომელიმე არჩევნებში მონაწილეობა  მიიღონ?

_ ჯანსაღი კონკურენციის არარსებობა, იმავე პროცესებს გამოიწვევს, რაც წინა მთავრობას დაემართა.

_ თქვენ თვლით, რომ «ნაციონალები» ჯანსაღი ოპოზიციაა?

_ არა, მე ვთქვი, რომ ეს წინა მთავრობის პრობლემა იყო. ახალ მთავრობას ნამდვილად სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. დღეს «ნაციონალური მოძრაობა» ხალხის თვალში გაკოტრებულია, ნდობა არა აქვს, რასაც თავადვე აღიარებს, ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ, თუ რამე რესურსით ხალხს ისევ «მოაწონებს» თავს, რაც წლების განმავლობაში არ უქნიათ, მაშინ წონადი ოპოზიცია იქნება.

_ შეკითხვას ასე დაგისვამთ: თქვენი აზრით, ის, რაც დღეს გამოაშკარავდა, წამებისა და თვალთვალის ფაქტები, ერთი და ორი ადამიანის დანაშაული იყო და «ნაცმოძრაობის» რომელიმე წევრს რეაბილიტაციის საშუალება აქვს?

_ ხალხი ბრძენია და მოდით, ისევ ხალხს მივანდოთ ამ ადამიანების რეაბილიტაციაც და ისიც, უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. პირადად მე ვისურვებ, რომ ახალ მთავრობას ბევრი ჯანსაღი ოპონენტი ჰყავდეს, რადგან შეცდომები არ დაუშვან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here