Home რუბრიკები საზოგადოება გია შერვაშიძე: ჩემზე თავდასხმა უშუალოდ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა

გია შერვაშიძე: ჩემზე თავდასხმა უშუალოდ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა

1733

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, მოვალეობას ამჟამად ვახტანგ ყოლბაია ასრულებს და გია ბარამიას შემცვლელი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს აფხაზეთის უზენაესი საბჭო ირჩევს. ამ პოსტზე თავისი კანდიდატურის დასახელებას შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი გია შერვაშიძეც აპირებს. ეს ამბავი «საქართველო და მსოფლიოს» ექსკლუზიურად შერვაშიძემ თავად გაუმხილა და ისიც დასძინა, აფხაზებს სურთ, მე დავიკავო ეს პოსტი და სწორედ ეს ფაქტორი იყო გადამწყვეტი ჩემს არჩევანშიო.

_ ბატონო გია, თქვენ აფხაზეთის საკითხს ერთხელ კინაღამ შეეწირეთ. სიკვდილს ძლივს გადაურჩით

_ ეს ამბავი 2008 წლის ივნისში მოხდა. მე, დავით თარხან-მოურავი და ჟურნალისტი ირმა ინაშვილი გადავედით აფხაზეთში. იქიდან 2-3 დღის დაბრუნებული გახლდით, როცა საკუთარ გარაჟთან დამხვდნენ, მანქანიდან გადმოვედი თუ არა, უკნიდან მომეპარნენ, თავში უძლიერესი დარტყმა მომაყენეს… გავითიშე, მერე აღარაფერი მახსოვს.

_ თქვენ, გენერალ კაცს, იარაღის ტარების უფლებაც გაქვთ და იარაღიც. რატომ არ ესროლეთ თავდამსხმელებს? ვერ მოასწარით?

_ იარაღი მუდამ მანქანაში მაქვს, მაშინაც იქ მქონდა. ბედად, უიარაღოდ გადმოვედი მანქანიდან, სახლთან რაში მჭირდებოდა იარაღი? ამან გადამარჩინა.

_ როგორ გადარჩით?

_ ჩემზე თავდასხმა უშუალოდ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა. მე რომ დამესწრო და მესროლა თავდამსხმელებისთვის, ორმხრივ სროლაში მომკლავდნენ. შემდეგ მანქანაში ნარკოტიკს «აღმოაჩენდნენ» და იტყოდნენ _ აი, გენერალმა შერვაშიძემ ნარკოტიკის პარტია გადმოიტანა აფხაზეთიდან და სპეცოპერაციისას მოვკალითო.

_ ვანო მერაბიშვილი რას გერჩოდათ?

_ ხელისუფლებას მონოპოლიზირებული ჰქონდა აფხაზეთის თემა. მერაბიშვილის სახელით მრავალჯერ მითხრეს _ აფხაზეთის თემას საერთოდ ნუ ეხებიო. ბოლოს, მერაბიშვილის წარმომადგენელმა, დეპუტატმა კატეგორიულად მითხრა, _ ერთხელაც ჩახვალ აფხაზეთში და, რაც მოგივა, მერე შენს თავს დააბრალეო. დამემუქრნენ და გააკეთეს კიდეც.

_ რომელი დეპუტატი დაგემუქრათ?

_ მოდით, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, იმას გეტყვით, რომ ის ამჟამადაც დეპუტატია.

_ ვანო მერაბიშვილს რატომ აღიზიანებდა აფხაზეთის თემით თქვენი აქტიურობა?

_ მერაბიშვილს კი არა, მთელ ხელისუფლებას აღიზიანებდა. მათ გეგმაში არ ჰქონდათ აფხაზეთის დაბრუნება, ეს 2008 წლის ომმაც დაადასტურა. მანამდეც არანაირი აქტიურობა ხელისუფლების მხრიდან ამ მხრივ არ ყოფილა. პირიქით, ჩემი არ იყოს, ვინც აფხაზებთან დაახლოებას ცდილობდა, რაღაც გზებს კვალავდა, ყველა აიძულეს, გაჩერებულიყო.

_ საუბრის დაწყებისას მითხარით, აფხაზებს სურთ, მე გავხდე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეო. კონკრეტულად ვის სურს?

