Home რუბრიკები საზოგადოება აგრარული მეცნიერების დღევანდელი პრობლემები

აგრარული მეცნიერების დღევანდელი პრობლემები

955

აგრარული მეცნიერების ამჟამინდელმა მძიმე მდგომარეობამ გადაგვაწყვეტინა ამ სტატიის გამოქვეყნება, რათა ჩვენ, ყველამ ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ, გადავარჩინოთ ის, რაც ჯერ კიდევ შემორჩა ოდესღაც ძლიერი აგრარული პროფილის კვლევითი ინსტიტუტებიდან.

კარგადაა ცნობილი, რომ ინსტიტუტები 1990 წლიდან 2006 წლამდე ექვემდებარებოდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას. ამ პერიოდში სოფლის მეურნეობაში არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც აკადემიის სისტემის კვლევით ორგანიზაციებს თავისი სიტყვა არ ეთქვათ. ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილი და დარაიონებული არის ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მრავალრიცხოვანი ჯიშები და ჰიბრიდები, რომლებიც ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით, ადგილობრივი პირობებისადმი კარგი შემგუებლობითა და ხარისხით. დამუშავებულია: ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ეფექტიანი ღონისძიებები; ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის პროგრესული ტექნოლოგიები; მცენარეთა და ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენეტიკური რესურსების შენახვისა და გამოყენების ღონისძიებები; მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებები; ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებები; ახალი მაღალხარისხოვანი კვების პროდუქტების მიღების ტექნოლოგიები და სხვა მრავალი, რომელთა პრაქტიკული გამოყენებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოსახლეობის დაკმაყოფილებას ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით, რაც შემდგომში უნდა გახდეს  ევროპის ბაზარზე მათი გატანისა და ქართული სოფლის აღმავლობის გარანტი.

კვლევითი ორგანიზაციების დაკნინება დაიწყო მას შემდეგ, რაც 2006 წელს მთავრობის დადგენილებით (#58, 16.03.2006) ინსტიტუტები ჯერ გამოეყო აკადემიას და დაექვემდებარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შემდეგ კი 2010 წლიდან შეუერთდა აგრარულ უნივერსიტეტს (არასამეწარმეო იურიდიული პირი), რომელსაც ვერ ექნებოდა და არც აქვს სახელმწიფოებრივი ინტერესები. ყოველივე ამის გამოა, რომ 1200 მეცნიერი მუშაკიდან, რომლებიც აკადემიის სისტემაში იყვნენ, ამჟამად მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობაა დარჩენილი და მათი დაფინანსება ხდება პრობლემების და არა ინსტიტუტების მიხედვით; სამსახურიდან გათავისუფლებულია მრავალი სპეციალისტი (მათ შორის, მეცნიერებათა დოქტორები), რომელთა მონაწილეობა კვლევით პროცესში აუცილებელია. მაგალითისთვის, დღეს სისტემაში არც ერთი სპეციალისტი აღარაა დარჩენილი, რომელიც შეისწავლის ვაზის თუ ხეხილის მავნებლებს, დაავადებებსა და სარეველებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

აგრარული პროფილის კვლევითი ინსტიტუტები კვლევითი ცენტრების სახით უნდა დაბრუნდეს ან უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურული ერთეულები სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ოთხი კვლევითი ცენტრის შექმნა:

მემცენარეობის კვლევითი ცენტრი, რომელიც გააერთიანებს შემდეგ დარგებს: მევენახეობას, მეხილეობას, მეჩაიეობას, მეციტრუსეობას, მემინდვრეობას, მებოსტნეობას, მეტყევეობას;

აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის კვლევითი ცენტრი, რომელიც გააერთიანებს შემდეგ დარგებს: მცენარეთა დაცვას, აგროქიმიას, ნიადაგმცოდნეობას, მელიორაციას, მექანიზაციას, ელექტრიფიკაციას, ბიოტექნოლოგიას, რადიობიოლოგიას, აგროეკოლოგიას;

მეცხოველეობის კვლევითი ცენტრი, რომელიც გააერთიანებს შემდეგ დარგებს: მეცხოველეობას, ვეტერინარიას, საკვებწარმოებას, მეფუტკრეობას, მეფრინველეობას;

კვების პროდუქტების გადამუშავების კვლევითი ცენტრი, რომელიც გააერთიანებს შემდეგ დარგებს: მემცენარეობის პროდუქტების გადამუშავების, მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოებას.

