Home რუბრიკები პოლიტიკა მერაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას ნივთიერი მტკიცებულებები ახალაიებმა მიაწოდეს

მერაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას ნივთიერი მტკიცებულებები ახალაიებმა მიაწოდეს

555

ვანო მერაბიშვილის დაკავებაში თანაგუნდელები პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ. მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი წმინდა სამართლებრივი პროცესია. ყოფილი პრემიერის დაკავებას აშშის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას პოლიტიკური შურისძიების სახე არ უნდა მიეცეს. «უფლებადამცველთა გაერთიანების» თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე თვლის, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება დემოკრატიის დასასრული არ არის. იგი 17 მაისის მოვლენებსაც აფასებს. მისი აზრით, ძალადობა ცუდია, მაგრამ პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო პროვოცირებული.

_ ეს რომ მოხდებოდა, ამაში თავად მერაბიშვილიც და «ნაციონალური მოძრაობაც» იყო დარწმუნებული. აქამდე რომ არ მოხდა ასე,  ესაა გაუგებარი… ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა მისი მისამართით. თუკი ამბობენ, რომ უდანაშაულოა და ბრალდებები არ არის სათანადო, მაშინ გასცეს პასუხი მართლმსაჯულებას. ჩვენ ვიცით, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ბევრი წარმომადგენელი იყო დაკავებული, მაგრამ გაათავისუფლეს; მაგალითად, კალანდაძე _ პროკურატურის შეცდომა იყო, რომ მას ბრალი არ წაუყენა იუსტიციის მინისტრმა. ამის გამო კალანდაძე გაათავისუფლეს. ვფიქრობ, რომ მათ ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

_ მოგეხსენებათ, «ნაციონალურმა მოძრაობამ» არჩევნებში დამარცხების გზით მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება «ქართულ ოცნებას». აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება პოლიტიკური პროცესია და არყევს დემოკრატიას

_ რეალურად ეს არ არის დემოკრატიის დასასრული. ჩემთვის გაუგებარია აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადება, რომელიც გაკეთდა დაკავების მომენტიდან მყისიერად. აშშ სერიოზულად აფათურებს ხელს საქართველოს საშინაო საქმეებში. აქამდე ხალხს ქუჩაში ხვრეტდნენ, ციხეებში აწამებდნენ და ერთი განცხადებაც არ ისმოდა.

პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობა ინდულგენცია არავისთვის არის. კიდევ უამრავი განცხადება გაკეთდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს _ იყოს ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება ან, როგორც ადრე იყო, გააგრძელოს დასავლური კურსი. ეს კურსი კი მიმართულია იქით, რომ მხოლოდ და მხოლოდ გატარდეს ის პოლიტიკა, რომელიც ხელს აძლევს ოკეანისგადაღმელ მეგობარს.

_ თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ ოქტომბრის შემდეგ, საგარეო მიმართულების თვალსაზრისით, სიტუაცია შეიცვალა და ქვეყანა ვითარდება ნაწილობრივ პრორუსული კუთხით

_  მასე არ არის. თუ გადავხედავთ კოალიციის შემადგენლობას, ვფიქრობ, რომ დასავლეთის გავლენა არის მკაფიო. სხვათა შორის, 17 მაისის აქციის დროს ხალხის მღელვარება გამოიწვია სწორედ კოალიციაში მოკალათებული ზოგიერთი პიროვნების უპასუხისმგებლო განცხადებებმა. როდესაც ვიღაცას ცემენ,  რა თქმა უნდა, დასაგმობია, ყველას უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ გააკეთეს ისეთი განცხადებები, რომლებმაც ხალხში გაღიზიანება გამოიწვია. სხვათა შორის, უსუფაშვილი ამბობს, რომ, ვინაიდან ადრეც ხდებოდა დარღვევები, უნდა შეიქმნას კომისია, რომელმაც უნდა განიხილოს უსამართლოდ გასამართლებულ პირთა საქმეები. კანონპროექტი უნდა გავიდეს ვენეციის კომისიაზე, არადა, ამის აუცილებლობა არ არის, რადგან ვენეციის კომისიაზე კონსტიტუციური კანონები მოწმდება. გამოდის, რომ ყველაფერი კეთდება დროის გასაწელად. არადა, ქართველი ხალხის მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა. ამერიკას ხელს აძლევს, ორბიტაზე დარჩეს რეანიმირებული «ნაციონალური მოძრაობა». ხდება ამ მოძრაობის ოდიოზური ფიგურებისგან გათავისუფლება. კარგად მოგეხსენებათ, 19 აპრილს სააკაშვილი რომ მივიდა მიტინგზე, რა რეაქცია მოჰყვა ამას მისი თანაგუნდელების მხრიდან…

_ ბატონო ნიკოლოზ, სწორედ მაგაზე უნდა გკითხოთ: მოგეხსენებათ, სააკაშვილი გაემიჯნა ახალაიებს, შესაძლებელია თუ არა, მერაბიშვილსაც გაემიჯნოს? ასეთ შემთხვევაში სხვა რეალობის წინაშე ხომ არ აღმოვჩნდებით, ანუ ყოფილი თანამდებობის პირები ალაპარაკდებიან სააკაშვილზე?

_ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა რომ შემოწმდეს, შესაძლოა, მისი სასამართლოს წინაშე წარდგომა გამოირიცხოს. ეს ადამიანი მოვლენებს ვერ აღიქვამს ისე, როგორც საჭიროა. როდესაც «ნაციონალური მოძრაობის» წევრები აცხადებენ, რომ მერაბიშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეზე ხორციელდებოდა ზეწოლა, მაშინ რაღა უნდა დავარქვათ პრეზიდენტის განცხადებას? მიმდინარეობდა სხდომა და იმ მომენტშივე მოუწოდა სასამართლოს, რომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ შეეფარდებინათ «დემოკრატიის შუქურისთვის». ფაქტობრივად, ზეწოლა განახორციელა. სააკაშვილი ყველას გაემიჯნება, ოღონდ საკუთარი თავი გადაირჩინოს, რადგან იცის, რომ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს. ერთი რამ იცოდეთ: ქართველი ხალხი ვერასდროს შეეგუება იმას, თუ სააკაშვილი არ გასამართლდება. იგია ყველაფრის შემოქმედი, რაც გაკეთდა. აქედან გამომდინარე, ვიღაცას თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ვანოზე გადატყდა ჯოხი და ამით დამთავრდება ყველაფერი, ასე არ მოხდება.

გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, გვაქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილზე ახალაიებმა მიაწოდეს გარკვეული ნივთიერი მტკიცებულებები გამოძიებას. კარგად მოგეხსენებათ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ახალაიამ რა განცხადებებიც გააკეთა… მან სირცხვილი დაარქვა მერაბიშვილის გვერდზე დგომას იმიტომ, რომ ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად, გაწირეს. აქედან გამომდინარე, თუ საჭიროა, სხვა წევრებიც მიაწვდიან ინფორმაციას, რომ თავი გადაირჩინონ.

_ 17 მაისის აქცია, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს იქნება აქტუალური, ამიტომ აუცილებლად უნდა გკითხოთ: ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა ამ დღეს. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს პროცესი რუსეთის მხრიდან მართულად შეაფასაასევე გამოითქვა მოსაზრებები უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ევროპული იდეა დასამარდაგავრცელდა დასავლელი პარტნიორების წერილები ამ ფაქტის დაგმობის კუთხით. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა?

_ მე, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ იმ ძალადობას, რომელიც საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მოხდა მსგავსი აქციების დროს, მაგრამ არც ერთი ქვეყნის საგარეო უწყება არ აკეთებს მსგავს განცხადებებს. რა თქმა უნდა, ძალადობას ვემიჯნები, მაგრამ, იცით, რაშია საქმე? რაც მოხდა, ეს იყო კოალიციაში არსებული პიროვნებების გაკეთებული გაცხადებების დამსახურება. თეა წულუკიანი, დავით უსუფაშვილი და სხვები შორს წავიდნენ იმ კუთხით, რომ იმაზე მეტი თქვეს, ვიდრე უნდა ეთქვათ და ამით გააღიზიანეს საქართველოს მოსახლეობა. არც ერთი ტელეეთერით სამღვდელოებას საზოგადოებისთვის არ მოუწოდებია, რომ გამოსულიყვნენ. ეს იყო სპონტანური აქცია. ხალხი მივიდა და ვერავინ შეაკავებდა. ასე რომ, რუსეთის მიერ მართულ აქციაზე საუბარი სისულელეა.

_ ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს. როგორ აფასებთ სასულიერო პირების მოქმედებებს და რამდენად კანონზომიერად მიგაჩნიათ მათი დასჯა?

_ თითო-ოროლა სასულიერო პირის ემოციური საქციელის გამო არ უნდა  მიეცხოს ჩირქი მთელ სამღვდელოებას. მოგეხსენებათ, რომ ბევრი განკვეთილიც არის. ეს იყო პროვოცირებული, რათა გაცილებით მეტი გრანტი გამოიყოს ლგბტ საზოგადოების მსგავსი ორგანიზაციებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული. როგორც «უფლებადამცველთა გაერთიანება», ყველას უფლებას დავიცავთ. პატრიარქი და ასევე ბატონი ბიძინაც წინააღმდეგი არიან პროპაგანდის, ამიტომ გამოითქვა უკმაყოფილება, თორემ განსხავებული ორიენტაციის ადამიანები საქართველოში ოდითგანვე იყვნენ და იქნებიან, მაგრამ ასეთი გამაღიზიანებელი სახით არ უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება. მათ შეეძლოთ სხვაგან შეკრებილიყვნენ. წმინდა ადგილებში ეს არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს შეურაცხყოფს ქრისტიანების რელიგიურ გრძნობას. პატრიარქმა ამიტომ მოუწოდა, არ ჩაეტარებინათ აქცია. ახლა ყველა ცდილობს, დაარტყას საპატრიარქოს და ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის დანგრევა სურთ. სოციალურ ქსელებში პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეგნებულად ავრცელებენ.