_ სამწუხაროდ, ამ ადამიანების დასახელება არ შემიძლია. ისინი არიან აფხაზეთის ინტელიგენციაშიც, უხუცესთა შორისაც, ყოფილ მებრძოლებშიც, ახალგაზრდებშიც და არასამთავრობო სექტორშიც. მათ მითხრეს, _ შენ ხარ აფხაზეთის მთავარი გიორგი ჩაჩბა, ჩაჩბებს აფხაზეთისთვის, 10 საუკუნეა, არ უღალატიათ; ჩვენ გენდობით და, თუ ვინმეს აქვს ქართველებისა და აფხაზების ერთად ცხოვრებაზე ლაპარაკის უფლება, ეს შენ ხარო. რა მექნა ამის შემდეგ? დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართლა შემიძლია რაღაცის შეცვლა და თავმჯდომარეობაზე კენჭისყრაზეც დავყაბულდი.

_ მაგრამ აფხაზები ენდობიან და ელაპარაკებიან გიორგი შერვაშიძეჩაჩბას, აფხაზთა მთავარს და არა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. პოლიტიკური თანამდებობა, პირიქით, ხომ არ დაგაშორებთ აფხაზებს? ნუ მეტყვით, რომ თქვენი ხათრით, ისინი უარს იტყვიან დამოუკიდებლობაზე. ძალიან დიდ და ყრუ კედელს დაეჯახებით, ბატონო გია.

_ არც ეგეთი მიამიტი ვარ… (იცინის). აფხაზეთის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების პროცესში თავად აფხაზთა დიდი მხარდაჭრა რომ მექნება, ეს ცოტაა? აქვე ვიტყვი, არ მინდა ეს დამავიწყდეს. თუ მე ამირჩიეს თავმჯდომარედ, მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა, დევნილებს სოციალური და სხვა ამგვარი სახის პრობლემების მოგვარებას ვერ შევპირდები. ამისთვის სხვა სამინისტრო არსებობს. ჩემი საქმე აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენა და მკვდარი პროცესის ადგილიდან დაძვრა იქნება.

_ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში თუ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების მომხრე არიან? და, რაც მთავარია, ამ ხალხთან თუ გაქვთ კონტაქტები?

_ ცხადია, აფხაზეთის ხელისუფლებაშიც არიან ე.წ. პროქართული პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი დროისა და ვითარების შესაბამისად მოქმედებენ. რაც შეეხება მათთან ჩემს კონტაქტებს, ვფიქრობ, ამ კითხვაზე ჩემი პასუხი თავიდანვე ნათელი იყო თქვენთთვის _ ასეთ თემებზე მედიით არ ლაპარაკობენ.

_ ბატონო გია, თქვენ 1993 წლის ომში იბრძოდით. ამას გაპატიებენ აფხაზები?

_ 1993 წელს პოლიციის აკადემიის რექტორის მოადგილე ვიყავი, მიბრძანეს და წავედი ომში. სოხუმიდან 1968 წელს წამოვიდა ჩვენი ოჯახი და თბილისში დამკვიდრდა. აფხაზეთში რომ მეცხოვრა, იარაღს, ალბათ, არ ავიღებდი ხელში. მარტო მე ხომ არ მიბრძოლია? ბევრმა ვიბრძოლეთ და ახლა ერთმანეთს ამისთვის პატიება უნდა ვთხოვოთ. ბოდიშის მოხდით არც ჩვენ ვიტყვით აფხაზეთის დაბრუნებაზე უარს და არც აფხაზები იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, მაგრამ შეცდომები და დანაშულები უნდა ვაღიაროთ. მე გითხარით, რომ ჩემს მხადრამჭერთა შორის არიან ყოფილი აფხაზი მებრძოლები, ჩვენ რა ხანია, ვაპატიეთ ერთმანეთს. ისიც გაითვალისწინეთ, დღეს აფხაზეთში ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ დაჯგუფებებს სწორედ ყიფილი მეომრები აკონტროლებენ.

_ ანუ ის ხალხი, რომელიც თქვენს თავჯდომარედ არჩევას ითხოვს. ამით გინდათ დამარწმუნოთ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გასვლა არ გაგიჭირდებათ?

