Home რუბრიკები საზოგადოება კიდევ კარგი, კოდუები არ მოვიდნენ _ ყველაფერს წაგვართმევდნენ

კიდევ კარგი, კოდუები არ მოვიდნენ _ ყველაფერს წაგვართმევდნენ

911

«საქართველო და მსოფლიოს» #17-ში გამოქვეყნდა 1972-1985 წლებში საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრ გიორგი გამცემლიძის წერილი, რომელშიც განხილული იყო ქვეყნის ეკონომიკის ამ მნიშვნელოვან დარგში არსებული პრობლემები და წარმოდგენილი იყო გარკვეული წინადადებები მათ დასაძლევად. დღეს ერთი საწარმოს მაგალითზე უფრო ვაკონკრეტებთ ამ საკითხებს და სასაუბროდ ვიწვევთ ბატონ ივანე მაჭავარიანს, რომელიც იმ დროს ერთერთი მომგებიანი საწარმოს დირექტორი იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის დარგის განვითარებაში. ამ საწარმოში, სადაც თავის დროზე მეფის რუსეთის საინტენდანტო სამსახურის ორსართულიან შენობაში თავიანთი საკერავი მანქანებით _ «ზინგერებით» მივიდნენ კომუნისტი ქალები და შექმნეს მკერავთა შრომითი კოლექტივი, რომელიც წითელი არმიისთვის სამხედრო ტანსაცმლის კერვით იყო დაკავებული.

_ თანდათან საწარმო გაფართოვდა, გადაიარაღდა, შეიცვალა ასორტიმენტი, იმ დროისთვის ახალი მანქანა-დანადგარები შემოიტანეს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებულმა ფაბრიკამ დასაბამი მისცა სამკერვალო დარგის მრეწველობას საქართველოში.

ყვება ამას ბატონი ივანე და ჩვენს საუბარში ძველი ისტორიის მშფოთვარე წლების სიო უბერავს და მის მსუბუქ ტალღებს შემოჰყვება იმ წლების არნახული ენთუზიაზმი და აღმშენებლობის პათოსი: ლამის ცარიელი ხელებით ცარიელ ადგილზე ახალი ცხოვრების დამკვიდრების განუმეორებელი ენერგეტიკა და ხიბლი.

_ მზადდებოდა ათასნაირი ასორტიმენტი ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლის. მაგრამ 70-იანი წლებიდან მხოლოდ ქალის ასორტიმენტის გამოშვება დავიწყეთ, ე. წ. ზედა ტანსაცმლის: პალტო, ხელოვნური ბეწვის ქურქები, კოსტიუმები და ა. შ. სხვადასხვა ქსოვილიდან _ ნატურალური, შერეული, ხელოვნური _ აბრეშუმიდან დაწყებული ჯინსით დამთავრებული. სწორედ ამ ქსოვილით ვამზადებდით ფრანგების დაკვეთით თეთრ ბეწვზე დუბლირებულ ქურთუკებს.

_ და ფრანგებს მიჰქონდათ?!

_ დიახ. შესანიშნავი ნაწარმი გამოგვდიოდა. დანარჩენზე რა მოგახსენოთ: ზოგი ძალიან კარგი იყო, ზოგი _ გადასაყრელი… (ეღიმება)

შემდეგ ჩვენი საწარმო გადაკეთდა #1 სამკერვალო ფაბრიკად. 1600-1700-მდე ქალი მუშაობდა ჩვენთან თავის დროზე. 90-იანი წლებისთვის თანდათან იკლო და 1000-მდე, სტაბილურ რიცხვამდე ჩამოვიდა.

რეკონსტრუქციაც მოვახდინეთ, ქუჩის პირის ორსართულიანი შენობა დაინგრა, აშენდა ოთხსართულიანი კარგი, მძლავრი შენობა, მაგრამ რად გინდა! აღარ ფუნქციონირებს…

_ რამ გამოიწვია ამ ტრადიციული საწარმოს სტაგნაცია?

_ ბაზრის უქონლობამ. ბაზარი დავკარგეთ, როგორც კი შევწყვიტეთ რუსეთთან ურთიერთობა.

ჩვენ საკუთარი ნედლეული არ გვქონდა.

_ სწორედ ამ პრობლემას გამოჰყოფდა თავის წერილში ბატონი გიორგი გამცემლიძე, განსაკუთრებით აბრეშუმის წარმოების აღდგენას, აღორძინებას უსვამდა ხაზს.

