Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ვახტანგაშვილი: პროვოკაციებს, რომელთაც აშკარა ომამდე მივყავდით, ქართული მხარე აწყობდა

გურამ ვახტანგაშვილი: პროვოკაციებს, რომელთაც აშკარა ომამდე მივყავდით, ქართული მხარე აწყობდა

1211

2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიო» ორი მოწვევის ყოფილ პარლამენტარს, გურამ ვახტანგაშვილს ეწვია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბატონ გურამს უფრო მეტი შეკითხვის დასმა სურს ომისდროინდელი ხელისუფლებისთვის და ნაკლებად აქვს სურვილი, გაიხსენოს ის საზარელი დღეები. ჩვენი საუბარი დიალოგის რეჟიმში არ წარმართულა, მან მხოლოდ შეკითხვები დასვა, რომელთაც უცვლელად გთავაზობთ.

_ საქართველოსა და ოსეთს შორის ომი 1991 წლის 5 იანვარს დაიწყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ხალხს მშვიდი ძილი არ ღირსებია, გამუდმებით საომარ ვითარებაში გვიწევდა ცხოვრება. 1991 წლიდან მოყოლებული რუსული ტექნიკა საქართველოში სულ იდგა, ეს ყველაფერი კი ქართულმა მხარემ ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ პროვოკაციებს მაინც აწყობდა. 2008 წლის აგვისტომდე ორი თვით ადრე, ივნის-ივლისში დაახლოებით 8 ოსია დაღუპული, ჩვენს მხარეს კი _ არც ერთი, ასეთი ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული. იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია გაენეიტრალებინათ, ჩვენებმა პირიქით გააკეთეს. ხეობაში მცხოვრებ ხალხს ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ აშკარად ქართული მხარე იყო მოწადინებული, ომი დაწყებულიყო. მართალს ამბობს აკაკი ცოტნიაშვილი თქვენთან ინტერვიუში, როგორც ნარკომანს წამალი, ისე უნდოდა ქართულ მხარეს ომის დაწყებაო.

 2003 წლამდე, სანამ შერეული სახელმწიფო კომისია მუშაობდა ირაკლი მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობდა, ამ კომისიის წევრი მეც ვიყავი. არანაირი დათმობა არ იყო, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ პოლიტიკურ სტატუსზე მოგველაპარაკა. რევოლუციის შემდეგ მოლაპარაკებებში ხაინდრავა და ვოლსკი ჩაერთნენ, ისინიც ჩვენს შენიშვნებს ითვალიწინებდნენ, მუდმივად ხეობაში იმყოფებოდნენ, ერთი ნაბიჯით უკან არ დაგვიხევია. მაგრამ, რაც ისინი წავიდნენ და იაკობაშვილმა შერეული კომისიის მასხრად აგდება დაიწყო, მოლაპარაკებებზე აღარავინ მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში, «ნაცმოძრაობას» არავინ ხვდებოდა. შემდეგ იყო ის, რომ სანაკოევის ხელისუფლება შეიქმნა, გზები გადაიკეტა თამარაშენში, რათა ოსებს აღარ ევლოთ თამარაშენი-ქურთა-კეხვისა და ჯავის მიმართულებით. ეს იყო 2006 წელს. მაშინ ამდენს ვერ ვაანალიზებდით, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ომამდე მივსულიყავით. სპეციალურად იქმნებოდა დაძაბული სიტუაციები; ხომ გეუბნებით, ბოლოს იმაზეც წავიდნენ, რომ იქაური პოლიციის უფროსი ააფეთქეს სოფელ დმენისში, თუ არ ვცდები, გვარად თიბილოვი იყო. არ გასულა აფეთქებიდან ნახევარი საათი, რომ შემოვლით გზაზე სანაკოევის კორტეჟი ააფეთქეს და ბიჭები დაიჭრნენ. მოკლედ, პროვოკაციებს, რომელთაც აშკარა ომამდე მივყავდით, ქართული მხარე აწყობდა.