_ მე თქვენს დარწმუნებას არაფერში ვცდილობ, მე ფაქტებით გელაპარაკებით და დასკვნა თავად გააკეთეთ. მე ძალიან ღრმა და მრავალფეროვანი კონტაქტები მაქვს აფხაზებთან და, ვიდრე ცოცხალი ვარ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ვიბრძოლებ. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გვერდით მიდგას ამ საქმეში. ჩვენ ერთად არაერთხელ შევხვედრივართ აფხაზ და ქართველ ბიზნესმენებს, აფხაზეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. 2007 წელს ისრაელში თავად პატრიარქმა მიმიწვია ამგვარ შეხვედრაზე. 2008 წელს, როცა საკუთარ სახლთან კინაღამ მომკლეს, მანამდე სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გახლდით სოხუმში. ხელისუფლებას ჩემი აქტიურობა იმიტომაც აღიზიანებდა, რომ მე პატრიარქთან შეთანხმებით ვმოქმედებდი. აფხაზეთის კონფლიქტი მაშინ რომ გალღობილიყო, ორმხრივი სასიკეთო ძვრები დაწყებულიყო, ეს იმჟამინდელ ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა, პატრიარქის ისედაც უზარმაზარი რეიტინგის გაზრდა, მათთვის კატასტროფა იქნებოდა. სიმართლე თუ გინდათ, ჩემი მოკვლის მცდელობაც, გარკვეულწილად, აფხაზეთში ჩემი და პატრიარქის ერთობლივ საქმიანობასაც უკავშირდება.

_ დავუშვათ, აგირჩიეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. რით დაიწყებთ მუშაობას?

_ სახალხო დიპლომატიის გარდა სხვა ბერკეტები აღარ გაგვაჩნია, ეს უნდა გამოვიყენოთ. ყოველ აფხაზს, რომელთანაც ხმა მიგვიწვდება, ის უნდა ვუთხრათ, რისი გაგონებაც მათ ამდენი ხანია სურთ: ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ აფხაზები გვინდა, მათთან ცხოვრება გვჭირდება, მათ გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია, ჩვენ აფხაზეთის მიწა და ზღვა კი არ გვწყურია, აფხაზი ხალხი გვწყურია და მათ გარეშე ეს მიწა წყალსაც წაუღია.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

5 COMMENTS

  1. თქვენ ხომ იცით, რომ აფხაზეთში აფხაზებს არაფერს ეკითხებიან გადამთიელები? ანუ, მარტო სახალხო დიპლომატიაზე დაყრდნობა მორიგი ბლეფი იქნება და მეტი არაფერი.
    და კიდევ, აფხაზეთის მიწის წყლით წაღებაზე საუბარი იმ კონტექსტში, რაც თქვით, ზედმეტად თამამი განცხადება ხომ არაა??

  2. აბსურდულია კიდევ ერთხელ დევნილების დაბოლება იმითი, რომ თითქოსდა შერვაშიძე(ვითომ ჩაჩბას)აფხაზები დიდი სიხარულით დაელაპარაკებიან.ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც ჰქონდა შეხება ოკუპირებულ აფხაზეთთან და ომისშემდგომ აფხაზებთან საყოველთაოდაა ცნობილი რომ ისინი ნაომარ პიროვნებასთან(როგორ ,,ომობდა" 23–ე ბრიგადის შტაბში ბატონი გია ეს ყველამ იცის)მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან!პირადი კონტაქტები? კი ბატონო ღმერთმა შგარგოს, მაგრამ ამ თემით მანიპულირება დევნილებზე უბრალოდ გენერალი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი…..ასე რომ გთხოვთ ბატონო გია მიხედოთ თქვენს სამხედრო ჩინსა და საქმეებს(რომელშიც იმედია პროფესიონალი ბრძანდებით) და აფხაზეთის მთავრობის პოსტი პოლიტიკოსებს დაუთმოთ!!!როდის იყო სამხედრო პიროვნება კონფლიქტებს მოლაპარაკებებით აგვარებდა?ეს უბრალოდ თქვენი ჩინისა და პროფესიის შეურაცხყოფა იქნება…..

  3. გია, შენ თუ დაგნიშნეს ამ თანამდებობაზე, მაშინ ჩვენ არ ვიქნებით აფხაზეთში დაბრუნების ღირსნი!

  4. გია შენ ალბათ გინდა შეძვრე ხელისუფლებაში ისე როგორც შინაგან ჯარში და ისევ აკეთო ისეთივე სიბინძურეები რასაც აკეთებდი შინაგან ჯარში. ახლა არ არის შენისთანების დრო. გიჯობს იყო ჩუმად, რომ არ გამოჩნდეს შენი წარსული უწმინდური, გარყვნილი ცხოვრება და საქმიანობა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here