_ რა გვქონდა ჩვენ მაშინ? მაუდ-კამვოლის წარმოება, აბრეშუმის კომბინატი და ერთი-ორი პატარა საქსოვი ფაბრიკა, რომელიც ამზადებდა ქსოვილს ქალის ტანსაცმლის ასორტიმენტისთვის _ კაბებისთვის, კოსტიუმებისთვის… მაგრამ ქსოვილის ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო.

შემოდიოდა ნედლეული რუსეთიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან… ძალიან კარგი ხარისხის, მაგრამ ზოგიერთი _ ძალიან ძნელი დასამუშავებელი, რადგან სპეციალური მანქანები არ გვქონდა. ამიტომ იყო, რომ ხშირად ვამახინჯებდით (ეცინება).

ბოლოსკენ კი მთლიანად გადაიარაღდა საწარმო და კარგი პროდუქციის გამოშვებაც შევძელით. მაგრამ, ამ კარგი პროდუქციის ერთი ნაწილის გაყიდვა კი შევძელით, დიდი ნაწილი კი დღესაც ჩვენს საწყობში დევს, იმდროინდელი საცალო ფასის _ მილიონ-ნახევარი მანეთის პროდუქცია. გადაყოლილი ვართ იმის შენახვას.

_ ხომ არ გამოგიტანიათ ბაზარზე?

_ გაყიდვასაც გადავყევით. საბრუნავი საშუალება არ გვქონდა _ პროდუქციას არ უშვებ, ვერ ყიდი, კვლავწარმოებისთვის არაფერი გაგაჩნია _ ფული რომ შემოვიდეს და იყიდო რამე, კოლექტივის რაღაც რაოდენობა რომ შეგვენახა მაინც. 1994 წელს სააქციო საზოგადოებად ჩამოვყალიბდით, რომელშიც დღეს 600 კაცი ითვლება. სიმბოლური რაოდენობის აქციების მფლობელები არიან. დივიდენდები არ გაგვიცია, რადგან წაგებაზე ვმუშაობთ.

_ მუშაობთ კი?

_ არა. გაქირავებული გვაქვს ჩვენი ტერიტორიის რაღაც ნაწილი და იქიდან შემოსული ფულით ვიხდით გადასახადებს, რომლებიც საკმაოდ გვაქვს. ხელფასსაც გავცემთ.

_ ვის აძლევთ ხელფასს?

_ ოთხნი მთავარი მეწილე ვართ. სულ ესაა.

_ არის პერსპექტივა?

_ ბევრნი მოვიდნენ, ვითომ ინვესტორები. იყვნენ იტალიელები. ჩვენთან გაკეთდა შესანიშნავი პროექტი «ქართულ-იტალიური სახლის», სადაც უნდა განთავსებულიყო სამოდელო წარმოება (ჩამოჰყავდათ მოდელიორები იტალიიდან), იმუშავებდა სასტუმრო თავისი იტალიური რესტორნით.

_ რატომ ჩაიშალა?

_ ასეთი რამ წამოსცდა ინვესტორს: უნდა აგვეღო სესხი და ამაში გვეხმარებოდაო მაშინდელი ხელისუფალი…

_ ბერლუსკონი?

_ ბერლუსკონი. მაგრამ სესხი მას კი არა, ჩვენ უნდა აგვეღო. სესხი ვინც აიღო, ყველა გაუბედურდა.

კოდუებსაც უნდოდათ თითქოს ჩვენთან მოსვლა. კიდევ კარგი, არ მოვიდნენ. რომ მოსულიყვნენ, ყველაფერს წაგვართმევდნენ. ჩვენ შენობა-ნაგებობები მაინც შევინარჩუნეთ, დაზგა-დანადგარებიც, რომლებითაც მცირე რაოდენობის პროდუქციის გამოშვება შეგვიძლია.

იყო კიდევ ორი შემოთავაზება. მოვიდნენ თურქები. გამოვუშვით პერანგები, მაგრამ წაიაფერისტეს და ფული აღარ მოგვცეს. ძლივს გავყიდეთ და ამოვიღეთ ეს ფული.

ქველმოქმედებასაც ვახერხებთ, მაგრამ ეს ქველმოქმედებაც დაგვიბეგრეს.

_ ქველმოქმედებაც?

_ ეგ კი არა, თუ უძრავი ქონება 100 ათასზე მეტი ლარის გიდევს, ისიც 20 პროცენტით დაგვიბეგრეს. ფული წაიღეს.

_ ასე ავსებდა ბიუჯეტს ყოფილი ხელისუფლება და ახალ მთავრობას საყვედურობს _ ბიუჯეტი ჩააგდეთოდავუბრუნდეთ პერსპექტივას. სადღაც იატაკქვეშეთში დამზადებული პროდუქცია ჩვენს ბაზარზე საღდება, თქვენსას რა ემართება?

