Home რუბრიკები საზოგადოება გელა ლეჟავა: ნარკომანთა რაოდენობა საქართველოში 20 პროცენტით გაიზარდა

გელა ლეჟავა: ნარკომანთა რაოდენობა საქართველოში 20 პროცენტით გაიზარდა

1038

«საქართველო და მსოფლიოს» დღევანდელი სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტინარკოლოგი გელა ლეჟავა. ჩვენმა მკითხველებმა, რა თქმა უნდა, იციან, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს ნარკომანიასთან დაკავშირებულ კანონპროექტს. სჯაბაასი საკმაოდ მწვავეა, პოზიციები _ ხშირად დაპირისპირებული, უწინარეს ყოვლისა, ნარკომანიის ლეგალიზაციასა და დეკრიმინალიზაციაზე.

_ ბატონო გელა, ორმოციოდე წლის წინათ, როცა საქართველოში ამ სოციალური სენის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, ნარკომანია თუ ნარკომანობა დანაშაულად ითვლებოდა. ახლა რა ხდება?

_ დავაზუსტოთ: ნარკომანია ყოველთვის დაავადება იყო, ამიტომ ავადმყოფი _ ნარკომანი ყოველთვის საჭიროებდა მკურნალობას.

სხვა საკითხია ნარკოტიკის შეძენა «შავ ბაზარზე». ეს იყო და რჩება კრიმინალურ ქმედებად, ამიტომ პირი ისჯებოდა ნარკოტიკის შეძენისთვის, შენახვისთვის, გადატანისთვის და ა. შ. და არა იმისთვის, რომ ავადმყოფი იყო.

ეს უნდა განვასხვავოთ.

აქ არის გარკვეული წინააღმდეგობა, მაგრამ ასეა მიჩნეული მთელ მსოფლიოში.

_ დამეთანხმეთ, რომ საზოგადოებრივ შეგნებაში ნარკომანია დანაშაულთანაა გაიგივებული.

_ კი, ასეა.

_ მაშასადამე, ნარკომანიისადმი საზოგადოებრივი დამოკიდებულების ერთგვარი ჰუმანიზაცია ნიშნავს უკანდახევას?

_ მრავალწლიანმა პრაქტიკამ საქართველოსა და მთელ მსოფლიოში გვიჩვენა, რომ ნარკომანია არ არის ისეთი სოციალური სენი, რომლის დამარცხება შეიძლება იურიდიული მეთოდებით: დაპატიმრება, საჯარიმო სანქციები და ა.შ. ბევრ შემთხვევაში მკურნალობა უფრო ეფექტიანია, ვიდრე დასჯა.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ნარკომანებს, როგორც წესი, ქართულად რომ ვთქვათ, წამალდამოკიდებულებს მკურნალობა არ სურთ. ამიტომ მთელ მსოფლიოში დანერგილია მთელი რიგი სისტემებისა, რათა ნარკომანი აიძულონ, იმკურნალოს. ლაპარაკია წამალდამოკიდებულზე, ანუ ავადმყოფზე. მაგრამ ამათ გარდა არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც გასართობად იყენებენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ისინი ჯერ ავადმყოფები არ არიან.

_ აბა, კრიმინალი სადღაა?

_ კრიმინალი, ყველა შემთხვევაში, ბევრ სახელმწიფოში და, მათ შორის, საქართველოში, არის, როცა პირი ყიდულობს, ინახავს, გადააქვს, ყიდის ნარკოტიკს.

დღეს ამ მიმართულებით მიმდინარეობს სერიოზული მსჯელობა, უკვე არსებობს ორი კანონპროექტი, მათგან ერთის, რომელიც უკვე შეტანილია პარლამენტში, ავტორი მეცა ვარ. ამ კანონპროექტში ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა განხორციელდეს მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებებისა, რომელთა ერთ-ერთი შემადგენელია დეკრიმინალიზაცია. ლაპარაკია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნაზე (ანაშის, მარიხუანის შემთხვევაში) იმ პირების მიმართ, რომლებიც შეიძენენ (მარიხუანას, ანაშას) პირადი მოხმარების მიზნით. სასჯელის სიმძიმე გადავა ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე, რაც გულისხმობს ჯარიმებს, ადმინისტრაციულ პატიმრობას (შეიძლება, ორ თვემდე), ავტომანქანის მართვის უფლების, საზღვარგარეთის პასპორტის ჩამორთმევას, მოთხოვნას _ ყოველ მესამე დღეს გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში შარდის ანალიზის ჩასაბარებლად ქიმიური ანალიზისთვის, ზოგიერთ ქვეყანაში შინა პატიმრობაც არის გამოყენებული და ა.შ. მოკლედ, ღონისძიებების მთელი კომპლექსია.