ომის დეტალების გამოძიებას მივესალმები, რადგან ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს «ნაციონალური მოძრაობისთვის» დასასმელი. 7 აგვისტოს ჩვენმა საჯარისო ნაწილებმა რომ ცეცხლი გახსნეს და ცხინვალის მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება, რუსმა სამშვიდობოებმა მეღვრიკისიდან ცხინვალის, დმენისის, არცევის მიმართულებით ბლოკ-პოსტებზე შლაგბაუმები აუწიეს და ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალისკენ გაუშვეს. რუსების სამშვიდობოებს არანაირი ბრძანებით, მანდატით ჩვენები აღნიშნულ ტერიტორიაზე არ უნდა შეეშვათ.

ვსვამ კითხვას: ხომ არ იყო მოლაპარაკება ქართულ და რუსულ მხარეებს შორის, რომ ჩვენ არ ჩავერევით ამ ამბავში, თქვენ თვითონ განაიარაღეთ სეპარატისტები და ბანდფორმირებები და დაამყარეთ თქვენი კონსტიტუციური ძალაუფლებაო, და ამით ხომ არ მოტყუვდნენ?! ამას მაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ცხინვალი მთელი ღამე იბომბებოდა და მეორე მხარეს ერთი ტყვიაც კი არ გამოუსვრია ჩვენი მიმართულებით. როგორც კი შევიდა ჩვენი პირველი ტანკი ცხინვალში, მაშინვე ავიაცია ჩაერთო საქმეში და დაბომბეს ტერიტორია. უნდა დაიკითხოს ყურაშვილი, იყო თუ არა მასა და კულახმეტოვს შორის რამე მოლაპარაკება? ამ შეკითხვის დასმის საბაბს ისიც მაძლევს, რომ პრეზიდენტმა განაცხადა, რუსები ხელს არ გვიშლიან, შეგვიშვეს ცხინვალშიო. ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგნენ და თავი შეატყუებინეს ცხინვალის ტერიტორიაზე.

შეკითხვა მაქვს ხელისუფლებასთან: ოსებმა რომ ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია მოახდინეს, ქართველებმა რატომ არ გამოიყვანეს ხალხი ხეობიდან?! ვინ იძლეოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამა და ამ სოფელს ვაკონტროლებთო, მაშინ, როდესაც ომი 8 აგვისტოს უკვე დასრულებული იყო. ვინ იყო იმ პერიოდში პრესსამსახურში? ამის გამო იქ ხალხი ჩაიხოცა, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ ტერიტორიები ჩვენ მიერ კონტროლდებოდა და სახლებს არ ტოვებდნენ!

