Home რუბრიკები საზოგადოება სამარცხვინო ფურცელი და ანტიეროვნული ქმედება ანასეულის ინსტიტუტის ისტორიაში

სამარცხვინო ფურცელი და ანტიეროვნული ქმედება ანასეულის ინსტიტუტის ისტორიაში

660

ყოველკვირეულ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს»  მთავარ რედაქტორს, ბატონ ირაკლი თოდუას

ღრმად პატივცემულო, ბატონო ირაკლი!

გიგზავნით წერილს, რომელიც არსობრივად წარმოადგენს თქვენი გაზეთის .. #13-ში რუბრიკით «კახა ბენდუქიძე _ აგრარული სექტორის მესაფლავე» გამოქვეყნებული პუბლიკაციების გაგრძელებას, რომელშიც, ფაქტობრივად, ნაჩვენებია ერთერთი, მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო ცენტრის განადგურების მექანიზმი.

გთხოვთ გამოაქვეყნოთ.

ღრმა პატივისცემით,

. ქუთათელაძე, . ჭოლაძე

«რეფორმის» ნაცვლად უსამართლობის პრეზენტაცია, ინსტიტუტის ნაცვლად _ ბუტაფორია, ჩაის დარგის ხელშეწყობისა და ახლებურად განვითარების ნაცვლად _ აბსურდული განადგურება.

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის შედეგად ათეული წლების განმავლობაში წარმატებით წყდებოდა ყველა ის პრობლემა, რომლებიც დაკავშირებული იყო ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის განვითარებასთან საქართველოში, კრასნოდარის მხარესა და აზერბაიჯანში. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან კი მკვეთრად გაიზარდა ჩაის წარმოება უხეში ნედლეულის კრეფის შედეგად და გაუარესდა ხარისხი, ხოლო 90-იანი წლებიდან, ცნობილი მიზეზების გამო, მთლიანად მოიშალა _ განადგურდა ჩაის დარგის ინფრასტრუქტურა.

ჩაის ქვეყანაში ჩვენს მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა ჩაი, რომელიც თავისი თვისებებით უნიკალური პროდუქტია, ენატრება. ასეთი ჩაის 1 კგ-ის ფასი 20 ლარია, წლიური მოთხოვნა კი ადგილობრივ ბაზარზე 1500-2000 ტონაა, მაგრამ დეფიციტურია. ოფიციალური მონაცემებით, ჩაის წარმოებას ავითარებენ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებშიც ამისათვის მინიმალური ბუნებრივი პირობებია, ჩვენთან კი პირიქითაა. სამაგიეროდ, ბაზარი გაჯერებულია უცხოური ფირმების ფალსიფიცირებული, ხელოვნური საღებავებით შეფერილი და ჯანმრთელობისთვის მავნე ჩაის პროდუქციით. ასეთებია, აგრეთვე, ერთჯერადი მოხმარების «ქართული ბრენდები».

ბოლო წლებში ე. წ. რეფორმის ჩატარებამდე ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო მაღალეფექტური მცირეგაბარიტიანი მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების შექმნა ჩაის დარგში მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით. ამ მიმართულებით გრძელდებოდა მუშაობა ინსტიტუტის გამოცდილი სპეციალისტების მიერ ისეთი ნოვაციური პროექტების დასამუშავებლად, რომლებიც კომერციულად ყველაზე უფრო მისაღებია სუბტროპიკული ზონისთვის. ჩვენი პირობებისთვის ალტერნატიული და ყველაზე მისაღები ჩაის გაშენებისა და წარმოების განვითარების ნოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და ამოქმედებისთვის საჭიროა ღრმა ცოდნა, პრაქტიკული, მეცნიერული და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გამოყენება, რომელთა გასაჯაროებისგან ამჯერად თავს ვიკავებთ.