_ თქვენ ახსენეთ, რომ სიწმინდეებთან ახლოს მსგავსი სახის აქციები არ უნდა ტარდებოდეს. სააკაშვილმაც განაცხადა, რომ «ცალკე საკითხია ლგბტ საზოგადოების მხრიდან უნდა ჩატარებულიყო თუ არა ეს აქცია იმ ადგილას, სადაც ავღანეთში დაღუპულ გმირებს გლოვობდნენ». პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოეხმაურა ჩერგოლეიშვილი და განაცხადა, რომ შესაძლოა, დატოვოს «ნაცმოძრაობის» მხარდამჭერთა რიგები. უპირველესად, მაინტერესებს, რატომ გააკეთა პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება და ფიქრობთ თუ არა, რომ გუნდში სერიოზული აზრთა სხადასხვაობაა?

_ ამ ადამიანმა, შესაძლებელია, ხვალ თქვას, რომ სულითა და გულით ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და, უბრალოდ, «ნაციონალური მოძრაობის» მძევალი იყო. არაფერი უნდა გაგვიკვირდეს კაცისგან, რომელიც, ბოდიშით და, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებითა და საქართველოს იმიჯის შელახვითაა დაკავებული. ის, რომ უცხოეთის მხრიდან გარკვეული უარყოფითი განცადებები კეთდება, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ელჩების დამსახურებაცაა, რადგან იქ არ მიდის სათანადო მუშაობა. ეს ადამიანი ცდილობს, უარყოფითი ფონი შექმნას. დაპირისპირება არსებობს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ახალაიების მხრიდან. დარჩიაშვილმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია, რა განცხადებაც გააკეთა. ეს პროცესი იქნება თვალშისაცემი, როდესაც ლიდერების დაპატიმრება მოხდება, რღვევა გარდაუვალია, საერთოდ «ნაციონალური მოძრაობა», ფაქტობრივად, ჩაძირულია. ეს ადამიანები იმიტომ არ მივიდნენ სასამართლოზე, რომ მერაბიშვილზე გული შესტკივათ, არამედ იციან, რომ ხვალ და ზეგ ისინი იქნებიან მსგავს სიტუაციაში.

_ მოქალაქეების ნაწილმა, 17 მაისის მოვლენების გაპროტესტების მიზნითგაავრცელეს ელექტრონული პეტიცია, რომელსაც, მათი თქმით, 12 ათასამდე ადამიანი აწერს ხელს. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან, შესაძლოა თუ არა სამოქალაქო საზოგადოება სერიოზულ დაპირისპირებამდე მივიდეს?

_ ბატონ ბიძინას წინასაარჩევნოდ ჰქონდა დაპირება, რომ დაეხმარებოდა სამოქალაქო სექტორს. ის ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ ამ კუთხით, ძალიან დიდ დაფინანსებას იღებენ. დღეს ერთი და იგივე სახეებია არასამთავრობო სექტორში. მონოპოლიაა, ფაქტობრივად, ამ კუთხით. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდა მიეცეთ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ყოფა-ცხოვრებაში, მაგრამ მათ არ აქვთ დაფინანსება. დაფინანსების საკითხს კი, მოგეხსენებათ, ვინც წყვეტს… რეალურად  დღესდღეობით სიტუაცია იქით მიჰყავთ, რომ მთელი სამოქალაქო სექტორი ერთ აზრზეა. რა თქმა უნდა, ძალადობას ყველა ეწინააღმდეგება, მაგრამ, ერთ პოზიციას რომ აფიქსირებ, მეორის აზრიც უნდა გაითვალისწინო. სახალხო დამცველის არც ერთ ანგარიშში არ არის მართლმადიდებელთა უფლებების შელახვის ფაქტები დაფიქსირებული. არ არის სწორი, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ველურებად წარმოაჩენს. ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ როგორმე მოხდეს მოვლენების კიდევ უფრო მძაფრი ესკალაცია, რათა რაც შეიძლება მეტი გრანტები იქნას მიღებული. როდესაც გარყვნილი ქმედებების განხორციელება ხდება, ამით ილახება სხვა ადამიანების რწმენა. ადამიანი იძულებულია განახორციელოს ქმედებები, რომლებიც არ არის სწორი საქციელი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების ნიუანსებიც გასათვალისწინებელია _ რაში და როგორ იხარჯება ფული.

ესაუბრა

ანა ქევხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here