პასუხი ომისდროინდელ ხელისუფლებას ბევრ რამეზე აქვს გასაცემი. ჩამოვიდნენ სამნი _ თავთუხაშვილი და ახალაიები, სამასი კაცით შეიაღარებულნი, და მიდიოდნენ დმენისში, როტაცია უნდა ჩავატაროთ, წუხელის ჩვენ ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიასო. რას ვაკონტროლებდით, როდის ვაკონტროლებდით?! ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით _ ცოტნიაშვილი, მე და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი, იმ სამას ვაჟკაცს იქ ჩაახოცინებდნენ. მე ჩემი ჯიპით რომ წამოვიყვანე თავთუხაშვილი და ახალაიები, უკან მაგათი პიკაპი ააფეთქეს და ხალხი დაუხოცეს. სწორედ მაშინ ჩამოაგდეს მანქანიდან «მასტერა», რომელიც სხვა მანქანისკენ გაიქცა, ის მანქანა აფეთქებას გადაურჩა. გენშტაბში რომ ვიღაც იჯდა და ნახაზებს ადგენდა, იმას არ უნდა სცოდნოდა, ამ სამას კაცს ცხვრებივით სად აგზავნიდა?! სრულიად მოუმზადებელი და დაუგეგმავი იყო ყველაფერი. რომ ამბობენ, ჯარი გაწვრთნილი იყოო (მე ჯარისკაცებთან პრეტენზია არ მაქვს, ბიჭები ვაჟკაცურად დაიხოცნენ), დღისით, 8 აგვისტოს ხეობაში ოფიცერს ვეღარ იპოვიდით. ტყვია-წამლით დატვირთული მანქანები დატოვეს და გაიქცნენ, ისიც ჩვენი თავში სახლელი გახდა, იმის გვეშინოდა, არ აფეთქებულიყო. ქუჩებში რომ ჯარიკაცებს ვხვდებოდით და ვეკითხებოდით, სად არის თქვენი ხელმძღვანელი-თქო, გვპასუხობდნენ, გაიქცნენო. მაინტერესებს, ერედვის მიმართულებით რომ საჯარისო ნაწილები იყო, ვინ იყვნენ მათი ხელმძღვანელები, სარდლები, ოფიცრები, ვინ დაყარა ჯავშანჟილეტები, ტყვია-წამალი, იარაღი. ჯავშანჟილეტებს იმიტომ იხდიდნენ, რომ თავისუფლად გაქცეულიყვნენ. მრცხვენია ამას რომ ვამბობ. ამბობდნენ, ამერიკელებმა გაწვრთნეს ჯარიო, ამერიკელებმა ჩვენი ჯარი სამშვიდობო მისიისთვის გაწვრთნეს და არა საომრად.

8-ში საღამოს რამდენიმე ადამიანი სოფელ ბერულაში ვიდექით. 15 ჯარისკაცი მოდიოდა, გადავუდექი და შევაგინე, _ სად მიდიხართ, ხეობას ტოვებთ-მეთქი? ერთ-ერთმა ბიჭმა მიცნო და მითხრა, _ ბატონო გურამ, ნუ მაგინებთ, დიცელი ვარ, ოქროპირიძე ზვიადიო. მოძებნეთ ეს ოქროპორიძე ალაპარაკეთ, იქ რა ხდებოდა. მან მითხრა, დილით ქურთაში სანაკოევის მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ თქვენს თავს მიხედეთ, აქ რუსები და ოსები უნდა შემოვიდნენო, თავად კი სახლებიდან ყველაფერი უკვე გამოტანილი და მანქანებში  ჩაწყობილი ჰქონდათო. მაინტერესებს, თუ 8 აგვისტოს, დილის ათ საათზე უკვე იცოდნენ, რომ რუსი და ოსი უნდა შემოსულიყო, რატომ არ შეიყვანეს ავტობუსები და რატომ არ გამოიყვანეს მოსახლეობა?! რატომ არ მუშაობდა კავშირგაბმულობა? ზუსტად ვიცი, რომ თავდაცვის სამინისტროს უახლესი კავშირგაბმულობის ტექნიკა ჰქონდა და ჯარისკაცებს არ დაურიგეს. მერე გავიგე და ესეც ზუსტი ინფორმაციაა, რომ მეზობელ სახელმწიფოს _ სომხეთს ეხვეწებოდნენ, კავშირგაბმულობის ტექნიკა გვათხოვეთო და იმათ უთხრეს, რომ საწყობში მაგის მეტი რა გაქვთო.

ვსვამ კითხვას: ვინ სთხოვა სომხეთს კავშირგაბმულობის ტექნიკა?! მაინტერესებს, გოგი თავთუხაშვილი რომ ჩამოვიდა, საბჭოთა კავშირის რუკა დამიდო წინ და მკითხა, დმენისი რომელ მხარეს არისო, 2008 წელს საბჭოთა კავშირის რუკით უნდა ეხელმძღვანელათ?!