_ მომხმარებლის მიმართ?

_ დიახ, მომხმარებელზეა ლაპარაკი. მართალია, მას, ასე ვთქვათ, ციხეში არ სვამენ, მაგრამ ზემოქმედება მასზე იმდენად ძლიერია, რომ მან (ამ ზეწოლამ), თუ იგი უკვე ავადმყოფი არ არის, მიიყვანოს დასკვნამდე: არ ღირს ამდენ წვალებად, ამდენ უსიამოვნებად ეს საეჭვო სიამოვნება.

ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა, მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, ადეკვატურად დავსაჯოთ ასეთი პირები. ეს ერთი. უნდა გაიზარდოს ნარკოტიკების პრობლემასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება, რადგან უნდა გაიზარდოს იმ დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც გააკონტროლებენ ამ მიმართულებას. აუცილებლად უნდა დაიწყოს ჩვენს სკოლებში რეალური პროფილაქტიკური და არა მოჩვენებითი საქმიანობა. ეს და კიდევ მთელი რიგი სხვა ღონისძიებებისა, ვერ განხორციელდება შესაბამისი დაფინანსების გარეშე.

_ ისევ ფული?

_ დიახ, მაგრამ _ არა მარტო: თუ არ გამოიყოფა თანხები, თუ არ მოხდება ადმინისტრაციული ცვლილებები და მხოლოდ დეკრიმინალიზაცია მოხდება, აუცილებლად მივიღებთ სიტუაციის მძაფრ გაუარესებას.

ხაზგასმით ვიტყვი: დეკრიმინალიზაცია დასაშვებია მხოლოდ როგორც ღონისძიებათა კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

_ ლეგალიზაცია?

_ ლეგალიზაცია არ ნიშნავს ნარკოტიკული ნივთიერებების ლობიოსავით თავისუფლად ყიდვასა და გაყიდვას. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. ფაქტობრივად, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი ლეგალიზაცია. ყველგან აკრძალული ქმედებაა და იმისდა მიხედვით, რომელ ქვეყანაში ხდება და როგორ პიროვნებასთან გვაქვს საქმე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაცაა შენარჩუნებული, მაგრამ ძალიან იშვიათად გამოიყენება _ ასი შემთხვევიდან ორში. სამაგიეროდ ადმინისტრაციული სამართლის მთელი გამაა ამოქმედებული და _ ჯარიმები.

_ ესე იგი, სჯიან?

_ ფაქტრობრივად, ყველა ქვეყანაში დასჯადია.

_ აბა, ჰოლანდია?

_ რახან ჰოლანდია ახსენეთ, შემდეგ თემაზე უნდა გადავიდეთ.

ჰოლანდიაში, ჯერ ერთი, სრული თავისუფლება არ არის. ამ ქვეყნის ქალაქების 70 პროცენტში არის ნულოვანი ტოლერანტობა მარიხუანის მომხმარებელთა მიმართ. ეს ერთი.

მეორე. მთელმა ევროპამ ატეხა განგაში ჰოლანდიის მიმართ იმის გამო, რომ იქ თავისუფლად შეიძლება ნარკოტიკის ყიდვა. შედეგად ჰოლანდიაში გამოიცა კანონი თუ აკრძალვა უცხოელი ტურისტისთვის ნარკოტიკის მიყიდვის შესახებ.