აკადემიის სისტემაში ასეთი კვლევითი ცენტრების შექმნა საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ მაქსიმალური კოორდინაცია აგრარული პროფილის ყველა იმ დარგის, რომლებიც პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

ასევე აუცილებელია, აკადემიას დაუბრუნდეს ის შენობა-ნაგებობები, ლაბორატორიული მოწყობილობები და ექსპერიმენტული ნაკვეთები (რომლებიც ჯერ კიდევ არაა გასხვისებული), რომლებიც მანამდე ეკუთვნოდა კვლევით ინსტიტუტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებელი გახდება მომავალი კვლევითი ცენტრების აღჭურვა სრულიად ახალი, თანამედროვე აპარატურით, რაც ძალზე დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

ამავე დროს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდეს «ახალი ტექნოლოგიების (ჯიშების) გავრცელების განყოფილება», რომელიც ზემოთ აღნიშნულ კვლევით ცენტრებთან უშუალო თანამშრომლობით მოახდენს იმ პრაქტიკული ღონისძიებების შერჩევასა და გავრცელებას, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია დღევანდელი სოფლის მეურნეობისთვის. ეს ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრებთან ერთობლივი თანამშრომლობით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს პროგრესული ღონისძიებები, პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს და გავრცელდეს იმ ექსპერიმენტულ ნაკვეთებზე, რომლებიც აკადემიის სისტემაში არსებული კვლევითი ცენტრების დაქვემდებარებაში იქნება. ასეთი მეთოდებით ახალი ტექნოლოგიების გავრცელება მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული და ჩვენთანაც უნდა დაინერგოს, რაც პრაქტიკულად დაარწმუნებს ფერმერებს მათ უპირატესობაში.

ცნობილია, რომ ჩვენი ფერმერების ცოდნის დონე სასურველზე ბევრად დაბალია. ამ საკითხის სწორად გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ. ამ მიზნით განსაზღვრული გვაქვს, შევქმნათ «ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი კურსები», რომელსაც უხელმძღვანელებენ აკადემიის გამოცდილი სპეციალისტები. ასეთმა კურსებმა პირველ ეტაპზე, შესაძლებელია, იფუნქციონიროს სახელმწიფოს დაფინანსებით, შემდგომში კი თავიანთი სწავლება ფერმერებმა თვითონ უნდა დააფინანსონ. კურსები იქნება მოკლევადიანი (1-3 თვე) და გრძელვადიანი (6 თვემდე), სადაც ფერმერები გაეცნობიან სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს, საბაზრო ურთიერთობის თავისებურებებს და მრავალ სხვა საკითხს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებას მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პრობლემა მხოლოდ მის დაფინანსებაშია, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 150 ათასი ლარი დაჯდება.

უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა აგრარიკოს მეცნიერთა მომზადების საკითხი. წლების წინ აკადემიის სისტემაში ფუნქციონირებდა ასპირანტურა და ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოები, რომლებიც განაწილებული იყო დარგობრივ ინსტიტუტებში. ამჟამად ეს ყველაფერი, დოქტორანტურის სახით, გადატანილია აგრარული უნივერსიტეტის სისტემაში, რაც, ჩვენი აზრით, სრულად ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს როგორც ორგანიზების, ასევე მეცნიერულ მოთხოვნათა თვალსაზრისით. ამასთან, დოქტორანტების მიერ მომზადებული დისერტაციების დიდი ნაწილი ვერ უპასუხებს თანამედროვე კვლევის ელემენტარულ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აკადემიის სისტემაში შეიქმნას დოქტორანტურა და ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოები, რისი გამოცდილებაც აკადემიას ათეული წლების განმავლობაში დაუგროვდა.