_ ის, რაც ბაზრობებზე იყიდება, იმის 90 პროცენტი სწორედ ასეთი ნაკეთობაა.

უცხოეთიდან შემოდის ანალოგიური მეორადი პროდუქცია, რომლითაც გატენილია მთელი საქართველო. ეს საქონელი კილოობით იყიდება.

_ ზოგიერთ გადამყიდველს კი საერთოდ უფასოდ შემოაქვს საქართველოში.

_ შემოვიდა თუ არა ეს საქონელი, იმ წუთში გაჩერდა ჩვენი პროდუქციის გაყიდვა. ამის მთავარი მიზეზი მეორადის სიიაფეა და, ამასთან, ქართული ტრადიციული მიდრეკიდება უცხოურისადმი.

_ ჩვენთან არ გაიყიდა, რუსეთმა როგორ უნდა გაყიდოს?

_ რუსეთის ბაზარსაც თავისი პრობლემები შეექმნა. ერთხელ, ივანოვოდან მანქანით რომ მოვდიოდით, გზის გასწვრივ ყოველ ნახევარ თუ არა, ერთ კილომეტრში პატარ-პატარა ბაზრობები იყო: ათასნაირი ფერის ქსოვილი გასაყიდად ჰქონდათ გამოტანილი: ქსოვილის ჭარბი ნაწარმი დაუგროვდათ დიდი რაოდენობით. ივანოვოდან მოსკოვამდე მიჰყვებოდა ეს სახელდახელო ბაზრობები ცენტრალურ ტრასას.

_ ჩვენ როგორ ავითვისებთ ამ პროდუქციას?

_ ავითვისებთ, თუ თანამედროვე მანქანა-დანადგარები გვექნება.

_ მკერავები, ოსტატები, რომლებიც წარმოების მოწინავენი იყვნენ? იმ ადამიანებმა დეკვალიფიკაცია ხომ არ მიიღეს?

_ კი. ოთხმოცდაათიანი წლებიდან დღემდე არ უმუშავიათ სპეციალობით. ოცი წელიწადი ცოტა არ არის.

_ არ გამოვიდა ისე, მიტინგებზე რომ გვარწმუნებდნენ, ჩაი და ციტრუსი, ბორჯომის წყალი გვაცხოვრებსო.

_ ვერ გვაცხოვრა. მიზეზთა მიზეზი კი ისაა, რომ თავის დროზე ჩვენი ეკონომიკა სხვა ლიანდაგზე იდგა _ გეგმიური სოციალისტური ეკონომიკის პრინციპებით ფუნქციონირებდა. ის სისტემა დაინგრა, შემცვლელი ვერ დაინერგა.

_ ესე იგი, რაც ბატონმა გიორგი გამცემლიძემ თქვა, რომ ჩვენი დარგი მომზადებული ვერ შეხვდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, მართალია.

_ ვერ შეხვდა მომზადებული, რასაკვირველია. ის პრობლემები რომ გადავლახოთ, რომლებზეც ვილაპარაკეთ, წრე რომ შეიკრას, ამას დრო სჭირდება. ამიტომ ის, რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ მეოთხე წელიწადი იქნება ჩვენთან ნამდვილად კარგი წელიწადი, მართალია.

რაც 20 წლის მანძილზე ინგრეოდა, უფრო ადრე ვერ აღვადგენთ. ეს უნდა გაითავისოს ჩვენმა მოსახლეობამ. საყვედურები, რომ ახალი მთავრობა დანაპირებს ვერ ასრულებს, ჩემი აზრით, ისეთივე პოპულისტურია, როგორც იმის დაპირება, რომ ორ წელიწადში ეკონომიკა ფეხზე დადგება.

_ გაიხსენეთ, თუ შეიძლება, იმ ძველ დროს რამდენი მანეთის პროდუქციას უშვებდით?

_ ფულადი გამოსახულებით, თვეში სულ ცოტა სამი მილიონი მანეთის პროდუქციას. ახლა ეს ეფემერული ჩანს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ პოტენცია არსებობს. აქვე ვიტყვი, რომ ეს პანაცეა არ არის: უნდა დავსხდეთ და კარგად გავთვალოთ ყველაფერი, ყველა პრობლემის გადაწყვეტის რეალური გზა მოვძებნოთ: კადრების, ნედლეულის, მანქანა-დანადგარების, ბაზრის საკითხები…

შემდეგ დაიწყება ყოველდღიური მძიმე სამუშაო.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here