Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: ივანიშვილი ვაშინგტონის დაკრულზე ცეკვას თავს თუ არ დაანებებს, არჩევნებს მოიგებენ...

ვასილ ჭიჭინაძე: ივანიშვილი ვაშინგტონის დაკრულზე ცეკვას თავს თუ არ დაანებებს, არჩევნებს მოიგებენ კი არა, ბარიერს ვერ გადალახავენ

611

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.

_ ბატონო ვასილ, უკვე შვიდ თვეზე მეტი გავიდა ხელისუფლების შეცვლიდან და ივანიშვილის ოპონენტები ისევ შეუსრულებელ დაპირებებზე, გაყინულ ეკონომიკაზე, შემცირებულ ინვესტიციებსა და უმუშევართა რიცხვის კატასტროფულ ზრდაზე საუბრობენ. გასაგებია, რომ ასეთ მცირე დროში რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ პერსპექტივას მაინც თუ ხედავთ მომავლისთვის? რა მდგომარეობა გვაქვს და რას უნდა ველოდოთ?

_ წინასაარჩევნო პერიოდში ივანიშვილს არაერთი ამბიციური დაპირება ჰქონდა. მათ შორის გავიხსენებ ერთს: ისეთ დემოკრატიას ავაშენებთ, რომ დასავლეთში შეშურდებათო. მესმის, რომ, ერთის მხრივ, ამის შესრულება ასეთ მცირე დროში ძალიან ძნელია, მაგრამ პერსპექტივა ახსენეთ და რაღაც საწყისი წინაპირობა უნდა აქედანვე ჩანდეს, რომ შემდგომ ამ ყველაფერს განვითარება მიეცეს. ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანს და ხელშესახებს ვერ ვხედავ, ამიტომ სერიოზულ წარმატებებზე გამიჭირდება საუბარი, თუმცა მთავარი პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, მოგვარდა _ მოსახლეობაში შიშის განცდა და წნეხი აღარ არის.

რაც შეეხება მეორე მთავარ დაპირებას, ეს იყო სოფლის მეურნეობის დახმარება და განვითარება. რასაც დღესდღეობით ვხედავ, რაღაც-რაღაცები ნამდვილად კეთდება; მისასალმებელია, რომ გლეხებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევენ, მაგრამ აქ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია: გასაღების ბაზარი. უიმისოდ რაც არ უნდა სუბსიდიები გამოიყოს ამ მიმართულებისთვის და რაც უნდა პრიორიტეტად გამოაცხადო სოფლის მეურნეობა, წინ ვერ წახვალ, აქედან გამომდინარე, ახლა ჩემთვის მთავარია, სად მოახდენს ხელისუფლება პროდუქციის რეალიზებას. მე ვთვლი, რომ ჩვენთვის უალტერნატივოა რუსეთის ბაზარი, ამიტომ ეს ორი საკითხი ერთ ჭრილში უნდა განიხილებოდეს; ანუ რას ვგულისხმობ: პრიორიტეტია სოფლის მეურნეობა? _ პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაც და ამისთვის კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

_ ამ საკითხს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ მანამდე 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე მინდა გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, რა მოხდა რეალურად? უამრავი შეფასება კეთდება.

_ ეს შეფასებები როგორია, იცით? მექოთნე რომ ქოთანს ყურს ხან აქეთ გამოაბამს, ხან იქით. მთავარი კი სულ სხვა რამაა, მთავარია, რა მიიღო საზოგადოებამ და ქვეყანამ. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ პირველი სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ამ ე. წ. ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერებს აქციის ჩატარების ნება დართო. არადა, მას ჰქონდა სრული საფუძველი იმისთვის, რომ საპირისპირო გადაწყვეტილება მიეღო. საფუძველში რას ვგულისხმობ: შენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, საუბარია სულ ცოტა 90-95%-ზე, მიიჩნევს, რომ ეს არის პროპაგანდა და არ უნდა ჩატარდეს. ასე ფიქრობს სამღვდელოებაც. გარდა ამისა, არანაირი აუცილებლობა მსგავსი ღონისძიების ჩატარებისა, არ არსებობს, არავინ აქ არავის ჩაგრავს და ქუჩაში არ დასდევს. კი, ბატონო, ვიღაც იტყვის, რომ იქ ევროკავშირს უნდა გავუწიოთ ანგარიში, იქ ნატოა და დემოკრატიული ფასეულობების საკითხი დგას, მაგრამ ერთი რამ გამაგებინეთ:

ნატო და ევროკავშირი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის თუ საზოგადოების აზრი? არჩევნების დროს სულ სხვა ხმაზე ჭიკჭიკებენ ხოლმე, ანდა არ შეიძლებოდა, ის აქცია სადმე სხვაგან ჩაეტარებინათ, ვთქვათ, გარეუბანში? არა, ჯიუტად გამოვიდნენ რუსთაველზე, ჰოდა, გაივლო წითელი ხაზი _ აქეთ იდგა 90 პროცენტი საზოგადოების, იქით _ 10%, აი, იმ 10%-ში იყო ეს შენი დღევანდელი ხელისუფლება.

_ თქვენი აზრით, 17 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა ხალხი ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განაწყო?

_ მეტსაც გეტყვით, კიდევ ერთი-ორი მსგავსი მოქმედება ხელისუფლების მხრიდან, რაც 17 მაისს ვნახეთ და «ქართულ ოცნებას» იმის ნახევარი ნდობა აღარ ექნება საზოგადოებაში, რაც დღეს აქვს. მე არ ვიცი, ისინი ხვდებიან ამას თუ არა, მაგრამ, თუ ოდნავ მაინც აინტერესებს ხალხის აზრი და სწავლობენ, რას ფიქრობს მოსახლეობა, მაშინ ამის დანახვა ძალიან ადვილია.

_ თქვენ ევროკავშირი და ნატო ახსენეთ, არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის და მთლიანად მმართველი გუნდის პოზიცია ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ აღნიშნული ორგანიზაციების მესვეურთა მხრიდან წამოსული წნეხით იყოს განპირობებული?

_ ამასთან დაკავშირებით ჩემი მკაფიო პოზიცია გამაჩნია და ნამდვილად არ მერიდება ამაზე ხმამაღლა საუბარი; ცხადია, ჩვენ ყველა წინააღმდეგი ვართ ძალადობის, მაგრამ, თუ ევროკავშირში შესვლის აუცილებელი პირობა ის არის, რომ ქართველმა კაცებმა ტანგა ტრუსიკებით იარონ, კაცი კაცთან დაწვეს და ქალი _ ქალთან, მაშინ ეგეთი ევროკავშირი მე არ მინდა.

_ გამოითქვა მოსაზრება, რომ 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო «ნაციონალური მოძრაობის» მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომ ამით ხელისუფლების დისკრედიტება მოეხდინა. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს?

_ რად უნდა ამას ბევრი ფიქრი, ცხადია, პროვოკაცია იყო. სხვა რა გზა დარჩა დღეს «ნაციონალურ მოძრაობას»?! მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ხელისუფლების უფრო გამკვირვებია, რომ იძახიან, 2008-ში სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგოო, შენ რატომ წამოეგე ამ პროვოკაციას?! ბოკერია და ჩერგოლეიშვილი რომ გაჯობებს ჭკუით, რა უნდა ილაპარაკო საერთოდ.

_ რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, რაზეც დასაწყისში საუბრობდით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გამოაცხადა ეს ერთერთ პრიორიტეტად, მაგრამ მთავრობის შეცვლიდან შვიდი თვის თავზე არა თუ შედეგი, პერსპექტივაც არ ჩანს იმისა, რომ ახლო მომავალში ორი ქვეყნის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურად მოქმედებს დღეს მმართველი გუნდი ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

_ ჩემი აზრით, ამ მთავრობის ყველაზე დიდი ნაკლი არის არაკოორდინირებული მუშაობა იმ ოპოზიციასთან, რომელიც დღეს არაა პარლამენტში, მაგრამ რუსეთთან აქვს კარგი ურთიერთობები. თუ გახსოვთ, ღვინის ექსპორტზე კუკავამ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ლაპარაკი. მერე ეს კუკავა ჩამოაშორეს ამ პროცესს და თვითონ დაიწყეს მოლაპარაკება. რა გაკეთდა? ვერაფერს მიაღწიეს. ასეთი მიდგომაა ზუსტად დამღუპველი და ხელისშემშლელი, მაგრამ, რასაც ვაკვირდები, ახალი ხელისუფლებაც იმავეს აკეთებს, რასაც წინამორბედი შვებოდა…

_ გასაგებია, მაგრამ რუსულ გავლენიან პოლიტიკურ წრეებთან ჩვენს ოპოზიციურ სპექტრში თითქმის არავის აქვს კავშირები.