ყოველივე აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეიქმნება ძლიერი აგრარული კვლევის ცენტრი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღორძინების პროცესში. აგრარიკოსი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ იმ ვითარებაში, როცა მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ მიმართულებადაა გამოცხადებული, ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელება არ გაძნელდება.

გურამ ალექსიძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის

 მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი

 

1 COMMENT

  1. მინდა ვიმსჯელო, თუ რამდენად აქტუალურია აგრარული მეურნეობის განვიტარების პრობლემა. საქარტველოსი გატარებულმა რეფორმებმა სასოფლო სამეურნეო წარმოების მკვეტრი დაცემა გამოიწვია. ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი ისე განადგურდა, რომ საკუარი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფასაც ვეღარ ახერხებს. სასურსათო ბაზარი გახდა უხარისხო, ზოგჯერ ჯანმრთელობისათვის საზიანო, მაგრამ იაფი საქონლისათვის ღია და მიმზიდველი.ამდენად აგრარული მეურნეობა გადაუდებელ კორექტირებას მოითხოვს. ეკონომიკის ექსპერტები ქვეყანაში ფასების ზრდის გამომწვევ მთავარ მიზეზად სიდა წარმოების არარსებობას და დაბალმოსავლიანობას ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ,,აგრარულ” ქვეყანად მიიჩნევა, იგი მთლიანად იმპორტზეა ორიენტირებული.
    ამ საკითხის გაცნობისას პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, თუ რატომ არ შეუძლია ჩვენს სახელმწიფოს უზრუნველყოს მოსახლეობა საკვებით,როცა მდიდარია რესურსების მრავალფეროვნებით. აღსანისნავია,რომ პროდუქციის ყიდვისას სეიძლება შემოგთავაზონ ჩვეულებრივი და ,,ოქროს” ბრინჯი. სამწუხაროდ, ხალხის უმეტესობა არცევს გენმოდიფიცირებულ ოქროს ბრინჯს, რაც გამოწვეულია დაბალი ფასით. სწორედ ეს აფერხებს ქართული პროდუქციის წარმოებას. მეორეს მხრივ, სახელმწიფო არ არის დაინტერესებული აგრარული მეურნეობის განვითარებით. ამოტომაც ხდება თურქული კარტოფილის, ჩინური ბრინჯის, იაპონური ხახვის იმპორტი. ეს პროდუქტები კი გამოირჩევიან იმით,რომ გამოყოფენ ნივთიერებებს,რომლებიც ანადგურებენ როგორც მავნებლებს, ასევე ნიადაგს.
    მინდა გავიხსენო მეფე გიორგის სიტყვები:,, სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარდა მუდამ ქართველებს”. მართლაც, სახელმწიფო ვესტერნიზაციის ხარჯზე ივიწყებს ქართულ ტრადიციებს, რადგან გლეხი ვერ აბარებს მოყვანილ პროდუქტს და გადადის გენმოდიფიცირებული საკვების მოხმარებაზე.საქართველომ შეიძლება ვერ მოახერხოს საკუთარი პროდუქციის ექსპორტი, მაგრამ მას გააჩნია საკმარისი რესურსი წარმოქმნას ისეთი პროდუქტი როგორიცაა ,,ბარამბო”, ,,კულა”, ,,მარნეული”. სწორედ სწორედ ამ ფაქტს შეეესაბამება გამონათქვამი :,,თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო”. საბოლოოდ მრავალწლიანმა ნარგავებმა , ძირითადად, უნდა დაიკავოს მისთვის განკუთვნილი მაღალი ადგილი ბაზარზე. სახელმწიფომ შექმნას ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს შიდა პროდუქტის რეალიზაციის პროცესს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here