Home რუბრიკები საზოგადოება ალექსანდრე ჭაჭია რუსეთთან, აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობების დიდი გამოცდილებით პრეზიდენტის თანამდებობისთვის მეტად...

ალექსანდრე ჭაჭია რუსეთთან, აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობების დიდი გამოცდილებით პრეზიდენტის თანამდებობისთვის მეტად შესაფერისი კანდიდატურა იქნება

639

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» 2013 წლის მე-19, მე-20 და 21- ნომრებში გამოქვეყნდა მთავარი რედაქტორის ინტერვიუ გამოჩენილ ქართველ პოლიტიკოსთან ალექსანდრე ჭაჭიასთან. მისასალმებელია, რომ ეს ყოველკვირეული საზოგადოებრივპოლიტიკური გაზეთი, მიუხედავად «ახალგაზრდობისა», დღეს ქართული პერიოდული პრესის ერთერთ უდავო ლიდერად გვევლინება.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამჯერადაც გაზეთმა არ უღალატა მის შემოქმედებაში მტკიცედ დამკვიდრებულ ტრადიციას და თავისი გვერდები დაუთმო საუბარს გამოჩენილ ქართველ მეცნიერ-პოლიტიკოსთან, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიასთან, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ, განსხვავებით რიგი ქართველი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსებისა თუ პოლიტოლოგებისგან, განსაკუთრებით კი პოლიტიკანებისგან, დიდი ერუდიციის ხარჯზე, «ახერხებს», ღრმად ჩასწვდეს ქვეყანაში არსებული ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დეგრადაციისა და დეზორგანიზაციის არსს, ჩამოაყალიბოს არსებული უმძიმესი პრობლემების გადაჭრის კონსტრუქციული ხედვა, რომელიც ყველაფერთან ერთად იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ სრულად შეესაბამება, შეიძლება ითქვას კიდეც, ემთხვევა საქართველოში მცხოვრები, აგრეთვე, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ფართო მასების მიერ დღეს უკვე გაცნობიერებულ ინტერესებსა და მოთხოვნებს, რომლებიც, საბედნიეროდ, პრინციპულად ეწინააღმდეგება ყოფილი მმართველი «ელიტის» _ ნაცმოძრაობელების ფარულ თუ აშკარა განზრახვებს…

ბატონ ალექსანდრე ჭაჭიასთან სამ ნაწილად გაყოფილი ინტერვიუ, რომელთა სათაურებია: «თუ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ «ღირებულებებს», დავიღუპებით», «ქართული მიწა ეკუთვნის ქართველებს, ხოლო ერი მხოლოდ დღევანდელი თაობა როდია» და «ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი…», არის მრავალპლანიანი პუბლიკაცია, რომელიც მოიცავს ჩვენი დღევანდელი განსაცდელითა და შფოთით აღსავსე რეალური ცხოვრების მრავალ მხარეს და, რაც პირადად ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, თითქმის სინქრონულად ემთხვევა საკმაოდ მრავალრიცხოვან ჩემს თანამოაზრეთა შეხედულებებსა და მისწრაფებებს.

ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» მრავალრიცხოვან მკითხველთა აუდიტორიასთან საკმაოდ ხანგრძლივი და შთამბეჭდავი, გულწრფელი გასაუბრების ტექსტიდან, აგრეთვე, ამ ცნობილი ავტორის სხვა პუბლიკაციებიდან, აგრეთვე, მათი ქვეტექსტებიდან, რომლებიც საკმაოდ კარგად იკითხება, ნათელი ხდება, რომ მან აღმოაჩინა და გააცნობიერა ისეთი ძირითადი წინააღმდეგობები, რომელიც, თუ შეიძლება ითქვას, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების თუ სხვაგვარი დაზიანებების მსგავსად, შეუთავსებელია საქართველოსა და მისი ქართველი თუ სხვა ეროვნების მოსახლეობის საარსებო ინტერესებთან და შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ, როგორც განწირულ ავადმყოფზე იტყვიან ხოლმე, «ან დღე მოკვდება, ან ღამეო» (მკითხველს ვთხოვ, მომიტევოს ასეთი შედარება), ისე საქართველოც, დღეს იქნება ეს თუ ხვალ, საბოლოოდ განადგურდება როგორც სახელმწიფო, ხოლო ქართველი ერი გადაშენდება და, თუ არა სასწაულებრივი გამოფხიზლება და აქტიური მოქმედება, საქართველო დარჩება როგორც ტერიტორია, რომელიც სხვადასხვა ომისთვის, მაგალითად, ამერიკასა და ირანს ან სულაც ამერიკასა და რუსეთს შორის, კარგ პოლიგონად გადაიქცევა

საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს რეალური ინტერესები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მიუხედავად აქტიური სამშვიდობო რიტორიკისა, აშშ-ის მმართველი წრეებისა და საქართველოს დამაქცევარი ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა, რომლებიც ბევრი ქართველის და მათ შორის ჩემი წარმოდგენით, სინამდვილეში ქართული წარმოშობის ამერიკელ პატრიოტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ქართველ ნაციონალებს და ამიტომაც სარგებლობენ აშშ-ის, აგრეთვე, გაერთიანებული ევროპის მმართველი წრეებისა და სპეცსამსახურების ისეთი განსაკუთრებული მხარდაჭერით, რომ, უკვე კარგახანია, მათი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური საქმიანობა უფრო უცხოელ პარტნიორებთან ერთად ცალ კარში თამაშს მოგვაგონებს (ვგონებ, ისედაც ნათელია, თუ რომელ კარზე არის აქ ლაპარაკი).

მკითხველი ისე ნუ გამიგებს, რომ მე ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუს კომენტარს ვცდილობდე. ჩემი ამოცანაა, კიდევ ერთხელ მივაქციო მკითხველი საზოგადების ყურადღება ამ მეტად საგულისხმო მასალას.

 მასში დასმულ მრავალ საჭირბოროტო პრობლემათაგან გავიხსენებ ერთს, მეტად მნიშვნელოვანს _ რუსეთის ფედერაციასთან, აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას, რასაც, უდავოა, დიდი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არამარტო საქართველოსა და მისი მოსახლეობის, არამედ მთელი კავკასიის რეგიონისთვის. ამასთან დაკავშირებით ვაყენებ ფართო განხილვისთვის იდეას, ხომ არ გვეფიქრა ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატად წამოყენებისა და არჩევის თაობაზე, მითუმეტეს, რომ იგი თავისი თეორიული მომზადებით, პრაქტიკული უნარებით, აგრეთვე, რუსეთთან, აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილებით ამ თანამდებობისთვის მეტად შესაფერისი კანდიდატურა იქნება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი წარმოშობით აფხაზეთიდანაა.

დასასრულ უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ მასალის გაცნობამ ბევრ რამეზე დამაფიქრა და უფრო მწვავედ დამანახა რიგი პრობლემებისა, რომლებსაც ჩვენი ყური უკვე იმდენად შეეჩვია, ეგრეთ წოდებული ნაციონალების გაუთავებელი მტკიცების გამო, რომ საქართველოში ბევრმა მიამიტმა ადამიანმა დაიჯერა, თითქოს ხარი მამალი ძროხაა, ისევე, როგორც საქართველო _ ევროპის განუყოფელი ნაწილი, რადგან მამა «ნაციონალებს», სანამ ჩვენ გვეძინა, არამარტო ევროპის, არამედ კავკასიის რუკაც გადაუკეთებიათ და საქართველო გადაუტანიათ საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე.

დასასრულ, მინდა ვთხოვო ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას და მასთან ერთად გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს», რომ ოპერატიულად გაუკეთონ ორგანიზაცია და გამოსცენ მასობრივი ტირაჟით გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონ ალექსანდრეს ინტერვიუების კრებული, რომელიც მიეძღვნება მის ხედვას საქართველოსა და მისი მოსახლეობის შემდგომი გაღატაკებისა და გაუბედურებისგან ხსნის გზებისა და რადიკალური საშუალებების შესახებ. მწამს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს არის ქართველი ხალხის მთავარი წარმმართველი ძალა, გაეცნობა ამ იდეას და, თუ გაიზიარებს ჩვენს პოზიციას, სიამოვნებით დაუჭერს მხარს ბატონი ალექსანდრეს კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ანზორ გაბიანი,

საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე,

სამართლისა და სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი

 

 

1 COMMENT

  1. შესანიშნავი იქნებოდა საქართველოსთვის ასეთი განათლებული, გაწონასწორებული და საქართველოს მომავალზე მზრუნველი პრეზიდენტობის კანდიდატი. მით უმეტეს შესაძლებელია,რომ პრემიერმა მხარი დაუჭიროს, რადგან მისთვის არაა სულერთი როგორი პრეზიდენტი ეყოლება საქართველოს. პრინციპში წარმატება ისეც მიიღწევა რადგან მისი ცოდნა ხალხის კეთილდღეობისკენ მიემართება. პირადად ასეთ წინადადებას მივესალმებოდი. დღეისათვის უკეთესი ანდიდატი არც გვყავს. ვუსურვებდი წარმატებებს მხარდამჭერებთან ერთად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here