მესამე. მარიხუანის ყიდვა და მოწევა შეიძლება მხოლოდ გარკვეულ კაფეებში (ძირითადად, ამსტერდამზეა ლაპარაკი). თუ დადგენილ წესებს დაარღვევ მეორედ, მესამედ _ შეიძლება, სამ წლამდე ციხეც მოგისაჯონ. ისე არ არის საქმე, როგორც ზოგიერთებს ჰგონია.

მეოთხე. ამ ლიბერალურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ მდიდარმა ჰოლანდიელებმა დიდ სარდაფებში დაიწყეს უფრო მეტი ნარკოტიკის შემცველობის მარიხუანის ახალ-ახალი ჯიშების გამოყვანა.

ამის გამოსავლენად სპეციალურად შეიქმნა ვერტმფრენების სამსახური, რომელიც იკვლევს სად, რომელი სარდაფიდან გამოდის სითბოს უფრო მეტი რაოდენობა, რაც მიმანიშნებელია იქ ნარგაობათა არსებობაზე. ამის კვალზე ხორციელდება ძიება.

ამას გარდა, მოსახლეობას უგზავნიან მარიხუანისთვის დამახასიათებელი სუნის ნიმუშებს და სთხოვენ, თუ თქვენს სამეზობლოში ასეთ სუნს იგრძნობთ, ძალიან გთხოვთ, შეგვატყობინეთო.

_ საინტერესოა! მაგრამ, ბატონო გელა, მარიხუანის წინააღმდეგ ასეთი გალაშქრება რამ გამოიწვია, მარიხუანა ხომ მსუბუქი ნარკოტიკია?

_ ყურადღებით მომისმინეთ. კი, ასეა _ მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია და ჰოლანდიაში ეგონათ, რომ, თუ ნარკომანები მოწევენ მარიხუანას, ჰეროინს აღარ გაიკეთებენ.

არ აღმოჩნდა ასე.

მართალია, ჰოლანდიაში არ ჰყავთ ჰეროინის მეტი მომხმარებელი, ვიდრე სხვა ქვეყნებშია, მაგრამ არც საგრძნობლად ნაკლებია.

მაგრამ ამას, ყველაფერს არავითარი აზრი არა აქვს საქართველოსთვის იმიტომ, რომ ჰოლანდიაში ერთ მოსახლეზე ნარკოხაზით იხარჯება 117 ევრო, საქართველოში _ 50 თეთრი, ჰა, _ ერთი ლარი.

_ ვინც დაავადებულია, იმათზე იხარჯება ამდენი?

_ არა, მოსახლეობის საერთო რაოდენობაზეა ლაპარაკი.

უფრო მეტიც. ევროპის ვერც ერთ სხვა ქვეყანას ვერ შევედრებით, სადაც საშუალოდ ერთ ადამიანზე წელიწადში 60 ევრო იხარჯება, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ერთ ადამიანზე 30 დოლარი იხარჯება.

ამიტომ სხვა ქვეყნებთან ყოველგვარი პარალელის გავლება აბსოლუტური უაზრობაა, რადგან ჩვენ არ გვაქვს ის სამსახურები, რომლებიც ამ ქვეყნებში ფუნქციონირებს.

_ როგორც ვხვდები, პრობლემის ერთი ნაწილი გავიარეთ. უშუალოდ მარიხუანაზე გადავიდეთ, რომლის ლეგალიზაციის შესახებ მიმდინარეობს ლაპარაკი.

_ დღეს აბსოლუტურად დამტკიცებულია, რომ მარიხუანა იწვევს ისეთსავე დამოკიდებულებას, როგორსაც იწვევს ჰეროინი. ჰეროინი იწვევს დამოკიდებულებას, პირობითად ვთქვათ, მეოცე გაკეთების შემდეგ, მარიხუანის შემთხვევაში _ სამი-ხუთი თვეა.

მართალია, ჰეროინის დამოკიდებულება უფრო მძიმეა, მარიხუანის შემთხვევაში _ ნაკლებ მძიმე, მაგრამ არც ერთი ვარგა, არც მეორე. ორივე ადამიანის ჯანმრთელობაზე დამანგრეველად მოქმედებს. ამის გამოა, რომ ევროპის ნარკოლოგიურ დაწესებულებებში წევს 30 პროცენტამდე მარიხუანაზე დამოკიდებული პაციენტი.