_ არიან ქართველები, რომლებსაც ძალიან დიდი საქმეების კეთება შეუძლიათ. იმავე ალექსანდრე ჭაჭიაზე რომ ვილაპარაკოთ, რატომ არ იყენებენ ამ კაცს, ვერ გამიგია. რა უბედურებაა ეს, რა დაპირისპირებაა?! რატომ არ შეიძლება ამ ხალხის გამოყენება? რა გვჭირს ამ ქართველებს, ვერ გამიგია!

_ თქვენი აზრით, თვითონ ხელისუფლებას არ აქვს რუსეთთან დიალოგისთვის საკმარისი რესურსი?

_ ხელისუფლებას არა თუ რესურსი არ ჰყოფნის, კოალიციაში ერთი-ორი ისეთი სუბიექტია, რომლის გახსენებაზეც კრემლში შეიძლება გამოაყაროთ. ამიტომ სჭირდებათ მათ სხვა ძალების ჩართვა. ამასთან, უნდა დამთავრდეს ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც სააკაშვილის დროს დაიწყო _ ყველაფერი ცუდი რუსეთის ბრალია. საერთოდ, ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ დამოუკიდებლობიდან დღემდე ყველა ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობდა რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას.

ეს ყველანაირად მომგებიანია, _ დაკარგავ ტერიტორიას? _ რუსეთს დააბრალებ, აგიჯანყდება ხალხი? _ რუსეთის აგენტად გამოაცხადებ, ანუ უნივერსალური პოლიტიკური ბერკეტია, მაგრამ ამ დროს ქვეყნის ინტერესები რომ ილახება და სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, არავის ადარდებს.

_ რაც შეეხება ახალი ხელისუფლების პოლიტიკას, ივანიშვილმა ერთერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის შეძლებს ნატოსა და ევროკავშირში შესვლასაც და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებასაც. თქვენი აზრით, შეიძლება პოლიტიკური გამოუცდელობით ავხსნათ ასეთი განცხადება თუ რეალურია ეს ყველაფერი?

_ ეს არის ბლეფი. მე არ ვიცი, ბიძინას საიდან და რატომ აქვს ასეთი რწმენა, მაგრამ რუსეთი რომ თავის საზღვრებთან ნატოს ჯარების განლაგებას დაუშვებს, ეს, როგორც ორჯერ ორი ოთხი, ისეა.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, არსებობს შიდა წინააღმდეგობები, ანუ რას ვგულისხმობ, _ ჩვენი საზოგადოება არასოდეს წავა იმაზე, რასაც ამ ორგანიზაციების _ ევროკავშირისა და ნატოს წევრობა მოითხოვს. აგერ ხომ ხედავთ, უკვე პირდაპირ გვეუბნებიან, თუ გინდათ, მიგიღოთ, მაშინ ჩაატარეთ ჰომოსექსუალების აღლუმიო. მომავალში დარწმუნებული ვარ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასაც მოგვთხოვენ და უარესსაც. გამოვიდა ივანიშვილი და განაცხადა, ჯერ ჩვენი საზოგადოება არაა ამისთვის მზადო. რას ნიშნავს ჯერ? ესე იგი შეიძლება ერთ-ორ წელიწადში ვიყოთ ამაზე თანახმა?! მე არ მინდა ასეთი ქვეყანა, არ მჭირდება ისეთი საქართველო, კაცი კაცთან რომ დაწვება და ქალი _ ქალთან…

_ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატზეც გკითხავთ, რადგან ხელისუფლებამ ერთერთ პრიორიტეტად აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან ურთიერთობის მოგვარება გამოაცხადა, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ფუნქციაც უშუალოდ მომავალი პრეზიდენტის პრეროგატივა უნდა იყოს? როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაფერისია ამისთვის მარგველაშვილი?