გამოძიება უნდა დაიწყოს, თანაც ძალიან დეტალური, აუცილებლად დავსვამ ამ შეკითხვებს. აღდგომა იყო და საფლავზე ვერ გავედი, 2008 წლის 11 აგვისტოს კი ხელისუფლება გაყვიროდა, _ ომი მოვიგეთო და ხალხს «სარკოზი, სარკოზი!» აძახებინეს. ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს. მაინტერესებს, ვინ გასცა უკანდახევის, უფრო ზუსტად, გაქცევის ბრძანება?! 2004 წელს ის მაინც მოხდა, ცეცხლის შეწყვეტას ხელი რომ მოეწერა, ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით ისევ ჩვენ დაგვრჩა. პრეზიდენტმა რომ კაპიტულაციას მოაწერა ხელი, ხომ შეიძლებოდა, ისე მომხდარიყო, სადაც ვიდექით, ის ტერიტორია შეგვენარჩუნებინა, მაგრამ რა უნდა შეგვენარჩუნებინა, არსად არ ვიდექით, ამიტომ მაინტერესებს, გაქცევის ბრძანება ვინ გასცა! ერთი დღე-ღამე მაინც რომ გავჩერებულიყავით, ისინი არც გორში შემოვიდოდნენ, არც კარალეთში, არც ტყვიავში და არც არსად. ბანდფორმირებებმა 12 აგვისტოს დაიწყეს ერედვსა და პატარა ლიახვის ხეობაში შემოსვლა, რომ არ გაქცეულიყვნენ, არავინ შემოვიდოდა და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა.

მაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება, რომ პოლიციის ბლოკპოსტები გაეუქმებინათ და სახლებში გაეშვათ, მაგრამ ჯარი გაიქცა და პოლიცია რაღას იზამდა?!

ძალიან მაინტერესებს, 2008 წლის ომის შემდეგ რომ 4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა დევნილთა დასახმარებლად, ვინ გადაწყვიტა, თანხები ისე გადანაწილებულიყო, როგორც გადანაწილდა?! ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, 10 ათასი მისცეს, ხოლო ვისაც სახლ-კარი დაენგრათ, მაგრამ ტერიტორია არ დაუტოვებიათ, იმათ _ 25 ათასი. ნეტავ, მეტიც მიეცათ, მე არავისთვის მენანება, მაგრამ ასე არ შეიძლებოდა.

რომელი ერთი ჩამოვთვალო, აღარც კი ვიცი. რუსია დამნაშავეო, რომ გაიძახიან, თუნდაც იყოს რუსი დამნაშავე, მაგრამ პროვოკაციებს რატომ აწყობდნენ, ამ დღეში რატომ ჩაგვყარეს, თანაც ხელისუფლებიდან ერთი კაციც კი არ გამოჩენილა, მხოლოდ ტელეფონზე მირეკავდნენ, ერთი ვინც დარეკა და მითხრა, თქვენთან ჩამოვალ, თორემ უგზო-უკვლოდ დავეხეტებითო, ალეკო ელისაშვილი იყო.

სასჯელამდე თუ მივიდა საქმე, რა ფორმით უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, წარმოდგენა არ მაქვს, ან რა უნდა ელაპარაკო ადამიანებს, თავდაცვის სამინისტროს იმ მაღალჩინოსნებს, რომელთაც 2008 წლის 8 აგვისტოს წავკისში ჰექტრობით მიწები აქვთ შეძენილი. 8 აგვისტოს რომ მიწის საყიდლად ეცალა, იმ ადამიანს რა სასჯელი უნდა მოუძებნო?

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. გურამ კარგად გიცნობ ვინცა ხარ,ტყუილად ატარტარებ მაგ ენას,დიდი ფული კი მჩაიჯიბე,მაგრამ არც შენ შეგრჩება,ბიძინა ჯერ ალაპარაკებს ხალხს და მერე იმ მოცემულ ფულს ამოაცეცხლებს ხოლმე,დამერწმუნე შენც ასე მოგივა,მაგ გალატს კი დრო მოვა და ქართველი ხალხი არ გაპატიებს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here