მეტსაც გეტყვით. მარიხუანის ახლადგამოყვანილ ჯიშებში ძირითადი ნარკოტიკული ნივთიერება დაახლოებით ათჯერ მეტია, ვიდრე ბუნებრივში. ამიტომაა, რომ ჩვენი ნარკომანების საყვარელ ჰოლანდიაში ეს გაუთანაბრეს კოკაინს.

ამდენად, ლეგალიზაციაზე ლაპარაკი დღეს საქართველოში დაუშვებელია.

და კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც პირველად თქვენს გაზეთს ვეუბნები.

_ ყურადღებით გისმენთ!

_ ლეგალიზებული მარიხუანის მომხმარებელი იქნება მოსახლეობა, ხომ ასეა?

_ დიახ.

_ ჩვენი მოძმე სომხები, რომლებისაც ძალიან მშურს, პრაქტიკულად, ნარკოტიკებს არ ეკარებიან. ეს არამარტო ჩემი აზრია და სომხების, არამედ ამერიკელებისაც. ნარკომანია იქ პრობლემა არ არის.

ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელები, როგორც იცით, ისტორიულად, რელიგიიდან გამომდინარე, შეგუებულები არიან მარიხუანას და გამომუშავებული აქვთ შესაბამისი იმუნიტეტი.

არსებობს, მაშასადამე, ეთნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, განსხვავებული ეთნიკური დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში ეთნიკური გენეტიკური შემადგენელი გამოდის წინა პლანზე.

მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი.

აბსოლუტურად დადგენილია, რომ ასი ახალგაზრდიდან, რომლებიც მარიხუანის მოწევას იწყებენ, 40-მდე, 30 მაინც, გადადის მძიმე ნარკოტიკებზე.

ეს ყველაფერი _ მარიხუანის ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაციის საკითხისთვის.

აქედან გამომდინარე, საქართველო უნდა დავიცვათ ლეგალიზაციისგან. დეკრიმინალიზაცია კი შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა ამის დასკვნას მოგვცემენ პროფესიონალები.

წინა მთავრობის დროს დიდი პიარკამპანია ჰქონდა ატეხილი ზოგიერთ უწყებას, კერძოდ პროკურატურას, რომელიც ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს საქართველოში ნარკოსიტუაცია კარგია. ეს იყო დიდი ტყუილი, რადგან სწორედ იმ პერიოდში 15-20 პროცენტით გაიზარდა ნარკომანთა რაოდენობა.

_ მოდით, გავარკვიოთ ამ სიტუაციაში ჩვენი მკითხველები. აქამდე ვიცოდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობით შეიზღუდა ნარკოტიკების შავი ბაზარი.

_ ასეც იყო. მაგრამ მოხდა ის, რომ ნარკომანები გადავიდნენ აფთიაქებში ნაყიდი წამლებით კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებზე, რომელთა მოხმარებაც უფრო მძიმე შედეგს იძლევა.

თუ აფთიაქებში პრინციპულად არ შეიცვალა სიტუაცია, ამ პრობლემას არაფერი ეშველება. ის ღონისძიებები, რომლებსაც გვთავაზობენ ან რომლებიც განხორციელდა, ნახევრადღონისძიებებია. კარგა ხანია, ამ საქმის ადგილიდან დაძვრას ვცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ ფარმაცევტული ფირმები დაკავშირებული იყვნენ ყოფილ მთავრობასთან და გარკვეულ თანხებს ურიცხავდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას.

ამიტომ მთავრობაც ხელს არ ჰკიდებდა.

დღეს აღნიშნულის ალბათობაც მოხსნილია და იმედი მაქვს, რომ პროფესიონალები _ ნარკოლოგები, სამართალდამცველები ამ პრობლემას პრინციპულად მოვკიდებთ ხელს და ბოლომდე მივიყვანთ.

პარლამენტის მიერ თამბაქოს მოხმარებაზე მიღებულ კანონს შურის თვალით ვუყურებ და ვიმედოვნებ, რომ ნარკომანიის შესახებ კანონიც ასეთივე დახვეწილი და საყოველთაოდ მისაღები იქნება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here