ინსტიტუტს ნამდვილად გააჩნდა სათანადო სამეცნიერო პოტენციალი, ტექნიკური ბაზა და კადრები, მაგრამ ყველაფერი მოიშალა. განხორციელდა, პირდაპირი გაგებით, ბარბაროსული, ძალადობრივი, თაღლითური და ცინიკური მეთოდებით ინსტიტუტის თანამშრომლების უფლებების ფეხქვეშ გათელვა და შეურაცხყოფა ასეთი სქემით: ჯერ იყო და 2011 წელს მთავრობის შენიღბული, ფარული დავალებით და კახა ბენდუქიძის მხარდაჭერით ჩაის ინსტიტუტი სხვა დარგობრივ ინსტიტუტებთან ერთად გამოიყვანეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან, შეუერთეს აგროუნივერსიტეტს და გამოაცხადეს, როგორც აიპ (არასამეწარმეო იურიდიული პირი). აქვე გამოაცხადეს, რომ ჩატარდებოდა ატესტაცია, შეამცირებდნენ სამეცნიერო ხარისხის არმქონე მუშაკებს და გაიზრდებოდა ატესტაციაგავლილი მუშაკების ხელფასები.

სინამდვილეში ეს იყო ფარსი. პრაქტიკულად აქედან დაიწყო ინსტიტუტის მიზანმიმართული ნგრევაგანადგურება. ინსტიტუტში გაუქმდა სამეცნიერო საბჭო, მთლიანად შემცირდა სამმართველო აპარატი. ამავე პერიოდში . ბენდუქიძის მიერ გამოცხადდა, რომ საჭირო იყო დარგობრივი ინსტიტუტების რეორგანიზაცია და ესეც ჩაატარეს. მისი ძალისხმევით აგროუნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი (. ჯავახიშვილი) გადააყენეს და მის ნაცვლად მოიყვანეს სოფლის მეურნეობის არმცოდნე და არაკომპეტენტური პიროვნება ლაშა გოცირიძე; შემდეგ, 2011 წლის აგვისტოში ინსტიტუტის 60-ზე მეტი თანამშრომელი ჩაგვიყვანეს თბილისში (საკუთარი ხარჯით) და შეგვახვედრეს აგროუნივერსიტეტის სრულიად არაკომპეტენტურ სამწევრიან კომისიას 5-10-წუთიან გასაუბრებაზე. შემდეგ სრულიად დაუსაბუთებლად და თავხედურად სამუშაოდან გაგვათავისუფლეს 34 თანამშრომელი (ბრძანება #04101336 05.09.2011); მათ შორის _ 23 სამეცნიერო ხარისხის მქონე.

დაიხურა ინსტიტუტის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები: ჩაის ტექნოლოგიის, მექანიზაციის, ბიოქიმიის, ახალი სახის პროდუქციის და სხვ. ეს მოხდა უხეში კანონდარღვევით. არ გამოცხადებულა და არ ჩატარებულა კონკურსი. რომელი კანონმდებლობით ჩაატარა კ. ბენდუქიძე-ლ. გოცირიძის კომისიამ ეს მოჩვენებითი სპექტაკლი-ფარსი და თვალთმაქცური «რეფორმა», რომელი კრიტერიუმებით განსაჯეს და შეაფასეს ინსტიტუტის თანამშრომელთა საქმიანობა, ჩვენთვის დღემდე უცნობია. ასევე უცნობია კომისიის წევრების ვინაობა, მათი განათლება, სპეციალობა, აკადემიური ხარისხი და კომპეტენტურობა. არც ერთი «კომისიის» წევრი არ იყო სპეციალისტი. გასაუბრების დროს ერთ-ერთი «კომისიის» წევრი ერთობოდა კომპიუტერული თამაშებით. აღსანიშნავია, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი (მაგ. თევზაძე) ღიად აცხადებდა, რომ «ჩვენ არ გვესმის სუბტროპიკული კულტურები, არ გვაინტერესებს დარგის განვითარების პრობლემები და აქამდე ჩატარებული მუშაობის შედეგებიო».

ფაქტობრივად, ეს იყო უსუსური, ზერელე, უპასუხისმგებლო კომისია და დაკვეთით შესრულებული ძალადობისა და უსამართლობის გზით ჩვენი უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მეცნიერების გენოციდი.

ფაქტობრივად, ინსტიტუტი გახადეს ვიწროეგოისტური და კარჩაკეტილი კერძო დუქანი, რომელშიც კანონი და სამართალი არ არსებობს. ახლანდელი სახით ინსტიტუტმა სათანადო სამეცნიერო ინტელექტუალური რესურსის უქონლობის გამო დაკარგა ფუნქცია და არის უმოქმედო ანუ ბუტაფორია.

ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს გავიხსენებთ _ «ასე გაანადგურა და მიწასთან გაასწორა მეცნიერება «ნაციონალურმა მოძრაობამ». აღსანიშნავია, რომ თუ სხვა დარგობრივ ინსტიტუტებში შეამცირეს თანამშრომელთა 20-25%, ანასეულში ეს ბედი 60-62%-მა გაიზიარა. კ. ბენდუქიძემ ისიც «მოახერხა», რომ ინსტიტუტის კუთვნილი ჩაქვის ფილიალი, სადაც დღემდე დაცულია უნიკალური ექსპერიმენტული და სასელექციო ბაზები, სანაპირო ზოლში მიწის ნაკვეთით (130 ჰექტარი), რომლის საბაზო ღირებულება შეადგენს 8 მილიონ დოლარს, უშუალო დაქვემდებარებაში გაიფორმა თავისი სასტუმროთი.

კ. ბენდუქიძემ ათეულობით მაღალკვალიფიციური სპეციალისტი უმუშევარი დატოვა, ძაღლებივით ქუჩაში გაგვყარა, მორალური შეურაცხყოფა და მატერიალური ზარალი მოგვაყენა. ამ ანტიეროვნულ საქმიანობას დღესაც აგრძელებენ. თავის სატელევიზიო გამოსვლებში კ. ბენდუქიძე და ლ. გოცირიძე აცხადებენ, რომ მათ ჩაატარეს მეცნიერ-მუშაკების შერჩევა გასაუბრების წესით და გამოარჩიეს ისეთი მეცნიერები, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ლექციების წაკითხვა, ისე კვლევების ჩატარება. ის მუშაკები კი, რომლებმაც თავი ვერ წარმოაჩინეს, როგორც ლექტორებმა ან მკვლევარებმა, განთავისუფლებულ იქნენ (2.11.2012, «რუსთავი 2», 21 საათი). მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სრული სიცრუე. აი, სანამდე მიდის თაღლითებისა და მატყუარების თავგასულობა. ასეთი ადამიანების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს და გვჯერა, რომ დაიწვება კიდეც. ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია შეამოწმოს, ვინ დატოვეს ინსტიტუტში და ვინ გაუშვეს. ასევე, აგროუნივერსიტეტის მესვეურების განცხადებით, ისინი აფინანსებენ დარგობრივი ინსტიტუტების საგრანტო პროექტებს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს არის მოჩვენებითი, ყალბი და თითიდან გამოწოვილი, ნულოვანი შედეგების მქონე პროექტები, რომლებსაც არავითარი სარგებლობა (დადებითი ეფექტი) არ მოაქვს სოფლის მეურნეობის პრობლემების გადასაწყვეტად.

და ისევ ისმის კითხვა _ რამდენად სამართლიანია . ბენდუქიძის და . გოცირიძის ქმედება, რომლებმაც სამეცნიერო დაწესებულებიდან გაყარეს რამდენიმე ასეული კვალიფიციური, დარგის მცოდნე და პროფესიონალი მეცნიერმუშაკი? ჩვენი მოთხოვნაა, გაუქმდეს აგროუნივერსიტეტის უკანონო ბრძანება, ანასეულის ინსტიტუტი გადავიდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომ მან შეძლოს ახალ სადღეისო პროექტებში აქტიურად ჩართვა, აღდგენილ იქნას განთავისუფლებული მეცნიერმუშაკები, ჩატარდეს ატესტაცია დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით. ჩვენი დიდი სურვილია, დაგვაბრუნონ ინსტიტუტში გარკვეული დროით მაინც, რომ შევძლოთ ნოვაციური წინადადებების განხორციელება დარგის ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. იმედს ვიტოვებთ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს, რომლისთვისაც ასე თავგამოდებით იბრძვის ახლანდელი მთავრობა 2012 წლის ოქტომბრიდან.

ლევან ქუთათელაძე,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ატესტირებული უფროსი მეცნიერმუშაკი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი;

ინგუშ ჭოლაძე,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ატესტირებული უფროსი მეცნიერმუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ლაურეატი, გამომგონებელი

მაისი, 2013 წელი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here