_ არ ვიცნობ პირადად კოალიციის კანდიდატს და არც მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე მსმენია რამე ისეთი მნიშვნელოვანი, რითაც შეიძლება შეფასება გაკეთდეს, მაგრამ მთავარი სხვა რამეა; მთავარია, ამ კანდიდატურის წამოყენებით რა სიგნალს აძლევს ხელისუფლება, კერძოდ ბიძინა ივანიშვილი გარესამყაროს, განსაკუთრებით რუსეთს. ამაზე უფრო კონკრეტული საუბარი შესაძლებელი მას შემდეგ იქნება, როცა რუსული მხარისგანაც მოვისმენთ შეფასებებს, თუმცა კრემლი ჯერჯერობით აბსოლუტურად ინერტულია საქართველოსთან მიმართებაში და, ჩემი აზრით, ეს მათი სწორი დიპლომატიის კიდევ ერთი გამოვლინებაა. სწორი იმიტომ, რომ სვლა ჩვენია და ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი რომელიმე მიმართულებით, ან იქით, ან _ აქეთ. რაც შეეხება აფხაზეთსა და ოსეთს, ცხადია, აქ ბევრად მეტი სიფრთხილე და ნაწილობრივ კონკრეტიკაცაა საჭირო.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, სჯობდა, ივანიშვილს თვითონ დაეყენებინა საკუთარი თავი კანდიდატად ან ვინმე ისეთი მოეყვანა, ვისაც განდგომილი რეგიონები უფრო თავისუფლად დაუჯდებოდა მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ვთქვათ, იგივე ალექსანდრე ჭაჭია, რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი, ძალიან კარგი კანდიდატი იქნებოდა. მას დიდ პატივს სცემენ აფხაზებიც და რუსეთის გავლენიანი პოლიტიკური წრეებიც.

_ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი უკვე დასახელებულია. თქვენი აზრით, ვინ იქნება მარგველაშვილის რეალური კონკურენტი?

_ ზუსტად ესაა მთავარი. იმის თქმა მინდა, რომ რომელიმე პარტია, ცხადია, «ნაცმოძრაობას» არ ვგულისხმობ, ღირსეულ კანდიდატს დააყენებს, მარგველაშვილს არ ექნება არანაირი უპირატესობა. გარდა ამისა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ემოციური ფონი და ის ეიფორია, რომელიც იყო 1 ოქტომბერს, უკვე აღარ არის. ახლა საზოგადოება ცივი გონებით აკეთებს არჩევანს; ასე რომ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

_ ბევრ რამეს, ალბათ, ის განცხადებებიც შეცვლის, რომელიც 17 მაისის მოვლენების შემდეგ გააკეთა უმრავლესობამ.

_ მეტსაც გეტყვით, თუ ივანიშვილი ცოტა აზრზე არ მოვიდა და ვაშინგტონის დაკრულზე ცეკვას თავი არ დაანება, არჩევნებს მოიგებენ კი არა, შეიძლება, ბარიერი ვერ გადალახონ. მე ვნახე ამასწინათ დედაენის ბაღში რა ტრანსპარანტები ეჭირათ ადამიანებს, ეს იყო ყვითელი ბარათი ხელისუფლებისთვის. თუ მოვლენ გონს, ჯერ მათ, რა თქმა უნდა, ყველაფერი წინ აქვთ, თუ არა და, ხალხი რომ ერთხელ ხელს დაგიქნევს, მერე მაგას უსუფაშვილ-ხიდაშელის ორატორობა და ბერძენიშვილების «სიბრძნე» ვერ უშველის. ამის ნათელი მაგალითი სააკაშვილის რეჟიმია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ბატონ ბიძინას მეორე თავი რომ გამოებმება მხოლოდ მაშინ თუ ეტყვის უარს ვაშინგტონს,მაგრამ აწყობს კიი? რა მიამიტობაა.

  2. ვინ მისცემს ამის უფლებას,ძმებს ვერ-არ უღალატებს,არადა ჩოდვაა,”.ამ ქვეყნის მთავარი განკითხულია”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here